Facebook Twitter

ას-552-860-09 13 ივლისი, 2009 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მიხეილ გოგიშვილი (თავმჯდომარე)

მოსამართლეები:

ნუნუ კვანტალიანი (მომხსენებელი), ლალი ლაზარაშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი _ დ. გ-ე (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე _ სს “ ....... “ (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 22 აპრილის განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი _ უკანონოდ დარიცხული თანხის გადახდისაგან გათავისუფლება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

დ. გ-ემ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხე სს “ ........-ის” მიმართ უკანონოდ დარიცხული გადასახადისაგან გათავისუფლების შესახებ შემდეგი საფუძვლებით: 1999 წელს მოსარჩელემ შეისყიდა ბინა, რომლის ელექტროგაყვანილობა იყო დაზიანებული და არც მრიცხველი არ მუშაობდა. 2002 წელს მომხდარი მიწისძვრის გამო ბინის კედლები დაიშალა და ბინა გახდა საცხოვრებლად უვარგისი. მიწისძვრის შემსწავლელი კომისიის დასკვნით მას მიენიჭა დაზიანების მეორე კატეგორია. აღნიშნულის გამო, ბინაში საცხოვრებლად მხოლოდ 2003 წლიდან გადავიდა, ამ დროისათვის აღადგინა მრიცხველი და გადასვლის დღიდან რეგულარულად იხდიდა დახარჯული ელექტროენერგიის საფასურს. 2008 წლის მარტში სს “.........-მა” დაარიცხა დავალიანება 1817 ლარის ოდენობით, შეუწყვიტა ელექტროენერგიის მიწოდება და აიძულა მოსარჩელის მეუღლე ს. გ-ე, ხელი მოეწერა დავალიანების გადახდის ვალდებულებაზე ოცი თვის განმავლობაში 80 ლარის ოდენობით. შესაძლოა, ძველ მესაკუთრეს მართლაც ჰქონდა აღნიშნული დავალიანება, მაგრამ, სამოქლაქო კოდექსის 129-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, მოპასუხის მოთხოვნა ხანდაზმულად უნდა ჩაითვალოს. ამასთან, ნიშანდობლივია, რომ გასულ წლებთან შედარებით ელექტროენერგიის საფასური გაიზარდა.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო შემდეგი დასაბუთებით: მოსარჩელეს მრიცხველის დადგმის შემდგომვე აღენიშნა ელექროენერგიის ხარჯი, რასაც იგი ნაწილობრივ იხდიდა. შესაბამისად მას ყოველთვიურად მისდიოდა ქვითრები, რომელშიც აღნიშნული იყო დავალიანების ოდენობა. საფუძველს მოკლებულია აბონენტის განცხადება, რომ სს “.......-ის” წარმომადგენლებმა აიძულეს მოსარჩელის მეუღლე, ხელი მოეწერა დავალიანების გადახდის ვალდებულებაზე. რაც შეეხება ხანდაზმულობის საკითხს, სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლი აწესრიგებს სასარჩელო ხანდაზმულობას, მოცემულ შემთხვევაში კი მოსარჩელე არის არა სს “.......-ი”, არამედ _ დ. G-ე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 23 ივლისის გადაწყვეტილებით დ. გ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც მოსარჩელემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 28 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, აპელანტის გამოუცხადებლობის გამო, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად, რაც გაასაჩივრა დ. გ-ემ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 22 აპრილის განჩინებით დ. გ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო: სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ 2009 წლის 28 იანვრის სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულმა აპელანტმა საქმის განხილვაში მონაწილეობაზე უარი განაცხადა. მას განემარტა სასამართლო პროცესის თვითნებურად დატოვების სამართლებრივი შედეგები, რის გამოც პალატამ ჩათვალა, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 232-ე მუხლის საფუძველზე დ. გ-ე მიჩნეულ უნდა იქნას სასამართლოში გამოუცხადებლად. ამავე კოდექსის 387-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ კანონიერია და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლით გათვალისწინებული მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს.

სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა დ. გ-ემ და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით: დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების მიზეზი გახდა პროტესტის ნიშნად დ. გ-ის მიერ სასამართლო სხდომის დატოვება. აღნიშნული პროტესტი გამოწვეულ იქნა იმით, რომ სასამართლოზე მას არ მიეცა საკუთარი აზრის გამოთქმის საშუალება და მოსამართლე დაემუქრა 500 ლარის ოდენობით ჯარიმის დაკისრებით. დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვებისას სააპელაციო სასამართლოს უნდა ეხელმძღვანელა მხარის მიერ წარმოდგენილი, საქმეში არსებული მტკიცებულებებით, რომელთა საფუძველზეც დასტურდებოდა, რომ სს “.......-მა” გადასახდელი თანხა 1817 ლარი კასატორს დააკისრა უკანონოდ, ვინაიდან 2001-2003 წლებში გ-ის ოჯახს აღნიშნულ ბინაში ელექტროენერგიით არ უსარგებლია და იგი სადავო მისამართზე იმ დროს არ ცხოვრობდა. აღნიშნულს დაემთხვა მიწისძვრით დაზიანება, რაც დასტურდება სათანადო აქტით. ამასთან, 400 ლარამდე კასატორს დაერიცხა მრიცხველის ჩვენების გარეშე, რა დროსაც არ იქნა გამოყენებული საკონსტიტუციო სასამართლოს 2002 წლის დეკემბრის გადაწყვეტილება ბინის ფართის მიხედვით ელექტროენერგიის საფასურის დაკისრების დაუშვებლობის შესახებ. აბონენტის ბრუნვის ისტორია შედგენილია არასწორად და კასატორი ითხოვდა ექსპერტიზის ჩატარებას ჯერ კიდევ საქალაქო სასამართლოში, რაც არ დაკმაყოფილდა. სასამართლოს ყურადღება არ გაუმახვილებია იმ ფაქტზე, რომ პროცესის მონაწილე მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენელის რწმუნებულება შედგენილია ქართულ ენაზე, ხელმოწერა კი რუსულადაა შესრულებული.

მოცემული საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ დ. გ-ის სააპელაციო საჩივრის განხილვა სააპელაციო სასამართლოში დანიშნული იყო 2009 წლის 28 იანვარს, რის შესახებ მხარეებს კანონით დადგენილი წესით ეცნობათ. საქმის განხილვაზე გამოცხადდა აპელანტი დ. გ-ე, რომელმაც სასამართლო პროცესში მონაწილეობის მიღებაზე უარი განაცხადა და სასამართლოს ნებართვის გარეშე დატოვა სხდომათა დარბაზი.

აპელანტი გაფრთხილებულ იქნა სასამართლო სხდომის თვითნებურად დატოვების სამართლებრივი შედეგების შესახებ.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ დ. გ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება დარჩეს უცვლელი შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ სადავო დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისას სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლით გათვალისწინებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობდა. სააპელაციო სასამართლომ სავსებით სწორად გამოიყენა და განმარტა ამავე კოდექსის 387-ე მუხლის პირველი ნაწილი და 241-ე მუხლი, რომელთა თანახმად, თუ სააპელაციო საჩივრის აღმძვრელი პირი არ გამოცხადდება საქმის ზეპირ განხილვაზე, მოწინააღმდეგე მხარის თხოვნით სააპელაციო სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. ამასთან, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის. ამავე კოდექსის 232-ე მუხლის შესაბამისად, გამოუცხადებლად ითვლება მხარე, რომელიც, თუმცა სასამართლო სხდომაზე დანიშნულ დროს გამოცხადდა, მაგრამ უარს ამბობს საქმის განხილვაში მონაწილეობაზე.

ზემოხსენებული ნორმების შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ სააპელაციო სასამართლო საქმის განხილვაზე აპელანტის გამოუცხადებლობის შემთხვევაში დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარს არ დააკმაყოფილებს და მიღებულ დაუსწრებელ გადაწყვეტილებას ძალაში დატოვებს, თუ მხარე სასამართლო სხდომაზე არასაპატიო მიზეზით არ გამოცხადდა და თავისი გამოუცხადებლობის შესახებ არასაპატიო მიზეზით არ აცნობა სასამართლოს. სასამართლო სხდომაზე გამოცხადებული მხარის საქმის განხილვაში მონაწილეობის მიუღებლობას კანონმდებელი უთანაბრებს არასაპატიოდ მის გამოუცხადებლობას და იმავე სამართლებრივ შედეგს ავრცელებს მასზე, რასაც გამოუცხადებელ მხარეზე.

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია და სადავოს არ წარმოადგენს ის გარემოება, რომ საქმის განხილვის დრო დ. გ-ეს კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით ეცნობა და იგი 2009 წლის 28 იანვარს გამოცხადდა კიდეც სააპელაციო სასამართლოში, თუმცა პროტესტის ნიშნად საქმის განხილვაში მონაწილეობის მიღებაზე უარი განაცხადა. ასევე დადგენილია, რომ სააპელაციო პალატამ აპელანტს განუმარტა სასამართლო სხდომის დატოვების სამართლებრივი შედეგები. ამდენად, დ. გ-ე მართებულად იქნა მიჩნეული სასამართლოში გამოუცხადებელ მხარედ და მის მიმართ სავსებით კანონიერად იქნა გამოტანილი დაუსწრებელი გადაწყვეტილება, როგორც სანქცია იმ მხარისათვის, რომელიც არ ცხადდება საქმის განხილვაზე ანდა სასამართლო სხდომის უნდებართვოდ დატოვებით არ ახორციელებს თავის საპროცესო უფლებებს და აღნიშნულით ქმნის ვარაუდს, რომ მას არა აქვს ინტერესი არსებული დავის მიმართ.

ყოველგვარ დასაბუთებასაა მოკლებული კასატორის არგუმენტი, რომ დ. გ-ის მიერ სხდომათა დარბაზის თვითნებური დატოვება გამოწვეულ იქნა სასამართლოს მხრიდან არაობიექტური დამოკიდებულებით, ვინაიდან სააპელაციო პალატის მიერ საქმის მატერიალური თუ პროცესუალური ნორმების დარღვევით განხილვის შემთხვევაში დ. გ-ეს შეეძლო სასამართლო გადაწყვეტილება გაესაჩივრებინა საკასაციო წესით.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

დ. გ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 22 აპრილის განჩინება დარჩეს უცვლელად.

სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.