ას-552-893-07 17 ოქტომბერი, 2007 წ.
ქ.თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე)
თეიმურაზ თოდრია (მომხსენებელი), როზა ნადირიანი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორები – ნ. და თ. ხ-ები (მოპასუხეები)
მოწინააღმდეგე მხარე _ შპს “.. ..ს“ დირექტორი ა. ნ-ე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული სასამართლო განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 3 მაისის განჩინება
დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება
აღწერილობითი ნაწილი:
შპს „.. ..ს“ დირექტორმა ა. ნ-მ სარჩელი აღძრა სასამართლოში ნ. და თ. ხ-ების მიმართ ფულადი ვალდებულების შესრულების შესახებ.
მოსარჩელემ მიუთითა, რომ შპს „.. ..“ ეკუთვნის ბაღდათის რაიონში, ... ქ. ¹22-ში მდებარე შერეული საქონლის მაღაზია. შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე ნ. ხ-ი მაღაზიაში მუშაობდა გამყიდველად, მისი მეუღლე თ. ხ-ი კი დამხმარედ. მოპასუხეებს ეკისრებოდათ პასუხისმგებლობა სარეალიზაციოდ შეტანილ საქონელზეც. პროდუქციის რეალიზებიდან მიღებულ თანხას პერიოდულად იბარებდა შპს „.. ..ს“ დირექტორის მოადგილე რ. ნ-ე, რაც ფიქსირდებოდა სპეციალურ რვეულში თანხის ოდენობის ზუსტი მითითებით. 2003 წლის 17 ოქტომბერს მაღაზიის აღწერა-ინვენტარიზაციისას, აღმოჩნდა, რომ აღრიცხვის რვეულში შეტანილი მონაცემები გადასწორებული იყო. აღნიშნული ცვლილებების თანახმად, რ. ნ-ს მაღაზიიდან წაღებული ჰქონდა იმაზე მეტი თანხა, ვიდრე მას რეალურად ჩაჰბარდა. მოსარჩელემ მოითხოვა დანაკლისისა და მიუღებელი შემოსავლის, სულ – 11710 ლარის მოპასუხეებისთვის დაკისრება.
ბაღდათის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრათ 3980 ლარის გადახდა, რაც მხარეებმა გაასაჩივრეს სააპელაციო წესით.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 3 იანვრის განჩინებით სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება როგორც შპს „.. ..მა“ ისე ნ. და თ. ხ-ებმა გაასაჩივრეს საკასაციო წესით.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2006 წლის 17 ივლისის განჩინებით ნ. და თ. ხ-ეების საკასაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2006 წლის 25 დეკემბრის განჩინებით შპს “.. ..ს” საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ 2007 წლის 15 მარტს ნ. და თ. ხ-ების გამოუცხადებლობის გამო, გამოიტანა დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რითაც დაკმაყოფილდა შპს “.. ..ს” სააპელაციო საჩივარი.
აღნიშნულ დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე საჩივარი შეიტანეს ნ. და თ. ხ-ებმა. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 23 აპრილის განჩინებით საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 3 მაისის განჩინებით ნ. და თ. ხ-ების საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნულ განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანეს ნ. და თ. ხ-ებმა. ნ. ხ-მა აღნიშნა, რომ მას პირადად არ ჩაჰბარებია სასამართლო უწყება. მის მეუღლე თ. ხ-ს, მართალია, ჩაჰბარდა სასამართლო უწყება, მაგრამ მას გადაავიწყდა მისი გადმოცემა. გარდა ამისა, სასამართლომ არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები იმის შესახებ, რომ თითქოს მათ გადაასწორეს ანგარიშსწორების რვეულში მონაცემები, რის გამოც შპს “.. ..” მიადგა 3060 ლარის ზარალი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო საკასაციო საჩივარს და მიაჩნია, რომ ნ. და თ. ხ-ების საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორების მოსაზრებას მის შესახებ, რომ ნ. ხ-ი არ იყო მოწვეული კანონით დადგენილი წესით, კერძოდ, სასამართლო უწყება ჩაჰბარდა მის მეუღლეს და არა მას.
დადგენილია, რომ ნ. და თ. ხ-ებს სასამართლო უწყება გაეგზავნათ კანონით დადგენილი წესით და იგი პირადად ჩაიბარა ერთ-ერთმა მხარემ თ. ხ-მა (ს.ფ. 365-366). ნ. და თ. ხ-ები არიან მეუღლეები და მათი საცხოვრებელი ადგილი არის ბაღდათი, ... ქ. ¹26.
ნ. და თ. ხ-ებმა დაადასტურეს სასამართლო უწყების თ. ხ-სათვის ჩაბარების ფაქტი, თუმცა განმარტეს, რომ თ. ხ-ი სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა იმის გამო, რომ სადავო საკითხში ვერ ერკვეოდა (იხ. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 3 მაისის სხდომის ოქმი, მხარეთა ახსნა-განმარტება).
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის I ნაწილის მიხედვით, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი მოქალაქე ვერ ნახა საცხოვრებელ ადგილზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე სრულწლოვან წევრს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილით დადგენილი წესით.
დადგენილია, რომ ნ. ხ-სათვის გადასაცემი სასამართლო უწყება ჩაჰბარდა მის მეუღლე თ. ხ-ს. ამდენად, ზემოხსენებული ნორმის თანახმად, ითვლება, რომ სასამართლო უწყება ჩაჰბარდა ნ. ხ-საც. სასამართლო უწყების ჩაბარება ოჯახის წევრისათვის ითვლება უწყების ჩაბარებად თავად მხარისათვისაც. ამდენად, სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილი იყო, გამოეტანა დაუსწრებელი გადაწყვეტილება ნ. ხ-ს მიმართაც.
საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორების მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელი იყო, ვინაიდან დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები იურიდიულად არ ამართლებდა აპელანტის მოთხოვნას.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 387-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოში დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე გამოიყენება ის ნორმები, რომლებიც არეგულირებს პირველი ინსტანციის სასამართლოში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას.
ამავე კოდექსის 230-ე მუხლის II ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე არ გამოცხადდება მოპასუხე და მოსარჩელე შუამდგომლობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე, მაშინ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება.
როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, აპელანტმა მოითხოვა დანაკლისისა და მიუღებელი შემოსავლის 11710 ლარის დაკისრება ნ. და თ. ხ-ებისათვის იმ საფუძვლით, რომ 2003 წლის 17 ოქტომბერს მაღაზიის აღწერა-ინვენტარიზაციისას, აღმოჩნდა, რომ აღრიცხვის რვეულში შეტანილი მონაცემები გადასწორებული იყო. აღნიშნული ცვლილებების თანახმად, რ. ნ-ს მაღაზიიდან წაღებული ჰქონდა იმაზე მეტი თანხა, ვიდრე მას რეალურად ჩაჰბარდა. შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე ნ. ხ-ი მაღაზიაში მუშაობდა გამყიდველად, მისი მეუღლე თ. ხ-ი კი დამხმარედ. მათ ეკისრებოდათ პასუხისმგებლობა სარეალიზაციოდ შეტანილ საქონელზეც. პროდუქციის რეალიზებიდან მიღებულ თანხას პერიოდულად იბარებდა შპს „.. ..ს“ დირექტორის მოადგილე რ. ნ-ე, რაც ფიქსირდებოდა სპეციალურ რვეულში თანხის ოდენობის ზუსტი მითითებით.
ზემოაღნიშნული ნორმიდან და სააპელაციო საჩივარში მითითებული მოთხოვნიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ სწორად ჩათვალა სააპელაციო საჩივარში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად.
გარდა ამისა, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ კონკრეტულ შემთხვევაში კასატორებმა ვერ წარმოადგინეს მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებდნენ მათ მიერ სასამართლო პროცესზე გამოუცხადებლობის შეუძლებლობას.
საკასაციო პალატა თვლის, რომ მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ ნ. და თ. ხ-ების გამოუცხადებლობა სასამართლო პროცესზე სწორად მიიჩნია არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობად და სწორად გამოიტანა მათ მიმართ დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ნ. და თ. ხ-ები სასამართლო სხდომაზე მოწვეული იყო კანონით დადგენილი წესით და ამ შემთხვევაში საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის პირველი ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარემოებები არ არსებობს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ნ. და თ. ხ-ების საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 3 მაისის განჩინება;
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.