საქმე №156აგ-16 22 დეკემბერი, 2016 წელი
ბ-ი ვ. 156აგ-16 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),
ნინო გვენეტაძე, გიორგი შავლიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ვ. ბ-ს საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 30 ივნისის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 13 მარტის განაჩენით ვ. ბ-ი, - დაბადებული 19..წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა:
საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (დაზარალებულ ი. მ-ს) ეპიზოდი - 7 წლითა და 6 თვით; საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (დაზარალებულ ი. ბ-ს ეპიზოდი) - 7 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, მასვე დამატებით სასჯელად დაეკისრა ჯარიმა, თითოეული ეპიზოდისათვის - 4500-4500 ლარი.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, დანიშნული სასჯელები შეიკრიბა და ვ. ბ-ს განესაზღვრა 15 წლით თავისუფლების აღკვეთა (რომლის მოხდა დაეწყო 2011 წლის 16 დეკემბრიდან) და ჯარიმა - 9000 ლარი.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 17 აპრილის განაჩენით დამტკიცდა პროკურორსა და ვ. ბ-ს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება:
ვ. ბ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და იმავე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით (დაზარალებულ ლ. თ-ს ეპიზოდი) - 6 თვით; სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და იმავე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით (დაზარალებულ გ. ბ-ს ეპიზოდი) - 6 თვით, ხოლო სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და იმავე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით (დაზარალებულ შპს „…..“ ეპიზოდი) - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დანიშნული სასჯელები შეიკრიბა და ვ. ბ-ს განესაზღვრა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ზემოაღნიშნულ სასჯელს დაემატა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 13 მარტის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 14 წლით, 7 თვითა და 29 დღით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა - 9000 ლარი და ვ. ბ-ს საბოლოოდ განესაზღვრა 16 წლით, 7 თვითა და 29 დღით თავისუფლების აღკვეთა, ასევე ჯარიმა - 9000 ლარი.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 12 მაისის განჩინებით, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის შესაბამისად, ვ. ბ-ს ერთი მეოთხედით შეუმცირდა რუსთავისა და თბილისის საქალაქო სასამართლოების მიერ სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა (ორი ეპიზოდი) და სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და იმავე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით (სამი ეპიზოდი) განსაზღვრული სასჯელები და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 12 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა. სასამართლოს გადაწყვეტილებები სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 7 ივნისის განაჩენით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ვ. ბ-ს შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა საფუძველზე კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების შეცვლის შესახებ, კერძოდ:
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3-4 მუხლების შესაბამისად, ვ. ბ-ვის სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული - 5 წლით, 7 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთიდან - 5 წელს ნაწილობრივ დაემატა: სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სასჯელის (5 წლით, 7 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა) ნაწილი - 4 წელი, სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და იმავე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული სასჯელის (4 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა) ნაწილი - 2 თვე, სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და იმავე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული სასჯელის (4 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა) ნაწილი - 2 თვე, სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და იმავე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული სასჯელის (9 თვით თავისუფლების აღკვეთა) ნაწილი - 2 თვე და ვ. ბ-ს საბოლოოდ განესაზღვრა 9 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2011 წლის 16 დეკემბრიდან.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 13 დეკემბრის განაჩენით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 7 ივნისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
6. 2016 წლის 17 ივნისს მსჯავრდებულმა ვ. ბ-მ ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის შესახებ შუამდგომლობით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და ითხოვა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 13 მარტის განაჩენის გადასინჯვა შემდეგ გარემოებათა გამო: მან წარმოადგინა დაზარალებულ ს. მ-ს სანოტარო წესით დამოწმებული განცხადება, რომლიდანაც ირკვევა, რომ იგი თანახმაა, ვ. ბ-ს მიმართ გავრცელდეს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონით გათვალისწინებული შეღავათები, რაც წარმოადგენს ახლად გამოვლენილ გარემოებას და განაჩენის გადასინჯვის საფუძველს; გარდა ამისა, იგი უთითებს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლში 2013 წლის 17 აპრილს შესული ცვლილების გათვალისწინებით, განაჩენთა ერთობლიობით დანიშნული სასჯელი შთანთქმის პრინციპის გამოყენებით უნდა შეუმსუბუქდეს.
7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 30 ივნისის განჩინებით მსჯავრდებულ ვ. ბ-ს შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე დაუშვებლად იქნა ცნობილი.
8. მსჯავრდებული ვ. ბ-ი საკასაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 30 ივნისის განჩინება უკანონოა და ითხოვს გასაჩივრებული განაჩენის გადასინჯვას იმავე საფუძვლებით, რაზეც უთითებდა სააპელაციო სასამართლოში წარდგენილ შუამდგომლობაში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლში მითითებულია ის საფუძვლები, თუ რა შემთხვევაშია შესაძლებელი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვა, კერძოდ - განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ:
ა) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილია, რომ ყალბია მტკიცებულება, რომელიც საფუძვლად დაედო გადასასინჯ განაჩენს;
ბ) არსებობს გარემოება, რომელიც მოწმობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის დამდგენი სასამართლოს უკანონო შემადგენლობას ან იმ მტკიცებულების დაუშვებლობას, რომელიც საფუძვლად დაედო გადასასინჯ განაჩენს;
გ) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილია, რომ მოსამართლემ, პროკურორმა, გამომძიებელმა, ნაფიცმა მსაჯულმა ან ნაფიცი მსაჯულის მიმართ სხვა პირმა ამ საქმესთან დაკავშირებით ჩაიდინა დანაშაული;
დ) არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკონსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი;
ე) არსებობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება (განჩინება), რომელმაც დაადგინა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის ან მისი ოქმების დარღვევა ამ საქმესთან დაკავშირებით და გადასასინჯი განაჩენი ამ დარღვევას ეფუძნება;
ე1) არსებობს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ადამიანის უფლებათა კომიტეტის, ქალთა წინააღმდეგ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის კომიტეტის, წამების წინააღმდეგ კომიტეტის ან რასობრივი დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტის გადაწყვეტილება, რომლითაც ამ საქმესთან დაკავშირებით დადგენილ იქნა კომიტეტის დამაარსებელი კონვენციის დარღვევა, და გადასასინჯი განაჩენი ამ დარღვევას ეფუძნება;
ვ) ახალი კანონი აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას იმ ქმედებისათვის, რომლის ჩადენისთვისაც პირს გადასასინჯი განაჩენით მსჯავრი დაედო;
ზ) წარმოდგენილია ახალი ფაქტი ან მტკიცებულება, რომელიც გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს არ იყო ცნობილი და თავისთავად, თუ სხვა დადგენილ გარემოებასთან ერთად ამტკიცებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას ან მის მიერ იმ დანაშაულზე უფრო მსუბუქი ან უფრო მძიმე დანაშაულის ჩადენას, რომლისთვისაც მას მსჯავრი დაედო, აგრეთვე ამტკიცებს გამართლებულის ბრალეულობას ან დანაშაულის იმ პირის მიერ ჩადენას, რომლის მიმართაც სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყვეტილი იყო;
ზ1) წარდგენილია პროკურორის დადგენილება მსჯავრდებულის მიმართ სისხლის სამართლის საქმის წარმოების პროცესში მისი უფლების არსებითი დარღვევის შესახებ, რომელიც გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს ცნობილი არ იყო და თავისთავად ან/და სხვა დადგენილ გარემოებასთან ერთად ამტკიცებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას ან მის მიერ იმ დანაშაულზე უფრო მსუბუქი დანაშაულის ჩადენას, რომლისთვისაც მას მსჯავრი დაედო;
თ) არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინება, რომელმაც უკანონოდ ცნო ის ფარული საგამოძიებო მოქმედება, რომლის შედეგად მოპოვებული მტკიცებულება საფუძვლად დაედო განაჩენს.
3. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული მასალების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმის გარემოებებს, ხოლო კასატორის მიერ საჩივარში მითითებული გარემოებები არ წარმოადგენს საპროცესო კანონით გათვალისწინებულ ისეთ გარემოებებს, რომლებიც შეიძლება გახდეს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის გადასინჯვის საფუძველი.
4. საკასაციო პალატა სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოტივებს შუამდგომლობასთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის გამოყენების პროცედურა მკაფიოდაა განსაზღვრული ამავე კანონში მითითებული სპეციალური ნორმებით, რომელთა მიხედვით, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-11 მუხლით გათვალისწინებული ამნისტია ვ. ბ-ს მიმართ სრულიად კანონიერად აღსრულდა ამავე კანონის 23-ე მუხლის მე-4 ნაწილით დადგენილ ვადაში (აღნიშნული კანონის ამოქმედებიდან 4 თვის ვადაში) და ამასთან, იმ პერიოდში დაზარალებული ს. მ-ი მსჯავრდებულის მიმართ ამ კანონით გათვალისწინებული შეღავათების გავრცელების წინააღმდეგი იყო.
5. რაც შეეხება კასატორის მოთხოვნას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლში 2013 წლის 17 აპრილს შესული ცვლილების გათვალისწინებით დანიშნული სასჯელის შთანთქმის პრინციპით შემცირების შესახებ, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ აღნიშნულ საკითხზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ 2013 წლის 7 ივნისის განაჩენით (რომელიც უცვლელად დარჩა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 13 დეკემბრის განაჩენით) ერთხელ უკვე იმსჯელა, რის შედეგადაც მსჯავრდებულს შეუმცირდა სასჯელი. შესაბამისად, არ არსებობს ერთი და იმავე საფუძვლით ერთსა და იმავე საკითხზე განმეორებით მსჯელობის საფუძველი.
6. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მსჯავრდებულ ვ. ბ-ს შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის თაობაზე კანონიერი და დასაბუთებულია, რომლის გაუქმების ან შეცვლის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რის გამოც იგი უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ ვ. ბ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 30 ივნისის განჩინება მსჯავრდებულ ვ. ბ-ს შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის შესახებ დარჩეს უცვლელად.
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. სილაგაძე
მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე
გ. შავლიაშვილი