ას-553-894-07 3 ოქტომბერი, 2007 წ.
ქ. თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატამ
შემადგენლობა:
მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე),
როზა ნადირიანი (მომხსენებელი), თეიმურაზ თოდრია
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე საკასაციო სასამართლომ საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა კ. ნ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 11 მაისის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2006 წლის 10 ივლისს მ. ნ-მა სარჩელით მიმართა სამტრედიის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე კ. ნ-ის მიმართ და მოითხოვა მოპასუხისაგან უკანონოდ დაკავებული მისი საკუთარი ფართის გამონთავისუფლება და საკუთარი ნივთის _ ქონებისა და მიწის ნაკვეთის ფლობის უკანონო ხელშეშლის აღკვეთა.
სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 9 თებერვლის გადაწყვეტილებით მ. ნ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, კ. ნ-ს აღეკვეთა უკანონო ხელშეშლა მ. ნ-სადმი მისი საკუთარი ნივთის (შენობისა და მიწის ნაკვეთის) მფლობელობისა და სადავო შენობა _ მდებარე სამტრედიის რაიონის სოფელ ...ში კ. ნ-ის მფლობელობიდან გამონთავისუფლებული სახით ჩაბარდა მ. ნ-ს.
სამტრედიის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა კ. ნ-მ მოითხოვა მისი გაუქმება, სამტრედიის რაიონული სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებებისა და დადგენილებების გაუქმება, ასევე, კოოპერატივ “ .. ..” რეგისტრაციის გაუქმება; კოოპერატივ “ .. ..” პაის სახელმწიფო ხაზინაში გადასვლა; კოოპერატივ “ .. ..” თაობაზე საჯარო რეესტრის მონაცემების გაუქმება; კოოპერატივ “ .. ..” გომის პუნქტის 2006 წლის 6 აპრილის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა და გომის დამზადების პუნქტის აუდიტის ექსპერტიზა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 11 მაისის განჩინებით კ. ნ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
სასამართლომ დადგენილად ცნო ის გარემოება, რომ სამტრედიის რაიონის სოფელ ... მდებარე მიწის ნაკვეთი მ. ნ-ის საკუთრებაა და მას აპელანტი ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშეE ფლობს. სააპელაციო სასამართლომ ასევე მიუთითა, რომ არცერთ ინსტანციაში კ. ნ-ს სადავოდ არ გაუხდია აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები, თავად მიიჩნია მოსარჩელე მესაკუთრედ და თანხმობა განაცხადა შენობის განთავისუფლებაზე.
ხოლო კ. ნ-ის სხვა მოთხოვნები სააპელაციო სასამართლომ არ განიხილა იმ მოტივით, რომ მსგავსი მოთხოვნები აპელანტს რაიონულ სასამართლოში არ დაუყენებია.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა კ. ნ-მ, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოსათვის დაბრუნება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 23 ივლისის განჩინებით, კ. ნ-ის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კ. ნ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავებში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ საკასაციო საჩივრის საგნის ღირებულება აღემატება 50000 ლარს. ამავე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი სხვა ქონებრივ და არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვასთან დაკავშირებულ დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას კ. ნ-ის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. კ. ნ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი დარჩეს განუხილველად.
2. კასატორს დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარის) 70% _ 210 ლარი საქართველოს სახელმწიფო ხაზინის (კოდი:220101222) საბიუჯეტო შემოსავლების ¹300773078 სახაზინო კოდით ძველი თბილისის არასაგადასახადო შემოსულობების ¹200122900 ანგარიშიდან..
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.