Facebook Twitter

საქმე №157აგ-16 10 იანვარი, 2017 წელი

მ-ე გ., 157აგ-16 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),

ნინო გვენეტაძე, პაატა სილაგაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ გ. მ-ის საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 28 ივნისის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 24 თებერვლის განაჩენით დამტკიცდა პროკურორსა და ბრალდებულ გ. მ-ეს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება. გ. მ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 260–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ–ის 50–ე მუხლის მე–5 ნაწილის საფუძველზე 2 წელი განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 5 წელი ჩაეთვალა პირობით, იმავე საგამოცდო ვადით. მსჯავრდებულ გ. მ-ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2014 წლის 4 ივლისიდან.

2. მასვე ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, 3 წლით ჩამოერთვა საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის, სატრანსპორტო საშუალების მართვის, საადვოკატო საქმიანობის, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში– საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 11 სექტემბრის განაჩენით სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 24 თებერვლის განაჩენში შევიდა ცვლილება: მსჯავრდებულ გ. მ-ის ქმედება საქართველოს სსკ–ის 260–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტიდან (2015 წლის 31 ივლისამდე რედაქცია) გადაკვალიფიცირდა სსკ–ის 260–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე (ამჟამად მოქმედი რედაქცია). განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

4. 2015 წლის 14 ივნისს თბილისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა მსჯავრდებულმა გ. მ-ემ, რომელმაც მოითხოვა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, კერძოდ, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილების საფუძველზე განაჩენის გადასინჯვა და სასჯელისაგან გათავისუფლება.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 28 ივნისის განჩინებით შუამდგომლობა დაუშვებლად იქნა ცნობილი.

6. კასატორი - გ. მ-ე ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 28 ივნისის განჩინების გაუქმებასა და სასჯელისგან გათავისუფლებას საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილების საფუძველზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

1. საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდქსის 310-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენი გადაისინჯება, თუ არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკონსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი.

3. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის (2014 წლის პირველი მაისიდან 2015 წლის 31 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) სიტყვების - „ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან თოთხმეტ წლამდე“ - ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივი სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 92-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული, სადავოდ გამხდარი ოდენობით (70 გრამამდე) ნარკოტიკული საშუალება - „გამომშრალი მარიხუანის“ პირადი მოხმარების მიზნებისათვის შეძენისა და შენახვის გამო.

4. საქმის მასალებით ირკვევა, რომ გ. მ-ეს სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 24 თებერვლის განაჩენით მსჯავრი დაედო საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში - 0,0799 გრამი კანაფის ფისის წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დამზადების ფაქტზე, რასთან დაკავშირებითაც საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ მიუღია.

5. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება კანონიერია, მისი გაუქმების ან შეცვლის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რის გამოც იგი უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ გ. მ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 28 ივნისის განჩინება მსჯავრდებულ გ. მ-ის შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის შესახებ დარჩეს უცვლელად.

3. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე

პ. სილაგაძე