Facebook Twitter

ას-554-895-07 4 ოქტომბერი, 2007 წ.

ქ.თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატის მოსამართლე

ნუნუ კვანტალიანი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი _ ე. მ-ა (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე _ ი. კ-ა (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 2 მაისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის დაბრუნება ხელახალი განხილვისათვის

დავის საგანი – მცირეწლოვანი შვილის აღსაზრდელად მიკუთვნება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ი. კ-მ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხე ე. მ-ს მიმართ მცირეწლოვანი შვილის აღსაზრდელად მიკუთვნების შესახებ.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

წალენჯიხის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 12 თებერვლის გადაწყვეტილებით ია კ-ს სარჩელი დაკმაყოფილდა, მცირეწლოვანი ი. ე-ის ძე მ-ა აღსაზრდელად გადაეცა დედას _ ი. კ-ს.

წალენჯიხის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ე. მ-ს წარმომადგენელმა ვ. ჩ-მ.

ქუთაისის საპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 2 მაისის განჩინებით ე. მ-ს წარმომადგენელ ვ. ჩ-ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელი დარჩა წალენჯიხის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 12 თებერვლის გადაწყვეტილება, რაც საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა ე. მ-მ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 23 ივლისის განჩინებით ე. მ-ს საკასაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და მიეცა ვადა მის გამოსასწორებლად, ამავე სასამართლოს 2007 წლის 13 სექტემბრის განჩინებით ე. მ-ს გაუგრძელდა ხარვეზის შევსების ვადა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ე. მ-ს საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 23 ივლისის განჩინებით ე. მ-ს საკასაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და მიეცა მოცემული განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადა სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის გადახდის ქვითრის წარმოსადგენად, სასამართლოს განცხადებით მიმართა რ. მ-მ, სადაც მიუთითა რომ კასატორი მივლინებაშია და იგი მოკლებულია შესაძლებლობას გადაიხადოს სახელმწიფო ბაჟი. ამავე სასამართლოს 2007 წლის 13 სექტემბრის გადაწყვეტილებით კასატორს გაუგრძელდა ხარვეზის შევსების ვადა.

საქმის მასალებში წარმოდგენილი საფოსტო შეტყობინებისა და ხელწერილის თანახმად, ე. მ-ს მისამართზე საკასაციო სასამართლოს გზავნილი ჩბარებულ იქნა 2007 წლის 21 სექტემბერს, ხოლო კასატორის წარმომადგენლისათვის გადასაცემად კი 2007 წლის 19 სექტემბერს. აღნიშნულის მიუხედავად არც კასატორს და არც მის წარმომადგენელს სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით სასამართლოსათვის არ მიუმართავს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის მეორე და მესამე წინადადებების შესაბამისად, სასამართლო უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს. წარმომადგენელი ვალდებულია უწყების ჩაბარების შესახებ აცნობოს მხარეს. ამავე კოდექსის 74-ე მუხლის თანახმად კი, თუ სასამართლოს უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი მოქალაქე ვერ ნახა საცხოვრებელ ან სამუშაო ადგილზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე სრულწლოვან წევრს ან სამუშაო ადგილის ადმინისტრაციას ამ კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილით დადგენილი წესით. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს ხარვეზის განჩინება ჩაჰბარდა კასატორის მიერ მითითებულ მისამართზე ე. გ-ს და წარმომადგენელ ვ. ჩ-ს მეუღლეს თ.შ-ს ადრესატისათვის გადასაცემად, რაც დასტურდება საფოსტო განყოფილების მიღება-ჩაბარების უწყებაზე მათ მიერ შესრულებული ხელმოწერით. ამდენად, ზემოხსენებულ ნორმათა შინაარსიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ხარვეზის განჩინება კასატორ მხარეს კანონით დადგენილი წესით ჩაბარდა, თუმცა კასატორს სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით საკასაციო პალატისათვის არ მიუმართავს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის მიხედვით, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამავე მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.

მოცემულ შემთხვევაში ე. მ-ს საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზი არ გამოუსწორებია, სახელმწიფო ბაჟის _ 300 ლარის ჩარიცხვის ქვითარი კასატორს არ წარმოუდგენია, რაც საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით, 396-ე მუხლის მესამე ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ე. მ-ს საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველი.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.