ას-556-939-06 13 მარტი, 2007 წ.
ქ. თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მიხეილ გოგიშვილი (თავმჯდომარე)
მოსამართლეები:
ნუნუ კვანტალიანი (მომხსენებელი), მარიამ ცისკაძესხდომის მდივანი – გ.სუპატაშვილი
კასატორი – შპს ტელეკომპანია “ .. ..” (მოსარჩელე)
წარმომადგენელი _ ე. კ-ე, ა.ფირცხალაიშვილი
მოწინააღმდეგე მხარე _ ზ. ქ-ი (მოპასუხე)
წარმომადგენელი _ გ.მ-ა
მესამე პირი დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე _ ვ. ა-ი
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 18 ივლისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი _ საზოგადოებიდან პარტნიორის გარიცხვა, ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
შპს ტელეკომპანია „.. ..“ სარჩელი აღძრა სასამართლოში ზ. ქ-ის მიმართ საზოგადოებიდან პარტნიორის გარიცხვის შესახებ შემდეგ გარემოებათა გამო: 2004 წლის 10 სექტემბერს გაიმართა საზოგადოების პარტნიორთა რიგგარეშე კრება, რომლის დღის წესრიგში სხვა საკითხებთან ერთად შედიოდა 2003 წლის 1 იანვრიდან 2004 წლის 1 მარტამდე საზოგადოების საფინანსო საქმიანობის აუდიტორული შემოწმების შედეგების განხილვა, აუდიტორული შემოწმების შედეგად გამოვლენილი დარღვევების გამო შპს „ .. ..“ ყოფილი პრეზიდენტისა და პარტნიორის ზ. ქ-ის პასუხისმგებლობის საკითხი, ასევე ზ. ქ-ის მიერ პარტნიორთა ნებართვის გარეშე და შპს „ .. ..“ საზიანოდ კონკურენტი საწარმოს _ რადიომაუწყებლობის შექმნის საკითხი. კრებაზე გამოირკვა, რომ 2003 წელსა და 2004 წლის თებერვალ-მარტში შპს „ .. ..“ საერთო შემოსავლებმა შეადგინა 77082 ლარი, გარდამავალი ნაშთი 2002 წლიდან იყო 13 ლარი, ამავე პერიოდში საზოგადოების ხარჯები _ 41752 ლარი, თუმცა გაურკვეველია, თუ რაში გაიხარჯა 35343 ლარი, რომელიც საზოგადოების საბანკო ანგარიშსა და სალაროში ასახული არ არის. აღნიშნულიდან გამომდინარე საზოგადოების საფინანსო საქმიანობაში გამოვლინდა დარღვევები. ზ. ქ-ი, საზოგადოების საქმიანობის წამგებიანობის მოტივით, შპს „ .. ..“ პარტნიორ მ. გ-ს წლების განმავლობაში არ უხდიდა დივიდენდს და მოქმედი კანონმდებლობის დარღვევით არ წარუდგენდა წლიურ ბალანსს. მოპასუხე ცდილობდა საზოგადოებაში მისი წილის შემცირებას, კერძოდ, შპს-ს გაკოტრების თავიდან აცილების გამო, მან მ. გ-ს მოსთხოვა საწესდებო კაპიტალის 10%-ის ბ. ს-სათვის გადაცემა, რის სანაცვლოდ, ეს უკანასკნელი საზოგადოებაში ჩადებდა გარკვეულ თანხებს. რეალურად საზოგადოება მომგებიანი იყო, რაც იმითაც დასტურდება, რომ მ. გ-ის მიერ მოპასუხის შეთავაზებაზე უარის თქმის შემდეგ საზოგადოებას ფინანსური სირთულეები არ შექმნია. მოპასუხე შემოსავლებს ხელოვნურად ამცირებდა და სრული ოდენობით წლიურ ბალანსში არ ასახავდა. ჩატარებულმა აუდიტორულმა შემოწმებამ 35 ათას ლარზე მეტი ოდენობის თანხის დანაკლისი გამოავლინა. ასევე ადგილზე არ არის დეციმეტრული გადამცემი სადგური, რომელიც საზოგადოების საკუთრებას წარმოადგენდა. შპს „ .. ..“ ხელახალი რეგისტრაციისას ზ. ქ-მა მ. გ-ს მოტყუებით მოაწერინა ხელი ახალ წესდებაზე, სადაც, ძველი წესდებისაგან განსხვავებით, რადიომაუწყებლობის საქმიანობა გათვალისწინებული არ იყო. მოპასუხის განმარტებით, რადიომაუწყებლობა წამგებიანი იყო, არსებული აპარატურა კი მოძველდა. გარკვეული პერიოდის შემდგომ ზ. ქ-მა დააფუძნა შპს რადიოკომპანია „კ...“, რომლის 50%-ის წილის მფლობელია. აღნიშნულით დასტურდება, რომ ზ. ქ-მა ბოროტად გამოიყენა დაკავებული თანამდებობა, შეცდომაში შეიყვანა პარტნიორი მ. გ-ი და, ფაქტობრივად, შპს “ .. ..” კონკურენტი საწარმო ჩამოაყალიბა. აღნიშნულის უფლება, პარტნიორთა თანხმობის გარეშე მოპასუხეს მოქმედი კანონმდებლობით არ ჰქონდა. ამასთან, რადიოკომპანია „კ...ის“ ბიზნეს გეგმით ირკვევა, რომ ზ.ქ-ი კონკურენტ საწარმოს შპს „ .. ..“ მეშვეობით აფინანსებდა. ამდენად, ზ.ქ-ი წლების მანძილზე არღვევდა „მეწარმეთა შესახებ“ კანონს, ლახავდა პარტნიორის უფლებებს, ზიანს აყენებდა საზოგადოების საქმიანობას, არადანიშნულებისამებრ იყენებდა მის ფინანსებს, რითაც ტელეკომპანია მძიმე ფინანსურ მდგომარეობაში ჩააყენა. აღნიშნულის გათვალისწინებით საზოგადოების პარტნიორთა კრებამ, წესდების 10.2 მუხლის თანახმად, მიიღო გადაწყვეტილება ზ.ქ-ის შპს „ .. ..“ პარტნიორობიდან გარიცხვის შესახებ. მითითებული გადაწყვეტილებისა და „მეწარმეთა შესახებ“ კანონის 47.3 მუხლის „ლ“ პუნქტის საფუძველზე მოსარჩელემ მოითხოვა შპს „ .. ..“ პარტნიორ ზ. ქ-ის გარიცხვა და მისთვის მოსარჩელის სასარგებლოდ 35343 ლარის დაკისრება.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო შემდეგი დასაბუთებით: 1989 წელს დაფუძნდა ტელეკომპანია “ .. ..”, რომლის პრეზიდენტი იყო ზ.ქ-ი. 1992 წელს საზოგადოების 40% წილი შეიძინა ე. გ-მა, რომლის გარდაცვალების შემდეგ მისი მემკვიდრე გახდა მ. გ-ი. 2003 წელს მოპასუხეს მიმართა ლ. რ-მა და შესთავაზა თავისი წილის შეტანის სანაცვლოდ საზოგადოების პარტნიორად მიღება, რაზეც ზ. ქ-მა უარი განუცხადა. აღნიშნულის შემდეგ ლ. რ-მა თავის მხარეზე გადაიბირა სხვა პარტნიორები, რომლებმაც განიზრახეს მისი ტელევიზიიდან გაგდება და წილის ხელში ჩაგდება. ამ მიზნით 2004 წლის მარტის დასაწყისში მის სამუშაო ოთახში შეიჭრნენ ლ. რ-ი და ე. კ-ე, რომლებმაც მოპასუხეს მიაყენეს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა და დაიტაცეს ტელევიზიის დოკუმენტაცია. გაყალბებული მასალებით მალულად ჩაატარეს აუდიტორული შემოწმება, რომლის დასკვნა ემყარება შეუმოწმებელ მონაცემებს, არაობიექტურია და შედგენილია დამკვეთის მოთხოვნით. მასში მითითებული საზოგადოების შემოსავლები ხელოვნურად გაზვიადებულია, ხარჯები კი შემცირებული. დასკვნა ეყრდნობა ისეთი პირების განმარტებას, რომელთაც სადავო პერიოდისათვის საზოგადოებასთან არანაირი კავშირი არ ჰქონდათ. დასკვნა მთელ პასუხისმგებლობას აკისრებს ზ. ქ-ს, მაშინ, როდესაც საზოგადოების ფუნქციონირებაში აქტიურად იყო ჩაბმული მოპასუხის მოადგილე და პარტნიორი ვ. ა-ი. საზოგადოების პარტნიორთა კრება, რომელზეც მისი პარტნიორობიდან გარიცხვის საკითხი გადაწყდა, ჩატარდა კანონის სრული იგნორირებით, კრებას ესწრებოდა ორი პარტნიორი, რომელთა წილი ერთად შეადგენს საზოგადოების წილთა 60%-ს, „მეწარმეთა შესახებ“ კანონის 12.5 მუხლის თანახმად კი სადავო გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო იყო წილთა 60%-ზე მეტი. მოცემულ შემთხვევაში საზოგადოებიდან პარტნიორის გარიცხვის კანონით დადგენილი საფუძვლები არ არსებობდა. არასწორია მოსარჩელის მითითება, რომ მ. გ-ი დივიდენდს არ ღებულობდა. საზოგადოების შეცვლილ წესდებას მან შეგნებულად, ყოველგვარი მოტყუების გარეშე მოაწერა ხელი. შპს “ .. ..” ახორციელებდა მხოლოდ ტელემაუწყებლობას, რადიოს საერთოდ არ უმუშავია. ამდენად, უსაფუძვლოა მხარის მოსაზრება, რომ ზ. ქ-მა დააფუძნა ტელეკომპანიის კონკურენტი საწარმო. მით უფრო, რომ, “მეწარმეთა შესახებ” კანონის 96-ე მუხლის შესაბამისად, შპს “ .. ..” პარტნიორთათვის ცნობილი იყო, რომ ზ. ქ-ი რადიომაუწყებლობას აფუძნებდა, თუმცა მათ რაიმე პრეტენზია აღნიშნულთან დაკავშირებით არ გამოუთქვამთ. ასევე უსაფუძვლოა მოსარჩელის მითითება, რომ შპს “კ...” მოსარჩელის სახსრებით ფინანსდებოდა, ვინაიდან აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულება მხარეს არ წარმოუდგენია.
თელავის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 23 სექტემბრის გადაწყვეტილებით შპს “ .. ..” სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც მოსარჩელემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 18 ივლისის გადაწყვეტილებით შპს ტელეკომპანია “ .. ..” სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება ზ. ქ-სათვის 35343 ლარის დაკისრებაზე უარის თქმის ნაწილში გაუქმდა და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და ზ. ქ-ს შპს ტელეკომპანია “ .. ..” სასარგებლოდ დაეკისრა 2812 ლარის გადახდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელი შემდეგ გარემოებათა გამო: სასამართლომ დაადგინა, რომ 1989 წელს დაფუძნდა შპს ტელეკომპანია „ .. ..“, რომლის პრეზიდენტი იყო ზ. ქ-ი. თელავის რაიონული სასამართლოს 1996 წლის 26 მარტის დადგენილებით სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციაში გატარდა შპს ტელე-რადიო კომპანია „ .. ..“, რომლის პარტნიორები იყვნენ ზ. ქ-ი, ე. გ-ი და ვ. ა-ი. საწარმოს საქმიანობის საგანს წარმოადგენდა ტელერადიო საქმიანობა. საწესდებო კაპიტალის 40% წილი ეკუთვნოდა ე. გ-ს, 20% _ ვ. ა-ს, ხოლო 40% _ ზ. ქ-ს, რომელიც ასევე დაინიშნა საზოგადოების დირექტორად,. თელავის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 28 დეკემბრის დადგენილების თანახმად, ამავე სასამართლოს 1996 წლის 26 მარტის დადგენილებით რეგისტრირებულ ტელერადიო კომპანია „ .. ..“ სამეწარმეო რეესტრში შეტანილ იქნა ცვლილებები და იგი რეგისტრაციაში გატარდა როგორც შპს ტელეკომპანია „ .. ..“. საზოგადოების საქმიანობის საგნად განისაზღვრა ტელემაუწყებლობა, ხოლო რადიომაუწყებლობა ამოღებულ იქნა წესდებიდან. შპს “ .. ..” გენერალურ დირექტორად დაინიშნა ზ. ქ-ი, პარტნიორებად დაფიქსირდნენ ზ. ქ-ი _ საწესდებო კაპიტალის 40%, ვ. ა-ი _ 20% და მ. გ-ი – 40%. 2004 წლის 11 მარტს ჩატარდა შპს ტელეკომპანია „ .. ..“ პარტნიორთა კრება, რომლის გადაწყვეტილებით გენერალური დირექტორი ზ. ქ-ი გაწვეულ იქნა დაკავებული თანამდებობიდან და მის ნაცვლად დაინიშნა ე. კ-ე. 2004 წლის 10 სექტემბერს ჩატარდა საზოგადოების პარტნიორთა რიგგარეშე კრება, რომელსაც ესწრებოდნენ პარტნიორები ე. ა-ი და მ. გ-ის წარმომადგენელი მ. ს-ი, ასევე ტელეკომპანიის პრეზიდენტი ე. კ-ე. კრების დღის წესრიგში განსახილველად შეტანილ იქნა ტელეკომპანიის 2003 წლისა და 2004 წლის იანვარ-თებერვლის საფინანსო საქმიანობის აუდიტორული შემოწმების დასკვნის გაცნობა, შემოწმების შედეგად გამოვლენილი საფინანსო დარღვევებისა და ზ. ქ-ის მიერ, პარტნიორების ნებართვის გარეშე, კონკურენტი საწარმოს _ რადიომაუწყებლობის შექმნის გამო მისი პასუხისმგებლობის საკითხის განსაზღვრა. საზოგადოების წესდების 10.2 მუხლის თანახმად, პარტნიორთა რიგგარეშე კრებამ მიიღო გადაწყვეტილება შპს „ .. ..“ პარტნიორობიდან ზ. ქ-ის გარიცხვის შესახებ. პარტნიორთა გადაწყვეტილება ზ. ქ-ის საზოგადოებიდან გარიცხვის შესახებ ემყარება მოპასუხის მიერ დაკავებული თანამდებობის ბოროტად გამოიყენებას, რაც იმაში გამოიხატა, რომ მოპასუხემ შეცდომაში შეიყვანა პარტნიორი მ. გ-ი, როდესაც ახალ წესდებაზე მოაწერინა ხელი, მან ფაქტობრივად ჩამოაყალიბა კონკურენტი საწარმო, რისი უფლებაც მოქმედი კანონმდებლობით, პარტნიორთა თანხმობის გარეშე, არ ჰქონდა. ასევე, ზ. ქ-ი რადიოკომპანია “კ....ს” აფინანსებდა შპს „ .. ..“ ფინანსური სახსრებით. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება, რომ ზ. ქ-მა შექმნა კონკურენტი საწარმო, ვინაიდან დაადგინა, რომ შპს-ს წესდებაში ცვლილებები განხორციელდა 2000 წლის დეკემბერში და მისი საქმიანობიდან რადიომაუწყებლობა ამოღებულ იქნა, ხოლო შპს რადიოკომპანია „კ...“ დარეგისტრირდა ქ.თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულ სასამართლოში 2003 წლის 17 მარტს, ამდენად, შპს „კ....ის“ შექმნის მომენტისათვის რადიომაუწყებლობა შპს „ .. ..“ საქმიანობიდან ამოღებული იყო და შპს “კ...” მოსარჩელეს ვერანაირ კონკურენციას ვერ გაუწევდა. ამასთან, სასამართლომ მიიჩნია, რომ ზ. ქ-ის მიერ მ. გ-სათვის წესდებაში ცვლილებების შეტანაზე მოტყუებით ხელის მოწერის ფაქტი საქმის მასალებით არ დადასტურებულა. წარმოდგენილი მასალებით ასევე არ დასტურდება, რომ ზ. ქ-ი არადანიშნულებისამებრ იყენებდა თანამგზავრის ფინანსურ სახსრებს, კერძოდ, აფინანსებდა რადიოკომპანიას და მისი მოქმედებით ტელეკომპანია მძიმე ფინანსურ მდგომარეობაში აღმოჩნდა, აპარატურა გაპარტახდა და ამორტიზირდა. სასამართლომ მიიჩნია, რომ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში ზ. ქ-ის მიერ შეტანილი განცხადება ამ უკანასკნელის საზოგადოების პარტნიორობიდან გარიცხვის საფუძვლად მიჩნეული ვერ იქნება, ვინაიდან ამ განცხადებით საზოგადოებისათვის ზიანის მიყენების ფაქტი არ დადასტურებულა. სასამართლოს მოსაზრებით, საფუძველსაა მოკლებული მითითება, რომ საზოგადოების პარტნიორებს შორის წარმოშობილი კონფლიქტური სიტუაცია ერთ-ერთ პარტნიორ ზ. ქ-ის ბრალეული არაკანონიერი ქმედებითაა გამოწვეული, რის გამოც საზოგადოებას მიადგა მნიშვნელოვანი ზიანი. „მეწარმეთა შესახებ“ კანონის შესაბამისად, პარტნიორისადმი წაყენებული პრეტენზიები დაკავშირებული უნდა იყოს პარტნიორის საქმიანობასთან. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელეს ზ. ქ-ის, როგორც პარტნიორის საქმიანობასთან დაკავშირებული პრეტენზიები არ წამოუყენებია, ხოლო მოპასუხის მიერ დირექტორის თანამდებობაზე ყოფნისას საზოგადოებისათვის ზიანს მიყენების ფაქტი პარტნიორის საზოგადოებიდან გარიცხვის საფუძველი ვერ გახდება. სასამართლომ იხელმძღვანელა „მეწარმეთა შესახებ“ კანონის 9.7 მუხლით და საქმეში წარმოდგენილი საბუღალტრო ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე დაადგინა, რომ სადავო პერიოდში სალაროს დანაკლისი საბუღალტრო დოკუმენტაციაზე დაყრდნობით შეადგენს 2812,31 ლარს, რისი მოსარჩელისათვის ანაზღაურება მოპასუხეს უნდა დაეკისროს. რაც შეეხება სასარჩელო მოთხოვნას ზ. ქ-სათვის დანარჩენი თანხის ანაზღაურების შესახებ, პალატამ მიიჩნია, რომ სადავო ოდენობის ზიანის მიყენების ფაქტი მხარეს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლით გათვალისწინებული წესით არ დაუდასტურებია.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება შპს ტელეკომპანია “ .. ..” გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლებით: სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა “მეწარმეთა შესახებ” კანონის 47.3 მუხლის “ლ” ქვეპუნქტი. სასამართლომ მოცემული საქმე განიხილა მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, კერძოდ, სათანადოდ არ შეაფასა საზოგადოების პარტნიორების მ. გ-ისა და ვ. ა-ის ახსნა-განმარტებები, რომლებიც გავლენას მოახდენდნენ გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაზე. გადაწყვეტილებაში საერთოდ არ არის მოხსენიებული მესამე პირი ვ. ა-ი. სასამართლოს კასატორის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები სრულად არ შეუსწავლია და არ შეუფასებია. შპს “ .. .. ..” 2004 წლის 10 სექტემბრის პარტნიორთა კრების გადაწყვეტილებით ზ. ქ-ის პარტნიორობიდან გარიცხვის საფუძველი გახდა არა მარტო სააპელაციო პალატის მიერ მითითებული სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენების ფაქტები, არამედ ის გარემოებაც, რომ მისი პრეზიდენტობის პერიოდში არსებული ფინანსური დარღვევების შედეგად საზოგადეობას მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა, პარტნიორები ვერ იღებდნენ დივიდენდებს საზოგადოების წამგებიანად ფუნქციონირების საფუძვლით, მაშინ, როდესაც საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება იმ დროისათვის საზოგადოების შემოსავლების არსებობა. დაუსაბუთებელია სასამართლოს მსჯელობა, რომ შპს “ .. ..” საქმიანობიდან რადიომაუწყებლობა უფრო ადრე _ 2000 წელს ამოირიცხა, ხოლო შპს “კ....” დაფუძნდა 2003 წელს, ვინაიდან რადიომაუწყებლობის ამოღებაზე ზ. ქ-მა გ-ს ხელი მოტყუებით მოაწერინა და რადიომაუწყებლობის წამგებიანობის შემთხვევაში იგი შპს “კ.....ს” არ დააფუძნებდა. ამასთან, მოწინააღმდეგე მხარე ცდილობდა გ....ის დარწმუნებას ინვესტიციების მოზიდვის მიზეზით წილის ნაწილი საქართველოს პრეზიდენტის ყოფილ რწმუნებულ ბ. ს....სათვის დაეთმო, ხოლო გ....ის მიერ სხვა ინვესტორთა მოძიებისას წილის გასხვისებაზე უარი განაცხადა. უსაფუძვლოა სასამართლოს დასკვნა, რომ საქმის მასალებით ზ. ქ....ის მიერ საზოგადოების სახსრების არადანიშნულებისამებრ ხარჯვა არ დასტურდება. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებითა და მოწმეთა ჩვენებებით ირკვევა, რომ ზ. ქ...ი აწარმოებდა ე.წ. შავ ბუღლატერიას, რაც მოწინააღმდეგე მხარემ 2006 წლის 3 მაისის სხდომაზეც დაადასტურა. მისი განმარტებით, აღნიშნული დოკუმენტაციის არსებობა ცნობილი იყო საზოგადოების მოლარისა და ვ. ა...სათვის, ამასთან, მხარემ მიუთითა, რომ ტელეკომპანიაში გაფორმებული 5 თანამშრომლის გარდა რეალურად მუშაობს დამატებით 20-მდე პიროვნება. სასამართლოში შეტანილ 2005 წლის 19 მაისის წერილში ზ. ქ...ი ადასტურებს ვ. ა....საგან თანხის ნაწილის მიღებას, რომელიც საზოგადოების ბუღალტერიაში ასახული არ არის. ზემოხსენებული გარემოებებისათვის სასამართლოს სათანადო შეფასება არ მიუცია. სააპელაციო პალატამ გაიზიარა რა საბუღალტრო ექსპერტიზის 2005 წლის 5 აპრილის დასკვნა ზ. ქ...ის პრეზიდენტობის პერიოდში გამოვლენილი 2812,31 ლარის დანაკლისის შესახებ, უსაფუძვლოდ არ მიიღო მხედველობაში მონაცემები ¹1, 2 და 3 საკანცელარიო წიგნების შემოწმებისას 22255,31 ლარის, ასევე სასამართლოს მიერ დამატებით გადაგზავნილი მასალების შემომწების შედეგად 17525,31 ლარის დანაკლისის არსებობის შესახებ. ზ. ქ-ის მიერ საზოგადოებისათვის ზიანის მიყენების სურვილი დასტურდება იმ გარემოებითაც, რომ შპს-ს პარტნიორთა შეთანხმებისამებრ მოპასუხეს მონაწილეობა უნდა მიეღო ტელეკომპანიის ოფისის შესაძენ აუქციონში კომპანიის პრეზიდენტის სახით, თუმცა, როგორც მოგვიანებით გახდა ცნობილი, ზ. ქ-მა აღნიშნული ფართი შეიძინა თავის პირად საკუთრებად. ამასთან, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, მხარეთა ახსნა-განმარტებებით დასტურდება, რომ კომპანიის ოფისის სარემონტო ხარჯებს საზოგადოება ფარავდა, რის შედეგად ფართის ღირებულება გაიზარდა. მოგვიანებით, ზ. ქ-მა სასამართლო წესით მოითხოვა კუთვნილი შენობიდან ტელეკომპანიის გამოსახლება. მოპასუხემ თავადაც დაადასტურა ის გარემოება, რომ მიმართა ფინანსურ პოლიციას შპს-ს შემოწმების მოთხოვნით, რაც თავის მხრივ ხელს უშლის კომპანიის მუშაობას, ასევე 2005 წლის 12 ნოემბერს განცხადებით მიმართა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას და მოითხოვა შპს “ .. ..” არ გამოეყოთ რადიოსიხშირე. ზემოხსენებულ გარემოებათა გათვალისწინებით, კასატორმა მიიჩნია, რომ ზ. ქ-ი, როგორც შპს “ .. ..” პრეზიდენტი და პარტნიორი ზიანს აყენებდა საზოგადოებას, რის გამოც 60% წილების მქონე პარტნიორებმა მას უნდობლობა გამოუცხადეს. ზ. ქ-მა დაარღვია “მეწარმეთა შესახებ” კანონის 9.7 და 49.2 მუხლები, ამდენად, საზოგადოების პარტნიორებმა საფუძვლიანად გამოიყენეს ამავე კანონის 46.9 და 47.3 მუხლებით მინიჭებული უფლებები. აღსანიშნავია ასევე, რომ შპს “ .. ..” 2004 წლის 11 მარტის პარტნიორთა კრებაზე ზ. ქ-ი საზოგადოებისათვის ზიანის მიყენების გამო გათავისუფლდა შპს-ს დირექტორის თანამდებობიდან, რაც ამ უკანასკნელს არ გაუსაჩივრებია. აღნიშნული ადასტურებს, რომ მოპასუხე მის მიმართ პარტნიორთა უნდობლობის გამოხატვას საფუძვლიანად მიიჩნევს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლისა და საკასაციო საჩივრის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კასატორის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:
მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლომ დადგენილად ცნო და კასატორს სადავოდ არ გაუხდია შემდეგი გარემოებები:
1989 წელს დაფუძნდა შპს ტელეკომპანია „ .. ..“, რომლის პრეზიდენტი იყო ზ. ქ-ი. თელავის რაიონული სასამართლოს 1996 წლის 26 მარტის დადგენილებით სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციაში გატარდა შპს ტელე-რადიო კომპანია „ .. .. .“, რომლის პარტნიორები იყვნენ ზ. ქ-ი, ე. გ-ი და ვ. ა-ი. საწარმოს საქმიანობის საგანს წარმოადგენდა ტელერადიო საქმიანობა. საწესდებო კაპიტალის 40% წილი ეკუთვნოდა ე. გ-ს, 20% _ ვ. ა-ს, ხოლო 40% _ ზ. ქ-ს, რომელიც ასევე დაინიშნა საზოგადოების დირექტორად. თელავის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 28 დეკემბრის დადგენილების თანახმად, ტელერადიო კომპანია „ .. ..“ რეგისტრაციაში გატარდა როგორც შპს ტელეკომპანია „ .. ..“. საზოგადოების საქმიანობის საგნად განისაზღვრა ტელემაუწყებლობა, ხოლო რადიომაუწყებლობა ამოღებულ იქნა წესდებიდან. შპს “ .. ..” გენერალურ დირექტორად დაინიშნა ზ. ქ-ი, პარტნიორებად დაფიქსირდნენ ზ. ქ-ი _ საწესდებო კაპიტალის 40%, ვ. ა-ი _ 20% და მ. გ-ი – 40%. შპს ტელეკომპანია „ .. ..“ 2004 წლის 11 მარტის პარტნიორთა კრების გადაწყვეტილებით დირექტორი ზ. ქ-ი გაწვეულ იქნა დაკავებული თანამდებობიდან და მის ნაცვლად დაინიშნა ე. კ-ე. 2004 წლის 10 სექტემბერს ჩატარდა საზოგადოების პარტნიორთა რიგგარეშე კრება, რომელსაც ესწრებოდნენ პარტნიორები ე. ა-ი და მ. გ-ის წარმომადგენელი მ. ს-ი, ასევე ტელეკომპანიის პრეზიდენტი ე. კ-ე. საზოგადოების წესდების 10.2 მუხლის საფუძველზე, კრებამ მიიღო გადაწყვეტილება შპს „ .. ..“ პარტნიორობიდან ზ.ქ-ის გარიცხვის შესახებ.
საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა დადგენილ გარემოებებს.
უსაფუძვლოა კასატორის მოსაზრება, რომ, ვინაიდან ზ. ქ-ის მოქმედებით საზოგადოებას მიადგა მძიმე ზიანი პარტნიორებს შორის ჩამოყალიბდა უნდობლობა, რაც მისი პარტნიორობიდან გარიცხვის საფუზველს წარმოადგენს. შპს “ .. ..” პარტნიორთა 2004 წლის 10 სექტემბრის კრებამ ზ. ქ-ის პარტნიორობიდან გარიცხვის გადაწყვეტილება მიიღო ამავე საზოგადოების წესდების 10.2 პუნქტზე დაყრდნობით, რომლითაც მონაწილე, რომელიც სისტემატურად არ ასრულებს თავის ვალდებულებებს ან თავისი მოქმედებით ზიანს აყენებს საზოგადოების ინტერესებს, შეიძლება გაირიცხოს მონაწილეთა კრების გადაწყვეტილებით. პარტნიორთა კრება გადაწყვეტილების მიღებისას უთითებდა იმ გარემოებაზე, რომ შპს ტელეკომპანია “ .. ..” ყოფილი პრეზიდენტი ზ. ქ-ი საზოგადოების დირექტორობის პერიოდში არღვევდა კანონს, ლახავდა პარტნიორთა უფლებებს, ზიანს აყენებდა საზოგადოების საქმიანობას და არადანიშნულებისამებრ იყენებდა მის ფინანსურ სახსრებს.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საზოგადოებიდან პარტნიორის გარიცხვა მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევაშია დასაშვები და იგი უნდა ეფუძვნებოდეს გასარიცხი პარტნიორის სხვა პარტნიორებთან საქმიანობის განხორციელების შეუძლებლობას. პარტნიორის საზოგადოებიდან გარიცხვის საფუძველს შეიძლება წარმოადგენდეს პარტნიორის კანონსაწინააღმდეგო და საზოგადოების ინტერესების აშკარად საწინააღმდეგო ქმედება. როგორც ზემოთ აღინიშნა, მოცემულ შემთხვევაში პარტნიორის გარიცხვას საფუძვლად კრებამ მიიჩნია ზ. ქ-ის, როგორც საზოგადოების დირექტორის არასწორი საქმიანობა, რაც თავისთავად არ მეტყველებს მისი, როგორც პარტნიორის ვალდებულებების შეუსრულებლობაზე ან საზოგადოების ინტერესებისათვის პარტნიორის უფლებამოსილების ფარგლებში მისი მოქმედებიდან გამომდინარე ზიანის მიყენებაზე. “მეწარმეთა შესახებ” კანონი განამტკიცებს რა საზოგადოების ხელმძღვანელთა პასუხისმგებლობას, თავიანთი მოვალეობის შეუსრულებლობის შემთხვევაში დირექტორის საქმიანობიდან გამომდინარე დარღვევა შესაძლებელია გახდეს დირექტორისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების და არა მისი პარტნიორობიდან გარიცხვის საფუძველი.
ასევე უსაფუძვლოა კასატორის მოსაზრება, რომ ზ. ქ-მა განცხადებით მიმართა ფინანსურ პოლიციას საზოგადოების შემოწმების შესახებ და მანვე საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიისაგან მოითხოვა ტელეკომპანიისათვის რადიოსიხშირის გამოყოფაზე უარის თქმა, აღნიშნული ადასტურებს მისი, როგორც პარტნიორის საზოგადოების ინტერესების საწინააღმდეგო მოქმედებებს. საკასაციო პალატა მითითებულ გარემოებებს ამგვარ შეფასებას ვერ მისცემს, ვინაიდან პარტნიორის მოთხოვნა კომპეტენტური ორგანოს მიერ კონკრეტულ საქმიანობაზე ნებართვის გაცემის შესახებ ამ ორგანოსათვის სავალდებულო არ არის და ცხადია, რომ სამეწარმეო საქმიანობაზე ნებართვის გაცემაზე უარის თქმა მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებშია დასაშვები. რაც შეეხება საფინანსო ორგანოებისათვის პარტნიორის მიმართვას საზოგადოების შემოწმების მოთხოვნით, ასეთი მოქმედება საზოგადოების საწინააღმდეგოდ არ შეიძლება იქნეს მიჩნეული, ვინაიდან იგი რაიმე კანონსაწინააღმდეგო ქმედებას არ მოიცავს.
საკასაციო პალატა მხარეთა ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ მოცემულ შემთხვევაში კასატორები მიუთითებენ რა პარტნიორთა შორის არსებულ უთანხმოებაზე და სერიოზულ დაპირისპირებაზე, რაც თავისთავად არასახარბიელოა და შესაძლებელია უარყოფითად იმოქმედოს საზოგადოების საქმიანობაზე, მაგრამ აღნიშნული ვერ გახდება პარტნიორის გარიცხვის საფუძველი, ვინაიდან ასეთი გარემოება არ გამორიცხავს პარტნიორის მონაწილეობის შესაძლებლობას საზოგადოების მართვაში. ასეთ შემთხვევაში პარტნიორს შეუძლია თავისი უფლებამოსილება განახორციელოს წარმომადგენლის მეშვეობითაც.
საკასაციო სასამართლო უსაფიძვლოდ მიიჩნევს კასატორის იმ მოსაზრებასაც, რომ სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით მოპასუხეს დააკისრა რა საზოგადოების სასარგებლოდ ზიანის _ 2812 ლარის ანაზღაურება, რაც ზ. ქ-ს არ გაუსაჩივრებია, რითაც მან დაადასტურა მისი ბრალეულობა. მითითებული ოდენობით ზიანის ანაზღაურება ზ. ქ-ს დაეკისრა მისი, როგორც საზოგადოების დირექტორის საქმიანობიდან გამომდინარე და აღნიშნული გადაწყვეტილების კვლევით ნაწილში მითითებული გარემოებების გამო ვერ გახდება პარტნიორის გარიცხვის საფუძველი.
დაუსაბუთებელია კასატორის მოსაზრება, რომ სააპელაციო სასამართლომ ზიანის ანაზღაურების დაკისრებისას არაკანონიერად არ გაითვალისწინა საქმეში არსებული მტკიცებულებები _ საკანცელარიო წიგნები, ახსნა-განმარტებები და 2005 წლის 5 აპრილის ექსპერტის დასკვნა. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. მითითებული დასკვნით კასატორის მიერ სადავოდ მიჩნეული თანხის დანაკლისი.
ყოველგვარ დასაბუთებასაა მოკლებული კასატორის მოთხოვნა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში არ მიუთითა საქმეში მონაწილე მესამე პირზე _ ვ. ა-ზე. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევა მხოლოდ მაშინ შეიძლება გახდეს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, თუ ამ დარღვევის შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი. ციტირებული ნორმის ანალიზით, არასწორი გადაწყვეტილება გაუქმდა მხოლოდ მაში, როცა დადგინდება უშუალო კავშირი არასწორ გადაწყვეტილებასა და საპროცესო ნორმების დარღვევას შორის, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ აქვს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება მიღებულია კანონის მოთხოვნათა დაცვით, რის გამოც იგი უნდა დარჩეს უცვლელი, ხოლო შპს “ .. ..” საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
შპს ტელეკომპანია “ .. ..” საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 18 ივლისის გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელი.
სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.