Facebook Twitter

საქმე №159აგ-16 9 დეკემბერი, 2016 წელი

პ-ა რ. 159აგ-16 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),

ნინო გვენეტაძე, გიორგი შავლიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ რ. პ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ჯ. ჭ-ს საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 27 ივნისის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 4 დეკემბრის განაჩენით რ. პ-ა, – დაბადებული 19.. წელს , – ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით და მიესაჯა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რასაც დაემატა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 22 ოქტომბრის განაჩენით დანიშნული დამატებითი სასჯელი – ჯარიმა 5000 ლარი და საბოლოოდ განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა – 5000 ლარი. მსჯავრდებულს სასჯელის მოხდა დაეწყო 2014 წლის 23 აგვისტოდან.

2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 21 მაისის განაჩენით ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 4 დეკემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 4 იანვრის განაჩენით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 21 მაისის განაჩენში შევიდა ცვლილება:

რ. პ-ა გამართლდა საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.

რ. პ-ას მიერ ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო ქმედება საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებიდან გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებზე.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 21 მაისის განაჩენი სხვა ნაწილში - მათ შორის რ. პ-თვის დანიშნული სასჯელის ნაწილში - დარჩა უცვლელად.

4. 2016 წლის 27 მაისს მსჯავრდებულმა რ. პ-მ და მისმა ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ჯ. ჭ-მ ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის შესახებ შუამდგომლობით მიმართეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს და საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე ითხოვეს განაჩენის გადასინჯვა შემდეგ გარემოებათა გამო: საქმის სააპელაციო სასამართლოში განხილვისას, დასკვნითი სიტყვის წარმოთქმის ეტაპზე, საქმეში გამოიკვეთა ახალი გარემოება, კერძოდ, ტ. ყ-ს განცხადება, რომლითაც დგინდება, რომ რ. პ-თვის მსჯავრად შერაცხული ქმედება რეალურად ჩაიდინა თვითონ ტ. ყ-მ. მან ითხოვა მოწმის სახით დაკითხვა, რა დროსაც დაადასტურებდა რ. პ-ს უდანაშაულობას, თუმცა სააპელაციო სასამართლომ დაცვის მხარის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა, რითაც დაარღვია მსჯავრდებულის სამართლიანი სასამართლოს უფლება.

5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 27 ივნისის განჩინებით მსჯავრდებულ რ. პ-სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ჯ. ჭ-ს შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე დაუშვებლად იქნა ცნობილი.

6. მსჯავრდებულ რ. პ-ს ინტერესების დამცველი, ადვოკატი ჯ. ჭ-ა საკასაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ ტ. ყ-ს განცხადება არის მნიშვნელოვანი ახალი გარემოება, რომელსაც არსებითად შეუძლია, შეცვალოს რ. პ-ს გამამტყუნებელი განაჩენი, თუმცა ამ ახალი მტკიცებულების ჯეროვნად გამოკვლევის უფლება სასამართლომ დაცვის მხარეს არ მისცა, რის გამოც ითხოვს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 27 ივნისის განჩინების გაუქმებასა და შუამდგომლობის დასაშვებად ცნობას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

2. საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ წარმოდგენილია ახალი ფაქტი ან მტკიცებულება, რომელიც გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს არ იყო ცნობილი და თავისთავად, თუ სხვა დადგენილ გარემოებასთან ერთად ამტკიცებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას ან მის მიერ იმ დანაშაულზე უფრო მსუბუქი ან უფრო მძიმე დანაშაულის ჩადენას, რომლისთვისაც მას მსჯავრი დაედო, აგრეთვე ამტკიცებს გამართლებულის ბრალეულობას ან დანაშაულის იმ პირის მიერ ჩადენას, რომლის მიმართაც სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყვეტილი იყო.

3. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმის გარემოებები საქმეში არსებული მასალების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე სამართლებრივად სწორად შეაფასა, ხოლო კასატორის მიერ საჩივარში მითითებული გარემოებები არ წარმოადგენს საპროცესო კანონით გათვალისწინებულ ისეთ გარემოებებს, რომლებიც შეიძლება გახდეს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის გადასინჯვის საფუძველი.

4. ამასთან, საკასაციო პალატა დამატებით აღნიშნავს, რომ ტ. ყ-ს განცხადების შესახებ ცნობილი იყო საქმის სასამართლოში განხილვის დროს, რაც მას უკარგავს ახალი ფაქტისა და მტკიცებულების მნიშვნელობას, ხოლო იმ შემთხვევაში, თუკი მომავალში გამოძიებითა და სასამართლოს განაჩენით დადასტურდება ის ფაქტი, რომ რ. პ-თვის მსჯავრად შერაცხული ქმედება რეალურად ჩადენილია ტ. ყ-ს მიერ, აღნიშნული გარემოება შესაძლოა, გახდეს საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული განაჩენის გადასინჯვის საფუძველი.

5. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მსჯავრდებულ რ. პ-სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ჯ. ჭ-ს შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის თაობაზე კანონიერი და დასაბუთებულია, რომლის გაუქმების ან შეცვლის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რის გამოც იგი უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ რ. პ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ჯ. ჭ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 27 ივნისის განჩინება დარჩეს უცვლელად.

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. სილაგაძე

მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე

გ. შავლიაშვილი