Facebook Twitter

ას-557-898-07 12 სექტემბერი, 2007 წ.

ქ.თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

მოსამართლე თეიმურაზ თოდრია

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი _ ჯ. კ-ა (მოპასუხე)

წარმომადგენელი – ნ. კ-ა

მოწინააღმდეგე მხარე – ვ. ბ-ა (მოსარჩელე)

გასაჩივრებული სასამართლო განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 30 მაისის განჩინება

დავის საგანი – ხელშეშლის აღკვეთა და უკანონო მფლობელობიდან ქონების გამოთხოვა

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ვ. ბ-მ სარჩელით მიმართა ზუგდიდის რაიონულ სასამართლოს ჯ. კ-ს მიმართ და მოითხოვა ხელშეშლის აღკვეთა და უკანონო მფლობელობიდან ქონების გამოთხოვა.

მოსარჩელის განმარტებით, ზუგდიდის რაიონის სოფ. .... გააჩნია მემკვიდრეობით მიღებული 5863 მ2 მიწის ნაკვეთი, აღნიშნული ეზო სიტყვიერი შეთანხმების საფუძველზე მიჰყიდა მეზობლად მცხორებ ჯ. კ-ს, რომელმაც დათქმულ დროს თანხა ვერ გადაუხადა და მიწის ნაკვეთი ისევ უკან დაიბრუნა. იმ პერიოდისათვის, როცა მოპასუხე სარგებლობდა მისი მიწის ნაკვეთით იქ შეუტანია ბეტონის ფილები, რომელიც, არაერთი თხოვნის მიუხედავად, არ გაიტანა. ვინაიდან, ჯ. კ-ს თანხა არ გააჩნდა ფილების გასატანად დაექირავებია ამწე მანქანა, შეთანხმების საფუძველზე 2006 წლის 16 მაისს, თავად მოსარჩელემ დაიქირავა მანქანა, რათა თავისი ხარჯებით გაეტანა ბეტონის ფილები, მაგრამ მოპასუხემ წინააღმდეგობა გაუწია და უარი განუცხადა ეზოს დაცლაზე.

იმაზე მითითებით, რომ სადავო მიწის ნაკვეთი მის საკუთრებას წარმოადგენდა, რომლის სარგებლობაშიც მოპასუხე ხელს უშლიდა, ვ.ბ-მ მოითხოვა ჯ.კ-ს მხრიდან ხელშეშლის აღკვეთა და მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან მიწის ნაკვეთის გამოთხოვა.

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილებით ვ. ბ-ს სარჩელი დაკმაყოფილდა, ჯ.კ-ს დაევალა ვ. ბ-ს კანონიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის სარგებლობაში ხელშეშლის აღკვეთა და ამ მიწის ნაკვეთიდან საამშენებლო ბეტონის ფილების გატანა.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ჯ.კ-მ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 30 მაისის განჩინებით ჯ. კ-ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და გადაწყვეტილების სამართლებრივი დასაბუთება ვ. ბ-ს კანონიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის სარგებლობაში ხელშეშლის აღკვეთისა და ამ მიწის ნაკვეთიდან სამშენებლო ბეტონის ფილების გატანაზე ჯ.კ-ს დავალდებულების თაობაზე. სააპელაციო პალატამ სამართლებრივ საფუძვლად მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლზე. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა მოპასუხის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ სადავო ბეტონის ფილები არა ვ. ბ-ს, არამედ სახელმწიფოს კუთვნილ მიწის ნაკვეთზეა განთავსებული, რადგან მოპასუხეს ამ ფაქტის დასადასტურებლად მტკიცებულება სასამართლოსთვის არ წარუდგენია.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 30 მაისის განჩინებაზე ჯ. კ-ს წარმომადგენელმა ნ. კ-მ შეიტანა საკასაციო საჩივარი, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 23 ივლისის განჩინებით ჯ. კ-ს წარმომადგენელ ნ. კ-ს დაევალა ამ განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში სახელმწიფო ბიუჯეტში 300 ლარის ჩარიცხვის ქვითრის, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრობის დამადასტურებელი მოწმობისა და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 396-ე მუხლების შესაბამისად დასაბუთებული საკასაციო საჩივრის წარმოდგენა. განჩინებით მას განემარტა, რომ სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად არ დაიშვებოდა და განუხილველი დარჩებოდა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო ჯ. კ-ს წარმომადგენლის - ნ. კ-ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად თვლის, რომ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის საფუძველზე საკასაციო სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ჯ. კ-ს წარმომადგენელ ნ. კ-ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობა. ამ მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის განმავლობაში საკასაციო სასამართლომ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ კოდექსის 396-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით. თუ საკასაციო საჩივარი აკმაყოფილებს ამ მუხლის მოთხოვნებს, სასამართლო იღებს წარმოებაში საკასაციო საჩივარს ამ კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე დასაშვებობის შესამოწმებლად.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 23 ივლისის განჩინებით ჯ. კ-ს წარმომადგენელ ნ. კ-ს დაევალა ამ განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში სახელმწიფო ბიუჯეტში 300 ლარის ჩარიცხვის ქვითრის წარმოდგენა. განჩინებით მას განემარტა, რომ სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად არ დაიშვებოდა და განუხილველი დარჩებოდა (ს.ფ. 128-130).

მოცემული განჩინება საქმეში მითითებულ მისამართზე ჯ. კ-სა და მის წარმომადგენელ ნ. კ-ს გაეგზავნათ 2007 წლის 23 ივლისს (ს.ფ. 131-132); განჩინების ასლი ჯ. კ-ს პირადად ჩაჰბარდა 2007 წლის 28 ივლისს, ხოლო მის წარმომადგენელ ნ. კ-ს 2007 წლის 26 ივლისს (ს.ფ. 133-134), თუმცა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში კასატორს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით საკასაციო პალატისათვის არ მიუმართავს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველად დარჩება.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას; თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.

მოცემულ შემთხვევაში როგორც მხარეს, ისე მის წარმომადგენელს დაუდგინდათ ხარვეზი, თუმცა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში კასატორს იგი არ გამოუსწორებია, რაც წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ჯ. კ-ს წარმომადგენლის - ნ. კ-ს საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 30 მაისის განჩინებაზე დარჩეს განუხილველი;

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.