ას-558-899-07 12 ოქტომბერი, 2007 წ.
ქ. თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატამ
შემადგენლობა:
მიხეილ გოგიშვილი (თავმჯდომარე),
როზა ნადირიანი (მომხსენებელი), მაია სულხანიშვილი
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე საკასაციო სასამართლომ საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა გ. ჯ-სა და ვ. მ-ის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 4 ივნისის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2004 წლის 13 აგვისტოს გ. ჯ-მ სარჩელით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე ვ. მ-ის მიმართ მიყენებული ზიანის ანაზღაურების თაობაზე შემდეგი საფუძვლებით:
მოსარჩელის განმარტებით, ქ. ქუთაისში, ... გამზირ ¹1-ში ფლობდა კაპიტალურ ავტოფარეხს, სადაც სხვადასხვა ნივთების გარდა, შენახული ჰქონდა 400 გრძივი მეტრი წყლის მილები და 18 მმ დიამეტრიანი 9 ტონა ხრახნიანი რკინა, ე.წ. “არმატურა”. ავტოფარეხის გასაღები ჰქონდა აგრეთვე მის მეგობარს _ ვ. მ-ს.
1997 წელს გაყიდა მითითებულ მისამართზე არსებული საცხოვრებელი ბინა, ხოლო ავტოფარეხს იყენებდა საწყობად. ვ. მ-მ 2002 წლის ზაფხულში აცნობა, რომ მის მეზობელ ო. ბ-ს სურვილი ჰქონდა ხსენებული ავტოფარეხის შეძენისა 1800 აშშ დოლარად, რაზედაც მოსარჩელემ თანხმობა განაცხადა. რამდენიმე დღის შემდეგ მისთვის ცნობილი გახდა, რომ ო. ბ-მ შეიძინა ავტოფარეხი და მის გამონთავისუფლებას ითხოვდა. როდესაც ჯ-ს ვაჟმა ავტოფარეხი გაათავისუფლა, მასში არ აღმოჩნდა ხსენებული “არმატურა” და რკინის მილები, ხოლო ვ. მ-მ, რომელსაც ჰქონდა ავტოფარეხის გასაღები, უარი განუცხადა როგორც მილების და “არმატურის”, ასევე ავტოფარეხის საფასურის _ 1800 აშშ დოლარის გადაცემაზე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გ. ჯ-მ მოითხოვა მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად, მის სასარგებლოდ მოპასუხისათვის 1800 აშშ დოლარის დაკისრება.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო უსაფუძვლობის გამო.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 5 მარტის გადაწყვეტილებით გ. ჯ-ს სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ვ. მ-ს დაევალა გ. ჯ-სათვის 400 გრძივი მეტრი ოდენობის 1/2 და 3/4 დიუმიანი წყლის მილების დაბრუნება, ხოლო ასეთის შეუძლებლობის შემთხვევაში, აღნიშნული ნივთის ფულადი ანაზღაურება საბაზრო ფასის მიხედვით; ვ. მ-ისათვის 9 ტონა ხრახნიანი რკინის, ე.წ. “არმატურის” დაბრუნების ან მისი საბაზრო ფასის გადახდის მოთხოვნის ნაწილში, გ. ჯ-ს სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ორივე მხარემ.
გ. ჯ-მ სააპელაციო საჩივრით მოითხოვა აღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და ახალი გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილება.
ვ. მ-მ მოითხოვა სააპელაციო საჩივრით გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში და ახალი გადაწყვტილებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 4 ივნისის განჩინებით გ. ჯ-სა და ვ. მ-ის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებები და დასკვნები საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით და მიიჩნია, რომ სააპელაციო საჩივრები უსაფუძვლო იყო.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ორივე მხარემ. გ. ჯ-მ მოითხოვა აღნიშნული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილშიც.
ვ. მ-მ მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვტილებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 23 ივლისისა და 2007 წლის 5 სექტემბრის განჩინებებით, გ. ჯ-სა და ვ. მ-ის საკასაციო საჩივრები მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ გ. ჯ-სა და ვ. მ-ის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავებში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ საკასაციო საჩივრის საგნის ღირებულება აღემატება 50000 ლარს. ამავე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი სხვა ქონებრივ და არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორები მიუთითებენ რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივრებს არა აქვთ წარმატების პერსპექტივა.
საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება ზიანის ანაზღაურებასთან დაკავშირებულ დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
ამასთან, საკასაციო საჩივრების განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას გ. ჯ-სა და ვ. მ-ის საკასაციო საჩივრები, რის გამოც საკასაციო საჩივრებს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. გ. ჯ-სა და ვ. მ-ის საკასაციო საჩივრები, როგორც დაუშვებელი დარჩეს განუხილველად.
2. ვ. მ-ს დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის) 70% _ 210 ლარი საქართველოს სახელმწიფო ხაზინის (კოდი:220101222) საბიუჯეტო შემოსავლების ¹300773078 სახაზინო კოდით ძველი თბილისის არასაგადასახადო შემოსულობების ¹200122900 ანგარიშიდან.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.