Facebook Twitter

ას-559-868-09 8 დეკემბერი, 2009წ.

თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),

ლ. ლაზარაშვილი (მომხსენებელი), ნ. კვანტალიანი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) – სსიპ „შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო ინსტიტუტი“

მოწინააღმდეგე მხარეები (მოსარჩელეები) – კ. ჩ-ავა, გ. კ-ია, ო. გ-ია

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 4 მარტის განჩინება

დავის საგანი – მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2008 წლის 31 ივლისს ზუგდიდის რაიონულ სასამართლოს სარჩელით მიმართეს კ. ჩ-ავამ, გ. კ-იამ და ო. გ-იამ მოპასუხე სსიპ შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო ინსტიტუტის მიმართ. მოსარჩელეებმა მოითხოვეს მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურება თითოეულ მოსარჩელეზე 8081,92 ლარის ოდენობით.

სასარჩელო განცხადებიდან და მასზე თანდართული მასალებიდან ირკვევა, რომ მოსარჩელეები 2006 წლის 3 ნოემბერს ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის ¹01-02\579 ბრძანებით დაწესებულების ზუგდიდის ფილიალში ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობებზე დანიშნეს კონკურსის შედეგების მიხედვით. მათთან შრომითი ხელშეკრულებები გაფორმდა 2006 წლის 16 ოქტომბრიდან 2009 წლის 15 ოქტომბრამდე. საქართველოს მთავარობის 2007 წლის 13 ივლისის ¹145 დადგენილებით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს გამოეყო ზუგდიდის ფილიალი და მის ბაზაზე დაფუძნდა საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ზუგდიდის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება. მოსარჩელეებთან შრომითი ურთიერთობები შესაბამისად გაგრძელდა.

სსიპ ზუგდიდის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების (ამჟამად სსიპ შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო ინსტიტუტი) რექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2007 წლის 20 ოქტომბრის ¹01-02\26 ბრძანებით სპეციალობებისა და მიმართულებების გაუქმებასთან დაკავშირებით მოსარჩელეები – კ. ჩ-ავა, გ. კ-ია და ო. გ-ია გათავისუფლდნენ აკადემიური თანამდებობიდან. აღნიშნულ ბრძანებას საფუძვლად დაედო შრომის კოდექსის 37-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტი, რაც მოსარჩელეებთან შრომითი ხელშეკრულების ცალმხრივად, ვადაზე ადრე შეწყვეტაზე მიუთითებდა.

მოსარჩელეთა განმარტებით, მათთან დადებული შრომითი ხელშეკრულებები არ ითვალისწინებდა მისი ცალმხრივად, ვადაზე ადრე შეწყვეტის ისეთ საფუძველს, როგორსაც წარმოადგენდა „სპეციალობებისა და მიმართულებების ნგაუქმება“. აქედან გამომდინარე, ისინი დაკავებული თანამდებობებიდან გათავისუფლდნენ უსაფუძვლოდ, რამაც მათივე შრომითი უფლებების დარღვევა განაპირობა.

მოსარჩელეებმა მიუთითეს ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 28 იანვრის კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებაზე, რომლითაც, მართალია, სამუშაოდან მათი გათავისუფლება მიჩნეულ იქნა უკანონოდ, მაგრამ თანამდებობებზე აღდგენის მოთხოვნაზე შესაბამისი თანამდებობების არარსებობის გამო ეთქვათ უარი. ასევე არ დაკმაყოფილდა მათი მოთხოვნა მორალური ზიანის ანაზღაურების ნაწილში. რაც შეეხებოდა იძულებით განაცდურს, დასახელებული გადაწყვეტილებით მოპასუხე სსიპ ზუგდიდის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას თითოეული მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა იძულებითი განაცდურის ანაზღაურება 1120 ლარის ოდენობით. ამ შემთხვევაში იძულებითი განაცდური მოიცავდა თანამდებობებზე აღდგენის პერიოდამდე მისაღებ ხელფასს.

მოსარჩელეებმა ყურადღება გაამახვილეს იმ გარემოებაზე, რომ მათივე სარჩელით მანამდე (2008 წელი) წარმოებულ სასამართლო დავაზე არ დაუსახელებიათ ვადიანი ხელშეკრულების შესრულების შემთხვევაში ხელფასის სახით მისაღები შემოსავლის კონკრეტული ოდენობა, რამდენადაც მათი მიზანი იყო სამსახურში აღდგენა და აღდგენამდე პერიოდში იძულებითი განაცდურის ანაზღაურება. ისინი ვარაუდობდნენ, რომ თანამდებობებზე აღდგენის შესახებ მათი მოთხოვნები დაკმაყოფილდებოდა. იმის გამო, რომ დღეის მდგომარეობით მოსარჩელეების სამუშაოებზე აღდგენა შეუძლებელი გახდა, ხოლო მათთან შრომითი ხელშეკრულებების მოშლა სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით უკანონოდაა მიჩნეული, მოსარჩელეებმა მიიჩნიეს, რომ ხელფასის სახით მიუღებელი შემოსავალი უნდა ანაზღაურებოდათ შრომითი ხელშეკრულების მოქმედების მთელი ვადის განმავლობაში (ს.ფ. 3-42).

მოპასუხე სსიპ შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო ინსტიტუტმა სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 17 აპრილის ¹106 დადგენილებიდან გამომდინარე, იგი წარმოადგენდა საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ზუგდიდის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების უფლებამონაცვლეს. მოპასუხის აზრით, წარმოდგენილი სარჩელი განხილვას არ უნდა დაქვემდებარებოდა, რამდენადაც ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 28 იანვრის გადაწყვეტილება, რომლითაც მოპასუხე სსიპ ზუგდიდის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას მათ სასარგებლოდ დაეკისრა იძულებითი განაცდურის _ 1120 ლარის ანაზღაურება, უკვე აღსრულებული იყო. დასახელებული თანხები თითოეულ მოსარჩელეს პირად ანგარიშზე გადაერიცხა. ამავე გადაწყვეტილებით მოსარჩელეთა მოთხოვნები აკადემიურ თანამდებობებზე აღდგენისა და მორალური ზიანის ანაზღაურების ნაწილში არ დაკმაყოფილდა (ს.ფ. 45-54).

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 12 სექტემბრის გადაწყვეტილებით კ. ჩ-ავას, გ. კ-იას და ო. გ-იას სარჩელი დაკმაყოფილდა; მოპასუხე შოთა მესხიას სახელობის ზუგდიდის სახელმწიფო ინსტიტუტს დაეკისრა თითოეული მოსარჩელის სასარგებლოდ 6888 ლარის გადახდა.

რაიონული სასამართლოს განმარტებით, შრომის კოდექსის 37-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, შრომითი ურთიერთობების შეწყვეტის საფუძველია შრომითი ხელშეკრულების მოშლა. შრომის კოდექსის 38-ე მუხლის მიხედვით, ხელშეკრულების მოშლა შეიძლება ერთ-ერთი მხარის ინიციატივით. მოსარჩელეებთან დადებული ხელშეკრულებების არსიდან გამომდინარე ვადიანი შრომითი ხელშეკრულების ვადაზე ადრე შეწყვეტა შეიძლება მხოლოდ მხარის მიერ პირობების დარღვევის შემთხვევაში. სამოქალაქო კოდექსის 51-ე მუხლის მიხედვით, ნების გამოვლენა ნამდვილია, როცა მეორე მხარე მას მიიღებს. მოცემულ შემთხვევაში შრომის ხელშეკრულების სახით მხარეებმა დააფიქსირეს თავიანთი ნება აღნიშნულ ურთიერთობასთან დაკავშირებით, რასაც სასამართლომ უპირატესობა მიანიჭა შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის ნორმატიული აქტებით გათვალისწინებულ საფუძვლებთან შედარებით.

საქმეზე დგინდებოდა, რომ მოსარჩელეებს – კ. ჩ-ავას, გ. კ-იას და ო. გ-იას შრომითი ხელშეკრულების პირობები არ დაურღვევიათ (ბრძანებაში ასეთ გარემოებებზე მითითებული არ არის და არც მხარე ხდიდა აღნიშნულს სადავოდ). აქედან გამომდინარე, რაიონულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელეებთან ვადაზე ადრე შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა იყო უკანონო და სამოქალაქო კოდექსის 405-408-ე მუხლებიდან გამომდინარე უნდა მომხდარიყო პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა. ამასთან, სასამართლომ აღნიშნა, რომ ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 28 იანვრის გადაწყვეტილებით კ. ჩ-ავას, გ. კ-იას და ო. გ-იას უარი ეთქვათ აკადემიურ თანამდებობებზე აღდგენის ნაწილში სასარჩელო მოთხოვნებზე, ხოლო ზუგდიდის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას მოსარჩელეების სასარგებლოდ დაეკისრა იძულებითი განაცდურის ანაზღაურება 1120 ლარის ოდენობით. აღნიშნულის გათვალისწინებით, რაიონულმა სასამართლომ დაასკვნა, რომ მიუღებელი ხელფასის ანაზღაურების მოთხოვნაზე სასამართლოს ზემოთ დასახელებულ გადაწყვეტილებაში არ უმსჯელია (ს.ფ. 85-87).

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ შოთა მესხიას სახელმწიფო ინსტიტუტმა, რომელმაც მოითხოვა მოცემულ საქმეზე წარმოების შეწყვეტა, ხოლო წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

აპელანტმა მიუთითა სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებაზე, რომელიც გამოტანილია დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად საქმეზე წარმოების შეწყვეტის ერთ-ერთი საფუძველია. თავდაპირველად წარდგენილი სარჩელით მოსარჩელეები ითხოვდნენ აკადემიურ თანამდებობებზე აღდგენასა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურებას. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით აღნიშნული სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა: ერთი მხრივ, მოსარჩელეებს უარი ეთქვათ აკადემიურ თანამდებობებზე აღდგენაზე, ხოლო, მეორე მხრივ, აუნაზღაურდათ იძულებითი განაცდური. აპელანტის აზრით, ის გარემოება, რომ მოსარჩელეებმა 2008 წლის 28 იანვრის სასამართლო სხდომაზე იძულებითი განაცდურის ანაზღაურება მოითხოვეს სამსახურში აღდგენამდე პერიოდში, ხოლო ამჟამად ითხოვდნენ ანაზღაურებას შრომითი ხელშეკრულების მოქმედების მთელი ვადით, არ ნიშნავდა მათ მიერ დავის საგნის შეცვლას. რეალურად შეცვლილი იყო მხოლოდ დავის საგნის (იძულებით განაცდურის) ოდენობა. ამასთან, ორივე შემთხვევაში საუბარი იყო ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის ანაზღაურებაზე.

აპელანტმა მცდარად მიიჩნია გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში ასახული მსჯელობა იმის შესახებ, რომ ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 28 იანვრის გადაწყვეტილების თანახმად, მოსარჩელეები სამუშაოდან გაათავისუფლეს არაკანონიერად. დასახელებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში არ იყო საუბარი მოსარჩელეების თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობაზე, რის გამოც სასამართლოს ზემომითითებულ დასკვნას არ გააჩნდა რაიმე საფუძველი.

აპელანტმა ასევე არ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა იმის თაობაზე, რომ შრომის ხელშეკრულებაში შესაბამისი საფუძვლის მიუთითებლობის გამო მისი შეწყვეტა უკანონო იყო. აღნიშნულთან დაკავშირებით რაიონულმა სასამართლომ განმარტა, რომ შრომით სამართლებრივ ურთიერთობებს (მათ შორის, შრომითი ხელშეკრულებების შეწყვეტის საკითხს) აწესრიგებს არა სამოქალაქო კოდექსი, არამედ _ სპეციალური კანონი – შრომის კოდექსი. შრომით ურთიერთობასთან დაკავშირებული საკითხები სამოქალაქო კოდექსით მხოლოდ იმ შემთხვევაში დარეგულირდება, როდესაც ისინი შრომის კოდექსით ან სხვა სპეციალური კანონით მოწესრიგებული არ არის, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია. შრომის კოდექსის 37-ე მუხლში ხელშეკრულების შეწყვეტის სხვა საფუძვლებთან ერთად საუბარია ხელშეკრულების მოშლაზე, ხოლო 38-ე მუხლის პირველი ნაწილი ითვალისწინებს შრომითი ხელშეკრულების მოშლის შესაძლებლობას ერთ-ერთი მხაპრის ინციატივით. ამდენად, აღნიშნული თვალსაზრისით მოსარჩელეთა სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების კანონსაწინააღმდეგოდ მიჩნევის საფუძველი არ არსებობდა. ამასთან, აპელანტმა საგულისხმოდ მიიჩნია ის გარემოება, რომ მოსარჩელეთა სამუშაოდან გათავისუფლების ანუ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე ბრძანების კანონიერების შემოწმება არ წარმოადგენდა მოცემული დავის საგანს. შესაბამისად, დაუსაბუთებელი იყო მსჯელობა, თითქოს შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა კანონის დარღვევით მოხდა.

აპელანტის მოსაზრებით, ზიანის ანაზღაურების საკითხზე მსჯელობისას გასათვალისწინებელი იყო, ზიანის ფაქტის დადგომას განაპირობებდა თუ არა პირის უკანონო ქმედება. მოცემულ შემთხვევაში სასამართლომ მოპასუხეს ისე დააკისრა მოსარჩელეთათვის თანხების ანაზღაურება, რომ თანამდებობებიდან მათი გათავისუფლების შესახებ ბრძანება ბათილად არ უცვნია. ასეთს არც ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 28 იანვრის კანონიერ ძალაში შესული გალდაწყვეტილებით ჰქონია ადგილი.

აპელანტმა მოსარჩელეთა სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების სისწორე შემდეგნაირად დაასაბუთა:

საქართველოს მთავრობის 2007 წლის 13 ივლისის ¹145 დადგენილების შესაბამისად უნივერსიტეტის რეორგანიზაცია, მას გამოეყო ზუგდიდის ფილიალი, რომლის ბაზაზე დაფუძნდა საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ზუგდიდის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება. მოსარჩელეების სამუშაოდან გათავისუფლების დროს – 2007 წლის 20 ოქტომბრის მდგომარეობით, მოპასუხე უკვე ჩამოყალიბებული იყო საჯარო სამართლის იურიდიული პირის სახით. „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები უზრუნველყოფილი არიან ავტონომიით, რაც დასახელებული კანონის მე-2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად ნიშნავს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისა და მისი ძირითადი ერთეულის თავისუფლებას, დამოუკიდებლად განსაზღვროს და განახორციელოს აკადემიური, საფინანსო-ეკონომიკური და ადმინისტრაციული საქმიანობა.

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების რექტორის მოვალეობის შემსრულებლისა და ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებლის უფლებამოსილების განსაზღვრისა და საქართველოს პრეზიდენტის ზოგიერთი ბრძანებულების ნაწილობრივ ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 8 ივნისის ¹473 ბრძანებულების მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების რექტორის მოვალეობის შემსრულებელი ახორციელებს სტრუქტურულ ცვლილებებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაში. სწორედ სტრუქტურული ცვლილებები განხორციელდა „სპეციალობების გაერთიანებისა და მიმართულებების გაუქმების შესახებ“ სსიპ ზუგდიდის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების რექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2007 წლის 19 ოქტომბრის ¹01-01\-4 ბრძანებით, რომელიც საფუძვლად დაედო მოსარჩელეების თანამდებობიდან გათავისუფლებას (ს.ფ. 89-104).

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 4 მარტის განჩინებით სსიპ შოთა მესხიას სახელმწიფო ინსტიტუტის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 12 სექტემბრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ აპელანტის მოსაზრება საქმის წარმოების შეწყვეტის თაობაზე არ გაიზიარა. დასახელებულ ნაწილში გასაჩივრებული განჩინების მართლზომიერების დასასაბუთებლად სააპელაციო სასამართლომ უწინარესად მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, სასამართლო მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით, შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ არსებობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან განჩინება, რომელიც გამოტანილია დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მითითებით, მოსარჩელეთა მიერ თავდაპირველად წარდგენილი სარჩელისა და მოცემულ საქმეზე განსახილველი სარჩელის დავის საგნის საფუძველი სხვადასხვა იყო, კერძოდ, პირველ შემთხვევაში მოსარჩელეები ითხოვდნენ აკადემიურ თანამდებობაზე აღდგენას, მორალური ზიანისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურებას, რა დროსაც სასამართლოს 2008 წლის 28 იანვრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით მოსარჩელეების მოთხოვნა ზიანის ანაზღაურების ნაწილში ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და მოიცვა პერიოდი სარჩელის წარდგენიდან 2008 წლის 28 იანვრამდე. იმავდროულად სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგინდა, რომ მოსარჩელეებთან შრომითი ურთიერთობის მოშლა არასწორად განხორციელდა, რაც იმას ნიშნავდა, რომ მათი სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ ბრძანება ბათილი იყო, მხარეთა შორის არსებული სამართლებრივი ურთიერთობა არ შეწყვეტილა და გრძელდებოდა. სააპელაციო სასამართლომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 106-ე მუხლიდან გამომდინარე სასამართლოს ზემოთ დასახელებულ გადაწყვეტილებას მიანიჭა პრეიუდიციული ძალა და შესაბამისად, ამ გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები დადგენილად მიიჩნია.

რაც შეეხება განსახილველ სარჩელს, მისი შინაარსიდან დგინდებოდა, რომ მოსარჩელეების მოთხოვნა მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების თაობაზე ეფუძნებოდა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 28 იანვრის გადაწყვეტილებას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მოთხოვნა საქმის წარმოების შეწყვეტის თაობაზე უსაფუძვლოდ მიიჩნია.

სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, რამდენადაც პეიუდიციული ძალის მქონე გადაწყვეტილებით დგინდებოდა, რომ მოსარჩელეებთან შრომითი ხელშეკრულების მოშლა განხორციელდა არასწორად, შესაბამისად, მხარეთა შორის სამართლებრივი ურთიერთობა არსებობდა, ანუ ხელშეკრულებები მოქმედებდა. ზემომითითებული გადაწყვეტილებით დგინდებოდა ისიც, რომ მოსარჩელეები არ იქნენ დაშვებულნი სამსახურში, ანუ, მართალია, ხეშეკრულებები მოქმედებდა, მაგრამ დამსაქმებლის უფლებამოსილება, დაესაქმებინა დაქირავებული, მოპასუხის მხრიდან დარღვეული იყო.

სააპელაციო სასამართლოს მითითებით, მართალია ზემოაღნიშნულ ვითარებაში დამსაქმებელს უნდა გაეგრძელებინა შრომითი ურთიერთობების შესრულება, მაგრამ საქმეზე დგინდებოდა, რომ სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის საფუძველზე პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა ეშუძლებელი იყო, კერძოდ, მოპასუხე დაწესებულების ხელმძღვანელის 2007 წლის 19 ოქტომბრის ¹01-01-04 ბრძანებით გაუქმდა ფიზიკის, ფილოსოფიისა და ფსიქოლოგიის ის მიმართულებები, რომლის ასოცირებულ პროფესორებსაც მოსარჩელეები წარმოადგენდნენ და აღარ არსებობდა ის სამუშაო, რასაც ისინი ასრუ[1]ლებდნენ. სამოქალაქო კოდექსის 409-ე მუხლის თანახმად, თუ ზიანის ანაზღაურება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით შეუძლებელია ან ამისათვის საჭიროა არათანაწომიერად დიდი დანახარჯები, მაშინ კრედიტორს შეიძლება მიეცეს ფულადი ანაზღაურება. იმ მოტივით, რომ პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა შეუძლებელი იყო, სააპელაციო სასამართლომ მოთხოვნა ზიანის ანაზღაურების თაობაზე საფუძვლიანად მიიჩნია.

ზიანის ანაზღაურების საკითხის გადაწყვეტისას სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლზე, რომლის თანახმად, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.

საქმეზე დგინდებოდა, რომ მოვალისათვის (აპელანტისათვის) ხელშეკრულების დადებისას ცნობილი იყო ხელშეკრულების მოქმედების ვადა, ხელფასის ოდენობა. გარდა ამისა, მის მიერ ხელშეკრულებების უკანონო გაუქმებით მისთვის წინასწარ იყო სავარაუდოდ ცნობილი მოსალოდნელი ზიანის არსებობა. ხელშეკრულებების უკანონოდ გაუქმებამ კი გამოიწვია ზიანი იმ კუთხით, რომ მოსარჩელეები ვერ მიიღებდნენ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შრომის ანაზღაურებას.

ამდენად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მიუღებელი თანხა, როგორც მიყენებული ზიანი, გადასახდელად უნდა დაკისრებოდა სწორედ მოპასუხეს.

ზიანის ოდენობის განსაზღვრისას სააპელაციო სასამართლომ მხედველობაში მიიღო ის გარემოება, რომ შრომითი ხელშეკრულების ვადა განსაზ ღვრული იყო სამი წლით და მოქმედებდა 2006 წლის 16 ოქტომბრიდან 2009 წლის 15 ოქტომბრამდე. კ. ჩ-ავას, გ. კ-იას და ო. გ-იას ხელფასი ყოველთვიურად შეადგენდა 336 ლარს, ხოლო აქედან ხელზე ასაღები თანხა იყო 294.24 ლარი. ხელშეკრულებით გათვალისწინებული ხელფასის ნაწილი (2006 წლის 16 ოქტომბრიდან 2008 წლის 28 იანვრამდე) მოსარჩელეებს მიღებული ჰქონდათ (ს.ფ. 167-172).

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო ინსტიტუტმა, რომელმაც მოითხოვა მოცემულ საქმეზე წარმოების შეწყვეტა, ხოლო წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

კასატორის ზემოაღნიშნული მოთხოვნების საფუძვლები შემდეგში მდგომარეობს:

მოცემულ საქმეზე არსებობს წარმოების შეწყვეტის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის “ბ” ქვეპუნტით გათვალისწინებული საფუძველი. მოსარჩელეთა მოთხოვნას, როგორც მანამდე განხილულ, ისე _ განსახილველი სარჩელით წარმოებულ დავაზე წარმოადგენს შრომითი ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ხელფასის ანაზღაურება. ის გარემოება, რომ პირველ შემთხვევაში დავის საგნად დასახელებულია “იძულებითი განაცდური”, ხოლო ამჟამად _ “მიუღებელი შემოსავალი”, არ ნიშნავს, რომ დავის საგანი შინაარსობრივად სხვადასხვაა. ორივე შემთხვევაში საქმე შეეხება მოსარჩელეების მიერ მიუღებელი ხელფასის ანაზღაურებას. ამდენად, ადგილი აქვს სასარჩელო მოთხოვნების (სარჩელის საგნის) იგივეობას.

გარდა ამისა, იდენტურია სარჩელის საფუძველი. თავდაპირველი სარჩელის განხილვისას მოსარჩელეები თავიანთ მოთხოვნებს ამყარებდნენ თანამდებობიდან მათ უკანონოდ გათავისუფლებაზე. ასევეა ამჟამადაც. მოსარჩელეთა მოთხოვნა სწორედ მათი უკანონოდ გათავისუფლებიდან გამომდინარეობს, რის დასტურადაც ისინი დამატებით მიუთითებენ ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 28 იანვრის კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებაზე.

კასატორი მცდარად მიიჩნევს ზუგდიდის რაიონული სასამართლოს ზემომითითებული გადაწყვეტილებისათვის პრეიუდიციული მნიშვნელობის მინიჭებას. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 106-ე მუხლის “ბ” ქვეპუნქტის მოთხოვნიდან გამომდინარე, დამტკიცებას არ საჭიროებენ ფაქტები, რომლებიც დადგენილია ერთ სამოქალაქო საქმეზე სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, თუ სხვა სამოქალაქო საქმეების განხილვისას იგივე მხარეები მონაწილეობენ. აშკარაა, რომ კანონის დასახელებულ ნორმაში საუბარია სასამართლო გადაწყვეტილებით დადგენილ ფაქტებზე და არა საკუთრივ სასამართლო გადაწყვეტილებაზე. შესაბამისად, სასამართლოს მსჯელობა იმის შესახებ, რომ მოსარჩელეები მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურებას ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 28 იანვრის გადაწყვეტილებაზე აფუძნებენ, არასწორია. სასამართლო გადაწყვეტილებისათვის პრეიუდიციული მნიშვნელობის მინიჭება ნიშნავს არა იმას, რომ მხარეები ამ გადაწყვეტილებაზე აფუძნებენ თავიანთ მოთხოვნებს, არამედ აღნიშნული გულისხმობს გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტების დადასტურებისაგან მათ გათავისუფლებას.

კასატორი მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 178-ე მუხლის პირველი ნაწილის “ე” ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, სარჩელში აღნიშნული უნდა იყოს კონკრეტული ფაქტები და გარემოებები, რომლებზეც მოსარჩელე ამყარებს თავის მოთხოვნებს. აქედან გამომდინარე, იგი მიიჩნევს, რომ სასარჩელო მოთხოვნა შეიძლება ეფუძნებოდეს მხოლოდ კონკრეტულ ფაქტებსა და გარემოებებს და არა სასამართლო გადაწყვეტილებას, ხოლო ეს ფაქტები შეიძლება დადგენილი იყოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით.

სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებაში საუბარია იმაზე, რომ ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 28 იანვრის გადაწყვეტილება, რომლითაც მიჩნეულ იქნა, რომ შრომითი ხელშეკრულების მოშლა არასწორად განხორციელდა, შესულია კანონიერ ძალაში, ამასთან, ბრძანება მოხელეთა გათავისუფლების შესახებ მისი კანონდარღვევით გამოცემის გამო ბათილია, რის შესაბამისადაც მხარეთა შორის არსებული სამართლებრივი ურთიერთობა არ შეწყვეტილა და იგი გრძელდება. სინამდვილეში, რაიონული სასამართლოს ზემომითითებულ გადაწყვეტილებაში არ არის საუბარი მოსარჩელეების კანონდარღვევით გათავისუფლებაზე, არ არის მსჯელობა სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების უკანონობაზე, რაც სრულიად ბუნებრივია, რამდენადაც მოსარჩელეებს საქმის განხილვის არც ერთ სტადიაზე სამუშაოდან მათი დათხოვნის შესახებ ბრძანება სადავოდ არ გაუხდიათ. აღნიშნულს ისიც ცხადყოფს, რომ 2008 წლის 28 იანვრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში არაფერია ნათქვამი მოსარჩელეთა თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების უკანონობასა და მის ბათილად ცნობაზე, მაშინ როდესაც, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 249-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი უნდა შეიცავდეს სასამართლოს დასკვნას სარჩელის დაკმაყოფილების ან სარჩელზე მთლიანად ან ნაწილობრივ უარის თქმის შესახებ. ამდენად, ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 28 იანვრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, რომელსაც მოცემული საქმის მიმართ პრეიუდიციული მნიშვნელობა მიენიჭა, ბათილად არ ყოფილა ცნობილი მოსარჩელეების თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანება. აქედან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა კანონსაწინააღმდეგობის გამო მისი ბათილობის შესახებ დაუსაბუთებელია.

კასატორის აზრით, ზიანის ანაზღაურების საკითხზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ ზიანის ანაზღაურების ვალდებულების წარმოშობისათვის საკმარისი არ არის მხოლოდ ზიანის არსებობა, აუცილებელია, რომ იგი გამოწვეული იყოს უკანონო ქმედებით. ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ 2008 წლის 12 სექტემბრის გადაწყვეტილებით ისე დააკისრა მოპასუხეს მოსარჩელეებისათვის თანხის ანაზღაურება, რომ მათი თანამდებობებიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანება ბათილად არ უცვნია. შესაბამისად, მოთხოვნა მოპასუხისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრების თაობაზე უსაფუძვლოა და არ ექვემდებარება დაკმაყოფილებას (ს.ფ. 195-207).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების გამოკვლევის შედეგად მიიჩნევს, რომ უნდა გაუქმდეს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმის მასალების თანახმად, არსებობს კანონიერ ძალაში შესული ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 28 იანვრის გადაწყვეტილება, რომლითაც გ. კ-იას, კ. ჩ-ავასა და ო. გ-იას სარჩელი აკადემიურ თანამდებობებზე აღდგენისა და მორალური ზიანის ანაზღაურების ნაწილში არ დაკმაყოფილდა; ამავე გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა მათი მოთხოვნა იძულებითი განაცდურის ანაზღაურების შესახებ: მოპასუხე სსიპ “ზუგდიდის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას” (ამჟამად სსიპ “შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო ინსტიტუტი”) დაეკისრა თითოეული მოსარჩელის სასარგებლოდ 1120 ლარის ოდენობით იძულებითი განაცდურის ანაზღაურება. ამ შემთხვევაში იძულებითმა განაცდურმა მოიცვა პერიოდი სარჩელის წარდგენიდან სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანამდე. ამ საქმეზე სარჩელის საფუძველს წარმოადგენდა მოსარჩელეებთან შრომითი ურთიერთობების არამართლზომიერად შეწყვეტა.

განსახილველ საქმეზე მოსარჩელეები ითხოვენ მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურებას შრომითი ხელშეკრულებების ვადის ამოწურვამდე _ 2009 წლის 15 ოქტომბრამდე მისაღები ხელფასის ოდენობით. მოთხოვნა ეყრდნობა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 28 იანვრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების არსებობას, რასაც მოსარჩელეები მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების საფუძვლად მიიჩნევენ.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის “ბ” ქვეპუნქტის მიხედვით, მხარეთა განცხადებით ან სასამართლოს ინიციატივით საქმის წარმოების შეწყვეტა დასაშვებია, თუ არსებობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან განჩინება, რომელიც გამოტანილია დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით. სარჩელის იგივეობა გულისხმობს ამ მუხლში დასახელებული სამივე კომპონენტის იდენტურობას, ე.ი. სარჩელი იგივეა, თუკი იდენტურია სასარჩელო მოთხოვნა (სარჩელის საგანი), სარჩელის საფუძველი და იგი აღძრულია იმავე მხარეებს შორის.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის “ბ” ქვეპუნქტიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს განსახილველ საქმეზე წარმოების შეწყვეტის წინაპირობები. მოცემულ შემთხვევაში სხვადასხვაა კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით განხილული სარჩელისა და ახალი სარჩელის მოთხოვნა და საფუძვლები. პირველ შემთხვევაში მოსარჩელეები მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძვლად შრომითი ხელშეკრულების არამართლზომიერად მოშლაზე მიუთითებდნენ, ამჯერად ისინი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 28 იანვრის კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებას ეყრდნობიან. გარდა ამისა, თავდაპირველ საქმეზე მოსარჩელეები ხელფასის ანაზღაურებას ითხოვდნენ სამუშაოზე აღდგენამდე პერიოდში, ხოლო მოცემულ დავაზე განსხვავდება აღნიშნული მოთხოვნა, ამ შემთხვევაში მოსარჩელეები იძულებითი განაცდურის სახით მიუღებელ შემოსავალს ითხოვენ ხელშეკრულებების მოქმედების ვადის ბოლომდე.

საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის მსჯელობას, რომ კანონიერ ძალაში შესული ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 28 იანვრის გადაწყვეტილებიდან არ დგინდება მოსარჩელეთა სამუშაოდან გათავისუფლების არამართლზომიერება. მართალია, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილით სამუშაოდან გათავისუფლების ბრძანებების არაკანონიერად აღიარება არ გადაწყვეტილა, მაგრამ სამოტივაციო ნაწილში სასამართლოს მიერ შრომის ხელშეკრულებების ვადაზე ადრე შეწყვეტა არამართლზომიერად არის შეფასებული. ხელფასიც სწორედ ამიტომ აუნაზღაურდათ მოსარჩელეებს გათავისუფლებიდან სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანამდე პერიოდში.

რაც შეეხება საქმის არსებით მხარეს, აღნიშნულთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო მიუთითებს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველ ნაწილზე, ამავე კოდექსის 411-ე მუხლზე, რომლის თანახმად, პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება; ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისათვის, არამედ _ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო.

მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელეთა მოთხოვნა მდგომარეობს შრომითი ხელშეკრულების მოქმედების ვადის ამოწურვამდე მათ მიერ მიუღებელი შემოსავლის _ განაცდური ხელფასის ანაზღაურებაში, რაც მოიცავს პერიოდს კანონიერ ძალაში შესული ზუგდიდის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანიდან _ 2008 წლის 28 იანვრიდან _ შრომის ხელშეკრულებების ვადის ამოწურვამდე _ 2009 წლის 15 ოქტომბრამდე. შრომის კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილიდან გამომდინარე, დასაქმებულს შრომის ანაზღაურება ეძლევა მხოლოდ დამსაქმებელთან მისი შრომითი ურთიერთობის განმავლობაში. ამდენად, მოსარჩელეებისათვის ასანაზღაურებელი მიუღებელი შემოსავლის ოდენობა უნდა განისაზღვროს იმ დრომდე, სანამ მათთან შრომითი ურთიერთობა იარსებებდა. სააპელაციო სასამართლომ არ გამოარკვია აღნიშნული საკითხი, კერძოდ, როდემდე იარსებებდა მოსარჩელეებთან შრომითი ურთიერთობა, ეს ურთიერთობა უცილობლად იარსებებდა თუ არა შრომითი ხელშეკრულებების ვადის ამოწურვამდე, არსებობდა თუ არა მოსაჩელეთა აკადემიური თანამდებობები ამ ვადამდე და სსიპ „შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო ინსტიტუტს“ შეეძლო თუ არა მოსარჩელეების მიმართ ნაკისრი შრომითსამართლებრივი ვალდებულების ჯეროვანი შესრულება ხელშეკრულების მოქმედების ბოლომდე. საქმის ხელახალი განხილვისას სააპელაციო სასამართლომ უნდა გამოარკვიოს აღნიშნული საკითხი და ამის გათვალისწინებით გამოიტანოს გადაწყვეტილება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 4 მარტის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.