ას-559-942-06 19 მარტი, 2007 წ.
ქ. თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატამ
შემადგენლობა:
მიხეილ გოგიშვილი (თავმჯდომარე),
თეიმურაზ თოდრია (მომხსენებელი), როზა ნადირიანი
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ლ. პ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 22 მაისის განჩინებაზე, საქმეზე – ს. ე-ის სარჩელის გამო მოპასუხე ლ. პ-ისა და .. .. მიმართ სააღსრულებო წარმოების შეწყვეტისა და აღსრულებისათვის მიღებული ყველა ღონისძიების გაუქმების შესახებ.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ს. ე-მა სარჩელით მიმართა სასამართლოს ლ. პ-ისა და .. .. მიმართ და მოითხოვა სააღსრულებო წარმოების შეწყვეტა და აღსრულებისათვის მიღებული ყველა ღონისძიების გაუქმება.
მოსარჩელის განმარტებით, იგი 1986 წლიდან არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა ლ. პ-თან. 1988 წლის 15 აგვისტოს, მათ სახლში გაჩნდა ხანძარი, რის შედეგადაც სახლი და ქონების დიდი ნაწილი განადგურდა. იმავე დღეს ლ. პ-მა მიატოვა მეუღლე და ბავშვი და საცხოვრებლად გადავიდა თავის მშობლებთან. 1990 წელს ლ. პ-მა ორი სარჩელით მიმართა სასამართლოს ს. ე-ის მიმართ და მოითხოვა საჩუქრებისა და მზითვის დაბრუნება, ასევე საცხოვრებელი სახლიდან სარგებლობის უფლებით ფართის გამოყოფა. ახალციხის რაიონული სასამართლოს 1990 წლის 23 მაისის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ლ. პ-ის ორივე სარჩელი. სააღსრულებო ფურცელის საფუძველზე დაიწყო გადაწყვეტილების აღსრულება. მოპასუხისათვის მიკუთვნებული ნივთების ნაწილი ხანძრის შედეგად განადგურებული იყო, სანაცვლოდ ს. ე-ს დაეკისრა ფულადი სახით მისი ანაზღაურება, ხოლო ნივთების ნაწილი სასამართლოს აღმასრულებელმა მოათავსა მათი სახლის ავტოფარეხში, ნივთების ნახევარი მან წაიღო, დარჩენილი კი ისევ ინახება, ხოლო თანხა ადვოკატის ხარჯის ჩათვლით, როგორც თავად ე-ი აღნიშნავს, ნაწილ-ნაწილ აქვს დეპონირებული სასამართლოს სადეპოზიტო ანგარიშზე. რაც, მისივე თქმით, დასტურდება ახალციხის რაიონული სასამართლოს მიერ პ-სთვის გაგზავნილი წერილით, რომლითაც მას ეცნობა თანხის დეპონირების შესახებ. მოსარჩელე მიუთითებს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ლ. პ-ს აღნიშნულის თაობაზე ეცნობა არა ერთხელ, მან ფული არ აიღო, რაც არ მომხდარა მისი (ს. ე-ის) ბრალით, რის გამოც არ უნდა დაეკისროს ხელმეორედ გადახდის ვალდებულება. ზემოაღნიშნულ წერილში ასევე მითითებულია, რომ გადაწყვეტილება აღსრულებულია და ს. ე-ის მიმართ ნივთებისა და ფულის მოთხოვნის წაყენება დაუშვებელია, ხოლო საცხოვრებელ სახლში სარგებლობის უფლებით ფართის გამოყოფის შესახებ გადაწყვეტილების აღსრულება ლ. პ-ს არ მოუთხოვია, ასევე არ ჩაუტარებია გადაწყვეტილებით გათვალისწინებული სამუშაოები აღსრულების მიზნით და აღსრულებაც უკვე შეუძლებელია ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო. ს. ე-მა მოითხოვა სააღსრულებო წარმოების შეწყვეტა და აღსრულებისათვის მიღებული ყველა ღონისძიების გაუქმება.
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 12 სექტემბრის გადაწყვეტილებით ს. ე-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, გაუქმდა ახალციხის რაიონული სასამართლოს მიერ 2005 წლის 6 მაისს გაცემული სააღსრულებო ფურცელი; .. .. დაევალა აღსრულების წარმოების შეწყვეტა.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ლ. პ-მა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 22 მაისის განჩინებით ლ. პ-ის სააპელაციო საჩივარს უარი ეთქვა დაკმაყოფილებაზე. უცვლელად დარჩა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 12 სექტემბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ლ. პ-მა და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2006 წლის 20 ნოემბრის განჩინებით ლ. პ-ის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის შესამოწმებლად; მოწინააღმდეგე მხარეს განესაზღვრა 20 დღის ვადა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებთან დაკავშირებით მოსაზრებების წარმოსადგენად.
კასატორის მოწინააღმდეგე მხარე ს. ე-ის წარმომადგენელმა ი. ტ-მა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხზე საკასაციო სასამართლოში წარმოადგინა მოსაზრება იმის თაობაზე, რომ ლ. პ-ის საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, რადგან იგი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ლ. პ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავებში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ საკასაციო საჩივრის საგნის ღირებულება აღემატება 50000 ლარს. ამავე მუხლის მეოთხე ნაწილის მიხედვით, არაქონებრივ-სამართლებრივ დავებში საკასაციო საჩივარი დასაშვებია სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებასთან დაკავშირებულ დავებზე. ამავე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი სხვა ქონებრივ და არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, რამაც არსებითად იმოქმედა საქმის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარი არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას ლ. პ-ის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ლ. პ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.