საქმე №163აგ-16 თბილისი
ა-ე ი., 163აგ-16 22 დეკემბერი, 2016 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),
ნინო გვენეტაძე, გიორგი შავლიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ი. ა-ს საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 5 ივლისის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 18 მაისის განაჩენით ი. ა-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით - 8 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო დამატებითი სასჯელის სახით ამავე კოდექსის 42-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე დაეკისრა ჯარიმა - 4500 ლარი. მასვე სისხლის სამართლის კოდექსის 2231-ე მუხლის პირველი ნაწილით განესაზღვრა - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო 236-ე მუხლის პირველი ნაწილით - 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და ამავე კოდექსის 42-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა - 2000 ლარი. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის 11-ლი ნაწილის შესაბამისად, სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით დადგენილ სასჯელს - 8 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთას დაემატა ამავე კოდექსის 2231-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული სასჯელის ნახევარი - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა და სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი სასჯელის ნახევარი - 1 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო დამატებითი სასჯელები შეიკრიბა სრულად და საბოლოოდ ი. ა-ს განესაზღვრა 12 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო დამატებითი სასჯელის სახით - ჯარიმა - 6500 ლარი. მსჯავრდებულ ი. ა-ს სასჯელის ათვლა დაეწყო 2010 წლის 25 აგვისტოდან.
2. ამავე განაჩენით მსჯავრდებულები არიან: მ. ჩ-ე და უ. ბ-ე.
3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 6 სექტემბრის განაჩენით ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 18 მაისის განაჩენიდან ამოირიცხა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი, ხოლო დანარჩენ ნაწილში განაჩენი დარჩა უცვლელად.
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 21 ნოემბრის განჩინებით დაუშვებლად იქნა ცნობილი მსჯავრდებულების - მ. ჩ-ს, უ. ბ-სა და მათი ადვოკატის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 6 სექტემბრის განაჩენზე.
5. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის საფუძველზე ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 21 თებერვლის განჩინებით მსჯავრდებულ ი. ა-ს ¼-ით შეუმცირდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით, ასევე 2231-ე და 236-ე მუხლების პირველი ნაწილებით დადგენილი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, მოსახდელად განესაზღვრა 9 წლით, 6 თვითა და 22 დღით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 2010 წლის 25 აგვისტოდან. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 6 სექტემბრის განაჩენი დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელად.
6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 17 ივლისის განაჩენით ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის შესახებ მსჯავრდებულ ი. ა-ს შუამდგომლობის საფუძველზე, 2013 წლის 17 აპრილს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლში შეტანილი ცვლილების გათვალისწინებით, შეიცვალა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 6 სექტემბრის განაჩენი და ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 21 თებერვლის განჩინება, კერძოდ: მსჯავრდებულ ი. ა-ს მიმართ სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით დანიშნულ და ამნისტიის შესახებ კანონით შემცირებულ სასჯელს - 6 წლით, 4 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთას ამავე კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე ნაწილობრივ დაემატა სისხლის სამართლის კოდექსის 2231-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული და ამნისტიის შესახებ კანონით შემცირებული სასჯელიდან 1 წლით, 1 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო 236-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული და ამნისტიის შესახებ კანონით შემცირებული სასჯელიდან - 8 თვით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ ი. ა-ს განესაზღვრა 8 წლითა და 2 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 2010 წლის 25 აგვისტოდან. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 6 სექტემბრის განაჩენი და ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 21 თებერვლის განჩინება ი. ა-ს მიმართ დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელად.
7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 27 იანვრის განაჩენით არ დაკმაყოფილდა მსჯავრდებულ ი. ა-ს საკასაციო საჩივარი და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 17 ივლისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
8. 2016 წლის 6 ივნისს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო შუამდგომლობით მიმართა მსჯავრდებულმა ი. ა-მ და მოითხოვა მის მიმართ გამოტანილი განაჩენის გადასინჯვა.
9. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 5 ივლისის განჩინებით მსჯავრდებულ ი. ა-ს შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე ცნობილ იქნა დაუშვებლად.
10. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ი. ა-მ, რომელმაც მოითხოვა მის მიმართ გამოტანილი განაჩენის გადასინჯვა და გამართლება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლში მითითებულია ის საფუძვლები, თუ რა შემთხვევაშია შესაძლებელი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვა, კერძოდ - განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ:
ა) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილია, რომ ყალბია მტკიცებულება, რომელიც საფუძვლად დაედო გადასასინჯ განაჩენს;
ბ) არსებობს გარემოება, რომელიც მოწმობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის დამდგენი სასამართლოს უკანონო შემადგენლობას ან იმ მტკიცებულების დაუშვებლობას, რომელიც საფუძვლად დაედო გადასასინჯ განაჩენს;
გ) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილია, რომ მოსამართლემ, პროკურორმა, გამომძიებელმა, ნაფიცმა მსაჯულმა ან ნაფიცი მსაჯულის მიმართ სხვა პირმა ამ საქმესთან დაკავშირებით ჩაიდინა დანაშაული;
დ) არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკონსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი;
ე) არსებობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება (განჩინება), რომელმაც დაადგინა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის ან მისი ოქმების დარღვევა ამ საქმესთან დაკავშირებით და გადასასინჯი განაჩენი ამ დარღვევას ეფუძნება;
ე1) არსებობს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ადამიანის უფლებათა კომიტეტის, ქალთა წინააღმდეგ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის კომიტეტის, წამების წინააღმდეგ კომიტეტის ან რასობრივი დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტის გადაწყვეტილება, რომლითაც ამ საქმესთან დაკავშირებით დადგენილ იქნა კომიტეტის დამაარსებელი კონვენციის დარღვევა, და გადასასინჯი განაჩენი ამ დარღვევას ეფუძნება;
ვ) ახალი კანონი აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას იმ ქმედებისათვის, რომლის ჩადენისთვისაც პირს გადასასინჯი განაჩენით მსჯავრი დაედო;
ზ) წარმოდგენილია ახალი ფაქტი ან მტკიცებულება, რომელიც გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს არ იყო ცნობილი და თავისთავად, თუ სხვა დადგენილ გარემოებასთან ერთად ამტკიცებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას ან მის მიერ იმ დანაშაულზე უფრო მსუბუქი ან უფრო მძიმე დანაშაულის ჩადენას, რომლისთვისაც მას მსჯავრი დაედო, აგრეთვე ამტკიცებს გამართლებულის ბრალეულობას ან დანაშაულის იმ პირის მიერ ჩადენას, რომლის მიმართაც სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყვეტილი იყო;
ზ1) წარდგენილია პროკურორის დადგენილება მსჯავრდებულის მიმართ სისხლის სამართლის საქმის წარმოების პროცესში მისი უფლების არსებითი დარღვევის შესახებ, რომელიც გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს ცნობილი არ იყო და თავისთავად ან/და სხვა დადგენილ გარემოებასთან ერთად ამტკიცებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას ან მის მიერ იმ დანაშაულზე უფრო მსუბუქი დანაშაულის ჩადენას, რომლისთვისაც მას მსჯავრი დაედო;
თ) არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინება, რომელმაც უკანონოდ ცნო ის ფარული საგამოძიებო მოქმედება, რომლის შედეგად მოპოვებული მტკიცებულება საფუძვლად დაედო განაჩენს.
3. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ საქმის გარემოებები საქმეში არსებული მასალების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე სამართლებრივად სწორად შეაფასა, ხოლო მსჯავრდებულ ი. ა-ს მიერ მითითებული გარემოებები არ წარმოადგენს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლით გათვალისწინებულ ახლად გამოვლენილ გარემოებას, რაც შეიძლება გახდეს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის გადასინჯვის საფუძველი.
4. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ ი. ა-ს საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო მისივე შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის შესახებ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება კანონიერი და დასაბუთებულია, რომლის გაუქმების ან შეცვლის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რის გამოც იგი უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ ი. ა-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 5 ივლისის განჩინება მსჯავრდებულ ი. ა-ს შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის შესახებ დარჩეს უცვლელად;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. სილაგაძე
მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე
გ. შავლიაშვილი