Facebook Twitter

ას-561-870-09 10 ივლისი, 2009 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

მოსამართლე რ. ნადირიანი

საკასაციო სასამართლომ საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მ. ხ-ურის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 2 აპრილის გადაწყვეტილებაზე.

პალატამ გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 17 დეკემბრის გადაწყვეტილებით მ. ქ-შვილის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოპასუხე გ. ხ-ურს მ. ქ-შვილის სასარგებლოდ დაეკისრა 14000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის, ვადის გადაცილებისათვის 2008 წლის 17 იანვრიდან 2008 წლის 17 დეკემბრამდე ერთჯერადად პირგასამტეხლოს 3234 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარისა და 2008 წლის 17 დეკემბრიდან ვალდებულების სრულ შეწყვეტამდე ძირითადი თანხის 0,07% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადახდა. დავალიანების დაფარვის მიზნით, სესხის უზრუნველსაყოფად აუქციონზე სარეალიზაციოდ მიექცა იპოთეკით დატვირთული ქ.თბილისში ... ქ. ¹6-ში მდებარე გ. ხ-ურის კუთვნული ბინა.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში გაასაჩივრა გ. ხ-ურმა და მოითხოვა მისი გაუქმება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 2 აპრილის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა გ. ხ-ურის სააპელაციო საჩივარი, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 17 დეკემბრის გადაწყვეტილების მეორე პუნქტი 2008 წლის 17 იანვრიდან 2008 წლის 17 დეკემბრამდე ერთჯერადად პირგასამტეხლოს 3234 აშშ დოლარის დაკისრების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. მ. ქ-შვილის სარჩელი 2008 წლის 17 იანვრიდან 2008 წლის 17 დეკემბრამდე გ. ხ-ურისათვის პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში არ დაკმაყოფილდა, ხოლო დანარჩენ ნაწილში გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მ. ხ-ურმა და მოითხოვა მისი გაუქმება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2009 წლის 19 ივნისის განჩინებით კასატორს დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის _ 700 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის დამადასტურებელი ქვითრის, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 396-ე მუხლების შესაბამისად დასაბუთებული საკასაციო საჩივრისა და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 440-ე მუხლის შესაბამისად, ადვოკატთა ასოციაციაში გაწევრიანების დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა. აღნიშნული განჩინების ასლი კასატორს მითითებულ მისამართზე გაეგზავნა კანონით დადგენილი წესის მიხედვით.

საკასაციო სასამართლოს 2009 წლის 19 ივნისის განჩინება მ. ხ-ურს ჩაბარდა 2009 წლის 25 ივნისს (ს.ფ.82). სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში კასატორმა ხარვეზი არ გამოასწორა.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, თუ საკასაციო საჩივარი არ პასუხობს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემომტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი არ დაიშვება.

საკასაციო პალატა თვლის, რომ, ვინაიდან სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზი არ იქნა შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს.

პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მ. ხ-ურის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

განჩინების ასლი გაეგზავნოს მხარეებს.