¹ას-562-871-09 20 ოქტომბერი, 2009 წ.
ქ.თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე)
მოსამართლეები:
ნ. კვანტალიანი (მომხსენებელი), ლ. ლაზარაშვილისხდომის მდივანი _ ლ.სანიკიძე
კასატორი _ სსიპ ,,საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი” (მოსარჩელე)
წარმომადგენელი _ ქ. გ-ია, რ. ბ-შვილი
მოწინააღმდეგე მხარე _ შპს ,,ბი-ჯი-სი და კომპანია” (მოპასუხე)
წარმომადგენელი _ მ. ყ-შვილი
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 25 ნოემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი _ საბანკო გარანტიით გათვალისწინებული თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სსიპ ,,მუნიციპალური განვითარების ფონდმა“ სარჩელი აღძრა სასამართლოში სს სადაზღვევო კომპანია ,,გეოპოლისის” მიმართ ¹06\შ საბანკო გარანტიით გათვალისწინებული 72 524 ლარისა და ¹07\შ საბანკო გარანტიით განსაზღვრული 58 691 ლარის, სულ _ 131 215 ლარის მოპასუხისათვის დაკისრების შესახებ შემდეგი საფუძვლებით: სსიპ „საქართველოს სოციალური ინვესტიციების ფონდი“ ახორციელებდა ქ.თბილისის სკოლების შენობების რეაბილიტაციის პროექტს. ამ პროექტის განხორციელების მიზნით, შპს „მშენებელსა“ და მოსარჩელეს შორის გაფორმდა შესაბამისი კონტრაქტები. 2005 წლის 20 სექტემბერს გაფორმებული კონტრაქტის მიხედვით, შპს „მშენებელს“ უნდა ეწარმოებინა სამუშაოები ¹87 სკოლაში, ხოლო 2005 წლის 10 ოქტომბერს გაფორმებული კონტრაქტის მიხედვით _ ¹9 სკოლაში. ¹87 სკოლაში ჩატარებული სამუშაოებისათვის გათვალისწინებული იყო შპს „მშენებლისათვის“ 725 236,61 ლარის, ხოლო ¹9 სკოლაში ჩატარებული სამუშაოებისათვის _ 586 906,61 ლარის გადახდა. 2005 წლის 6 დეკემბერს საქართველოს პრეზიდენტის ¹1027 ბრძანებულებით სსიპ „საქართველოს სოციალური ინვესტიციების ფონდი“ მიუერთდა სსიპ „მუნიციპალური განვითარების ფონდს“, ამავე ბრძანებულების მე-2 მუხლით სსიპ „საქართველოს სოციალური ინვესტიციების ფონდის“ უფლებამონაცვლედ განისაზღვრა სსიპ „მუნიციპალური განვითარების ფონდი“. შპს „მშენებელმა“ წარმოადგინა სს სადაზღვევო კომპანია „გეოპოლის“ მიერ გაცემული კონტრაქტის შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიები, რომელთა თანახმად ბენეფიციარისათვის გადასახდელი თანხა შეადგენდა ¹87 სკოლისათვის – 72 524 ლარს, ¹9 სკოლისათვის კი – 51 691 ლარს. შპს „მშენებელი“ ვერ იცავდა სარეაბილიტაციო სამუშაოებისათვის განსაზღვრულ ვადებს. ფონდის ხელმძღვანელობამ მიიღო კონტრაქტების ვადის გაგრძელების გადაწყვეტილება. საბოლოოდ ორივე კონტრაქტის მოქმედების ვადად განისაზღვრა 2006 წლის 31 დეკემბერი, თუმცა დეკემბრის მეორე ნახევარში აშკარა გახდა, რომ შპს „მშენებელი“ ვერც ამ ვადაში შეასრულებდა ნაკისრ ვალდებულებებს. 2006 წლის 18 დეკემბერს სსიპ „მუნიციპალური განვითარების ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა წერილი გაუგზავნა სს სადაზღვევო კომპანია „გეოპოლისს“, რომლითაც აცნობა მას, რომ წყვეტდა კონტრაქტს პრინციპალთან და მოითხოვა გარანტისაგან საბანკო გარანტიით გათვალისწინებული თანხების ანაზღაურება. 2006 წლის 22 დეკემბრის წერილით სს სადაზღვევო კომპანია „გეოპოლისმა“ მოითხოვა საბანკო გარანტიის ხელშეკრულებებით გათვალისწინებული თანხების ასანაზღაურებლად აუცილებელი დოკუმენტაციის წარდგენა. გარანტის ეს მოთხოვნა ბენეფიციარმა დროულად შეასრულა. სადაზღვევო კომპანიამ 2007 წლის 15 იანვრის წერილით სსიპ „მუნიციპალური განვითარების ფონდს“ აცნობა, რომ შპს „მშენებელთან“ გაფორმებული საბანკო გარანტის ხელშეკრულებების ვადები 2006 წლის 4 ივლისსა და 2006 წლის 25 მაისს დასრულდა, რის გამოც, სამოქალაქო კოდექსის 885-ე მუხლის მეორე ნაწილისა და 887-ე მუხლის პირველი ნაწილი თანახმად, მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარი განუცხადა.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო შემდეგი დასაბუთებით: საბანკო გარანტიის ამონაწერი ცალკე დოკუმენტად ან რაიმე ვალდებულების წარმოშობის საფუძვლად ვერ იქნება მიჩნეული, რადგან თავად საბანკო გარანტიის ხელშეკრულებაშია მითითებული, რომ საბანკო გარანტიის ამონაწერი წარმოადგენს ამ ხელშეკრულების არსებით შემადგენელ ნაწილს და დამოუკიდებელი ძალა არ გააჩნია. ამდენად, ამონაწერში გაკეთებული დათქმა იმის შესახებ, რომ გარანტია მოქმედებს კონტრაქტის მოქმედების პერიოდში, გულისხმობდა მხოლოდ თავად საბანკო გარანტიის ხელშეკრულებით დადგენილ ვადას. ბენეფიციარს გარანტისათვის მოთხოვნა უნდა წარედგინა ორჯერ კანონით გათვალისწინებული წესით, წერილობითა და შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენით, რაც მას არ გაუკეთებია, შესაბამისად, მოსარჩელის მხრიდან სამოქალაქო კოდექსის 887-ე მუხლზე აპელირება უსაფუძვლოა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 11 მარტის განჩინებით მოპასუხე _ სს სადაზღვევო კომპანია ,,გეოპოლისის” უფლებამონაცვლედ ჩაერთო შპს ,,ბი-ჯი-სი”. ამავე სასამართლოს 2008 წლის 1 აპრილის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სსიპ ,,მუნიციპალური განვითარების ფონდმა” გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 25 ნოემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო: სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 879-ე მუხლით და მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე სსიპ ,,მუნიციპალური განვითარების ფონდმა” (ბენეფიციარი) უსაფუძვლოდ მიიჩნია შპს “ბი-ჯი-სი და კოომპანიის” (გარანტის) უარი საბანკო გარანტიის ხელშეკრულებების მოქმეების ვადის გასვლის საფუძვლით საგარანტიო თანხების გადახდაზე და მოითხოვა მათი ანაზღაურება. შესაბამისად, დავის გადასაწყვეტად უნდა დადგინდეს მოქმედებდა თუ არა თანხების ანაზღაურების თაობაზე ბენეფიციარის მიერ გარანტისათვის მოთხოვნის წარდგენის მომენტში საბანკო გარანტია, ანუ კანონიერია თუ არა გარანტის უარი თანხის გადახდაზე. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 6 დეკემბრის ¹1027 ბრძანებულებით სსიპ „საქართველოს სოციალური ინვესტიცების ფონდი“ მიუერთდა სსიპ „მუნიციპალური განვითარების ფონდს“ და ეს უკანასკნელი განისაზღვრა სსიპ „საქართველოს სოციალური ინვესტიციების ფონდის“ უფლებამონაცვლედ. საქმეში თავდაპირველი მოპასუხე სს სადაზღვევო კომპანია „გეოპოლისის“ უფლებამონაცვლეს წარმოადგენს მოპასუხედ ჩართული შპს „ბი-ჯი-სი და კომპანია“. 2005 წლის 20 სექტემბერს სსიპ „სოციალური ინვესტიციების ფონდსა“ და შპს „მშენებელს“ შორის დაიდო ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც მშენებელს სამუშაოები უნდა ეწარმოებინა ¹87 სკოლაში, ხოლო იმავე წლის 10 ოქტომბერს დადებული კონტრაქტით _ ¹9 სკოლაში. ხსენებული კონტრაქტების ვადები რამდენჯერმე გაგრძელდა და საბოლოოდ ვალდებულების შესრულების ბოლო ვადად განისაზღვრა 2006 წლის 31 დეკემბერი. სატენდეროდ წარდგენილი დოკუმენტაციის მოპოვების შემდეგ, 2006 წლის დეკემბრამდე სსიპ „მუნიციპალური განვითარების ფონდსა“ და სს „გეოპოლისს“ რაიმე სახის სამართლებრივი ურთიერთობა ან ინფორმაციული ხასიათის მიწერ-მოწერა არ ჰქონიათ, ანუ არც ბენეფიციარს უცნობებია გარანტისათვის ხელშეკრულების მოქმედების ვადის გაგრძელების შესახებ და არც გარანტს მიუმართავს მოსარჩელისათვის გარანტიით გათვალისწინებული ვადის გასვლის თაობაზე. 2005 წლის 31 ოქტომბერს გაფორმდა ¹06\შ საბანკო გარანტიის ხელშეკრულება სს სადაზღვევო კომპანია „გეოპოლისსა“ და შპს “მშენებელს” შორის 72 524 ლარის ფარგლებში და, ხელშეკრულების 1.3 მუხლის შესაბამისად, მისი მოქმედების ვადა განისაზღვრა 2005 წლის ოქტომბრიდან 2006 წლის 4 ივლისამდე პერიოდი, ხოლო ¹07\შ საბანკო გარანტიის ხელშეკრულება გაფორმდა იმავე მხარეებს შორის 58 691 ლარზე, 2005 წლის 24 ოქტომბრიდან 2006 წლის 25 მაისამდე ვადით. პალატამ ჩათვალა, რომ ხელშეკრულებების 1.3 პუნქტებით მათი მოქმედების ვადა განისაზღვრა კონკრეტული კალენდარული თარიღებით, ანუ შეთანხმება ამ არსებით პირობებზე განხორციელდა და ნება დაფიქსირდა არაორაზროვანი ფორმით. იმავე პუნქტში აღნიშნულია, რომ “საბანკო გარანტიით გათვალისწინებული წერილობითი მოთხოვნა გარანტს ბენეფიციარის მიერ შეიძლება წარედგინოს მხოლოდ აღნიშნული ვადის განმავლობაში”. ხელშეკრულებების 5.1 პუნქტებით დადგინდა, რომ ხელშეკრულებებში ნებისმიერი ცვლილება ან დამატება ძალაშია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შედგენილია წერილობითი ფორმით ან ხელმოწერილია ორივე მხარის მიერ. საქმეში არ მოიპოვება რაიმე მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა კონტრაჰენტთა შორის გარანტიის მოქმედების ახალ ვადაზე შეთანხმებას. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ ¹06\შ და ¹07\შ ხელშეკრულებებით მხარეები შეთანხმდნენ ასევე საბანკო გარანტიის ამონაწერის გაცემის წესზე და განსაზღვრეს მისი სამართლებრივი ბუნება, კერძოდ, ხელშეკრულებების 5.7 პუნქტის თანახმად, წინამდებარე საბანკო გარანტიის ხელშეკრულების საფუძველზე ბენეფიციარისათვის წარსადგენად გაიცემა საბანკო გარანტიის ამონაწერი, რომელიც წინამდებარე ხელშეკრულების განუყოფელი ნაწილია და მას დამოუკიდებელი იურიდიული ძალა არ გააჩნია. ამასთან, თავად ამონაწერებიც შეიცავს პირდაპირ მითითებას გარანტსა და პრინციპალს შორის გაფორმებულ საბანკო გარანტიის ხელშეკრულებებზე. სააპელაციო პალატა იზიარებს საქალაქო სასამართლოს დასკვნას, რომ საბანკო ამონაწერი დამოუკიდებელ დოკუმენტად, რაიმე ვალდებულების წარმოშობის ან დადგენის სამართლებრივ საფუძვლად ვერ იქნება მიჩნეული, რადგან ის, ფაქტობრივად, შეიცავს მოკლე აღწერას ძირითადი ხელშეკრულების არსებით პირობებზე და თავად ხელშეკრულებითვეა განსაზღვრული, რომ ამონაწერი ხელშეკრულების არსებითი შემადგენელი ნაწილია და დამოუკიდებელი ძალა არ გააჩნია. ამდენად, მათი შინაარსის განმარტება უნდა მოხდეს სწორედ საბანკო გარანტიის ხელშეკრულებების ფარგლებში. სამოქალაქო კოდექსის 881-ე მუხლის თანახმად პალატამ მიიჩნია, რომ შპს “ბი-ჯი-სი და კომპანიასა” და სსიპ ,,მუნიციპალური განვითარების ფონდს” შორის ურთიერთობისას გარანტის ვალდებულება დამოუკიდებელია ბენეფიციარსა და პრინციპალს შორის არსებულ ურთიერთობაზე. სააპელაციო პალატა დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას, რომ საბანკო გარანტიის ხელშეკრულებების საფუძველზე გაცემულ ამონაწერებში გაკეთებული დათქმა არ შეიძლება ეხებოდეს სხვა ხელშეკრულების მოქმედების ვადას. სასამართლოს მოსაზრებით, უსაფუძვლოა აპელანტის მითითება, რომ, რადგან ამონაწერებში აღნიშნულია გარანტიის მოქმედებაზე კონტრაქტის მოქმედების პერიოდში და ტერმინი „კონტრაქტი“ გამოყენებულია ძირითადი ვალდებულების (სამუშაოების შესრულების) შესახებ შეთანხმებებში, უნდა ვიგულისხმოთ გარანტიების მოქმედება ძირითადი ხელშეკრულებების მოქმედების ვადით. ტერმინი „კონტრაქტი“ და „ხელშეკრულება“ სამართლებრივი ბუნებით თანაბარი მნიშვნელობის მქონე ცნებებია. ამასთან, თავად საბანკო გარანტიების ტექსტებშიც ეს ხელშეკრულებები ზოგ პუნქტში მოიხსენიება კონტრაქტად. მაგალითად, ხელშეკრულებების 4.1.2 პუნქტში საუბარია ხელშეკრულების შეწყვეტის ისეთ საფუძველზე, როგორიცაა კონტრაქტით გათვალისწინებული ვადის გასვლა. ასეთ პირობებში, როცა თავად ხელშეკრულებების 1.3 პუნქტებით მათი მოქმედების ვადის ამოწურვის კონკრეტული კალენდარული თარიღებია განსაზღვრული, პალატამ ჩათვალა, რომ 4.1.2 პუნქტებში საუბარია სწორედ საბანკო გარანტიის ხელშეკრულებების (კონტრაქტების) მოქმედების ვადის გასვლაზე და სწორედ აღნიშნული დაფიქსირდა თავის მხრივ ამონაწერებში საბანკო გარანტიის გაცემის შესახებ. სასამართლომ აღნიშნა, რომ დამატებით შედარებისათვის ძირითადი ვალდებულების (სამუშაოს შესრულების) თაობაზე შეთანხმებებშიც და მათ დანართებშიც ზოგან მითითებულია ტერმინი „ხელშეკრულება“ ზოგან კი _ „კონტრაქტი“, რაც ამ დოკუმენტების იურიდიულ ბუნებას არ ცვლის. პალატის მითითებით, სამუშაოთა შესრულების ხელშეკრულებებით განსაზღვრულ ვადებად საბანკო გარანტიის ამონაწერების გაცემის მომენტში 2006 წლის 31 დეკემბერი არ მოიაზრებოდა, რადგან ვერც ერთი სუბიექტი, პრინციპალი, გარანტი და ბენეფიციარი, იმ მომენტში ვერ ივარაუდებდა, თუ რა პერიოდით და რამდენჯერ გაიზრდებოდა იმ დროისათვის დადგენილი ვადები. ხელშეკრულებებით სამუშაოთა დასრულების მითითებული ვადები არაერთხელ შეიცვალა, მაგრამ თანმიმდევრულად საბანკო გარანტიის ხელშეკრულებებში ცვლილებები ახალი ვადით გარანტიის გაცემის თაობაზე არ შეტანილა. ყოველივე ზემოაღნიშნულზე დაყრდნობით პალატამ დაადგინა, რომ ¹06\შ საბანკო გარანტიის ხელშეკრულების საფუძველზე გაცემული გარანტია მოქმედებდა 2006 წლის 4 ივლისამდე, ხოლო ¹07\შ საბანკო გარანტიის ხელშეკრულების საფუძველზე გაცემული გარანტია კი _ 2006 წლის 25 მაისამდე. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სამოქალაქო კოდექსის 885-ე მუხლის მეორე ნაწილისა და 889-ე მუხლის პირველი ნაწილის “ბ” ქვეპუნქტის თანახმად, საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა წარმოადგენს ვადას, რომლის განმავლობაშიც არსებობს ბენეფიციარის უფლება მოთხოვნის წაყენების თაობაზე. დოქტრინაში იგი განმარტებულია აღმკვეთი ხასიათის ვადად, რომლის გასვლასაც უკავშირდება საგარანტიო თანხის მოთხოვნის უფლების დაკარგვა. საქმის მასალებით პალატამ დადასტურებულად მიიჩნია, რომ ბენეფიციარმა 2006 წლის 18 დეკემბრის ¹1053-გ\06 წერილით გარანტს აცნობა, პრინციპალის მიერ სამშენებლო ვადების დარღვევის გამო, მასთან ხელშეკრულების შეწყვეტისა და, ¹06\შ საბანკო გარანტიის შესაბამისად, გარანტისაგან 72 524 ლარის გადახდის მოთხოვნის თაობაზე. სასამართლომ მიუთითა საქმეში წარმოდგენილ ამავე თარიღისა და შინაარსის მეორე ¹1054-გ\06 წერილზე, რომლითაც ბენეფიციარი ითხოვს გარანტისაგან ¹07\შ საბანკო გარანტიით გათვალისწინებული თანხის _ 58 691 ლარის ანაზღაურებას. ამდენად, სასამართლომ დაადგინა, რომ გარანტს ორივე მოთხოვნა წარედგინა გარანტიების მოქმედების ვადების გასვლის შემდეგ. სასამართლომ მიიჩნია, რომ აპელანტი მოთხოვნის დაკმაყოფილების ერთ-ერთ საფუძვლად მიიჩნევს მასა და გარანტს შორის არსებულ მიმოწერას საგარანტიო თანხის ანაზღაურების მოთხოვნის თაობაზე, საქმის მასალებით კი დასტურდება, რომ გარანტის მიერ ბენეფიციარისაგან წერილით ჯერ მოთხოვნილ იქნა ხელშეკრულებით გათვალისწინებული დოკუმენტაცია, მისი წარდგენის შემდეგ კი ბენეფიციარს ეცნობა მოთხოვნის მოგვიანებით განხილვაზე, კერძოდ, უფლებამოსილი პირების საშობაო-საახალწლო შვებულებაში ყოფნის გამო, კომპანიის გადაწყვეტილების არა უგვიანეს ერთი კვირის ვადაში შეტყობინების შესახებ, რაც განხორციელდა კიდეც უშუალოდ გარანტის დირექტორის მიერ ბენეფიციარისათვის გაგზავნილი წერილობითი განმარტებით, რომ საბანკო გარანტიის ხელშეკრულებების მოქმედების ვადის გასვლის საფუძვლით საგარანტიო თანხის გადახდა არ მოხდებოდა. სასამართლომ მიიჩნია, რომ, მართალია, გარანტს მისთვის მოთხოვნის წაყენებისთანავე, სამოქალაქო კოდექსის 887-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დაუყოვნებლივ ბენეფიციარისათვის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის შესახებ არ უცნობებია, მაგრამ ეს არ წარმოადგენს, ვადის გასვლის გამო, უკვე შეწყვეტილი საბანკო გარანტიის მოქმედების ვადის აღდგენის წინაპირობას, ამდენად, სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნული სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი ვერ გახდება. რაც შეეხება აპელანტის მითითებას სამოქალაქო კოდექსის 889-ე მუხლის მეორე ნაწილზე, პალატამ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს დასკვნა, რომ იგი ადგენს გარანტის ვალდებულებას შეტყობინების შესახებ პრინციპალის და არა ბენეფიციარის წინაშე. სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ აპელანტი, როგორც სარჩელში, ისე სააპელაციო საჩივარში, სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივ საფუძვლად უთითებდა სამოქალაქო კოდექსის 887-ე მუხლის მეორე ნაწილს, კერძოდ, ამ ნორმით განმტკიცებულ გარანტის ვალდებულებას, დააკმაყოფილოს ბენეფიციარის ხელმეორე მოთხოვნა. პალატამ ჩათვალა, რომ ამ ნორმის თანახმად, სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობს, ვინაიდან იგი არეგულირებს ისეთ შემთხვევებს, როცა საბანკო გარანტიით უზრუნველყოფილი ძირითადი ვალდებულება შეწყვეტილია ან ბათილია, მაგრამ საბანკო გარანტია ძალაშია. რაც შეეხება საბანკო გარანტიის შეწყვეტის შემდეგ მისთვის წარდგენილ მოთხოვნებს, მიუხედავად იმისა, ეს იქნება პირველი თუ ხელმეორე მოთხოვნა, იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება სსიპ ,,საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა” გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლებით: საფუძველს მოკლებულია სასამართლოს მითითება, რომ საბანკო ამონაწერი დამოუკიდებელ დოკუმენტად, რაიმე ვალდებულების წარმოშობის ან დადგენის სამართლებრივ საფუძვლად ვერ იქნება მიჩნეული, თუნდაც ასეთი მითითებული ყოფილიყო პრინციპალსა და გარანტს შორის დადებულ ხელშეკრულებაში. აღნიშნული დარეგულირებულია კანონით. ამდენად, უდავოა, რომ საბანკო გარანტია წარმოადგენს ერთგვარ დამოუკიდებელ, ვალდებულების მატარებელ დოკუმენტს გარანტსა და ბენეფიციარს შორის. შესაბამისად, სასამართლომ არასწორად განმარტა სამოქალაქო კოდექსის 879-ე მუხლი. რაც შეეხება თვით საბანკო გარანტიას, იგი წარმოადგენს გარანტსა და ბენეფიციარს შორის ვალდებულების მატარებელ დოკუმენტს. სასამართლომ ყურადღება არ გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ შემდეგ წინადადებაში _ „წინამდებარე გარანტია ძალაშია კონტრაქტის მოქმედების პერიოდში“, „კონტრაქტი“ მოიაზრება სწორედ ბენეფიციარსა და პრინციპალს შორის დადებული ხელშეკრულება (კონტრაქტი), ვინაიდან, საბანკო გარანტია შედგენილია იმ პრინციპზე დაყრდნობით, რომ „კონტრაქტში“ ყველგან ბენეფიციარსა და პრინციპალს შორის დადებული ხელშეკრულება იგულისხმება და გარანტსა და პრინციპალს შორის დადებული ხელშეკრულება მხოლოდ ერთხელაა ნახსენები, ამასთან, საბანკო გარანტია გაიცემა ბენეფიციარისათვის, რათა იგი დაზღვეული იყოს პრინციპალის მიერ ძირითადი ვალდებულების შესრულებისაგან. სასამართლომ არასწორად განმარტა ჩანაწერი, რომ ვერც ერთი სუბიექტი – პრინციპალი, გარანტი და ბენეფიციარი, იმ მომენტში ვერ ივარაუდებდა, Fთუ რა პერიოდით და რამდენჯერ გაიზრდებოდა იმ პერიოდისათვის დადგენილი ვადები, აღნიშნული მითითება უნდა განიმარტოს ბენეფიციარის სასარგებლოდ, ვინაიდან ვალდებულება თეორიულად შეიძლება დათქმულ დროს, ადგილას და ჯეროვნად ვერ შესრულდეს. საბანკო გარანტიაში იმის ჩაწერა, რომ იგი მოქმედებს ვალდებულების შესრულებამდე, კიდევ ერთხელ აზღვევს ბენეფიციარს. ამდენად, საბანკო გარანტიები მოქმედებდა 2006 წლის 31 დეკემბრამდე, ძირითადი ვალდებულების შესრულებამდე, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ არასწორად გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 887-ე მუხლი, როდესაც მიუთითა, რომ ბენეფიციარმა გარანტს მიმართა ვადის დამთავრების შემდგომ.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად ცნო და მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ შემდეგი გარემოებები: საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 6 დეკემბრის ¹1027 ბრძანებულებით სსიპ „საქართველოს სოციალური ინვესტიციების ფონდი“ მიუერთდა სსიპ „მუნიციპალური განვითარების ფონდს“ და ეს უკანასკნელი განისაზღვრა სსიპ „საქართველოს სოციალური ინვესტიციების ფონდის“ უფლებამონაცვლედ. სს სადაზღვევო კომპანია „გეოპოლისის“ უფლებამონაცვლეს წარმოადგენს შპს „ბი-ჯი-სი და კომპანია“. 2005 წლის 20 სექტემბერს სსიპ „სოციალური ინვესტიციების ფონდსა“ და შპს „მშენებელს“ შორის დაიდო ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც მშენებელს სამუშაოები უნდა ეწარმოებინა ¹87 სკოლაში, ხოლო იმავე წლის 10 ოქტომბერს დადებული კონტრაქტით _ ¹9 სკოლაში. ხსენებული კონტრაქტების ვადები რამდენჯერმე გაგრძელდა და საბოლოოდ ვალდებულების შესრულების ბოლო ვადად განისაზღვრა 2006 წლის 31 დეკემბერი. 2005 წლის 31 ოქტომბერს გაფორმდა ¹06\შ საბანკო გარანტიის ხელშეკრულება სს სადაზღვევო კომპანია „გეოპოლისსა“ და შპს “მშენებელს” შორის 72 524 ლარის ფარგლებში და, ხელშეკრულების 1.3 მუხლის შესაბამისად, მისი მოქმედების ვადა განისაზღვრა 2005 წლის ოქტომბრიდან 2006 წლის 4 ივლისამდე, ხოლო ¹07\შ საბანკო გარანტიის ხელშეკრულება გაფორმდა იმავე მხარეებს შორის 58 691 ლარზე, 2005 წლის 24 ოქტომბრიდან 2006 წლის 25 მაისამდე ვადით. სსიპ „მუნიციპალური განვითარების ფონდს“ სს „გეოპოლისისათვის“ არ უცნობებია შპს “მშენებელთან” დადებული ხელშეკრულების მოქმედების ვადის გაგრძელების შესახებ.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ ,,საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის” საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” და “ბ” ქვეპუნქტების თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ არა აქვს ადგილი კანონის მითითებულ დარღვევას.
მოცემულ შემთხვევაში კასატორი გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლად უთითებს იმ გარემოებას, რომ საქართველოს სოციალური ინვესტიციების ფონდსა და შპს “მშენებელს” შორის გაფორმებული ხელშეკრულებიდან წარმოშობილი მოთხოვნის უზრუნველსაყოფად გაცემული საბანკო გარანტიის ვადა ხელშეკრულების ვადის გაგრძელებასთან ერთად ავტომატურად გაგრძელდა, რის გამოც მისი მოთხოვნა, მოვალის ვალდებულების დარღვევის გამო, მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალების _ საბანკო გარანტიით განსაზღვრული თანხის თაობაზე კანონიერია. კასატორი ამ მოსაზრებას აყრდნობს საბანკო გარანტიაში მითითებულ დათქმაზე, რომლითაც “წინამდებარე გარანტია ძალაშია კონტრაქტის მოქმედების პერიოდში”.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ საკასაციო პრეტენზია დაუსაბუთებელია, კერძოდ, მოდავე მხარეთა შორის წარმოშობილია საბანკო გარანტიის ხელშეკრულებიდან მომდინარე ვალდებულება, რომლის შესაბამისად საბანკო გარანტიის ძალით ბანკი, სხვა საკრედიტო დაწესებულება ან სადაზღვევო ორგანიზაცია (გარანტი) სხვა პირის (პრინციპალის) თხოვნით კისრულობს წერილობით ვალდებულებას, რომ, ნაკისრი ვალდებულების შესაბამისად, გადაუხდის პრინციპალის კრედიტორს (ბენეფიციარს) ფულად თანხას გადახდის შესახებ ბენეფიციარის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე (სამოქალაქო კოდექსის 879-ე მუხლი). სამოქალაქო კოდექსი საბანკო გარანტიას განიხილავს, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის ერთ-ერთ საშუალებას, რომელიც სხვა უზრუნველყოფის საშუალებებისაგან განსხვავდება თავისი დამოუკიდებლობით _ არააქცესორულობით, რაც გულისხმობს იმას, რომ ძირითადი ვალდებულება _ ხელშეკრულება, რომლის უზუნველსაყოფადაც საბანკო გარანტია გაიცა გავლენას ვერ ახდენს ამ უკანასკნელზე. საბანკო გარანტია შესასრულებელია გაცემული პირობების ფარგლებში ბენეფიციარის მოთხოვნისთანავე, მიუხედავად იმისა, არსებობს თუ არა ძირითადი ვალდებულებიდან გამომდინარე შესაგებელი. სამოქალაქო კოდექსის 887-ე მუხლის ეს დანაწესი უზრუნველყოფს საბანკო გარანტიის საიმედოობას და იმავდროულად, კრედიტორის მოლოდინს ვალდებულების შესრულებასთან მიმართებით, მაგრამ მხოლოდ საბანკო გარანტიით გარანტის მიერ ნაკისრი ვალდებულებების ფარგლებში. ამასთან, კრედიტორის(ბენეფიციარის) მიერ მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებად წარდგენილი პირობებით საბანკო გარანტიის არჩევა, ნიშნავს მის თანხმობას ამ პირობებზე, ვინაიდან, სამოქალაქო კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ნების გამოვლენა, რომელიც მოითხოვს მეორე მხარის მიერ მის მიღებას, ნამდვილად ჩაითვლება იმ მომენტიდან, როცა იგი მეორე მხარეს მიუვა.
მოწინააღმდეგე მხარის მიერ გაცემული საბანკო გარანტიით დადასტურებულია ის გარემოება, რომ გარანტმა (სს “სადაზღვევო კომპანია გეოპოლისმა”) იკისრა ვალდებულება, ბენეფიციარისათვის (სსიპ ,,საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა”) საბანკო გარანტიით განსაზღვრული თანხის გაცემისა პრინციპალის (შპს “მშენებელი”) მიერ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში. ბენეფიციარისათვის წარდგენილ საბანკო გარანტიაში დაფიქსირებულია, რომ წინამდებარე გარანტია ძალაშია კონტრაქტის მოქმედების პერიოდში, ხოლო კონტრაქტად მითითებულია ბენეფიციარსა და პრინციპალს შორის გაფორმებული ქ.თბილისის ¹9 სკოლის თBILIშI/EQ-20 სარეაბილიტაციო სამუშაოები. აღნიშნული კონტრაქტის მოქმედების ვადა განსაზღვრული იყო 2005 წლის 4 ოქტომბრიდან 2006 წლის 25 მაისამდე, რაც ასევე მიეთითა საბანკო გარანტიის გაცემის თაობაზე ხელშეკრულების 1.3 პუნქტში.
დაუსაბუთებელია კასატორის მითითება, რომ, რადგან მათ წარედგინათ მხოლოდ ამონაწერი საბანკო გარანტიიდან, მათთვის უცნობი იყო საბანკო გარანტიის ხელშეკრულებით კონკრეტული ვადის გათვალისწინების შესახებ. უპირველესად, უნდა აღინიშნოს, რომ კასატორისათვის წარდგენილ საბანკო გარანტიის ამონაწერში გარანტიის გაცემის ერთ-ერთ საფუძვლად მითითებულია გარანტსა და პრინციპალს შორის გაფორმებული საბანკო გარანტიის ხელშეკრულება, რაც იძლევა მაღალი ხარისხით ვარაუდის საფუძველს, რომ ბენეფიციარი უნდა დაინტერესებულიყო და გასცნობოდა აღნიშნულ ხელშეკრულებას, თუმცა აღნიშნული არ წარმოადგენს საკასაციო პრეტენზიის უარყოფის საფუძველს. საკასაციო სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ კასატორისათვის წარდგენილი საბანკო გარანტიითაც არაორაზროვნად განსაზღვრულია საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა _ ბენეფიციარსა (კრედიტორს) და პრინციპალს (მოვალეს) შორის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულების თაობაზე დადებული ხელშეკრულების ვადა.
აქვე საკასაციო სასამართლო, საბანკო გარანტიის იურიდიული ბუნებიდან გამომდინარე, უთითებს, რომ საბანკო გარანტიასთან დაკავშირებული ურთიერთობის მონაწილეები არიან რა ბენეფიციარი, პრინციპალი და გარანტი, ამ ურთიერთობის ფარგლებში ფაქტობრივად ორი ხელშეკრულება იდება: 1. გარანტსა და პრინციპალს შორის საბანკო გარანტიის გაცემის თაობაზე ორმხრივი, სასყიდლიანი ხელშეკრულება (სამოქალაქო კოდექსის 880-ე მუხლი) და 2. თვით საბანკო გარანტია, რომელიც ცალმხრივი გარიგებაა და წარმოშობს გარანტის ცალმხრივ ვალდებულებას ბენეფიციარის მიმართ (სამოქალაქო კოდექსის 879-ე მუხლი). ამავდროულად, საბანკო გარანტიის გაცემით გარანტსა და ბენეფიციარს შორის ურთიერთობა დამოუკიდებელია იმ ძირითადი ვალდებულებებისგანაც, რომლის შესრულების უზრუველსაყოფადაც არის ის გაცემული (სამოქალაქო კოდექსის 881-ე მუხლი). კანონის ამ დათქმიდან გამომდინარე, მართებულია კასატორის პოზიცია, რომ გარანტსა და პრინციპალს შორის საბანკო გარანტიის გაცემაზე შეთანხმებული სახელშეკრულებო პირობები გავლენას არ ახდენს ბენეფიციარსა და გარანტს შორის ურთიერთობაზე და მხარეთა შორის სადავოდ მიჩნეული საგარანტიო ვადაც მხოლოდ ბენეფიციარისათვის წარდგენილი საბანკო გარანტიით უნდა განისაზღვროს. აღნიშნული მომდინარეობს ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობების ბუნებიდანაც _ კრედიტორის მოთხოვნა შეზღუდულია მოვალით, ვინაიდან ვალდებულებითი ურთიერთობა მხოლოდ ამ ორ სუბიექტს შორის წარმოიშობა. ამდენად, მხარეთა მიერ “საბანკო გარანტიის ამონაწერად” შეფასებული საქმეში წარმოდგენილი დოკუმენტი ცალმხრივი გარიგება _ საბანკო გარანტიაა, რომელიც წარმოშობს მხოლოდ გარანტის ვალდებულებას ბენეფიციარის წინაშე და ბენეფიციარის მიერ მისი წარდგენა იწვევს გარანტის ნაკისრი ვალდებულების უპირობო შესრულებას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი არ შეიცავს იმპერატიულ დანაწესს, რომ საბანკო გარანტიაში ზუსტად განისაზღვროს მისი მოქმედების ვადა და აუცილებლად მიეთითოს კალენდარული თარიღი ან დროის გარკვეული პერიოდი. ამასთან, ვადის განსაზღვრის შემთხვევაში, სამოქალაქო კოდექსის 885-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ბენეფიციარის მოთხოვნა უნდა წარედგინოს გარანტს გარანტიით განსაზღვრული იმ ვადის დამთავრებამდე, რა ვადითაც იგი გაიცა. ამდენად, მხარეები თავისუფალი არიან საბანკო გარანტიის მოქმედების ვადის განსაზღვრის წესში, რაც შეიძლება დამოკიდებული იყოს როგორც კალენდარულ თარიღზე, რაიმე პირობაზე, რაიმე მოვლენის დადგომაზე ასევე რაიმე მოქმედების შესრულებაზე. მოცემულ შემთხვევაში ბენეფიციარისათვის წარდგენილ საბანკო გარანტიაში განსაზღვრულია გარანტიის მოქმედების ზუსტი ვადა _ გარანტიის გაცემის საფუძვლად მითითებული თვით ბენეფიციარსა და პრინციპალს შორის გაფორმებული ნარდობის ხელშეკრულების მოქმედების ვადა. ვადის ამგვარი განსაზღვრა ეჭვს არ წარმოშობს და არც ამ პირობის განმარტების საჭიროება არსებობს, ვინაიდან ვადად კასატორისათვის ცნობილი დრო, მისი მონაწილეობით შეთანხმებული ხელშეკრულების მოქმედების დრო განისაზღვრა. შესაბამისად, კასატორს მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებით _ საბანკო გარანტიით შეეძლო ესარგებლა მხოლოდ იმ ვადაში, რა ვადითაც იგი გაიცა.
ყოველგვარ დასაბუთებასაა მოკლებული კასატორის მოსაზრება, რომ მას და პრინციპალს შორის დადებული ნარდობის ხელშეკრულების გაგრძელებით ავტომატურად გაგრძელდა საბანკო გარანტიის ვადა. საბანკო გარანტიისათვის, როგორც ყველა ხელშეკრულების დადებულად მიჩნევისათვის აუცილებელია მხარეთა შეთანხმება ხელშეკრულების არსებით პირობებზე (სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლი), რომლებიც შეიძლება განისაზღვროს მხარეთა შეთანხმებით ან კანონით. მოცემულ შემთხვევაში მხარეებმა გამოხატეს ნება, გარანტიის განსაზღვრული ვადით მოქმედებაზე და ამ პირობის შეცვლა არ შეიძლება დამოკიდებული იყოს სხვა რაიმე გარეგან ფაქტორზე, რადგან საბანკო გარანტიის გაცემა _ გარიგების დადება გარკვეული პირობებით მხოლოდ გარანტის ნამდვილ ნებაზეა დამოკიდებული. გარანტიაში მითითებულია კონკრეტულ ვადაზე და არ არის რაიმე დათქმა ამ ვადის გაზრდასთან ან მოსალოდნელ ცვლილებებთან მიმართებით. კასატორი ვერც ფაქტობრივად და ვერც სამართლებრივად ვერ ასაბუთებს, თუ რატომ უნდა მოახდინოს პირდაპირი გავლენა ბენეფიციარსა და პრინციპალს შორის დადებულ ხელშეკრულების პირობებმა და ამ პირობებში ცვლილების შეტანამ დამოუკიდებელი ხელშეკრულების _ საბანკო გარანტიის პირობებზე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს რომ კასატორის საკასაციო საჩივარი დაუსაბუთებელია და სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
სსიპ ,,საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის” საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 25 ნოემბრის განჩინება დარჩეს უცვლელად.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.