Facebook Twitter

საქმე №174აგ-15 თბილისი

მ-ი ა, 174აგ-15 11 მარტი, 2016 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ზაზა მეიშვილი (თავმჯდომარე),

მაია ოშხარელი, პაატა სილაგაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ა. მ-ის ადვოკატის - ვ. გ-ის საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 9 სექტემბრის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 29 ნოემბრის განაჩენით ა. მ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მიესაჯა 17 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 2011 წლის 12 მაისიდან. მასვე ჩამოერთვა „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებები.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2012 წლის 21 მარტის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 29 ნოემბრის განაჩენი ა. მ-ის მიმართ დარჩა უცვლელად.

3. „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 22 თებერვლის განჩინებით ა. მ-ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი შეუმცირდა ¼-ით და განესაზღვრა 12 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 2011 წლის 12 მაისიდან.

4. 2015 წლის 26 აგვისტოს მსჯავრდებულ არმენ მიქაელიანის ადვოკატმა ვ. გ-მა შუამდგომლობით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას და მოითხოვა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო მსჯავრდებულ არმენ მიქაელიანის მიმართ გამოტანილი განაჩენის გადასინჯვა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლის „ბ“, „დ“ და „ვ“ ქვეპუნქტების საფუძველზე.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 9 სექტემბრის განჩინებით მსჯავრდებულ ა. მ-ის ადვოკატის - ვ. გ-ის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე ცნობილ იქნა დაუშვებლად.

6. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ა. მ-ის ადვოკატმა ვ. გ-მა და მოითხოვა მისი გაუქმება იმავე სამართლებრივი საფუძვლებით, რაზეც მითითებული ჰქონდა შუამდგომლობაში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლში მითითებულია ის საფუძვლები, თუ რა შემთხვევაშია შესაძლებელი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვა, კერძოდ - განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ:

ა) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილია, რომ ყალბია მტკიცებულება, რომელიც საფუძვლად დაედო გადასასინჯ განაჩენს;

ბ) არსებობს გარემოება, რომელიც მოწმობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის დამდგენი სასამართლოს უკანონო შემადგენლობას ან იმ მტკიცებულების დაუშვებლობას, რომელიც საფუძვლად დაედო გადასასინჯ განაჩენს;

გ) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილია, რომ მოსამართლემ, პროკურორმა, გამომძიებელმა, ნაფიცმა მსაჯულმა ან ნაფიცი მსაჯულის მიმართ სხვა პირმა ამ საქმესთან დაკავშირებით ჩაიდინა დანაშაული;

დ) არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკონსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი;

ე) არსებობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება (განჩინება), რომელმაც დაადგინა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის ან მისი ოქმების დარღვევა ამ საქმესთან დაკავშირებით და გადასასინჯი განაჩენი ამ დარღვევას ეფუძნება;

ვ) ახალი კანონი აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას იმ ქმედებისათვის, რომლის ჩადენისთვისაც პირს გადასასინჯი განაჩენით მსჯავრი დაედო;

ზ) წარმოდგენილია ახალი ფაქტი ან მტკიცებულება, რომელიც გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს არ იყო ცნობილი და თავისთავად, თუ სხვა დადგენილ გარემოებასთან ერთად ამტკიცებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას ან მის მიერ იმ დანაშაულზე უფრო მსუბუქი ან უფრო მძიმე დანაშაულის ჩადენას, რომლისთვისაც მას მსჯავრი დაედო, აგრეთვე ამტკიცებს გამართლებულის ბრალეულობას ან დანაშაულის იმ პირის მიერ ჩადენას, რომლის მიმართაც სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყვეტილი იყო;

თ) არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინება, რომელმაც უკანონოდ ცნო ის ფარული საგამოძიებო მოქმედება, რომლის შედეგად მოპოვებული მტკიცებულება საფუძვლად დაედო განაჩენს.

3. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მსჯავრდებულ ა. მ-ის ადვოკატი ვ. გ-ი არმენ მ-ის მიმართ დადგენილი განაჩენის გადასინჯვის საფუძვლად მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილებაზე, რომლითაც არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის მე-2 წინადადების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს ამავე კოდექსის 76-ე მუხლით განსაზღვრული მტკიცებულების - ირიბი ჩვენების საფუძველზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესაძლებლობას. კასატორის მიერ მითითებული ზემოაღნიშნული გარემოება წარმოადგენს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტით (არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკონსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი) გათვალისწინებულ კანონიერ ძალაში შესული განაჩენის გადასინჯვის საფუძველს.

4. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სააპელაციო სასამართლომ მსჯავრდებულ ა. მ-ის ადვოკატის - ვ. გ-ის შუამდგომლობის დასაშვებობის შემოწმების ეტაპზე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ზემოხსენებული გადაწყვეტილების გათვალისწინებით, შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები მათი უტყუარობისა და საკმარისობის თვალსაზრისით და მიიჩნია, რომ გადასასინჯი განაჩენი კანონიერი და დასაბუთებულია.

5. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლო შუამდგომლობის დასაშვებობის ეტაპზე არ იყო უფლებამოსილი, შეეფასებინა მტკიცებულებები, რომლებსაც ეფუძნება გადასასინჯი განაჩენი. გადაწყვეტილება იმის თაობაზე, ირიბი ჩვენებების გაუზიარებლობის შემთხვევაში საკმარისია თუ არა საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად, სააპელაციო პალატამ უნდა მიიღოს მხოლოდ შუამდგომლობის დაშვებისა და კანონით დადგენილი წესით განხილვის შედეგად.

6. გარდა აღნიშნულისა, სააპელაციო სასამართლომ არ იმსჯელა მსჯავრდებულ ა. მ-ის ადვოკატის - ვ. გ-ის მოთხოვნაზე, ა. მ-ის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სასჯელის ამავე კოდექსის 260-ე მუხლის ახალ რედაქციასთან შესაბამისობაში მოყვანის შესახებ, რომელიც წარმოადგენს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ განაჩენის გადასინჯვის ახლად გამოვლენილ გარემოებას.

7. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ ა. მ-ის ადვოკატის - ვ. გ-ის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის შესახებ იყო დასაბუთებული, რის გამოც უნდა გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 9 სექტემბრის განჩინება მსჯავრდებულ ა. მ-ის ადვოკატის - ვ. გ-ის შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის თაობაზე და შუამდგომლობა დაშვებულ უნდა იქნეს განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 9 სექტემბრის განჩინება მსჯავრდებულ ა. მ-ის ადვოკატის - ვ. გ-ის შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის შესახებ;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. მეიშვილი

მოსამართლეები: მ. ოშხარელი

პ. სილაგაძე