Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

ას-564-794-08 2 დეკემბერი, 2008 წ.

ქ. თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე)

მოსამართლეები:

ნუნუ კვანტალიანი (მომხსენებელი), ლალი ლაზარაშვილი

სხდომის მდივანი _ ლ.სანიკიძე

კასატორი _ საქართველოს ავტორთა საზოგადოება (მოსარჩელე)

წარმომადგენელი _ ე. შ-ავა, თ. ს-ნია

მოწინააღმდეგე მხარე _ შპს “თV XXI” (მოპასუხე)

წარმომადგენელი _ ა.მშვენიერაძე

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 29 აპრილის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი _ საავტორო უფლებების დაცვა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

საქართველოს ავტორთა საზოგადოებამ სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს “თV XXI-ის” მიმართ საავტორო უფლებების დაცვის, ჰონორარის შეგროვებისა და განაწილებისათვის საჭირო დოკუმენტაციის წარმოდგენის კანონისმიერი ვალდებულების შესრულების, სალიცენზიო შეთანხმების გაფორმების, სალიცენზიო შეთანხმებების გარეშე მუსიკალური ნაწარმოების კაბელით გადაცემის (კაბელით ხელახალი გადაცემის) აკრძალვისა და ნებართვის გარეშე მუსიკალური ნაწარმოებების კაბელით გადაცემისათვის ავტორთა საზოგადოების სასარგებლოდ ფულადი კომპენსაციის _ 73422 ლარის, ასევე სასამართლო ხარჯების – 424 ლარის გადახდის შესახებ შემდეგი საფუძვლებით: მოსარჩელე გასცემს ლიცენზიებს მუსიკალური (ტექსტით ან უტექსტოდ) ნაწარმოებების საჯარო შესრულებასა და რეპროდუქცირებაზე, საჯარო გადაცემაზე, კაბელით გადაცემაზე (კაბელით ხელახალ გადაცემაზე), აგროვებს და ანაწილებს საავტორო ჰონორარებს შესაბამისი უფლების მფლობელებზე. “საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ კანონის” მე-18 მუხლის მეშვიდე პუნქტის, 65-ე მუხლის მესამე პუნქტისა და 64-ე მუხლის მეოთხე პუნქტის საფუძველზე საკაბელო მაუწყებლობის ორგანიზაცია შპს “თV XXI-ს” ევალებოდა, მმართველი ორგანიზაციისათვის _ მოსარჩელისათვის მოთხოვნისთანავე წარედგინა ყველა დოკუმენტი, რომელიც შეიცავდა საავტორო ან მომიჯნავე უფლების ობიექტის გამოყენების შესახებ ზუსტ ცნობებს, რაც აუცილებელია ჰონორარის შეგროვებისა და განაწილებისათვის. მოსარჩელემ ამ მიზნით ორჯერ მიმართა მოპასუხეს, რასაც ადასტურებს 2007 წლის 19 თებერვლის ¹01/306 წერილი, მაგრამ დღემდე პასუხი არ მიუღია. დოკუმენტაციის წარმოუდგენლობა და საავტორო ჰონორარების გადაუხდელობა იწვევს საავტორო უფლების დარღვევას და ზიანი ადგებათ როგორც ადგილობრივ, ისე მუსიკალური ნაწარმოებების (ტექსტით თუ უტექსტოდ) უცხოელ ავტორებს, მემკვიდრეებს, მუსიკალურ გამომცემლობებს. ამდენად, მოპასუხეს უნდა დაევალოს შემდეგი დოკუმენტების წარმოდგენა: კაბელით ხელახლა გადაცემული ტელეარხების ჩამონათვალი და ამ ტელეარხების რეტრანსლაციის ნებართვების დამადასტურებელი დოკუმენტაცია; მუსიკალური ნაწარმოებების ტრანსლირების თაობაზე უშუალოდ ავტორებთან და სხვა საავტორო უფლებების მფლობელებთან წერილობითი ფორმით დადებული სალიცენზიო ხელშეკრულებები, აგრეთვე, პროდიუსერებისაგან მიღებული წერილობითი ნებართვები ფილმების ჩვენებაზე; საავტორო ჰონორარების უშუალოდ უფლების მფლობელებისათვის გადახდის დამამტკიცებელი დოკუმენტაცია; ცნობა კომპანიის აბონენტების რაოდენობისა და მათ მიერ გადახდილი სააბონენტო გადასახადებით მიღებული შემოსავლების შესახებ თვეების მიხედვით 2005 წლის 1 ივლისიდან დღემდე.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო შემდეგი დასაბუთებით: მოსარჩელის მოთხოვნა ემყარება “საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ კანონს”, რომლის მე-3 მუხლის შესაბამისად, ამ კანონის მოქმედება შეიძლება გავრცელდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მაუწყებლობის ლიცენზიის მქონე მაუწყებლობის ორგანიზაციებზე. მოპასუხე არ არის ზემოაღნიშნული ლიცენზიის მქონე ორგანიზაცია, არამედ გააჩნია საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ გაცემული ავტორიზაციის მოწმობა და არის ავტორიზებული პირი, რომელიც უფლებამოსილია, აწარმოოს საკაბელო სატრანზიტო ტელემაუწყებლობა. თავისი საქმიანობის ფარგლებში მოპასუხე ხელშეკრულებას აფორმებს მაუწყებლობის ორგანიზაციებთან და ურიცხავს შესაბამის თანხას მათი პროგრამის პაკეტის ტრანზიტისათვის, რა დროსაც ქსელით უზრუნველყოფისა და მომსახურებისას არ იყენებს საავტორო უფლების ობიექტს და სარგებლობს მომიჯნავე ობიექტით და მას ტრანზიტის მეშვეობით აწვდის აბონენტს. საქართველოს იუსტიციის სამინისტროდან გამოთხოვილი დოკუმენტებით ირკვევა, რომ მოსარჩელე რეესტრში შეტანილია, როგორც ორგანიზაცია, რომლის საქმიანობის მიზანია “საავტორო უფლებათა რეალიზაცია (განხორციელება), დაცვა, ავტორების ან მათი მემკვიდრეებისა და საავტორო უფლებების სხვა მფლობელების ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მართვა კანონით დადგენილი წესით, ამდენად, მისი საქმიანობა არ მოიცავს მომიჯნავე უფლებების დაცვას”.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 31 აგვისტოს გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც მოსარჩელემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 29 აპრილის განჩინებით საქართველოს ავტორთა საზოგადოების სააპელაციო საჩივარი არ დაკმყოფილდა და გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი შემდეგ გარემოებათა გამო: სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ 2007 წლის 19 თებერვალს მოსარჩელემ შპს “თV XXI-ს” გაუგზავნა წერილი, რომლითაც მისგან მოითხოვა საავტორო უფლებების დაცვის, ჰონორარების შეგროვებისა და განაწილებისათვის საჭირო დოკუმენტების წარმოდგენა და მასთან სალიცენზიო შეთანხმების გაფორმება. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2002 წლის 4 თებერვლის დადგენილებით სამეწარმეო რეესტრში დარეგისტრირდა შპს “თV XXI”, რომელიც წარმოადგენს საქართველოს კომუნიკაციის ეროვნული კომისიის ავტორიზაციის მოწმობით ავტორიზებულ პირს. სასამართლომ “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონის” მე-2 მუხლის „ვ“ პუნქტის დაყრდნობით მიუთითა, რომ 2006 წლის 22 თებერვლის დოკუმენტში ავტორთა საზოგადოების მიერ გაფორმებული ხელშეკრულების შესახებ აღნიშნულია, რომ მოსარჩელე შეტანილია რეესტრში, როგორც ორგანიზაცია, რომლის საქმიანობის მიზანია საავტორო უფლებათა რეალიზაცია (განხორციელება) და დაცვა, ავტორების ან მათი მემკვიდრეებისა და საავტორო უფლებების სხვა მფლობელების ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მართვა კანონით დადგენილი წესით. სააპელაციო პალატამ ასევე დაადგინა, რომ შპს “თV XXI-ს” გაფორმებული აქვს ხელშეკრულებები სხვადასხვა მაუწყებლობის ორგანიზაციებთან. ამ ხელშეკრულებებში შპს “თV XXI” მოხსენიებულია, როგორც ოპერატორი, რეგისტრაციის მოწმობითა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს 2006 წლის 22 თებერვლის წერილიდან ირკვევა, რომ საქართველოს ავტორთა საზოგადოების – ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის საქმიანობის მიზანია საავტორო უფლებათა რეალიზაცია (განხორციელება) და დაცვა, ავტორების ან მათი მემკვიდრეებისა და საავტორო უფლებების სხვა მფლობელების კოლექტიურ საფუძველზე მართვა კანონით დადგენილი წესით. “საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” კანონის 46-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტების, 45-ე მუხლის, 50-ე მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტების მიხედვით სასამართლომ დაასკვნა, რომ მოპასუხე შპს “თV XXI” ახდენს გადაცემებს კაბელით, მას ნებართვები აღებული აქვს მაუწყებლობის ორგანიზაციებისაგან. შპს “თV XXI-ის” საქმიანობა არის სატრანზიტო ტელემაუწყებლობა, რაც მოიცავს ქსელით უზრუნველყოფასა და მომსახურების მიწოდებას. სასამართლომ მიიჩნია, რომ აღნიშნული საქმიანობის დანიშნულებიდან გამომდინარე, ხორციელდება მხოლოდ იმ გადაცემების ტრანზიტი, რომლებიც ამ გადაცემათა შემქმნელი ორგანიზაციის მიერ უკვე დაცული და ანაზღაურებული უნდა იყოს საავტორო უფლების მქონე პირებთან. პალატის მითითებით, შპს “თV XXI” აბონენტებს ტრანზიტით აწვდის არა საავტორო უფლების ობიექტს, არამედ “საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” კანონის 50-ე მუხლის მეორე პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ მომიჯნავე უფლების ობიექტს – მაუწყებლობის ორგანიზაციის გადაცემას, მოსარჩელე კი რეგისტრაციის მოწმობით ახორციელებს მხოლოდ საავტორო უფლებათა დაცვა-რეალიზაციას და არა მომიჯნავე უფლებათა დაცვა-რეალიზაციას. სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნული უფლების მიზანს წარმოადგენს ეთერში და კაბელით ადრე გადაცემული გადაცემის განმეორებით ჩვენებაზე კონტროლის დაწესების შესაძლებლობა, რადგან გადაცემა მისი ჩანაწერის გამოყენებით შეიძლება გავრცელდეს სხვა სამაუწყებლო ორგანიზაციების მიერ ეთერისა და კაბელის მეშვეობით. სასამართლომ ჩათვალა, რომ მინიჭებული უფლებების განხორციელება არ უნდა ლახავდეს საავტორო უფლებებს, რადგან მომიჯნავე უფლება ნაწარმოებია საავტორო უფლებისაგან, ამდენად, “საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” კანონის 46-ე მუხლის მეორე პუნქტის თანახმად, მაუწყებლობის ორგანიზაცია თავის უფლებებს ახორციელებს ეთერში ან კაბელით გადაცემული ნაწარმოების ავტორსა და შემსრულებელთან დადებული ხელშეკრულებით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ დავის საგანს არ წარმოადგენს ის გარემოება, სამაუწყებლო კომპანიებს (რომლებმაც ნება დართეს შპს “თV XXI-ის” გადაცემებზე), თავის მხრივ, აქვთ თუ არა დადებული ხელშეკრულებები კაბელით გადაცემული ნაწარმოებების ავტორებთან კაბელით მათი ნაწარმოებების გადაცემის უფლების შესახებ. საქმის მასალებზე დაყრდნობით სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხე შპს “თV XXI-ს” შესაბამისი ხელშეკრულებები დადებული აქვს და გააჩნია ნებართვა კაბელის მეშვეობით სხვადასხვა სამაუწყებლო ორგანიზაციებისაგან ამა თუ იმ გადაცემაზე. სასამართლომ ჩათვალა, რომ ზემოხსენებული კანონის ნორმებიდან გამომდინარე, საკაბელო ტელევიზიის შპს “თV XXI-ის” მიერ განხორციელებული სატელევიზიო ჩვენებები წარმოადგენს შესაბამისი სამაუწყებლო ორგანიზაციების გადაცემებს. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, ავტორს აქვს უფლება, სალიცენზიო ხელშეკრულებით ამ ხელშეკრულების მეორე მხარეს გადასცეს საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ კანონის მე-18 მუხლით გათვალისწინებული უფლებები, მათ შორის ამ მუხლის მეორე პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ნაწარმოების საჯარო გადაცემა, პირველი, ანდა ხელახალი გადაცემის ჩათვლით, აგრეთვე, ნაწარმოების გადაცემა სადენით, ანდა უმავთულო კავშირგაბმულობის მეშვეობით ისე, რომ ის ხელმისაწვდომი იყოს ნებისმიერი პირისათვის მის მიერ არჩეულ დროსა და ადგილიდან (საჯარო გადაცემის უფლება). სასამართლომ დაადგინა, რომ საქმის მასალების მიხედვით, შპს “თV XXI-ს” სხვადასხვა სამაუწყებლო ორგანიზაციებისაგან აქვს ნებართვა აღებული მათი გადაცემების რეტლანსაციის თაობაზე. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოპასუხეს “საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” კანონის 64-ე მუხლის მეხუთე პუნქტი არ დაურღვევია, ვინაიდან პირველი ინსტანციის სასამართლოში მან წარადგინა სათანადოდ გაფორმებული ხელშეკრულებები, თუმცა ჩათვალა, რომ, როგორც ზემოთ აღინიშნა, მოსარჩელეს მომიჯნავე უფლებები არა აქვს გადაცემული კოლექტიური მართვის საფუძველზე, მომიჯნავე უფლების სუბიექტებს – სამაუწყებლო ორგანიზაციებს თავიანთი გადაცემების კაბელით რეტლანსლაციის უფლება მინიჭებული აქვთ მოპასუხისათვის. სააპელაციო პალატის მითითებით, მომიჯნავე უფლების სუბიექტს – მაუწყებლობის ორგანიზაციას უფლება აქვს, ნება დართოს სხვა პირს მოახდინოს გადაცემის კაბელით მოსახლეობამდე რეტრანსლაცია, ოღონდ რამდენადაც მომიჯნავე უფლება ნაწარმოებია საავტორო უფლებებისაგან, “საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” კანონის 50-ე მუხლის მეორე პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით მინიჭებული კაბელით გადაცემის უფლება სამაუწყებლო ორგანიზაციას შეუძლია გადასცეს სხვა პირებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული მას მიღებული აქვს ავტორისაგან. სასამართლომ აღნიშნა, რომ მოპასუხის მიერ მოსარჩელის მიმართ რაიმე ვალდებულების დარღვევა საქმის მასალებით არ დასტურდება, შპს “თV XXI-ის” მიღებული აქვს ნებართვები სხვადასხვა სამაუწყებლო ორგანიზაციებისაგან, მოახდინოს მათი გადაცემების ჩვენება, იგი წარმოადგენს საკაბელო ტელევიზიას, რომელიც ახორციელებს მხოლოდ რეტრანსლაციას და საავტორო უფლების დარღვევის სუბიექტი ვერ იქნება. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 411-412-ე მუხლებით, 394-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილით და ჩათვალა, რომ სასარჩელო მოთხოვნა ზიანის ანაზღაურების სახით მოპასუხისათვის თანხის დაკისრების ნაწილში უსაფუძვლოა.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საქართველოს ავტორთა საზოგადოებამ გაასაჩივრა საკასაციო წესით და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით: კასატორი უფლებამოსილია, განახორციელოს “საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” კანონის 65-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა”, “ბ”, “ვ” და “დ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული უფლებები. მხარეთა შორის არსებობდა მცდელობა, შეეთანხმებინათ ზემოხსენებული ნორმით დადგენილი პირობები, რასაც ადასტურებს კასატორის 2007 წლის 19 თებერვლის მიმართვა და შპს “თV XXI-ის” პასუხი, რომლითაც დირექტორი გ.შოუა შპს “თV XXI-ის” სახელით თანხმობას აცხადებს, გადაიხადოს საავტორო ჰონორარი საერთო შემოსავლიდან 1%-ის ოდენობით. აღნიშნულით მოპასუხემ აღიარა, რომ იგი ზემოთ მითითებული კანონით განსაზღვრულ მოსარგებლეს წარმოადგენს. სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა “საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” კანონის 65-ე მუხლის პირველი ნაწილის “ვ” ქვეპუნქტი, 64-ე მუხლის მესამე ნაწილი და მე-18 მუხლის მეშვიდე ნაწილი და არ გაითვალისწინა, რომ დასახელებულ ნორმათა შესაბამისად, ნაწარმოების გამოყენება (კაბელით გადაცემა, კაბელით ხელახლა გადაცემა) ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის _ საქართველოს ავტორთა საზოგადოების ლიცენზიის გარეშე დაუშვებელია და წარმოადგენს ზემოხსენებული კანონის უხეშ დარღვევას. ავტორებს არა აქვთ შესაძლებლობა, თავად განსაზღვრონ ჰონორარის ოდენობა, დაადგინონ ლიცენზიის პირობები და მიიღონ ჰონორარი, ხოლო კასატორი ვერ ახორციელებს თავის უფლებამოსილებას. “საქპატენტის” დასკვნაში აღნიშნულია, რომ საქართველოს ავტორთა საზოგადოება უფლებამოსილია, საქართველოს ტერიტორიაზე ნება დართოს ან აკრძალოს მუსიკალური ნაწარმოებების აუდიოვიზუალური და მუსიკალური ნაწარმოებების საჯარო შესრულება, მექანიკური უფლებების გამოყენება აუდიოვიზუალურ და მუსიკალურ ნაწარმოებებზე, მათ შორის, ასეთი ნაწარმოებების კაბელით ან სატელიტური მაუწყებლობის გზით ჩვენება. სასამართლომ არასწორად განმარტა “საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” კანონის 65-ე მუხლის მესამე ნაწილი, რადგან ამ ნორმით გათვალისწინებულ შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება მოსარგებლეს და არა მოსარჩელეს, როგორც ეს სააპელაციო პალატამ მიუთითა. მოპასუხემ სასამართლოს წარუდგინა ინფორმაცია სააბონენტო შემოსავლის შესახებ. კასატორთან სალიცენზიო ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში შპს “თV XXI” გადაიხდიდა აღნიშნულ ინფორმაციაში მითითებული თანხის 5%-ს და კასატორი მიიღებდა 4894,80 ლარის ოდენობის მოგებას, მაგრამ მოპასუხემ თავისი კანონისმიერი ვალდებულება არ შეასრულა, რითაც კასატორს მიაყენა მატერიალური ზიანი. სასამართლომ არ გამოიყენა “საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” კანონის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის “ე” ქვეპუნქტი და შპს “თV XXI-ისათვის” უნდა დაეკისრებინა საქართველოს საავტორო საზოგადოების მიერ მოთხოვნილი საავტორო ჰონორარის თხუთმეტმაგი ოდენობის _ 73422 ლარის გადახდა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს ავტორთა საზოგადოების საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება გაუქმდეს და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის “ბ” ქვეპუნქტის თანახმად, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად დააბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია. კანონის ეს დანაწესი საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლად მიუთითებს ისეთ გარემოებას, როდესაც ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამართლებრივი დასაბუთება არ ეფუძნება სწორ ფაქტობრივ დასაბუთებას.

მოცემული გადაწყვეტილების დაუსაბუთებლობა მდგომარეობს ფაქტობრივი გარემოებების არასრულად გამოკვლევაში, კერძოდ:

სააპელაციო პალატამ დადგენილად ცნო, რომ მოპასუხე შპს “ თV XXI” ახორციელებს რა გადაცემებს კაბელით, ნებართვები აღებული აქვს მაუწყებლობის ორგანიზაციებისაგან და, შესაბამისად, მისი საქმიანობა არის სატრანზიტო ტელემაუწყებლობა. აღნიშნული დასაბუთებით სასამართლომ შპს “თV XXI”, როგორც რეტრანსლაციის განმხორციელებელი საკაბელო ტელევიზია, საავტორო უფლების დარღვევის სუბიექტად არ მიიჩნია.

ნაწარმოების ნებისმიერი ფორმით გამოყენება ან ამ უფლების სხვა პირისათვის გადაცემა ავტორის განსაკუთრებული, ექსკლუზიური უფლებაა და საავტორო სამართალში იგი პრეზუმირებულ ფაქტს წარმოადგენს. ავტორს, ან საავტორო უფლების მფლობელს შეუძლია მთელი სისრულით გამოიყენოს საავტორო უფლება ან გარკვეული შეზღუდვებით გადასცეს სხვა პირს („საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლი). აღნიშნული უზრუნველყოფს ავტორის ქონებრივი და არაქონებრივი უფლებების დაცვას, თუმცა ტექნიკური პროგრესი და, შესაბამისად, ნაწარმოების გამოყენებისა და გავრცელების სწრაფი განვითარება შეუძლებელს ხდის ამ უფლებათა სათანადო დაცვას მხოლოდ ავტორის ან უფლების მფლობელის მიერ. სწორედ ეს გარემოება განაპირობებს საავტორო უფლების დამცველი ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციების შექმნას, რომლებიც აწესრიგებენ ურთიერთობას ავტორსა და მომხმარებელს შორის. მეცნიერების, ლიტერატურისა და ხელოვნების ნაწარმოებთა ავტორების, შემსრულებლების, ფონოგრამის, ვიდეოგრამისა და მონაცემთა ბაზის დამამზადებლების, აგრეთვე, საავტორო და მომიჯნავე უფლებების სხვა მფლობელების ქონებრივი უფლებების მართვას საქართველოში ახორციელებენ ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციები, რომლებმაც ურთიერთწარმომადგენლობის თაობაზე დადეს ხელშეკრულებები უმრავლესი ქვეყნების ანალოგიურ ორგანიზაციებთან. („საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 63-ე მუხლის პირველი ნაწილი).

დასახელებული ნორმა ამავე კანონის სხვა ნორმებთან ერთად ღიად ადგენს ამ ორგანიზაციების ფართო უფლებებს საავტორო უფლებათა დაცვის სფეროში _ დადონ ხელშეკრულებები, მიიღონ სათანადო ანაზღაურება, იმოქმედონ ისევე, როგორც ავტორებმა, მათ შორის დაიცვან მათი დარღვეული უფლებები სასამართლოში სარჩელის შეტანის გზით. ამ უფლებას ადასტურებს “საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 65-ე მუხლით განსაზღვრული ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის უფლებები. ამასთან, აღსანიშნავია ამავე მუხლის მესამე ნაწილით დადგენილი პრეზუმფცია _ საწინააღმდეგოს დამტკიცებამდე ივარაუდება, რომ ყველა ნაწარმოები ან მომიჯნავე უფლების ობიექტი, რომელიც საჯაროდ სრულდება, გადაიცემა ეთერით, კაბელით, ან საზოგადოებისათვის სხვაგვარად ხელმისაწვდომი ხდება, აგრეთვე, ჩართულია გადაცემაში, ფონოგრამასა და ვიდეოგრამაში, შედის შესაბამისი კოლექტიური მართვის ორგანიზაციის რეპერტუარში. ამ შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება მოსარგებლეს.

რაც შეეხება იმ საკითხს, წარმოადგენს თუ არა ნაწარმოების კაბელით გადაცემა საავტორო სამართლით დაცულ სფეროს, ტექნიკურად იკვეთება მაუწყებლობის ორგანიზაციათა გადაცემების კაბელით გადაცემის ორი სახე: 1. საეთერო პროგრამის კაბელის ოპერატორთა მიერ შეცვლილი სახით გადაცემა და 2. საეთერო პროგრამების ერთდროული, უცვლელი ფორმით გადაცემა. მოცემულ შემთხვევაში მხარეთა მტკიცებით ადგილი აქვს პროგრამების ერთდროული, უცვლელი ფორმით გადაცემას, რომელზედაც საავტორო უფლებები ვრცელდება საერთაშორისო და ეროვნული სამართლებრივი აქტებით, კერძოდ, ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის ბერნის კონვენციის მე-11ბის იი მუხლით ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმობების ავტორებს განსაკუთრებული უფლება აქვთ გასცენ ნებართვა, რომ სადენებით და უსადენოდ კავშირგაბმულობის საშუალებებით, ეთერში განმეორებით გადაიცეს ყოველგვარი საჯარო გადაცემა, თუ ამას აკეთებს სხვა, და არა თავდაპირველი ორგანიზაცია. შესაბამისად, კონვენცია იცავს რა ავტორის უფლებას ნაწარმოებთან დაკავშირებით, ამ ნორმის გამოყენებისათვის მნიშვნელოვანია ნაწარმოების საჯარო გადაცემა და არა ნაწარმოების გავრცელების საშუალებები და ხერხები.

ბერნის კონვენციის ზემოაღნიშნულ დანაწესთან სრულ თანხმობაშია “საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონი. აღნიშნული კანონის მე-18 მუხლის მეორე ნაწილის “ვ” ქვეპუნქტით ავტორს ან საავტორო უფლების სხვა მფლობელს აქვს ნაწარმოების გამოყენების განსაკუთრებული უფლება, რაც ნიშნავს უფლებას, განახორციელოს, ნება დართოს ან აკრძალოს: ნაწარმოების საჯარო გადაცემა, პირველი ან/და ხელახალი გადაცემის ჩათვლით; აგრეთვე ნაწარმოების გადაცემა სადენით ანდა უმავთულო კავშირგაბმულობის მეშვეობით ისე, რომ ის ხელმისაწვდომი იყოს ნებისმიერი პირისათვის მის მიერ არჩეულ დროს და ადგილიდან (საჯარო გადაცემის უფლება);

საკასაციო სასამართლო მხარეთა ყურადღებას მიაქცევს “საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის “ი1” და “ჟ” პუნქტებზე, რომლებითაც განმარტებულია რა კანონის ტერმინები, კაბელით ხელახალი გადაცემა არის სადენით ან საჰაერო გზით, სატელიტური კავშირის ჩათვლით, საზოგადოებისთვის განკუთვნილი ტელე და რადიოპროგრამების საწყისი გადაცემის ერთდროულად, შეუწყვეტლად და შეუკვეცავად ხელახალი გადაცემა კაბელით ან მიკროტალღური სისტემის მეშვეობით. საჯარო გადაცემა არის ნაწარმოების, შესრულების, ფონოგრამის, ვიდეოგრამის, მონაცემთა ბაზის, მაუწყებლობის ორგანიზაციის გადაცემის გამოსახულების ან/და ხმის გადაცემა ეთერში, კაბელით ან სხვა საშუალებით (გარდა ნაწარმოების ან ფონოგრამის ასლების გავრცელებისა) ისე, რომ გადაცემის გამოსახულება ან/და ხმა შესაძლებელია აღიქვან პირებმა, რომლებიც არ მიეკუთვნებიან ოჯახის ან ოჯახის ახლობელთა წრეს, იმ ადგილზე (ადგილებზე), რომელიც იმდენადაა დაშორებული გადაცემის ადგილიდან, რომ ასეთი გადაცემის გარეშე გამოსახულება ან/და ხმა არ შეიძლება აღქმულ იქნეს მიღების ადგილზე (ადგილებზე), მათ შორის, გადაიცეს ისე, რომ საავტორო ან მომიჯნავე უფლების ობიექტები, მონაცემთა ბაზები ხელმისაწვდომი იყოს ნებისმიერი პირისათვის მის მიერ არჩეულ დროს და ადგილიდან.

ამავე კანონის მე-18 მუხლის მეშვიდე პუნქტით, საავტორო ჰონორარის ოდენობა, მისი გამოანგარიშებისა და გადახდის წესი ნაწარმოების ნებისმიერი ფორმით გამოყენებისათვის დგინდება, ერთი მხრივ, ავტორს, საავტორო უფლების სხვა მფლობელს ან ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველ ორგანიზაციასა და, მეორე მხრივ, მოსარგებლეს შორის დადებული ხელშეკრულებით. ნაწარმოების კაბელით ხელახალი გადაცემის შემთხვევაში საავტორო ჰონორარის ოდენობა, მისი გამოანგარიშებისა და გადახდის წესი დგინდება მხოლოდ ამ ორგანიზაციასა და მოსარგებლეს შორის დადებული ხელშეკრულებით.

აღნიშნული დანაწესები მიუთითებენ იმ გარემოებაზე, რომ საავტორო უფლებები ვრცელდება ნაწარმოების ნებისმიერი სახით, მათ შორის, კაბელით გავრცელების შემთხვევაზეც, თუკი ამგვარი გავრცელება დაკავშირებულია სამეწარმეო საქმიანობასთან და, შესაბამისად, მოგებასთან.

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო პალატას საკმარისად არ გამოუკვლევია შპს “თV XXI-ის” საქმიანობა, ვინაიდან ამ მიმართებით სასამართლო ეყრდნობა მხოლოდ საქმეში წარმოდგენილ რამდენიმე ხელშეკრულებას, რომლითაც ცალსახად არ დგინდება მეწარმე სუბიექტის საქმიანობის შინაარსი. ხელშეკრულებაში მხარეთა მიერ მითითებული პირის სტატუსი (ოპერატორის) არ გამორიცხავს რეალურად ამავე პირის მიერ თავისი საქმიანობის განხორციელებას უფრო ფართო ფარგლებში. შესაბამისად, სასამართლომ საქმის ფაქტობრივი გარემოებების კანონის ზემოაღნიშნული დანაწესებთან შეჯერებით უნდა დაადგინოს, არის თუ არა ვალდებული შპს “თV XXI-ი”, შეასრულოს სარჩელით მოთხოვნილი მოქმედება.

მოპასუხის შესაგებლის ფარგლებში სასამართლომ უნდა დაადგინოს მოპასუხესა და სამაუწყებლო ორგანიზაციებს შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე მოპასუხის უფლებამოსილების საზღვრები, კერძოდ, მაუწყებლობის ორგანიზაციებმა, როგორც მის მიერ შექმნილ გადაცემებზე საავტორო უფლებამოსილების მქონე პირებმა მოპასუხეს ხელშეკრულებით გადასცეს თუ არა ეს უფლებამოსილება.

ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის ბერნის კონვენციის მე-11ბის იი მუხლიდან გამომდინარე, სასამართლომ ასევე უნდა გამოარკვიოს, საავტორო უფლების მქონე პირს (ავტორს ან უფლებამოსილ პირს) სადავო ნაწარმოებებთან დაკავშირებით მოპასუხის კონტრაჰენტ სამაუწყებლო ორგანიზაციებისათვის გადაცემული აქვს თუ არა ნაწარმოების გამოყენების უფლებამოსილება და ამ უფლებამოსილების ფარგლები, ანუ რა უფლებამოსილება გადასცა ავტორმა მაუწყებლობას და რა უფლებამოსილება მიიღო მოპასუხემ მაუწყებლობისაგან.

სასამართლომ მხოლოდ ზემოხსენებულ გარემოებათა უტყუარად გამორკვევის შემდეგ უნდა მისცეს სამართლებრივი შეფასება სადავო გარემოებებს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

საქართველოს ავტორთა საზოგადოების საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 29 აპრილის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.