განჩინება
საქართველოს სახელით
ას-564-905-07 14 იანვარი, 2008 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე)
მოსამართლეები:
ნ. კვანტალიანი (მომხსენებელი), მ. ცისკაძესაქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი _ ზ. მ-ა (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე _ კ. კ-ე, დ. მ-ლი, თ. ჭ-ა, ნ. ი-ლ, ნ. თ-ძე, ი. ნ-ძე, ნ. ტ-ძე, უ. ყ-ლი, თ. და მ. ს-ძეები, ი. ე-ძე, რ. შ-ა, ც. რ-ლ (მოპასუხეები)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 10 მაისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის დაბრუნება იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად
დავის საგანი _ ზიანის ანაზღაურება, პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შემლახველი ცნობების უარყოფა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ზ. მ-ამ სარჩელი აღძრა სასამართლოში კ. კ-ეის, დ. მ-ლის, თ. ჭ-ას, ნ. ი-ლს, ნ. თ-ძის, ი. ნ-ძის, ნ. ტ-ძის, უ. ყ-ის, თ. და მ. ს-ძეების, ი. ე-ძის, რ. შ-ასა და ც. რ-ლს მიმართ მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურების, ასევე მოსარჩელის პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შემლახველი ცნობების უარყოფის შესახებ შემდეგი საფუძვლებით: მოპასუხეები არიან მოსარჩელის მეზობლები, რომლებთანაც მოსარჩელეს, გარკვეული საყოფაცხოვრებო პრობლემების გამო, დაძაბული ურთიერთობა აქვს, კერძოდ, მოპასუხე უ. ყ-ლს ზ.მ-ას სარჩელის საფუძველზე მიღებული სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დაევალა უკანონო ნაგებობის დანგრევა, მოპასუხე ი.ნ-ძესთან უსიამოვნება შეემთხვა მოსარჩელის ბინაში მოპასუხის ბინიდან წყლის ჩამოსვლის გამო. დასახელებულ პირთა ინიციატივით მოპასუხეებმა საჩივრით მიმართეს სამართალდამცავ ორგანოს, სადაც მიუთითეს, რომ ზ.მ-ას სახლში საბავშვო ბაღი აქვს გახსნილი, სახელმწიფოს უმალავს გადასახადებს, ასევე მოსარჩელე დაადანაშაულეს ამორალურ ქმედებებში, რაც ცილისწამებაა და ლახავს მის პატივსა და ღირსებას. მოპასუხეებმა არ მისცეს სახლში მუშაობის უფლება, კერძოდ, ჩაეტარებინა მუსიკის გაკვეთილები, რითაც მიაყენეს ასევე მატერიალური ზიანიც. მართალია, მოსარჩელის ბინაში მოხდა ინციდენტი, როდესაც მასთან თავიანთი უკმაყოფილების გამოსახატავად მოვიდნენ იმ პირის შვილები, რომელიც ზ.მ-ას ოჯახის შექმნას სთავაზობდა, მაგრამ აღნიშნულის შედეგად მოსარჩელემ მოჩხუბარი მხარეები თავისი ბინიდან დაითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 18 აგვისტოს გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც ზ.მ-ამ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 10 მაისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი შემდეგ გარემოებათა გამო: სააპელაციო სასამართლომ დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: მხარეები არიან მეზობლები. 2002 წლის 2 იანვრის ღამეს ქ.თბილისში, ....-ში ¹. მდებარე 1 კორპუსში ორმა უცხო მამაკაცმა დაარღვია მეზობლების სიმყუდროვე. ისინი ეძებდნენ მუსიკის მასწავლებელს და შეურაცხყოფას აყენებდნენ სადარბაზოში მცხოვრებ ბინის მესაკუთრეებს, რაც დასტურდება მოპასუხეთა და თავად მოსარჩელის ახსნა-განმარტებითაც თავისი საქმროს შვილების მიერ დებოშის მოწყობის თაობაზე. ზ.მ-ას მეზობლებმა 2002 წლის თებერვალში განცხადებით მიმართეს ქ.თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის შს სამმართველოს მე-3 განყოფილებას, მიუთითეს ზ.მ-ას მიერ მეზობლების სიმშვიდისა და სიმყუდროვის დარღვევის ფაქტზე და მოითხოვეს კანონშეუსაბამო ქმედებათა აღკვეთა, წინააღმდეგ შემთხვევაში მოითხოვდნენ კანონის შესაბამისად მის გასახლებას. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლით გათვალისწინებული პირის არაქონებრივი უფლებები არ შელახულა, რადგან მოპასუხეთა მიერ პოლიციისადმი დაწერილი განცხადება ერთი შეხედვით შეიცავს მითითებას მორალური ნორმების დარღვევის თაობაზე, თუმცა იგი პირის პატივისა და ღირსების შემლახველი ცნობების გავრცელებად ვერ ჩაითვლება, რადგან “პოლიციის შესახებ” კანონის მე-2 მუხლის “გ” ქვეპუნქტის თანახმად, პოლიციის ამოცანას წარმოადგენს საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვა, ამდენად, მოცემულ შემთხვევაში მოპასუხეების მიერ პოლიციისათვის მიმართვა მიზნად ისახავდა არა პატივისა და ღირსების შემლახავი ცნობების გავრცელებას, არამედ საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და წესრიგის, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისაგან დაცვას. ამასთან, პალატამ აღნიშნა, რომ დასახელებულ განცხადებაში მითითებული გარემოებები წარმოადგენს მომხდარი ფაქტის მოპასუხეთა მიერ შეფასებას.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება ზ. მ-ამ გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის დაბრუნება იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად შემდეგი საფუძვლებით: სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ფაქტობრივი გარემოება, რომ ორი უცხო მამაკაცი ეძებდა კასატორს, რა დროსაც შეურაცხყოფას აყენებდა მეზობლებს, თუმცა სასამართლომ არასწორად არ ჩათვალა მეზობლების მიერ სადავო განცხადებაში აღნიშნული ფაქტის მათეული შეფასება ცილისწამებად და პატივისა და ღირსების შემლახველი ცნობების გავრცელებად, რადგან დასახელებულ განცხადებაში მიეთითა, რომ ზ.მ-ას უცხო მამაკაცები ბინაში მიჰყავს სისტემატურად, მაშინ, როცა რეალურად კასატორთან მისულმა მისმა საქმროს შვილებმა საზოგადოებრივი წესრიგი მხოლოდ ერთხელ დაარღვიეს და აღნიშნულის შედეგად მოსარჩელემ აუკრძალა მასთან მისვლა როგორც იმ პიროვნებას, რომელსაც ზ.მ-ასთან ოჯახის შექმნა სურდა, ისე მის შვილებს. ასევე არასწორია სააპელაციო პალატის შეფასება მოპასუხეთა მიერ განცხადებით პოლიციისათვის მიმართვასთან დაკავშირებით, ვინაიდან კანონმდებელი ცალსახად არ განსაზღვრავს ინფორმაციის გავრცელების დეფინიციას, არამედ უთითებს მისი გავრცელების ცალკეულ შემთხვევებს პრესით ან რაიმე საბუთით, თუმცა სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლის მეორე ნაწილი ითვალისწინებს შელახული უფლების დაცვას ნებისმიერ, მათ შორის, სადავო სახის ინფორმაციის პოლიციისათვის შეტყობინების შემთხვევაში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის საფუძვლებისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ზ. მ-ას საკასაციო საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). მოცემულ შემთხვევაში საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს აღნიშნული სახის პრეტენზია არ წარმოუდგენია.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად ცნო შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: მოდავე მხარეები არიან მეზობლები. 2002 წლის 2 იანვრის ღამეს ქ.თბილისში, ...-ში ¹. მდებარე ¹1 კორპუსში ორმა უცხო მამაკაცმა დაარღვია მეზობლების სიმყუდროვე. ისინი ეძებდნენ მუსიკის მასწავლებელს და შეურაცხყოფას აყენებდნენ სადარბაზოში მცხოვრებ ბინის მესაკუთრეებს, რაც დასტურდება მოპასუხეთა და თავად მოსარჩელის ახსნა-განმარტებითაც თავისი საქმროს შვილების მიერ დებოშის მოწყობის თაობაზე. ზ.მ-ას მეზობლებმა 2002 წლის თებერვალში განცხადებით მიმართეს ქ.თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის შს სამმართველოს მე-3 განყოფილებას, მიუთითეს ზ.მ-ას მიერ მეზობლების სიმშვიდისა და სიმყუდროვის დარღვევის ფაქტზე და მოითხოვეს კანონშეუსაბამო ქმედებათა აღკვეთა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. კასატორი ზ.მ-ა გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძვლად მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორი შეფასება მისცა დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, კერძოდ, საკასაციო საჩივრის ავტორი უთითებს, რომ მოპასუხეთა სადავო განცხადებაში მითითებული გარემოება, რომ ზ.მ-ას სახლში მოჰყავს მამაკაცები, არის ცილისწამება.
“სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ” კანონის პირველი მუხლის “ე” ქვეპუნქტით, ცილისწამებად ითვლება არსებითად მცდარი ფაქტის შემცველი და პირისათვის ზიანის მიმყენებელი, მისი სახელის გამტეხი განცხადება. ამავე კანონის მე-13 მუხლის შესაბამისად კი, პირს ეკისრება სამოქალაქო სამართლებრივი პასუხისმგებლობა კერძო პირის ცილისწამებისათვის, თუ მოსარჩელე სასამართლოში დაამტკიცებს, რომ მოპასუხის განცხადება შეიცავს არსებითად მცდარ ფაქტს უშუალოდ მოსარჩელის შესახებ და ამ განცხადებით მოსარჩელეს ზიანი მიადგა.
ამდენად, აღნიშნული ნორმის თანახმად, ცილისწამებად მიიჩნევა არსებითად მცდარი ფაქტების შემცველი და პირისათვის ზიანის მიმყენებელი, მისი სახელის გამტეხი განცხადების გავრცელება, შესაბამისად, კერძო პირმა ცილისწამების თაობაზე სარჩელის წარდგენისას თვითონ უნდა დაამტკიცოს ორი გარემოება: 1. მოპასუხემ მის შესახებ გაავრცელა მცდარი ფაქტების შემცველი განცხადებები; 2. აღნიშნული განცხადებები ზიანს აყენებს მის პატივს, ღირსებას ან საქმიან რეპუტაციას.
მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ სავსებით საფუძვლიანად მიუთითა იმ გარემოებაზე, რომ თავად ზ.მ-ა ადასტურებს მოპასუხეთა სადავო განცხადებაში აღნიშნულ ფაქტს კასატორთან მისული პირების მიერ საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის თაობაზე, რაც იმაზე მიუთითებს, რომ განცხადებაში დასახელებული გარემოება ღამის საათებში ზ.მ-ას სტუმრების მიერ იმავე ბინაში მაცხოვრებელთა სიმშვიდის დარღვევის ფაქტზე სინამდვილეს შეესაბამება. კასატორი ვერ ასაბუთებს, თუ კონკრეტულად რა ზიანი მიაყენა მას სადავო განცხადებაში აღნიშნულმა გარემოებებმა და რაში გამოიხატა პირის პატივისა და ღირსების შელახვა. ზემოხსენებული კანონით კი, მტკიცების ტვირთი მთლიანად მოსარჩელის მხარეზეა და იგი ვალდებულია, დაამტკიცოს სარჩელში მითითებული ყველა გარემოება.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ზ. მ-ამ მოწინააღმდეგე მხარის მიერ მისი პატივისა და ღირსების შელახვისა და არასწორი ცნობების გავრცელებით ზიანის მიყენების ფაქტი სათანადოდ ვერ დაადასტურა, რაც მის მოთხოვნაზე უარის თქმის საფუძველია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ზ. მ-ას საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 10 მაისის განჩინება დარჩეს უცვლელი.
სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.