ას-565-906-07 20 სექტემბერი, 2007 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატამ
მოსამართლე:M მაია სულხანიშვილი
საქმის ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა შპს “ .. ..” დირექტორ ნ. წ-ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 5 აპრილის განჩინებაზე, საქმეზე _ ო. კ-ის სარჩელის გამო მოპასუხე შპს “ .. ..” მიმართ, პარტნიორთა კრების გადაწყვეტილების ნაწილობრივ ბათილად ცნობის, პარტნიორის უფლების აღდგენის, სამეწარმეო რეესტრში ცვლილებების შეტანის შესახებ.
პალატამ გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
საქმის ზეპირი განხილვის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს და მიაჩნია, რომ შპს “ .. ..” დირექტორ ნ. წ-ს საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 18 ივლისის განჩინებით კასატორს დაევალა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარმოდგენა.
2007 წლის 26 ივლისს კასატორმა განცხადებით მომართა საკასაციო პალატას მიუთითა, რომ საწარმო ამჟამად აღარ ფუნქციონირებს და იმყოფება ლიკვიდაციის რეჟიმში. აღნიშნულიდან გამომდინარე მოითხოვა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადება ან საპროცესო ვადის გაგრძელება სექტემბრის თვემდე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 3 აგვისტოს განჩინებით კასატორს გაუგრძელდა ხარვეზის შესავსებად მიცემული საპროცესო ვადა 3 დღით. აღნიშნული განჩინების ასლი კასატორს გაეგზავნა კანონით დადგენილი წესით და ჩაბარდა 2007 წლის 6 აგვისტოს (ს.ფ.239). შესაბამისად, ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული ვადა ამოიწურა მიმდინარე წლის 9 აგვისტოს, მაგრამ აღნიშნულ ვადაში კასატორის მიერ ხარვეზი არ იქნა შევსებული.
პალატა თვლის, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის ბოლო წინადადების თანახმად, საკასაციო საჩივარი დაუშვებელია და უნდა დარჩეს განუხილველი.
პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით, 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
შპს “ .. ..” დირექტორ ნ. წ-ს საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.