¹ას-565-948-06 25 იანვარი, 2007წ.
ქ.თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე)
როზა ნადირიანი (მომხსენებელი), თეიმურაზ თოდრია
განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – თ. ლ-ე
მოწინააღმდეგე მხარე – დ. უ-ა
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 11 ივლისის მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
დავის საგანი _ მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2005 წლის 15 დეკემბერს ქუთაისის რაიონულ სასამართლოს განცხადებით მიმართა დ. უ-მ და მოითხოვა მოპასუხე თ. ლ-ის მიმართ, სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ძირითადი თანხის - 5600 აშშ დოლარისა და მასზე დარიცხული პროცენტის - 2900 აშშ დოლარის, დავალიანების გადახდევინების შესახებ, გადახდის ბრძანების მიღება.
ქუთაისის რაიონულმა სასამართლომ დააკმაყოფილა დ. უ-ს განცხადება და 2005 წლის 27 დეკემბრის გადახდის ბრძანებით თ. ლ-ს დაეკისრა დავალიანების გადახდა 7800 აშშ დოლარის ოდენობით.
გადახადის ბრძანებაზე თ. ლ-მ შეიტანა შესაგებელი, რომელშიც აღნიშნა, რომ დ. უ-ს მისგან ეკუთვნოდა მხოლოდ 5000 აშშ დოლარი, რომლის გადახდაზეც ის თანახმა იყო.
თ. ლ-ის მიერ შესაგებლის შეტანის გამო სასამართლომ საქმე განიხილა საერთო სასარჩელო წესით.
სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე მოსარჩელემ მოითხოვა ძირითადი თანხის, სამი თვის პროცენტისა და თანხის გადაუხდელობის ვადაგადაცილების დროის განმავლობაში კანონით განსაზღვრული პროცენტის გადახდის დაკისრება მოპასუხისათვის თანხის რეალურად გადახდის დღემდე. აღნიშნულ მოთხოვნას მოსარჩელემ მხარი დაუჭირა სასამართლოს მთავარ სხდომაზე.
მოპასუხემ სარჩელი ცნო ნაწილობრივ, კერძოდ, განმარტა, რომ თანხის ნაწილი მას გადახდილი ჰქონდა შუამავლისათვის, რომელმაც სესხის აღებისას დააკავშირა დ. უ-სთან. მოპასუხე თანახმა იყო, გადაეხადა ძირითადი თანხა, ხოლო, რაც შეეხება პროცენტს ვადაგადაცილებისათვის, აღნიშნა, რომ მასაც გადაიხდიდა კანონის შესაბამისად.
ქუთაისის რაიონულმა სასამართლომ 2006 წლის 1 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა. სასამართლომ დაადგინა, რომ 2004 წლის 22 ნოემბერს დ. უ-მ თ. ლ-ს ასესხა 5600 აშშ დოლარი, სამი თვის ვადით, ყოველთვიურად 4%-ის დარიცხვით. მოვალემ ნაკისრი ვალდებულება არ შეასრულა.
სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის განმარტება იმის შესახებ, რომ მან თანხა ნაწილობრივ გადაიხადა, რადგან იმის მტკიცებულება, რომ მან თანხა უშუალოდ გადასცა მოსარჩელეს პირადად ან შუამავლის მეშვეობით, სასამართლოს ვერ წარმოუდგინა, შესაბამისად, სასამართლომ დაადგინა, რომ მოსარჩელის მოთხოვნა, თ. ლ-სათვის გასესხებული თანხის, 5600 აშშ დოლარის დაკისრების თაობაზე, კანონიერია.
სასამართლომ ასევე მიიჩნია, რომ კანონიერია მოსარჩელის მოთხოვნა ძირითადი თანხის პროცენტის დაკისრების ნაწილშიც, თუმცა სასამართლომ არ დააკმაყოფილა მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხისათვის თანხის გადახდის ვადის გადაცილებისათვის ყოველთვიურად 4%-ის გადახდის დაკისრების თაობაზე იმ საფუძვლით, რომ მოსარჩელეს, იმის დამადასტურებელი მტკიცებულება, თუ რას შეადგენდა ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი საპროცენტო განაკვეთი ვადაგადაცილების მთელი დროის განმავლობაში, სასამართლოში არ წარმოუდგენია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა სესხის ძირითადი თანხის, 5600 აშშ დოლარისა და საპროცენტო დანარიცხის, 672 აშშ დოლარის, სულ 6272 აშშ დოლარის გადახდა. მოპასუხეს ასევე დაეკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნახევრის 198 ლარის გადახდა.
გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ორივე მხარემ.
აპელანტმა დ. უ-მ წარმოადგინა ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ბანკთაშორისი აუქციონის საპროცენტო განაკვეთის დინამიკა, რის საფუძველზეც მოითხოვა თ. ლ-სათვის 2005 წლის 1 მარტიდან სააპელაციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანის დღემდე ყოველთვიურად 224 აშშ დოლარის გადახდის დაკისრება.
გადაწყვეტილება ასევე გაასაჩივრა თ. ლ-მ და მოითხოვა გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და დ. უ-ს სასარგებლოდ 5000 აშშ დოლარის გადახდის მისთვის დაკისრება.
სასამართლოს მთავარ სხდომაზე არ გამოცხადდა აპელანტი თ. ლ-ე და მისი წარმომადგენელი, რომლებიც გაფრთხილებული იყვნენ კანონით დადგენილი წესით. სასამართლომ არ დააკმაყოფილა თ. ლ-ის წარმომადგენლის ფ. ც-ის განცხადება საქმის განხილვის გადადების შესახებ. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 31 მაისის გადაწყვეტილება-დაუსწრებელი გადაწყვეტილებით დ. უ-ს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, პროცენტის დაკისრების ნაწილში გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და თ. ლ-ს დაეკისრა 2006 წლის 31 მაისის ჩათვლით ყოველთვიურად ძირითადი თანხის 5600 აშშ დოლარის 3%-ის გადახდა, სულ 2520 აშშ დოლარის გადახდა, ხოლო თ. ლ-ს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ეთქვა უარი.
აღნიშნული გადაწყვეტილება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ნაწილში გაასაჩივრა თ. ლ-მ და მოითხოვა აღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმება იმ მოტივით, რომ მისი და მისი წარმომადგენლის, ფ. ც-ის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო საპატიო მიზეზით.
საჩივრის განხილვისას, 2006 წლის 11 ივლისს, სასამართლო სხდომაზე კვლავ არ გამოცხადდა საჩივრის ავტორი, თ. ლ-ე და მისი წარმომადგენელი ფ. ც-ე, რომელთაც სასამართლო უწყება ჩაბარდათ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78 მუხლებით დადგენილი წესით. თ. ლ-ის წარმომადგენელმა ფ. ც-მ, სასამართლოს მიმართა განცხადებით და მოითხოვა საქმის განხილვის გადადება იმ მოტივით, რომ სასამართლო სხდომის დღეს ის მონაწილეობდა საქმის განხილვაში თბილისის სააპელაციო სასამართლოში როგორც მხარე, რომლის დასადასტურებლადაც წარმოადგინა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 21 თებერვლის გადაწყვეტილების ასლი, რომელშიც დაფიქსირებული იყო მისი წარმომადგენლობა.
სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულმა აპელანტმა დ. უ-მ სასამართლოს წინაშე იშუამდგომლა გამოუცხადებელი მხარის მიმართ მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 11 ივლისის მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილებით თ. ლ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 31 მაისის გადაწყვეტილება.
აღნიშნული დაუსწრებელი გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა თ. ლ-მ იმ საფუძვლით, რომ მისი კანონიერი წარმომადგენელისათვის არ გადაუციათ სასამართლო უწყება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78 მუხლების შესაბამისად, რაც წარმოადგენს საპროცესო დარღვევას, ხოლო თავად კასატორს არ შეეძლო სასამართლოში გამოცხადება ავადმყოფობის გამო. კასატორის განცხადებით, დაირღვა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის “ბ” პუნქტი, რომლის მიხედვითაც გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ სასამართლომ საქმე განიხილა ერთ-ერთი მხარის დაუსწრებლად, რომელსაც არ მიუღია შეტყობინება კანონით დადგენილი წესით ან მისი კანონიერი წარმომადგენლის გარეშე, თუ ასეთი წარმომადგენლობა კანონით იყო გათვალისწინებული.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორმა, თ. ლ-მ, მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 11 ივლისის მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახალი განხილვისათვის ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დაბრუნება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, საკასაციო საჩივრის საფუძვლები და თვლის, რომ თ. ლ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის. აღნიშნული მუხლი განსაზღვრავს იმ გარემოებათა წრეს, რომელთა არსებობის შემთხვევაში დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს. 233-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტის მიხედვით, სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია, თუ გამოუცხადებელი მხარე მოწვეული არ იყო 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მხარეებს და მათ წარმომადგენლებს სასამართლო უწყებით ეცნობებათ სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს. საქმის მასალებით დადგენილია, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 11 ივლისის სხდომის დროისა და ადგილის შესახებ თ. ლ-სა და მის წარმომადგენელ ფ. ც-ს გაეგზავნათ სასამართლო უწყებები კანონით დადგენილი წესით. თ. ლ-ს უწყება ჩაბარდა, შესაბამისად, უწყება ჩაბარებულად ითვლება მისი წარმომადგენლისთვისაც.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ უსაფუძვლოა თ. ლ-ის პრეტენზია იმის თაობაზე, რომ მისი წარმომადგენელი არ იყო მოწვეული სასამართლო სხდომაზე კანონით დადგენილი წესით.
კასატორი მხარის მითითება, ავადმყოფობის გამო სასამართლო სხდომაზე საპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის თაობაზე, ვერ გახდება დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებს. მისი ავადმყოფობა უნდა დადასტურებულიყო სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებდა სასამართლო პროცესზე მისი გამოუცხადებლობის შეუძლებლობაზე, რაც კასატორის მიერ წარმოდგენილი არ ყოფილა. საქმის მასალებით ასევე არ დასტურდება, რომ სასამართლო სხდომის დღეს, 2006 წლის 11 ივლისს, კასატორის წარმომადგენელი ფ. ც-ე მონაწილეობას ღებულობდა სხვა საქმის განხილვაში თბილისის სააპელაციო სასამართლოში, როგორც მხარე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის “ბ” პუნქტის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა. საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ მოცემულ შემთხვევაში სწორად გამოიყენა სამართლის ნორმები.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება მიღებულია კანონის მოთხოვნათა დაცვით და მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
თ. ლ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 11 ივლისის მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება მოცემულ საქმეზე დარჩეს უცვლელი;
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.