საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
¹ას-566-796-08 8 დეკემბერი, 2008წ.
თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),
ლალი ლაზარაშვილი (მომხსენებელი), ნუნუ კვანტალიანი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი _ ზ. ყ-აძე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარეები _ სს “ავტოვაგზალი დიდუბე”; შპს “ტრანსჯორჯია-2002” (მოპასუხეები)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 8 აპრილის განჩინება
სარჩელის დავის საგანი _ იჯარის ხელშეკრულების ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2003 წლის 19 აგვისტოს თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულ სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართა ზ. ყ-აძემ მოპასუხეების _ სს “ავტოვაგზალ დიდუბის” და შპს “ტრანსჯორჯია-2002-ის” მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა სს “ავტოვაგზალ დიდუბის” სამეთვალყურეო საბჭოს 2002 წლის 23 ოქტომბრის ¹2 სხდომის ოქმისა და მხარეებს შორის დადებული 2002 წლის 31 ოქტომბრის იჯარის ხელშეკრულების ბათილად ცნობა.
სასარჩელო განცხადებაში აღნიშნულია, რომ ზ. ყვავაძე 1996 წლიდან არის სს „ავტოვაგზალ დიდუბის“ აქციათა 15%-ის მფლობელი. სააქციო საზოგადოების დაფუძნების პირველ წლებში, როგორც მსხვილი აქციონერი, იღებდა დივიდენდს, რომლის ოდენობის მიმართ პრეტენზია არ ჰქონია. 1998-2002 წლებში დივიდენდის ოდენობამ მკვეთრად იწყო კლება. საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის შემოწმების მიზნით მოსარჩელემ არაერთხელ მიმართა სააქციო საზოგადოების ხელმძღვანელობას, მაგრამ უარი მიიღო. ამ პერიოდში სააქციო საზოგადოების დირექტორმა მ. თავაძემ დატოვა თანამდებობა და იმავე იურიდიულ მისამართზე შექმნა შპს „ტრანსჯორჯია-2002“. 2002 წლის 23 ოქტომბერს ჩატარდა სს „დიდუბის ავტოვაგზალის“ სამეთვალყურეო საბჭოს სხდომა, რომლის გადაწყვეტილებით გაიცა ნებართვა საზოგადოების კუთვნილი ქონების იჯარით გაცემაზე. 2002 წლის 31 ოქტომბერს სს „დიდუბის ავტოვაგზალსა“ და შპს „ტრანსჯორჯია-2002-ს“ შორის გაფორმდა იჯარის ხელშეკრულება, რომლითაც სს „დიდუბის ავტოვაგზალის“ მთელი ქონება გადაეცა მოიჯარეს.
მოსარჩელის აზრით, სს „დიდუბის ავტოვაგზლის“ ხელმძღვანელობამ დაარღვია „მეწარმეთა შესახებ“ კანონის 9.7 მუხლი, რადგან გაფორმდა საზოგადოებისათვის არახელსაყრელი გარიგება. ამასთანავე, სამოქალაქო კოდექსის 54-ე და 56-ე მუხლების საფუძველზე გარიგება ბათილია, რამდენადაც იგი დადებულია კანონსაწინააღმდეგო მიზნების მისაღწევად და დასაფარავად (ტომი 1, ს.ფ. 2-6).
თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 16 აპრილის გადაწყვეტილებით ზ. ყვავაძის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი სს „დიდუბის ავტოვაგზალსა“ და შპს „ტრანსჯორჯია-2002-ს“ შორის 2002 წლის 31 ოქტომბერს დადებული იჯარის ხელშეკრულება, მოსარჩელის მოთხოვნა სს “დიდუბის ავტოვაგზლის” სამეთვალყურეო საბჭოს 2002 წლის 23 ოქტომბრის ¹2 ოქმის ბათილად ცნობის შესახებ არ დაკმაყოფილდა. პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სადავო იჯარის ხელშეკრულებით სს “ავტოვაგზალი დიდუბეს” მთელი ქონება იჯარით გადაეცა შპს “ტრანსჯორჯია-2002-ს”, საიჯარო ქირა წელიწადში შეადგენდა 35000 ლარს. სასამართლოს მოსაზრებით, მოცემულ შემთხვევაში სადავო იჯარის ხელშეკრულების დადებით მისმა მონაწილეებმა, ფაქტობრივად, მოახდინეს საზოგადოების ლიკვიდაცია, რადგან როგორ წარმატებულადაც არ უნდა გამოიყენოს მოიჯარემ გადაცემული ქონება და რაოდენ დიდი შემოსავლებიც არ უნდა მიიღოს, საიჯარო ქირა სააქციო საზოგადოებისათვის წელიწადში მაინც 35000 ლარი იქნება. სასამართლოს მოსაზრებით, იჯარის ხელშეკრულება არ იყო დადებული საზოგადოების ინტერესებში და ნამდვილი იურიდიული შედეგის მისაღწევად (ტომი 1, ს.ფ. 251-258).
მითითებული გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებულ ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრეს სს „დიდუბის ავტოვაგზალმა“ და შპს „ტრანსჯორჯია-2002-მა”, რომლებმაც მოითხოვეს აღნიშნულ ნაწილში ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (ტომი 1, ს.ფ. 288-290).
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2005 წლის 15 აპრილის გადაწყვეტილებით სს “ავტოვაგზალ დიდუბისა” და შპს “ტრანსჯორჯია-2002-ის” სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 16 აპრილის გადაწყვეტილება გასაჩივრებულ ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, ზ. ყვავაძის სარჩელი არ დაკმაყოფილდა (ტომი 1, ს.ფ. 382-386).
საოლქო სასამართლოს 2005 წლის 15 აპრილის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ზ. ყვავაძემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება მოითხოვა (ტომი 1, ს.ფ. 390-395).
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2006 წლის 24 მარტის განჩინებით გაუქმდა თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2005 წლის 15 აპრილის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს (ტომი 1, ს.ფ. 431-436).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 25 სექტემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სს “ავტოვაგზალ დიდუბისა” და შპს “ტრანსჯორჯია-2002-ის” სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა, გაუქმდა ამ საქმეზე თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 16 აპრილის გადაწყვეტილება ზ. ყვავაძის სარჩელის დაკმაყოფილების (შპს “ტრანსჯორჯია-2002-სა” და სს “ავტოვაგზალ დიდუბეს” შორის 2002 წლის 31 ოქტომბერს დადებული იჯარის ხელშეკრულების ბათილად ცნობის) ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; არ დაკმაყოფილდა ზ. ყვავაძის სარჩელი შპს “ტრანსჯორჯია-2002-სა” და სს “ავტოვაგზალ დიდუბეს” შორის 2002 წლის 31 ოქტომბერს დადებული იჯარის ხელშეკრულების ბათილად ცნობის შესახებ.
იმის გათვალისწინებით, რომ სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 25 სექტემბრის სხდომის თაობაზე კანონით დადგენილი წესის დაცვით შესაბამისი შეტყობინებები გაეგზავნა, როგორც უშუალოდ მოწინააღმდეგე მხარეს, ისე მის წარმომადგენლებს (მათ შორის, წარმომადგენელი ნ. კუპრეიშვილი წინა სასამართლო სხდომას პირადად ესწრებოდა), ხოლო დასახელებულ სხდომაზე არც ერთი მათგანი არ გამოცხადებულა და არც სასამართლოსათვის უცნობებია გამოუცხადებლობის მიზეზები, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ არსებობდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 387-ე მუხლის მე-2 ნაწილის გამოყენების საფუძველი. კანონის აღნიშნული ნორმის თანახმად, თუ საქმის განხილვაზე არ გამოცხადდება მოწინააღმდეგე მხარე, სააპელაციო საჩივრის შემტანი პირის თხოვნით სააპელაციო სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას, რომელიც შეიძლება დაემყაროს მომჩივანის ახსნა-განმარტებას. ამავე კოდექსის 230-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, რომელიც 372-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე გამოიყენება სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში საქმეთა განხილვისას, თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე არ გამოცხადდება მოპასუხე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ამ კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით და მოსარჩელე შუამდგომლობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე, მაშინ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება. თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, სარჩელი დაკმაყოფილდება. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო უარს ეტყვის მოსარჩელეს მის დაკმაყოფილებაზე.
სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო საჩივარში მითითებული დამტკიცებულად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები (სს “ავტოვაგზალ დიდუბესა” და შპს “ტრანსჯორჯია-2002-ს” შორის 2002 წლის 31 ოქტომბერს დადებული იჯარის ხელშეკრულება არ არის დადებული მოსაჩვენებლად და სააქციო საზოგადოების ინტერესების საზიანოდ) იურიდიულად ამართლებდა სააპელაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნას, რაც გულისხმობდა გასაჩივრებულ ნაწილში სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებას და ამ ნაწილში ახალი გადაწყვეტილების მიღებით ზ. ყვავაძის სარჩელის _ მხარეებს შორის დადებული საიჯარო ხელშეკრულების ბათილად ცნობის შესახებ _ დაკმაყოფილებაზე უარის თქმას (ტომი 2, ს.ფ. 79-84).
დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე საჩივარი შეიტანა ზ. ყვავაძემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის არსებითად განხილვა.
საჩივრის ავტორი სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობას აღნიშნული სხდომის დროის თაობაზე მის შეუტყობინებლობას უკავშირებს, რის შესაბამისადაც თავის კანონიერ ინტერესებს დარღვეულად მიიჩნევს (ტომი 2, ს.ფ. 89).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 8 აპრილის განჩინებით ზ. ყვავაძის საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 25 სექტემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის “ბ” ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია, თუ სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენებს, რომლებსაც შეეძლოთ ხელი შეეშალათ სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის.
მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალების შეფასების შედეგად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არსებობდა ამ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 25 სექტემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები; საჩივრის ავტორი ვერ ასაბუთებდა იმ გარემოებას, რომ მისი სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო საპატიო მიზეზით.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება უცვლელად დატოვებას დაექვემდებარა (ტომი 2, ს.ფ. 131-135).
სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 8 აპრილის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ზ. ყვავაძემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნება.
კასატორის მტკიცებით, ის გარემოება, რომ სასამართლო უწყება მას პირადად არ ჩაჰბარებია, სასამართლო სხდომის დროის შესახებ მის არაინფორმირებულობაზე მიუთითებს და დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებას განაპირობებს, რასაც სააპელაციო სასამართლომ ყურადღება არ მიაქცია (ტომი 2, ს.ფ. 143-150).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების გამოკვლევის შედეგად მიიჩნევს, რომ ზ. ყვავაძის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 8 აპრილის განჩინება, შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლი ამომწურავად განსაზღვრავს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლებს. აღნიშნული მუხლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს ამ კოდექსის 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის. მითითებული 233-ე მუხლის “ა” ქვეპუნქტის მიხედვით, სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია, თუ გამოუცხადებელი მხარე მოწვეული არ იყო 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებით დასტურდება ის გარემოება, რომ 2007 წლის 25 სექტემბრის სხდომის დროისა და ადგილის შესახებ სასამართლო უწყებები გაეგზავნა როგორც მოწინააღმდეგე მხარეს _ ზ. ყ-აძეს (ტომი 2, ს.ფ. 61), ისე მის წარმომადგენლებს _ გელა ალფაიძეს და გივი გულიაშვილს (ტომი 2, ს.ფ. 62-63). საფოსტო გზავნილის ჩაბარების შესახებ შეტყობინებით ირკვევა, რომ გივი გულიაშვილის სახელზე გაგზავნილი სასამართლო უწყება 2007 წლის 9 ივლისს ჩაჰბარდა მისი ოჯახის წევრს, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე ითვლება მისთვის უწყების ჩაბარებად (ტომი 2, ს.ფ. 67). საქმის მასალებით დგინდება, რომ 2007 წლის 25 სექტემბრის სხდომის შესახებ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით გაფრთხილებული იყო აგრეთვე ზ. ყვავაძის მეორე წარმომადგენელი ნ. კუპრეიშვილი, რომელიც ესწრებოდა წინა სასამართლო სხდომას, რა დროსაც ჩამოერთვა ხელწერილი მომდევნო სხდომის დროსთან დაკავშირებით (ტომი 2, 58).
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის “ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დამაბრკოლებელ გარემოებას _ სასამართლო სხდომაზე კანონით დადგენილი წესით მხარის მიუწვევლობას ადგილი არ ჰქონია, რის გამოც მითითებული საფუძვლით საქმეზე დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი არ არსებობს.
გარდა ამისა, მოცემულ შემთხვევაში არც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის “ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ვითარებას აქვს ადგილი. კანონის დასახელებული ნორმის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია, თუ სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენებს, რომლებსაც შეეძლოთ ხელი შეეშალათ სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის. რამდენადაც მხარეს სააპელაციო სასამართლოსათვის არ უცნობებია სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის მიზეზებზე, სასამართლო გამოუცხადებლობის საპატიობის შესახებ ვერ იმსჯელებდა.
საკასაციო სასამართლო მართებულად მიიჩნევს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას მომჩივანის ახსნა-განმარტებაში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების დამტკიცებულად მიჩნევის პირობებში სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძვლის არსებობის შესახებ. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 387-ე მუხლის მე-2 ნაწილი მიუთითებს, რომ თუ საქმის განხილვაზე არ გამოცხადდება მოწინააღმდეგე მხარე, სააპელაციო საჩივრის შემტანი პირის თხოვნით სააპელაციო სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას, რომელიც შეიძლება დაემყაროს მომჩივანის ახსნა-განმარტებას. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის თანახმად, რომელიც ამავე კოდექსის 372-ე მუხლის შესაბამისად გამოიყენება სააპელაციო ინსტანციით საქმის განხილვისას, თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე არ გამოცხადდება მოპასუხე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ამ კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით და მოსარჩელე შუამდგომლობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე, მაშინ სარჩელში მითითებული გარემოებები დამტკიცებულად ითვლება. თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, სარჩელი დაკმაყოფილდება. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო უარს ეტყვის მოსარჩელეს მის დაკმაყოფილებაზე. აპელანტი, რომლის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნასაც სარჩელის დაკმაყოფილებულ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საიჯარო ხელშეკრულების ბათილად ცნობის შესახებ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა წარმოადგენდა, მიუთითებდა აღნიშნული ხელშეკრულების საზოგადოების ინტერესებში დადების გარემოებებზე, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დასახელებული ფაქტობრივი გარემოების დამტკიცებულად მიჩნევის და სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების წინაპირობას წარმოადგენდა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის საფუძველზე უცვლელად ტოვებს გასაჩივრებულ განჩინებას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ზ. ყვავაძის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა სააპელაციო პალატის 2008 წლის 8 აპრილის განჩინება;
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.