Facebook Twitter

¹ ას-566-949-06 15 იანვარი, 2007 წ.

ქ.თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მიხეილ გოგიშვილი (თავმჯდომარე)

ნუნუ კვანტალიანი (მომხსენებელი), მარიამ ცისკაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი _ ს. ბ-ი_ვ-ე (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე _ სს “ .. .. ..” (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 19 მაისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის დაბრუნება იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად

დავის საგანი _ უბედური შემთხვევის აქტის შედგენა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ს. ბ-ი_ვ-მ სარჩელი აღძრა სასამართლოში სს „ .. .. “ მიმართ ნ-1 აქტის შედგენის შესახებ შემდეგი საფუძვლით: მოსარჩელის მეუღლე ვ. ვ-ე 1992 წლიდან მუშაობდა სს „ .. .. .. “ ელმემონტაჟედ. 2003 წლის დასაწყისისათვის საზოგადოების სახელფასო დავალიანებამ ვ.ვ-ის მიმართ შეადგინა 9707 ლარი. 2003 წლის 15 იანვარს ვ.ვ-ე გამოცხადდა სამუშაოზე. დილის საათებში იგი დაესწრო კრებას, სადაც ემოციურად გამოთქვა თავისი დამოკიდებულება ზემოხსენებული სახელფასო დავალიანების გამო. აღნიშნულის შედეგად ვ. ვ-ე გახდა ცუდად და მოითხოვა სამედიცინო დახმარება, მაგრამ, სატელეფონო კავშირის არარსებობის გამო, იგი იძულებული გახდა წასულიყო სახლში. გზაში ვ. ვ-ის ჯანმრთელობა გაუარესდა და იგი გარდაიცვალა. მოპასუხე ვალდებული იყო აღნიშნულთან დაკავშირებით შეედგინა ნ-1 აქტი, ვინაიდან მუშაკი გარდაიცვალა სამუშაო საათებში, რაც არ მომხდარა.

სს „ .. .. ..“ სარჩელი არ ცნო და აღნიშნა, რომ 2003 წლის 15 იანვარს ვ. ვ-ე დილით გამოცხადდა სამსახურში, შემდეგ ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე დატოვა საწარმოს ტერიტორია. საწარმოს ხელმძღვანელობისათვის მოგვიანებით ცნობილი გახდა ვ. ვ-ის გარდაცვალების ფაქტი, რაშიც მოპასუხეს არანაირი ბრალი არ მიუძღოდა. ამდენად, საწარმოს ბრალეულობის არარსებობის პირობებში ადმინისტრაცია არ იყო ვალდებული სადავო ნ-1 აქტი გამოეწერა.

ტყიბულის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 20 თებერვლის გადაწყვეტილებით ს. ბ-ი_ვ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც ს. ბ-ი_ვ-მ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 19 მაისის განჩინებით ს. ბ-ი_ვ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაიონული სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება კი დარჩა უცვლელი შემდეგ გარემოებათა გამო: სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ აპელანტის მეუღლე ვ. ვ-ე მუშაობდა სს “ .. .. ..” ლაბორატორიის ელმემონტაჟედ. 2003 წლის 15 იანვარს ვ. ვ-ე გამოცხადდა სამსახურში, დაესწრო კრებას, სადაც გამოვიდა სიტყვით. კრების დამთავრების შემდეგ მან თავი შეუძლოდ იგრძნო და ფეხით გაემართა სახლის მიმართულებით, რა დროსაც უბედური შემთხვევის შედეგად ვ.ვ-ე გარდაიცვალა. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება, რომ აღნიშნული შემთხვევა საწარმოო ტრავმად უნდა დაკვალიფიცირდეს, ვინაიდან “შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად ზიანის ანაზღაურების წესის” მეორე მუხლის მოთხოვნიდან გამომდინარე, აპელანტმა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად, ვერ დაადასტურა, რომ სადავო უბედური შემთხვევა უკავშირდებოდა საწარმოო პროცესს და იგი მოხდა მოპასუხის ბრალეულობით.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება ს. ბ-ი_ვ-მ გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის დაბრუნება იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად შემდეგი საფუძვლებით: სააპელაციო სასამართლომ არასწორი შეფასება მისცა საქმის ფაქტობრივ გარემოებებს და არ გამოიყენა საქართველოს სოციალური დაცვის, შრომისა და დასაქმების სამინისტროს 1997 წლის 4 აპრილის ბრძანებით დამტკიცებული წარმოებაში მომხდარი უბედური შემთხვევის გამოკვლევისა და აღრიცხვის დებულება, რომელიც უნდა გამოეყენებინა. წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დასაშვებია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის “ა” ქვეპუნქტის შესაბამისად.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2006 წლის 10 ნოემბრის განჩინებით ს. ბ-ი_ვ-ის საკასაციო საჩივარი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად მიღებულ იქნა წარმოებაში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ს. ბ-ი_ვ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც იგი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავებში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ საკასაციო საჩივრის საგნის ღირებულება აღემატება 50000 ლარს. არაქონებრივ-სამართლებრივ დავებში საკასაციო საჩივარი დასაშვებია სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებასთან დაკავშირებულ დავებზე, ხოლო საკასაციო საჩივარი სხვა ქონებრივ და არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა ეფუძნებოდეს.

წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ დასახელებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი დაუშვებელია ამ ტიპის საქმეებზე არსებული სასამართლო პრაქტიკისაგან გასაჩივრებული განჩინების დასაბუთების განსხვავების, ასევე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით, ვინაიდან უბედური შემთხვევის შრომით-სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე საწარმოო ტრავმად შეფასებასთან დაკავშირებულ საკითხებზე სასამართლო პრაქტიკა ემყარება სწორედ იმ ნორმებს, რომლებითაც სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებული განჩინების გამოტანისას იხელმძღვანელა. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ “შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად ზიანის ანაზღაურების წესის” მეორე მუხლით მართებულად იხელმძღვანელა.

კასატორი ვერ ასაბუთებს და საქმის მასალებითაც არ დასტურდება, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, რამაც არსებითად იმოქმედა საქმის შედეგზე. აღნიშნულის გამო საკასაციო საჩივარი ამ ნაწილშიც დაუშვებელია.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო ასკვნის, რომ ს. ბ-ი_ვ-ის საკასაციო საჩივარი დაუშვებელია და უნდა დარჩეს განუხილველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე და 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ს. ბ-ი_ვ-ის საკასაციო საჩივარი, დაუშვებლობის გამო, დარჩეს განუხილველი.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.