Facebook Twitter

ას-567-908-07 10 ოქტომბერი, 2007 წ.

ქ.თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე)

თეიმურაზ თოდრია (მომხსენებელი), როზა ნადირიანი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – ე. ბ-ი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე _ შ. ბ-ი (მოპასუხე)

გასაჩივრებული სასამართლო განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 17 აპრილის განჩინება

დავის საგანი – საკუთრების უფლების აღდგენა

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება

აღწერილობითი ნაწილი:

2002 წლის 23 აპრილს ლ. ბ-მა სარჩელი აღძრა რუსთავის საქალაქო სასამართლოში - შ. ბ-ს მიმართ სამკვიდროს მიღების ვადის გაგრძელებისა და მემკვიდრედ ცნობის მოთხოვნით და აღნიშნა, რომ 1982 წელს გარდაეცვალა დედა - ნ. ბ-ი. მოპასუხე - შ. ბ-სგან შეიტყო რომ დედის - ნ. ბ-ს ოჯახი წარმოადგენდა საკოლმეურნეო კომლს, რომლის წევრებად ითვლებოდნენ მოსარჩელის დედა - ნ. ბ-ი, ძმა - შ. ბ-ი, რძალი - ე. ბ-ი და ძმისშვილები - გ. და ზ. ბ-ები, მოპასუხემ ასევე განუცხადა, რომ, რადგან ოჯახი საკოლმეურნეო კომლს წარმოადგენდა და დედის გარდაცვალების შემდეგ კომლში დარჩნენ სხვა წევრები, სამკვიდრო არ გახსნილა, შესაბამისად, მას წილი მემკვიდრეობით ვერ მიეცემოდა.

მოსარჩელემ აღნიშნა, რომ უძრავ ქონებაზე, დავა მიმდინარეობდა მამა-შვილს - შ. და ზ. ბ-ებს შორის. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2002 წლის 27 მარტის განჩინებით ძალაში დარჩა თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 10 ივლისის გადაწყვეტილება, ამ გადაწყვეტილებით დადგენილ იქნა, რომ 1982 წელს ნ. ბ-ს ოჯახი არ იყო საკოლმეურნეო კომლი. მოსარჩელის განმარტებით, მისთვის აღნიშნულის შესახებ ცნობილი გახდა 2002 წლის 20 აპრილს. ამ გარემოებაზე მითითებით, მოსარჩელემ მოითხოვა სამკვიდროს მიღების ვადის გაგრძელება და დედის - ნ. ბ-ს სამკვიდრო ქონებაზე მემკვიდრედ ცნობა.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2002 წლის 26 ივნისის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ლ. ბ-ს სასარჩელო მოთხოვნა. მას საპატიოდ ჩაეთვალა სამკვიდროს მიღების ვადის გადაცილება და ცნობილ იქნა მემკვიდრედ დედის - ნ. ბ-ს დანაშთ უძრავ-მოძრავ ქონებაზე.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შ. ბ-მა და მოითხოვა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2002 წლის 26 ივნისის გადაწყვეტილების გაუქმება და, ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002 წლის 14 ივლისის განჩინებით განახლდა საქმის წარმოება შ. ბ-ს სააპელაციო საჩივარზე და მისი განხილვის მიზნით, რამდენჯერმე დაინიშნა სხდომა, კერძოდ, 2006 წლის 23 მაისსა და 2006 წლის 16 ივნისს, ორივე სხდომა გადაიდო ლ. ბ-ს წარმომადგენლის - ნ. ბ-ს შუამდგომლობით, რომელიც საქმის განხილვის გადადებას ითხოვდა იმ საფუძვლით, რომ სურდა ადვოკატის მომსახურებით სარგებლობა.

სააპელაციო სასამართლოში, სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 17 ოქტომბერს დანიშნულ სხდომაზე, არ გამოცხადდა მოწინააღმდეგე მხარე ლ. ბ-ი, რომელსაც შეტყობინება სასამართლო სხდომის თაობაზე ჩაჰბარდა კანონით დადგენილი წესის დაცვით.

საქმეზე წარმოდგენილ იქნა ე. ბ-ს განცხადება სხდომის გადადების თაობაზე იმ მოტივით, რომ გაუარესდა მისი ჯანმრთელობა, რის გამოც ვერ ახერხებს სხდომაზე გამოცხადებას.

აპელანტის წარმომადგენელმა ც. შ-მ იშუამდგომლა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე,¸კერძოდ, აპელანტის წარმომადგენელმა მოითხოვა ამ საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 17 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა შ. ბ-ს სააპელაციო საჩივარი, გაუქმდა ამ საქმეზე რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2002 წლის 26 ივნისის გადაწყვეტილება და ლ. ბ-ს სარჩელი (სამკვიდროს მიღების ვადის გაგრძელების, მემკვიდრედ ცნობის შესახებ) არ დაკმაყოფილდა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 3 ნოემბერს საჩივრით მიმართა ე. ბ-მა, რომელმაც მოითხოვა სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 17 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 13 ნოემბრის განჩინებით ე. ბ-ს საჩივარი მიღებული იქნა წარმოებაში და, მისი განხილვის მიზნით, დაინიშნა სასამართლო სხდომა.

თბილისის სააპრლაციო სასამართლოს 2007 წლის 17 აპრილის განჩინებით ე. ბ-ს საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

ე. ბ-მა საკასაციო საჩივარი შეიტანა აღნიშნულ განჩინებაზე. მან მიუთითა, რომ უწყება გაეგზავნა არა მას, არამედ ვინმე ლ. ბ-ს. უწყება დაბრუნდა სასამართლოში იმის გამო, რომ ადრესატი გასული იყო ქალაქიდან. აქედან გამომდინარე, მას კანონით დადგენილი წესით არ გაეგზავნა უწყება, რის გამოც სასამართლოს მიერ მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება არის უკანონო.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო საკასაციო საჩივარს და მიაჩნია, რომ ე. ბ-ს საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 387-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ საქმის განხილვაზე მოწინააღმდეგე მხარე არ გამოცხადდება, სააპელაციო საჩივრის შემტანი პირის თხოვნით სააპელაციო სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას, რომელიც შეიძლება დაემყაროს მომჩივნის ახსნა-განმარტებას.

ამ მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლო სხდომაზე მოპასუხის გამოუცხადებლობის შემთხვევაში, იყენებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლს, რომელიც ადგენს, რომ, თუ სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდება მოპასუხე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ამ კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით და მოსარჩელე შუამდგომლობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე, მაშინ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება.

მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 17 ოქტომბრის სხდომაზე წარმოდგენილ იქნა ე. ბ-ს განცხადება, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, საქმის განხილვის გადადების შესახებ. ამასთან, განმცხადებელი მიუთითებდა, რომ ავადმყოფობის ცნობას წარმოადგენდა შემდგომში. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ აღნიშნული გარემოება არ წარმოადგენდა საქმის განხილვის გადადების საფუძველს, ამასთან, გათვალისწინებულ იქნა ის გარემოებაც, რომ 2006 წლის 23 მაისის და 2006 წლის 16 ივნისის სასამართლო სხდომებზე საქმის განხილვა ე. ბ-ს შუამდგომლობებით გადაიდო.

სააპელაციო სასამართლოში საჩივრის ზეპრი განხილვის დროს ე. ბ-ს წარმომადგენლმა ლ. პ-მა 2007 წლის 17 აპრილს წარმოადგინა ცნობა იმის შესახებ, რომ ე. ბ-ი 2006 წლის 17 ოქტომბერს იყო ავად.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, მხარის ავადმყოფობა დადასტურებული უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე მისი გამოცხადების შეუძლებლობაზე.

მოცემულ შემთხვევაში ცნობა არ შეიცავს რეგისტრაციის ნომერს, არ არის ხელმოწერილი სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის (შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების დირექტორის) მიერ და მასში არ არის პირდაპირ მითითებული სასამართლო პროცესზე მხარის გამოცხადების შეუძლებლობაზე. გარდა ამისა, საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის შესახებ მის მაგივრად სხვას გაეგზავნა უწყება. როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, მის მიერ მითითებულ მისამართზე გაიგზავნა უწყება. მართალია, უწყებაზე მითითებულია ლ. ბ-ი, მაგრამ აღნიშნული არ არის შეცდომა, ვინაიდან მას მითითებული აქვს როგორც ე. ბ-ი, ისე ლ. ბ-იც.

საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ კონკრეტულ შემთხვევაში კასატორმა ვერ წარმოადგინა მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებდნენ მის მიერ სასამართლო პროცესზე გამოუცხადებლობის შეუძლებლობას.

საკასაციო პალატა თვლის, რომ მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ ე. ბ-ს გამოუცხადებლობა სასამართლო პროცესზე სწორად მიიჩნია არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობად და მის მიმართ დაუსწრებელი გადაწყვეტილება მართებულად გამოიტანა.

საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ე. ბ-ი სასამართლო სხდომაზე მოწვეული იყო კანონით დადგენილი წესით და ამ შემთხვევაში საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის პირველი ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარემოებები არ არსებობს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ე. ბ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 17 აპრილის განჩინება;

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.