Facebook Twitter

ას-567-950-06 1 მარტი, 2007 წ.

ქ.თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

როზა ნადირიანი, თეიმურაზ თოდრია

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – ს.ს ,, .. .. ..“ (მოპასუხე)

წარმომადგენელი----ლ. ს-ი

მოწინააღმდეგე მხარე –ო. Yყი-ე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება –ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 30 მაისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის განხილვა

დავის საგანი –სამუშაოზე აღდგენა. სახელფასო დავალიანების დაფარვა და განაცდურის ანაზღაურება.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ჭიათურის რაიონულ სასამართლოში სარჩელი აღძრა ო. ყი-მ ს.ს ,, .. .. ..“ მიმართ და განმარტა, რომ 1987 წლიდან მუშაობს ს.ს ,, .. .. ..“, ... უფროსად. 2005 წლის ნოემბერში იყო ავად და სააქციო საზოგადოების ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით დროებით ვერ ასრულებდა სამსახუროებრივ მოვალეობას. სამსახურში დაბრუნებისას განუმარტეს, რომ საწარმოში მიმდინარეობდა რეორგანიზაციის პროცესი, რის შედეგადაც ჩატარდებოდა კონკურსი და მას, როგორც გამოცდილ მუშაკს და შესაბამისად უპირატესობის მქონეს, ხელახლა დანიშნავდნენ შესაბამის თანამდებობაზე. იგი დიდხანს ელოდა კონკურსს, მაგრამ აღნიშნული დაპირება გაჭიანურდა, რის შედეგადაც მოითხოვა გადაეცათ მისთვის განთავისუფლების ბრძანება, რაც ს.ს ,, .. .. ..“ მიერ არ შესრულებულა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ითხოვა სამუშაოზე აღდგენა, ძველი სახელფასო დავალიანების დაფარვა და გათავისუფლების დღიდან განაცდურის ანაზღაურება.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ 2005 წლის 11 თებერვალს ო. ყი-ე განთავისუფლდა პირადი განცხადების საფუძვალზე და მან ჩაიბარა შრომის წიგნაკი 2005 წლის 01 აგვისტოს რითაც მტკიცდება, რომ მან იცოდა განთავისუფლების შესახებ და დარღვეული აქვს სასამართლოსათვის მიმართვის ერთთვიანი ვადა, ამდენად სარჩელი დაუსაბუთებელია და მოკლებულია სამართლებრივ საფუძველს.

სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოპასუხემ სცნო სარჩელი სახელფასო დავალიანების ნაწილში და აღნიშნა, რომ მოსარჩელეს ს.ს ,, .. .. ..“-დან ხელფასის სახით ასაღები აქვს 1590, 18 ლარი (ს.ფ.4) რის შემდეგ მოსარჩელემ დააზუსტა მოთხოვნა და მოითხოვა აღდგენილ იქნეს სამუშაოზე და აუნაზღაურდეს იძულებითი განაცდური გათავისუფლების დღიდან.

ჭიათურის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ო. ყი-ის სარჩელი. ს.ს ,, .. .. ..“ დაეკისრა ო. ყი-ის სასარგებლოდ მისი განთავისუფლების ბრძანების გადაცემიდან (2005 წლის 11 თებერვალი) შრომის წიგნაკის ჩაბარებამდე (2005 წლის 01 აგვისტო) იძულებითი განაცდური საშუალო ხელფასის ანაზღაურება.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ს.ს ,, .. .. ..“ და მოითხოვა მისი გაუქმება იძულებითი განცდურის ანაზღაურების ნაწილში და განმარტა, რომ შრომის წიგნაკის დაუბრუნებლობა არ მომხდარა ორგანიზაციის ბრალით.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო პალატის 2006 წლის 30 მაისის განჩინებით ძალაში დარჩა ჭიათურის რაიონულ სასამართლოს 2006 წლის 03 თებერვლის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ საქმის მასალებით დადგენილად მიიჩნია, რომ ო. ყი-ე 2001 წლის 01 ივნისიდან მუშაობდა ს.ს ,, .. .. ..“ ... უფროსად, ასევე დადგენილია, რომ ს.ს ,, .. .. ..“ 2005 წლის 11 თებერვლის ბრძანებით, ო. ყი-ე დათხოვნილ იქნა სამსახურიდან, საკუთარი განცხადების საფუძველზე; შრომის წიგნაკი ო. ყი-ს ჩაბარდა 2006 წლის 01 აგვისტოს. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია ის ფაქტი, რომ შრომის წიგნაკის ჩაუბარებლობა მოხდა ორგანიზაციის ბრალით და მიიჩნია, რომ მუშაკს უნდა მიეცეს საშუალო ხელფასი, იძულებითი განაცდური მთელი დროისათვის.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო პალატის 2006 წლის 30 მაისის განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა ს.ს ,, .. .. ..“ წარმომადგენელმა და განმარტა, რომ გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია, გამოტანილია საპროცესო ნორმათა დარღვევით და მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის არსებითად განხილვა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატა საქმის მასალების განხილვის, საკასაციო საჩივრის მოტივების შემოწმების შემდეგ მიიჩნევს, რომ სს „ .. .. ..“-ს საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს. მოცემულ საქმეზე უნდა გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს პალატის 2006 წლის 30 მაისის განჩინება.

საკასაციო სასამართლო ვალდებულია, რომ შეამოწმოს საკასაციო მოთხოვნის მატერიალურ-სამართლებრივი დასაბუთებულობა სხვა ნორმებთან მიმართებაში, ვიდრე ამას მოითხოვს კასატორი ანუ საკასაციო სასამართლო არ არის შებოჭილი მატერიალურ-სამართლებრივი ნორმების დარღვევით და ვალდებულია შეამოწმოს სამართალშეფარდება.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ ო. ყი-ე 2001 წლის 1 ივნისიდან მუშაობდა სს „ .. .. ..“ ... უფროსად.

სააპელაციო სასამართლოს მიერ ასევე დადგენილია, რომ სს „ .. .. ..“ 2005 წლის 11 თებერვლის ბრძანებით, ო. ყი-ე დათხოვნილ იქნა სამსახურიდან საკუთარი განცხადების საფუძველზე.

სასამართლოს მიერ ასევე დადგენილია, რომ ო. ყი-ს შრომის წიგნაკი ჩაბარდა 2006 წლის 1 აგვისტოს.

სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სს „ .. .. ..“ ადმინისტრაციის მიერ დარღვეული იქნა საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის 41-ე მუხლის მე-5 ნაწილი და 98-ე მუხლი. 41-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, სამუშაოდან დათხოვნისას მუშაკს შრომის წიგნაკს აძლევენ დათხოვნის დღეს, ხოლო შრომის კანონთა კოდექსის 98-ე მუხლი იმპერატიულად ადგენს, რომ ადმინისტრაციის ბრალით შრომის წიგნაკის გაცემის დაყოვნებისას მუშაკს უნდა მიეცეს საშუალო ხელფასი იძულებითი განაცდური მთელი დროისათვის.

საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა შრომის კანონთა კოდექსის 98-ე მუხლი და არ გამოიკვლია ამ მუხლით გათვალისწინებული ფაქტობრივი გარემოებები. კერძოდ, განსახილველი მუხლის თანახმად, ადმინისტრაციის ბრალით შრომის წიგნაკის გაცემის დაყოვნებისას მუშაკს ეძლევა საშუალო ხელფასი იძულებითი გაცდენის მთელი დროისათვის. აღნიშნული ნორმით გათვალისწინებულია ადმინისტრაციის პასუხისმგებლობა მისი ბრალით შრომის წიგნაკის გაცემის დაყოვნებისათვის. უპირველეს ყოვლისა უნდა გავითვალისწინოთ, რომ აღნიშნული პასუხისმგებლობა გამომდინარეობს ამავე კოდექსის 41-ე მუხლის მე-5 ნაწილის დანაწესიდან, რომლის თანახმად „სამუშაოდან დათხოვნისას მუშაკს შრომის წიგნაკს აძლევენ დათხოვნის დღეს“. კანონის აღნიშნული დანაწესი განპირობებულია იმით, რომ „შრომის წიგნაკი წარმოადგენს ძირითად დოკუმენტს მუშის ან მოსამსახურის შრომითი საქმიანობის შესახებ“ (შრომის კანონთა კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილი) და შესაძლებელია მის გარეშე მუშაკმა და მოსამსახურემ ვერ განახორციელოს თავისი შრომითი უფლებები ანუ მუშა-მოსამსახურის სამსახურიდან განთავისუფლებისას შრომის წიგნაკის გაცემის დაყოვნებამ შეიძლება დროებით შეუშალოს მას ხელი სხვა სამსახურის დაწყებაში. კონკრეტულ შემთხვევაში, ამ ნორმის თანახმად, იძულებით გაცდენაში იგულისხმება ამ მუშაკის მიერ, შრომის წიგნაკის გაუცემლობის გამო, სხვა სამსახურში მუშაობის დაწყების შეუძლებლობა.

ამდენად, შრომის კანონთა კოდექსის 98-ე მუხლით გათვალისწინებულია შემდეგი იურიდიული შემადგენლობა, რომლის არსებობის შემთხვევაში შესაძლებელია მუშაკისათვის საშუალო ხელფასის ანაზღაურება, კერძოდ, მუშა-მოსამსახურის სამუშაოდან დათხოვნა, ადმინისტრაციის ბრალით შრომის წიგნაკის გაცემის დაყოვნება, ამის გამო მუშა-მოსამსახურის მიერ სხვა სამსახურში მუშაობის დაწყების შეუძლებლობა (ანუ იძულებით გაცდენის ფაქტი).

საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ არ გამოიკვლია საკითხი იმის შესახებ, რომ ო. ყი-სათვის შეუძლებელი იყო თუ არა, შრომის წიგნაკის დაყოვნების გამო, სხვა სამსახურის დაწყება, ანუ რამდენად არსებობდა იძულებითი გაცდენის ფაქტი სს „ .. .. .. ბრალით შრომის წიგნაკის გაუცემლობის გამო. მხოლოდ ზემოაღნიშნული ფაქტობრივი შემადგენლობის არსებობის შემთხვევაში შესაძლებელია მუშაკისათვის საშუალო ხელფასის ანაზღაურება იძულებითი გაცდენის მთელი დროისათვის.

ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე პალატა მიიჩნევს რომ გადაწყვეტილების დასაბუთება არასრულია, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველია.

პალატა თვლის, რომ სააპელაციო საჩივარი ხელახლა უნდა იქნეს განხილული სააპელაციო სასამართლოს მიერ.

.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

სს „ .. .. ..“ საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 30 მაისის განჩინება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოა და არ გასაჩივრდება.