საქმე ¹ას-568-798-08 25 ნოემბერი, 2008 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მიხეილ გოგიშვილი (თავმჯდომარე)
მოსამართლეები:
ნუნუ კვანტალიანი (მომხსენებელი), ლალი ლაზარაშვილისხდომის მდივანი – ლ.სანიკიძე
კასატორი _ შპს «ტელეკომპანია ...» (მოპასუხე)
წარმომადგენელი _ დ.გ-ი
მოწინააღმდეგე მხარე _ შპს «.. ..» (მოსარჩელე)
წარმომადგენელი _ ლ.ნ-ი
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 8 აპრილის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი _ საავტორო უფლებების დარღვევით მიყენებული ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
შპს «.. ..მა» სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს «ტელეკომპანია ...» მიმართ საავტორო უფლებების დარღვევით მიყენებული ზიანის _ 2500 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის ანაზღაურების შესახებ შემდეგი საფუძვლებით: 2004 წლის 5 ნოემბერს შპს «ტელეკომპანია ...მ» ტელეეთერით საჯაროდ გადასცა მხატვრული ფილმი «თუნუქის დოლი», რასაც ადასტურებს გაზეთ «TV პროგრამაში» გამოქვეყნებული სამაუწყებლო ბადე. აღნიშნული ფილმის საქართველოს ტერიტორიაზე საჯარო გადაცემის განსაკუთრებული უფლება, კომპანია „OU ...“ და შპს «.. ..ს» შორის 2003 წლის 25 ივნისის 2003 წლის 1 ივლისიდან 2005 წლის 1 იანვრამდე მოქმედი სალიცენზიო ხელშეკრულების თანახმად, ეკუთვნოდა შპს «.. ..ს». ლიცენზიატის მიერ ლიცენზიის გაცემის უფლებამოსილება დასტურდება უცხოურ კომპანიებს შორის 2002 წლის 25 მარტს დადებული სატელევიზიო გადაცემების გავრცელების ხელშეკრულებით, ხოლო უფლება ფილმზე «თუნუქის დოლი», რომელიც გადაცემული აქვს კომპანია „OU ...“, დამატებით დასტურდება «ც...ის” 2004 წლის 17 დეკემბრის წერილით. მოსარჩელის მოსაზრებით, შპს «ტელეკომპანია ...მ» დაარღვია შპს «.. ..ს» განსაკუთრებული უფლება საქართველოს ტერიტორიაზე მხატვრულ ფილმ «თუნუქის დოლის» საჯარო გადაცემაზე, არ გაითვალისწინა რა «საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ» კანონის მე-18, 37-ე, 46-ე და 58-ე მუხლები. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2005 წლის 5 იანვრის გადაწყვეტილებით გაზეთ «თV პროგრამაში» გამოქვეყნებული «ტელეკომპანია ...» სამაუწყებლო ბადით დადასტურებულად იქნა ცნობილი «ტელეკომპანია ...» ეთერში მხატვრულ ფილმ «თუნუქის დოლის» საჯარო ჩვენება, რის გამოც მოპასუხეს, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441-ე მუხლის თანახმად, დაედო ადმინისტრაციული სახდელი.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო შემდეგი მოტივებით: ტელეკომპანიის სპეციფიკიდან გამომდინარე, ხშირად უკვე გამოცხადებული პროგრამის საჯარო ჩვენება იცვლება. მოცემულ შემთხვევაში, ტელეკომპანიის თანამშრომლებმა დაუშვეს შეცდომა სამაუწყებლო ბადის შედგენის დროს. მხატვრულ ფილმ «თუნუქის დოლის» საჯარო ჩვენების უფლება შპს «ტელეკომპანია ...ს» გააჩნდა 2005 წლის 1 იანვრიდან. ამ მიზეზით აღნიშნული ფილმის საჯარო ჩვენება ტელეკომპანიის ეთერით არ განხორციელებულა, თუმცა გაზეთში უკვე გამოცხადებული პროგრამის შეცვლა შეუძლებელი გახდა. მოპასუხის მოსაზრებით, მხოლოდ განცხადება არ ადასტურებს ქმედების განხორციელებას, რაც გამოიწვევდა პასუხისმგებლობის დადგენას.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 28 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, შპს «ტელეკომპანია ...ს» დაეკისრა 2500 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა შპს «.. ..ს» სასარგებლოდ, რაც ამ უკანასკნელმა გაასაჩივრა საკასაციო წესით.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2005 წლის 25 ოქტომბრის განჩინებით შპს «ტელეკომპანია ...» საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და საქმე დაუბრუნდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ხელახლა განსახილველად.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 11 ოქტომბრის გადაწყვეტილებით შპს «ტელეკომპანია ...» სარჩელი დაკმაყოფილდა, შპს «ტელეკომპანია ...ს» დაეკისრა შპს «.. ..სათვის» 2500 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა, რაც მოპასუხემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 8 აპრილის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი შემდეგ გარემოებათა გამო: სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი შემდეგი ფაქტობრივი გარემოებანი: შპს „.. ..სა“ და კომპანია „OU ...“ შორის 2003 წლის 25 ივნისის ხელშეკრულებით, აღნიშნულმა კომპანიამ შპს „.. ..ს“ ქონებრივი უფლებები გადასცა ხელშეკრულებაში მითითებულ 41 ფილმზე, მათ შორისაა „თუნუქის დოლი“. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება, რომ სადავო ფილმზე განსაკუთრებული საავტორო უფლების მფლობელები არიან «... FILMშ (პარის)» და «... FILM Eთ, ...-FILM (Mუნიცჰ)» და ამ კომპანიებთან სამართლებრივი კავშირის დაუდასტურებლად სასამართლომ კომპანია „OU ...“ შპს „.. ..სათვის“ საქართველოს ტერიტორიაზე განსაკუთრებული საავტორო უფლების გადამცემ უფლებამოსილ პირად არასწორად ჩათვალა. სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ ზემოხსენებული სალიცენზიო ხელშეკრულების მიხედვით მფლობელს, კომპანია „OU ...“, განსაკუთრებული ქონებრივი უფლებები აქვს 41 აუდიოვიზუალური ნაწარმოების გამოყენებაზე, რომლებიც შემდგომში იწოდება „ფილმები“ და მითითებულია ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილში _ მის დანართში. აღნიშნულ ფილმებს შორისაა „თუნუქის დოლი“. სასამართლოს მითითებით, კომპანია „OU ...“ ხსენებულ უფლებაში არავინ შეცილებია და მის მიერ მითითებულ აუდიოვიზუალურ ნაწარმოებებზე განსაკუთრებული ქონებრივი უფლებების ფლობა სადავოდ არავის გაუხდია. სააპელაციო სასამართლომ საქმის მასალებზე დაყრდნობით დაადგინა, რომ 2003 წლის 12 მაისის სალიცენზიო ხელშეკრულების საფუძველზე, ლიცენზიატმა «... FILMშ-მა» ლიცენზიანტ «ჩ...-ს» გადასცა ლიცენზიით განსაზღვრული ფილმების ჩვენების განსაკუთრებული უფლებები საშინაო ვიდეოჩვენებაზე, ფასიან და თავისუფალ ტელევიზიაზე ლიცენზიით დადგენილ დროსა და ტერიტორიაზე. ლიცენზიის მოქმედების ტერიტორიად სხვა ქვეყნებთან ერთად მითითებულია საქართველო. სასამართლომ მიიჩნია, რომ აღნიშნულ ფილმზე «ჩ...-ის» განსაკუთრებული საავტორო უფლება და „OU ...-სათვის» მის მიყიდვის ფაქტი დასტურდება თავად კომპანია «ჩ...-ის» გაყიდვების უფროსი მენეჯერის _ ა. დ-ის მიერ შპს «.. ..სათვის» 2004 წლის 17 დეკემბერს გაგზავნილი წერილით, რომლის თანახმად ამ უკანასკნელმა უფლებები მიჰყიდა „OU ...“ ფილმებზე _ «აფრიკელი» და „თუნუქის დოლი“. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ შპს „.. ..მა“ საქართველოს ტერიტორიაზე 2003 წლის 1 ივლისიდან 2005 წლის 1 იანვრამდე მხატრული ფილმის „თუნუქის დოლი“ საჯარო გადაცემის განსაკუთრებული უფლება მოიპოვა ამ უფლების მატარებელი კომპანიის „OU ...-საგან» და მის გარდა სხვა პირს (ავტორისა და საავტორო ულებების სხვა მფლობელის ჩათვლით), მათ შორის, შპს „ტელეკომპანია ...ს“ არ ჰქონდა უფლებამოსილება, ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში გამოეყენებინა სადავო ნაწარმოები და ეჩვენებინა იგი საჯაროდ. სააპელაციო პალატამ ასევე არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სადავო ფილმის საჯარო ჩვენების უტყუარ მტკიცებულებად არასწორად მიიჩნია საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მონიტორინგის სამსახურის 2004 წლის 28 დეკემბრის სამსახურებრივი ბარათი, რომელიც, თავის მხრივ, ეყრდნობა გაზეთ „თV პროგრამაში“ გამოქვეყნებულ „ტელეკომპანია ...“ ბადეს, რადგან სასამართლომ სწორად მიუთითა იმ გარემოებაზე, რომ აპელანტს (მოპასუხეს) ეკისრებოდა მის მიერ სარჩელის უარსაყოფად წარდგენილ შესაგებელში მითითებული გარემოებების მტკიცების ტვირთი და მან ვერ განმარტა ფილმ „თუნუქის დოლის“ ნაცვლად, სხვა რა გადაცემა გავიდა მის ეთერში 2004 წლის 5 ნოემბერს, 23.45 საათზე,¸ან როდის მიიღო კომპანიამ გადაწყვეტილება ფილმის საჯარო ჩვენებაზე უარის თქმისა და ამის გამო დაგეგმილი სამაუწყებლო ბადის შეცვლაზე.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება შპს «ტელეკომპანია ...მ» გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლებით: სააპელაციო პალატამ სრულად გაიზიარა რა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, ფაქტობრივად უგულებელყო უზენაესი სასამართლოს მითითებები, ვინაიდან საქალაქო სასამართლომ საერთოდ არ გამოიკვლია და არ შეაფასა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2005 წლის 25 ოქტომბრის განჩინებით მითითებული გამოსაკვლევი გარემოებები, კერძოდ, შპს „.. ..ს“ უფლებამოსილების საკითხი და მისი უფლებების დარღვევის ფაქტი. მოცემული დავის გადაწყვეტისას სასამართლოს პირველ რიგში უნდა გამოეკვლია მოსარჩელის უფლებამოსილების საკითხი, კერძოდ, გააჩნდა თუ არა შპს „.. ..ს“ უფლება, ედავა იმ საავტორო უფლების დარღვევაზე, რომელზეც განსაკუთრებული ქონებრივი უფლებები ავტორობის პრეზუმფციიდან, მხარეთა აღიარებიდან და სასამართლოს შეფასებიდან გამომდინარე, ეკუთვნის «... FILMშ (პარის)» და «... FILM Eთ, ...-FILM-ს (Mუნიცჰ)». მოსარჩელემ ვერ დაადასტურა ამ კომპანიებთან სამართლებრივი კავშირი, რადგან მის მიერ აღნიშნული უფლებამოსილების დამდგენ ხელშეკრულებებს არანაირი კავშირი არა აქვთ ზემოხსენებულ კომპანიებთან. სასამართლომ მოსარჩელის უფლებამოსილება დაადგინა მოსარჩელესა და „OU ...“ შორის გაფორმებული ხელშეკრულებით, ისე რომ არ გამოიკვლია ამ უკანასკნელის სამართლებრივი კავშირი სასამართლოს მიერ უდავოდ მიჩნეული განსაკუთრებული ქონებრივი უფლებების მქონე ზემოაღნიშნულ კომპანიებთან. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ განსაკუთრებული ქონებრივი უფლებები სადავო ფილმზე ეკუთვნის «... FILMშ (პარის)» და «... FILM Eთ, ...-FILM-ს (Mუნიცჰ)», მაგრამ იმავდროულად მიიჩნია, რომ მოსარჩელეს განსაკუთრებული ქონებრივი უფლებები გადაცემული აქვს „OU ...-საგან». აღნიშნული გარემოება სასამართლომ უტყუარად ჩათვალა მხოლოდ იმის გამო, რომ მხარეთა შორის გაფორმებულ ამ ხელშეკრულებას არავინ შეცილებია და ამ საფუძვლით განსაკუთრებული ქონებრივი უფლებების მქონე კომპანიებთან სამართლებრივი კავშირის არსებობის საკითხი სასამართლომ არ შეაფასა. ამდენად, სააპელაციო პალატის მსჯელობა ურთიერთგამომრიცხავია. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს უნდა შეეფასებანა, თუ რა სამართლებრივი კავშირი გააჩნდა მოსარჩელეს «...FILMშ (პარის)» და «... FILM Eთ, ...-FILM (Mუნიცჰ)-სთან», როგორ მოხდა შპს „.. ..სათვის“ განსაკუთრებული ქონებრივი უფლებების გადაცემა ამ კომპანიების მიერ და მხოლოდ მათ შორის უწყვეტი სამართლებრივი კავშირის დადგენის შემთხვევაში ემსჯელა მოსარჩელის უფლების დარღვევაზე. აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულება საქმეში წარმოდგენილი არ არის, შესაბამისად, სასამართლომ დარღვეულად მიიჩნია უფლება, რომლის არსებობა მოსარჩელემ ვერ დაადასტურა. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის საფუძველზე მოსარჩელე ვალდებულია, დაადასტუროს მისი საავტორო უფლების არსებობა სამართლებრივი კავშირით აღიარებულ განსაკუთრებული ქონებრივი უფლებების მქონე პირებთან. „ტელეკომპანია ...მ“ კი, თავის მხრივ, დაადასტურა რომ სადავო ფილმზე განსაკუთრებული ქონებრივი უფლებები ეკუთვნის «... FILMშ (პარის)» და «... FILM Eთ, ...-FILM-ს (Mუნიცჰ)», აღნიშნული დაადასტურა თავად მოსარჩელემ და სასამართლომ, შესაბამისად, მხოლოდ მათ შეუძლიათ იდავონ ამ უფლების დარღვევის შესახებ. არასწორია სასამართლოს მითითება, რომ მოპასუხეს საცილოდ უნდა გაეხადა მოსარჩელესა და „OU ...“ შორის გაფორმებული ხელშეკრულება, ვინაიდან აღნიშნული გარიგება დადებულია არაუფლებამოსილ პირთა შორის და, სამოქალაქო კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად, უცილოდ ბათილია. უსაფუძვლოა სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა, რომ მოპასუხემ საჯაროდ გადასცა ფილმი „თუნუქის დოლი“, რაც დადასტურდა გაზეთ «თV პროგრამაში» გამოქვეყნებული სამაუწყებლო ბადითა და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მონიტორინგის სამსახურის 2004 წლის 28 დეკემბრის სამსახურებრივი ბარათით, რომელიც თავის მხრივ ეყრდნობა გაზეთ «თV პროგრამაში» გამოქვეყნებულ სამაუწყებლო ბადეს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხეს უნდა დაედასტურებინა საწინააღმდეგო, რაც მან ვერ შეძლო, თუმცა გაურკვეველია, თუ რატომ არ მიანიჭა სასამართლომ მოპასუხის ახსნა-განმარტებას მტკიცებულების ძალა, მაშინ, როცა სადავო ფილმის საჯარო ჩვენების უტყუარ მტკიცებულებად ჩათვალა მხოლოდ მოპასუხის განზრახვა _ გაზეთ «თV პროგრამაში» გამოქვეყნებული სამაუწყებლო ბადე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „ტელეკომპანია ...“ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება გაუქმდეს და ახალი გადაწყვეტილებით შპს „.. ..ს“ სარჩელი, საავტორო უფლების დარღვევის გამო, კომპენსაციის გადახდევინების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველი.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო პალატამ არასწორი შეფასება მისცა საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს და, შესაბამისად, არასწორი დასკვნა მიიღო სადავო გარემოებასთან დაკავშირებით, კერძოდ:
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად დაადგინა ის გარემოება, რომ შპს „.. ..სა“ და კომპანია „OU ...“ შორის 2003 წლის 25 ივნისს დადებული ხელშეკრულების თანახმად, აღნიშნულმა კომპანიამ, რომელსაც აქვს განსაკუთრებული ქონებრივი უფლებები 41 აუდიოვიზუალური ნაწარმოებების გამოყენებაზე, მათ შორის, ფილმ „თუნუქის დოლზე“, ამ უკანასკნელზე ქონებრივი უფლებები გადასცა შპს „.. ..ს“. სასამართლოს ეს დასკვნა ეყრდნობა საქმეში წარმოდგენილ 2003 წლის 12 მაისის სალიცენზიო ხელშეკრულებას, რომლის საფუძველზე, ლიცენზიატმა „... FILMშ-მა“ ლიცენზიანტ „ჩ...-ს“ გადასცა ლიცენზიით განსაზღვრული ფილმების ჩვენების განსაკუთრებული უფლებები საშინაო ვიდეოჩვენებაზე, ფასიან და თავისუფალ ტელევიზიაზე ლიცენზიით დადგენილ დროსა და ტერიტორიაზე, მათ შორის საქართველოში. აღნიშნულ ფილმზე „ჩ...-ის “ განსაკუთრებული საავტორო უფლება და „იუ სიპი სტუდიოსათვის“ მის მიყიდვის ფაქტი დასტურდება თავად კომპანია Q„ჩ...-ის“ გაყიდვების უფროსი მენეჯერის – ა. დ-ის მიერ შპს „.. ..სათვის“ 2004 წლის 17 დეკემბერს გაგზავნილი წერილით, რომლის თანახმად ამ უკანასკნელმა უფლებები მიჰყიდა „იუ ...“ ფილმებზე – „აფრიკელი“ და „თუნუქის დოლი“.
უდავოდ დადგენილია ის გარემოება, რომ სადავო ფილმზე განსაკუთრებული საავტორო უფლების მფლობელები არიან „... FILMშ (პარის)“ და „... FILMEთ, ...-FILM (Mუნიცჰ)“.
„საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, განსაკუთრებული ლიცენზიის ხელშეკრულებით ავტორი ან საავტორო უფლების სხვა მფლობელი მხოლოდ ლიცენზიატს აძლევს განსაკუთრებულ უფლებას, გამოიყენოს ნაწარმოები ხელშეკრულებით განსაზღვრული სახითა და ფარგლებში და მასვე ანიჭებს უფლებას, აკრძალოს ნაწარმოების ამგვარი გამოყენება სხვა პირთა (მათ შორის, ავტორის) მიერ.
აღნიშნული ნორმით ლიცენზიის გაცემის უფლება აქვს მხოლოდ ავტორს ან საავტორო უფლების სხვა მფლობელს, შესაბამისად, მხოლოდ ამ პირებისაგან გაცემული უფლება არის იურიდიულად ვარგისი და ლიცენზიატსაც კანონით გათვალისწინებული უფლებები – განსაკუთრებული უფლების გამოყენება და მათ შორის ამ უფლების დარღვევის აღკვეთის საშუალებათა გამოყენების შესაძლებლობა მხოლოდ უფლებამოსილი პირისაგან გაცემული ლიცენზიით მიეკუთვნება.
საავტორო უფლების მფლობელს ნაწარმოების გამოყენების უფლება შეიძლება შეძენილი ჰქონდეს როგორც პირადად ავტორისაგან, ისე მისი უფლებამონაცვლისა და საავტორო უფლების სხვა მფლობელისაგან. ამდენად, განსაკუთრებული ლიცენზიის ხელშეკრულება შესაძლებელია დაიდოს ავტორისაგან დამოუკიდებლად, უფლებამონაცვლეთა თანმიმდევრულ რიგში. ნაწარმოების გამოყენების განსაკუთრებული უფლების შეძენა შემძენს წარმოშობს ვალდებულებას, რომ შეთანხმება განახორციელოს იმ პირთან, ვინც კანონიერად ფლობს უფლებას.
ნაწარმოების გამოყენების უფლების შემძენის მფლობელის უფლებამოსილების შემოწმების სავალდებულოობა გამომდინარეობს საავტორო უფლების დაცვის როგორც შიდა, ასევე საერთაშორისო სამართლებრივი აქტებიდან, კერძოდ, ბერნის კონვენციის მე-7, მე-14 და მე-14ტერ მუხლებით, ასევე ამავე კონვენციის მე-6ბის მუხლით დაცულია რა ავტორთა უფლებები, აღნიშნულია, რომ უფლებათა მფლობელი შეიძლება იყოს ავტორი ან მისი უფლებამონაცვლე, ასევე პირი, რომელმაც კინომატოგრაფიული ნაწარმოების შექმნა დააფინანსა.
ამდენად, ლიცენზიატი შეიძლება იყოს პირი, რომელიც არის ნაწარმოების ავტორი ან რომელსაც განსაკუთრებული ლიცენზიის ხელშეკრულების საფუძველზე შეძენილი აქვს საავტორო უფლება, შესაბამისად, საავტორო უფლების შეძენის მსურველმა უფლების შეძენისას უნდა გაითვალისწინოს, რომ საავტორო უფლების დაცვა გულისხმობს უფლების შეძენას მხოლოდ ლიცენზიატისაგან, რომლის უფლებამოსილებაც სათანადო მტკიცებულებით – განსაკუთრებული ლიცენზიის ხელშეკრულებით უნდა დასტურდებოდეს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ კომპანია „OU ...“ ნაწარმოებზე – ფილმ „თუნუქის დოლზე“ უფლებამოსილების დამადასტურებელ მტკიცებულებად შეიძლება ჩაითვალოს კომპანია „ჩ...-ის“ გაყიდვების უფროსი მენეჯერის – ა. დ-ის წერილი.
ყურადსაღებია ის გარემოებაც, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2005 წლის 25 ოქტომბრის განჩინებით დაკმაყოფილდა რა შპს „ტელეკომპანია ...“ საკასაციო საჩივარი, გაუქმდა მოცემულ საქმეზე გასაჩივრებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ხელახლა განსახილველად იმ საფუძვლით, რომ გამორკვეულიყო ტელეკომპანია „.. ..ის“, როგორც ლიცენზიატის, უფლებამოსილების საკითხი სადავო ნაწარმოების უფლებასთან დაკავშირებით. მიუხედავად აღნიშნულისა, შპს „.. ..მა“ ვერ შეძლო დაედასტურებინა ის გარემოება, რომ ნაწარმოების გამოყენების უფლება მას შეძენილი ჰქონდა უფლებამოსილი პირისაგან. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილით კი, მხარეთა შორის გადანაწილებულია რა მტკიცების ტვირთი, მოსარჩელე ვალდებულია, თვითონვე დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზედაც ის ამყარებს თავის მოთხოვნებს.
საავტორო უფლების დარღვევის აღკვეთის მოთხოვნის უფლება „საავტორო და მომიჯნავე უფლებათა შესახებ“ კანონის შესაბამისად, მხოლოდ ავტორს ან ლიცენზიატს გააჩნია. შპს „.. ..ს“ მიერ ვერ იქნა დადასტურებული ფილმ „თუნუქის დოლზე“ განსაკუთრებული უფლების შეძენა, რაც წარმოადგენს საავტორო უფლების დარღვევის გამო კომპენსაციის გადახდევინებაზე მისი სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების უარის თქმის საფუძველს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
შპს «ტელეკომპანია ...» საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 8 აპრილის განჩინება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება.
შპს „.. ..ს“ სარჩელი საავტორო უფლების დარღვევის გამო კომპენსაციის გადახდევინების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.
საკასაციო პალატის გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.