ას-568-909-07 12 ოქტომბერი, 2007 წ.
ქ. თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატამ
შემადგენლობა:
მიხეილ გოგიშვილი (თავმჯდომარე),
როზა ნადირიანი (მომხსენებელი), მაია სულხანიშვილი
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე საკასაციო სასამართლომ საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სს “.. ..ს” წარმომადგენელ ნ. ს-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 17 იანვრის გადაწყვეტილებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2005 წლის 11 ნოემბერს ნ. ქ-მ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სს “.. ..ს” მიმართ შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დარღვევის გამო, მოპასუხისათვის თანხის დაკისრების თაობაზე.
მოსარჩელის განმარტებით, 2004 წლის 10 მაისს მასსა და მოპასუხეს შორის დადებული შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე, ერთი წლის ვადით (2005 წლის 10 მაისამდე) დაინიშნა საგადასახადო ...ის თანამდებობაზე, აღნიშნული ხელშეკრულებით მოსარჩელის ყოველთვიური ხელფასის ოდენობა განისაზღვრა 900 აშშ დოლარის ეკვივალენტით ლარებში საშემოსავლო გადასახადის გარეშე, ხოლო მისი ჩათვლით 1150 აშშ დოლარით, ანუ 2130 ლარით თვეში. ყოველი დამატებით საათზე მუშაობისათვის კი მოპასუხე კისრულობდა მოსარჩელისათვის 10 აშშ დოლარის ეკვივალენტით ლარებში გადახდას. ხელშეკრულების თანახმად, შესაბამის გადაანგარიშებას ახდენდა სს “.. ..ს” საფინანსო სამსახური, რომლის არასწორი გაანგარიშების შედეგად, დაირღვა სს “.. ..ს” მხრიდან ხელშეკრულებით გათვალისწინებული ფულადი ვალდებულებები, რის გამოც მოითხოვა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევის გამო მიუღებელი სახელფასო და სხვა დავალიანების თანხის ანაზღაურება 8314 ლარის ოდენობით.
მოპასუხე სს “.. ..მა” სარჩელი არ ცნო უსაფუძვლობისა და ხანდაზმულობის გამო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 23 დეკემბრის განჩინებით აღნიშნული საქმე განსჯადობით განსახილველად გადაეცა ბოლნისის რაიონულ სასამართლოს.
ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 20 მარტის გადაწყვეტილებით ნ. ქ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, სს “.. ..ს” მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 5407 ლარის გადახდა, ხოლო სარჩელს მიუღებელი ხელფასის _750 ლარისა და შვებულების თანხის _2130 ლარის გადახდევინების ნაწილში ეთქვა უარი უსაფუძვლობის გამო.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სს “.. ..მა”, მოითხოვა მისი გაუქმება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 17 იანვრის გადაწყვეტილებით სს “.. ..” სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. გაუქმდა ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 20 მარტის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით ნ. ქ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, სს “.. ..ს” მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 5200 ლარის გადახდა.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად ცნო ის გარემოება, რომ მხარეებს შორის დაიდო ვადიანი ხელშეკრულება, რომლითაც მათ შორის განისაზღვრა ხელშეკრულების ვადა და პირობები.
სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ საწარმომ შრომითი საქმიანობის დაწყებიდან პირველი სამი თვის განმავლობაში ნ. ქ-ს სრულად აუნაზღაურა დამატებითი ხარჯები, რაც თავად აპელანტმა აღიარა და სადავოდ არ გაუხდია, ანუ სასამართლომ მიიჩნია, რომ ამით აპელანტმა აღიარა ფაქტობრივი გარემოება, რომელზეც ქ-მ თავისი მოთხოვნა დაამყარა.
სააპელაციო სასამართლომ ქ-ის მოთხოვნა ხელფასიდან არასწორი დაქვითვის გამო მოპსაუხისათვის დამატებით 207 ლარის ანაზრაურების თაობაზე უსაფუძვოდ მიიჩნია.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხე სს “.. ..ს” წარმომადგენელმა _ ნ. ს-მ, მოითხოვა მისი გაუქმება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 3 აგვისტოს განჩინებით, სს “.. ..ს” წარმომადგენელ ნ. ს-ის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სს “.. ..ს” წარმომადგენელ ნ. ს-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავებში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ საკასაციო საჩივრის საგნის ღირებულება აღემატება 50000 ლარს. ამავე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი სხვა ქონებრივ და არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება შრომით დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას სს “.. ..ს” წარმომადგენელ ნ. ს-ის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სს “.. ..ს” წარმომადგენელ ნ. ს-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი დარჩეს განუხილველად.
2. კასატორს დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარის) 70% _ 210 ლარი საქართველოს სახელმწიფო ხაზინის (კოდი:220101222) საბიუჯეტო შემოსავლების ¹300773078 სახაზინო კოდით ძველი თბილისის არასაგადასახადო შემოსულობების ¹200122900 ანგარიშიდან.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.