¹ას-571-954-06 23 აპრილი, 2007 წ.
ქ. თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მიხეილ გოგიშვილი (თავმჯდომარე)
ნუნუ კვანტალიანი (მომხსენებელი), მარიამ ცისკაძესაქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – ო. შ-ე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე _ ი. ჭ-ე, თ.შ-ე (მოპასუხეები)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 12 ივლისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი _ ნივთზე უფლებადაკარგულად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ო. შ-მ სარჩელი აღძრა სასამართლოში ი. ჭ-ის მიმართ საცხოვრებელ ფართზე უფლებადაკაგულად ცნობის შესახებ შემდეგი საფუძვლებით: 1979 წლიდან მხარეები იმყოფებოდნენ რეგისტრირებულ ქორწინებაში, რა დროსაც შეეძინათ შვილი _ თ. . მეუღლეები მუშაობდნენ ერთ ორგანიზაციაში, რა დროსაც, 1987 წელს, მოსარჩელეს, როგორც ჩერნობილი ატომური ელექტროსადგურის ავარიის სალიკვიდაციო სამუშაოებში მონაწილეს, უპირატესი უფლებით გამოუყვეს ქ.ბათუმში, ... ქ.¹34-ში მდებარე ¹5 ბინა. მხარეები განქორწინდნენ და მოსარჩელე თავის ახალ ოჯახთან ერთად დარჩა სადავო ბინაში, ხოლო 1991 წლიდან ი.ჭ-ე შვილთან ერთად საცხოვრებლად გადავიდა მეორე მეუღლესთან. აღნიშნულის მიუხედავად, ი. ჭ-ე და თ. შ-ე ბინიდან არ ამოწერილან, რის გამოც მოსარჩელე ორ სულზე ზედმეტ კომუნალურ გადასახადებს იხდის. დამატებით სასარჩელო განცხადებაში ო.შ-მ მოპასუხედ დაასახელა ასევე თ. შ-ც.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო შემდეგი დასაბუთებით: ო. შ-ე არასათანადო მოსარჩელეა, ვინაიდან სადავო ბინა კომუნალურია და ... საკუთრებას წარმოადგენს. აღნიშნულიდან გამომდინარე, ო.შ-ს ... კუთვნილ ბინაზე უფლებადაკარგულად ცნობის შესახებ მოთხოვნის დაყენების უფლება არ გააჩნია. ამასთან, სარჩელში მითითებული გარემოებანი რეალობას არ შეესაბამება. სადავო ბინა გამოეყო ი. ჭ-ს, რომელიც მოსარჩელესთან განქორწინების შემდეგაც აგრძელებდა მის კუთვნილ ფარში ცხოვრებას, ინახავდა თავის ნივთებს, თუმცა 2004 წლიდან ო.შ-მ თვითნებურად გატეხა ოთახი და ბინით სარგებლობის შესაძლებლობა მოუსპო.
ბათუმის საქალაქო სასამართლოში საქმის განხილვისას ქ.ბათუმის ...ს წინადადება მიეცა ჩაბმულიყო საქმეში სათანადო მოსარჩელედ, რაზეც მან უარი განაცხადა.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 3 ნოემბრის გადაწყვეტილებით ო. შ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც ამ უკანასკნელმა გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 12 ივლისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება კი დარჩა უცვლელი შემდეგ გარემოებათა გამო: სააპელაციო სასამართლოს მითითებით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს 2005 წლის 17 მარტის განჩინებით ო. შ-ე მიჩნეულ იქნა სათანადო მოსარჩელედ. ამასთან, განსახილველი დავა ეხება ბინის დამქირავებელთა შორის არსებულ პრეტენზიას, რის გამოც ერთ-ერთი დამქირავებელი უფლებამოსილია თავისი უფლების დასაცავად მიმართოს სასამართლოს. ამდენად, ო. შ-ე მოცემულ საქმეში სათანადო მოსარჩელეს წარმოადგენს. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ სადავო ბინის მესაკუთრეა ქ.ბათუმის ... და იგი 1988 წელს ბათუმის სახალხო დეპუტატთა აღმასკომის მიერ გადაეცა ი. ჭ-ს. ამ უკანასკნელთან ერთად ბინაში შესახლდნენ და დამქირავებელნი გახდნენ მისი ოჯახის წევრები _ ო. და თ. შ-ები, რა შემადგენლობითაც სადავო ბინის კანონიერი მფლობელობის დამადასტურებელ დოკუმენტში _ ორდერში ოჯახი დაფიქსირდა. პალატამ ასევე დაადგინა, რომ მხარეებმა შექმნეს ცალცალკე ოჯახები, 1988 წლიდან დღემდე მოსარჩელე ცხოვრობს სადავო ბინაში, ი. ჭ-ე და თ. შ-ე კი 1991 წლიდან საცხოვრებლად სხვა მისამართზე გადავიდნენ. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო ურთიერთობა წარმოშვა 1964 წლის რედაქციის სამოქალაქო სამართლის კოდექსის მოქმედების დროს, რის გამოც საქმე განხილულ უნდა იქნეს მითითებული ნორმატიული აქტის, კერძოდ, 279-ე მუხლის საფუძველზე. სასამართლოს მითითებით, სასარჩელო მოთხოვნის თანახმად, მოსარჩელის უფლება ირღვევა, ვინაიდან მოპასუხეები ჩაწერილი არიან სადავო ბინაში, ფაქტობრივად იქ არ ცხოვრობენ, ამდენად, ო.შ-ს დამატებითი გადასახადების გადახდა უწევს და აღნიშნული ხელყოფს მის უფლებებს. პალატის მოსაზრებით, მოქმედი სამოქალაქო კანონმდებლობა ფართზე უფლებადაკარგულად ცნობის ინსტიტუტს არ იცნობს, რის გამოც აღნიშნული მოთხოვნა სამართლებრივი თვალსაზრისით უნდა შეფასდეს, როგორც მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხემ დაკაგოს ბინაზე უფლება, მოპასუხეს კი, თავის მხრივ, სადავო ბინაზე ერთადერთი დამქირავებლის უფლება გააჩნია. მოცემულ შემთხვევაში ო.შ-ს, როგორც ბინის დამქირავებელს თავისი ხელყოფილი უფლებების აღსადგენად სასამართლოსათვის მიმართვის უფლება წარმოეშვა 1991 წლიდან, როდესაც მოსარჩელეები სხვაგან გადავიდნენ საცხოვრებლად და მოსარჩელეს მათ გამო უხდებოდა დამატებით ორ სულზე გადასახადების გადახდა. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო სამართლის კოდექსის 75-ე მუხლით და მიიჩნია, რომ ო. შ-ის სასარჩელო მოთხოვნა ხანდაზმულია.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება ო.შ-მ გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლებით: სააპელაციო სასამართლომ დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნები. პალატამ არ გამოიყენა საბინაო კოდექსის 69-ე და 71-ე მუხლები, რომელთა თანახმად მოპასუხეები აღნიშნულ ნორმებში გათვალისწინებული ექვსთვიანი ვადის გასვლის გამო სადავო სადგომით სარგებლობაზე უფლებადაკარგულად უნდა ეცნო. უსაფუძვლოა სასამართლოს მსჯელობა სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის შესახებ, ვინაიდან მითითებული სასარჩელო მოთხოვნა ეხება საზიარო უფლების გაუქმებას და ამ ნაწილში პალატას უნდა ეხელმძღვანელა მოქმედი სამოქალაქო კოდექსის 968-ე მუხლით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივი დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ო. შ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად ცნო და მხარეს სადავოდ არ გაუხდია შემდეგი ფაქტობრივი გარემეობა:
სადავო ბინის მესაკუთრეა ქ.ბათუმის ... და იგი 1988 წელს ბათუმის სახალხო დეპუტატთა აღმასკომის მიერ გადაეცა ი. ჭ-ს. მასთან ერთად ბინაში შესახლდნენ და დამქირავებელნი გახდნენ მისი ოჯახის წევრები _ ო.და თ. შ-ები, რაც დაფიქსირდა სადავო ბინის ორდერში. 1988 წლიდან დღემდე მოსარჩელე ცხოვრობს სადავო ბინაში, ი. ჭ-ე და თ. შ-ე კი 1991 წლიდან საცხოვრებლად სხვა მისამართზე გადავიდნენ.
საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ მიუხედავად იმისა, რომ არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა ფაქტობრივ გარემოებებს, მხარეთა შორის დავა არსებითად სწორად გადაწყვიტა, რის გამოც დავაზე მიღებული შედეგი უცვლელი უნდა დარჩეს. კერძოდ. მოსარჩელე ო. შ-ე მოპასუხეების ბინაზე უფლებადაკარგულად ცნობის სასარჩელო მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად მიუთითებდა საქართველოს საბინაო კოდექსის 69-ე მუხლით დადგენილ უფლებას, რაც სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა და მოთხოვნა არ დააკმაყოფილა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 75-ე მუხლით (1964 წლის რედაქცია) გათვალისწინებული სასარჩელო ხანდაზმულობის საფუძველზე.
მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელემ განსაზღვრა რა სარჩელის საგანი _ მოპასუხის ფართზე უფლებადაკაგულად ცნობა, სააპელაციო სასამართლოს უნდა ემსჯელა მოთხოვნის სამართლებრივ საფუძველზე, ე.ი. არსებობს თუ არა მატერიალურ-სამართლებრივი ნორმა, რომელიც შეესაბამება სასარჩელო მოთხოვნას. სამოქალაქო კოდექსის 1507-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, სამოქალაქო კოდექსის ამოქმედების გამო ძალადაკარგული ნორმატიული აქტების საფუძველზე წარმოშობილი ურთიერთობების მიმართ გამოიყენება ეს ნორმატიული აქტები, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ურთიერთობის მონაწილეებს სურთ ერთმანეთს შორის ურთიერთობა ამ კოდექსით მოაწესრიგონ, ან, თუ სამოქალაქო კოდექსი უძრავი ნივთების შესახებ ახალ წესებს ითვალისწინებს.
მოცემულ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს უძრავი ნივთი, რომლის მიმართ სამოქალაქო კოდექსი ახალ წესებს ადგენს და უკვე ძალადაკარგული საქართველოს სამოქალაქო სამართლის კოდექსის თუ საბინაო კოდექსის ნორმები არ უნდა იქნეს გამოყენებული. მოქმედი სამოქალაქო კანონმდებლობა კერძო სამართლის სუბიექტების საცხოვრებელ ან არასაცხოვრებელ ფართზე რეგისტრაციის (ჩაწერის) საფუძველზე უფლების მოპოვებისა თუ დაკარგვის შესაძლებლობას არ ითვალისწინებს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე ითხოვს რა მოქმედი კანონით გაუთვალისწინებელი უფლების დადგენას, მის მოთხოვნას სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია და იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ო. შ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 12 ივლისის განჩინება დარჩეს უცვლელი.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.