ას-572-955-06 1 მარტი 2007 წ.
ქ.თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ნუნუ კვანტალიანი, მარიამ ცისკაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორები _ შპს ,,ა...…“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე _ შპს ,,ს...” (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა სააპელაციო პალატის 2006 წლის 12 ივლისის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი _ სასაზღვრო მიჯნის აღდგენა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2005 წლის 30 სექტემბერს ოზურგეთის რაიონულ სასამართლოს სარჩელით მიმართა შპს ,,ს...” დირექტორმა ი. გ-მ შპს ,,ა...” წინააღმდეგ და მოითხოვა თვითნებურად აშენებული სასაზღვრო მიჯნის, სასაზღვრო მიჯნის გასწვრივ აშენებული შენობის კედელის მოშლა და
თავდაპირველი სასაზღვრო მიჯნის აღდგენა შემდეგი საფუძვლით:
მოსარჩელის განცხადებით, შპს ,,ს...” ესაზღვრებოდა შპს ,,ა...”-ს, ხოლო მათ შორის მიწის ნაკვეთები გამიჯნული იყო სასაზღვრო მიჯნით. მოპასუხე მხარემ მასთან შეუთანხმებლად დაანგრია თავდაპირველი სასაზღვრო მიჯნა და ააგო ახალი. მოპასუხემ სასაზღვრო მიჯნის გასწვრივ ააგო შენობა, რომლის ერთი კედელი იყო სასაზღვრო მიჯნის გაგრძელება. აღნიშნულით დაირღვა მოსარჩელის ეზოს იერსახე.
ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 9 თებერვლის გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა შპს ,,ს...” სარჩელი უსაფუძვლობის გამო.
ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 9 თებერვლის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს ,,ს...” და მოითხოვა ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 12 ივლისის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა შპს ,,ს...” საჩივარი. შპს ,,ა...” დაევალა თვითნებურად აღმართული სასაზღვრე მიჯნის და შპს ,,ს...” კუთვნილი მიწის ნაკვეთის საზღვარზე აგებული შენობის კედლის აღება საკუთარი ხარჯებით, ასევე მხარეებს შორის ადრე არსებული მიჯნის პირვანდელი სახით აღდგენა თავისივე ხარჯებით.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მიჯნა რომელზეც მიმდინარეობს დავა, არ წარმოადგენს რომელიმე მხარის საკუთრებას, არამედ წარმოადგენს სასაზღვრე მიჯნას ორ მეზობელ ნაკვეთს შორის.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 182-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ვიდრე ერთ-ერთი მეზობელი დაინტერესებულია სასაზღვრე ნაგებობის არსებობით, დაუშვებელია მისი აღება ან შეცვლა მეზობლის თანხმობის გარეშე. ამავე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების შესაბამისად, თუ მიწის ორი ნაკვეთი ერთმანეთისაგან განიჯნულია ღობით ან საზღვრად გამოყენებული სხვა ნაგებობით, ივარაუდება, რომ მიწის ნაკვეთის მესაკუთრეებს აქვთ თანაბარი უფლება ისარგებლონ ამ ნაგებობით.
აღნიშნილიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ შპს ,,ა...ს” არ ჰქონდა უფლება შპს ,,ს...ს” გარეშე აეღო მიჯნა და შეეცვალა იგი სხვა მიჯნით.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 12 ივლისის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს ,,ა...მ” და მოითხოვა აღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება.
შპს ,,ა...” მითითებით, სააპელაციო პალატამ არ გამოიყენა სამეზობლო სამართლის ის ნორმა, რომელიც არეგულირებს სასაზღვრო მიჯნის აღმართვის საკითხს, კერძოდ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 181-ე მუხლი. აქედან გამომდინარე, კასატორმა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მიიჩნია უკანონოდ, როგორც ღობის დანგრევის ნაწილში, ასევე ჯიხურის კედლის გადაწევის დაკმაყოფილების ნაწილში.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2006 წლის 23 ოქტომბრის განჩინებით შპს ,,ა...ს” საკასაციო საჩივარი მიღებული იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შესამოწმებლად. 2006 წლის 1 დეკემბრის განჩინებით შპს ,,ა...ს” საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დასაშვებად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, საკასაციო საჩივრის საფუძვლები და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 12 ივლისის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:
როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა მიჯნა, რომელზედაც დავა მიმდინარეობს არ წარმოადგენს რომელიმე მხარის საკუთრებას, არამედ წარმოადგენს სასაზღვრო მიჯნას ორ მეზობელ ნაკვეთს შპს ,,ა...” და შპს ,,ს...”კუთვნილ ნაკვეთებს შორის. დავის საგანია ის გარემოება, რომ მიჯნა (ღობე), რომელიც არსებობდა და მხარეთა ზიარ საკუთრებას წარმოადგენდა არ შეიძლებოდა ერთ მეზობელს- სპს ,,ა...”, მეორესთან, შპს ,,ს...” შეთანხმების გარეშე აეღო და შეეცვალა იგი სხვა მიჯნით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 182-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად ,,ვიდრე ერთ-ერთი მეზობელი დაინტერესებულია სასაზღვრო ნაგებობის არსებობით, დაუშვებელია მისი აღება ან შეცვლა მეზობლის თანხმობის გარეშე” აღნიშნულიდან გამომდინარე სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სასაზღვრო მიჯნა, რომელიც მეზობელთან შეუთანხმებლად ააგო შპს ,,ა...” უკანონო ნაგებობა (ღობეა), უკანონოა ის ჯიხურიც, რომლის ერთ კედელსაც აღნიშნული მიჯნა წარმოადგენს და შპს ,,ა...” დაავალა საკუთარი ხარჯებით აეღო თვითნებურად აღმართული სასაზღვრო მიჯნა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
საკასაციო პალტა იზიარებს კასატორის პრეტენზიას იმის თაობაზე, რომ სააპელაციო პალატამ ისე დააკმაყოფილა შპს ,,ს...” დირექტორის სარჩელი, რომ არ გამოიკვლია სასზღვრო მიჯნის აღმართვით დაირღვა თუ არა მისი უფლებები, მიადგა თუ არა მის სამართლებრივ სიკეთეს ზიანი და შპს ,, ს...” მხრიდან ხომ არ აქვს ადგილი უფლების ბოროტად გამოყენებას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115 მუხლის თანახმად ,,სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების გამოყენება იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას” აღნიშნული მუხლიდან გამომდინარე უფლების ბოროტად გამოყენების ძირითად პრინციპს წარმოადგენს ის, რომ სამოქალაქო სამართლის ერთი სუბიექტის მიერ უფლების განხორციელებამ არ უნდა ხელყოს მეორე სუბიექტის უფლებები და კანონიერი ინტერესები. სამოქალაქო უფლებათა გამოყენება უნდა ხდებოდეს კეთილსინდისიერად. საქართველოს სამოქალაქო კოდექსი დაუშვებლად მიიჩნევს უფლების გამოყენებას იმ მიზნით, რომ უფლების გამოყენებით სხვას მიადგეს ზიანი. ამ შემთხვევაში გამოკვეთილი უნდა იყოს ზიანის მიმყენებლის კანონიერი ინტერესი და უფლების გამოყენება მიზნად არ უნდა ისახავდეს სხვისთვის მხოლოდ ზიანის მიყენებას.
Eზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და სააპელაციო საჩივარი ხელახლა უნდა იქნეს განხილული. სააპელაციო სასამართლომ უნდა გამოიკვლიოს, თუ რა ზიანი მიადგა შპს ,,ს...” შპს ,,ა...” მიერ ახალი ღობის აღმართვით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
შპს ,,ა...“ საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 12 ივლისის გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.