¹ას-573-914-07 19 ოქტომბერი, 2007 წ.
ქ. თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატამ
შემადგენლობა:
მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე),
როზა ნადირიანი (მომხსენებელი), თეიმურაზ თოდრია
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე საკასაციო სასამართლომ საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ა. ბ-ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 14 მაისის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2006 წლის 23 იანვარს ა. ბ-მა სარჩელით მიმართა დუშეთის რაიონულ სასამართლოს მოპასუხეების _ ს. ბ-ს, .. .. და ჭოპორტის ... მიმართ და მიუთითა, რომ პაპამისის ძმა _ ა. ბ-ი გარდაიცვალა 1985 წლის 22 ივლისს, რომლის საკუთრებასაც წარმოადგენდა სოფელ ... მდებარე საცხოვრებელი სახლი 0,30 მიწის ნაკვეთით. აღნიშნულ სახლში ცხოვრობდა მისი მეუღლე _ ს. ბ-ი, რომლის სახელზეც სამკვიდრო ქონება აღირიცხა ა. ბ-ს გარდაცვალების შემდეგ.
ამ დროისათვის მოსარჩელე არასრულწლოვანი იყო, ხოლო მის მშობლებს სამკვიდრო არ მოუთხოვიათ.
2006 წლის 21 იანვარს მოსარჩელისათვის ცნობილი გახდა, რომ 1985 წლის 4 ივნისს ა. ბ-ს სანოტარო წესით მის სახელზე გაუფორმებია ანდერძი, რომლითაც უანდერძა თავისი ქონება, მათ შორის ... მდებარე საცხოვრებელი სახლი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ა. ბ-მა მოითხოვა 1985 წლის 22 ივლისს გარდაცვლილი ა. ბ-ს სამკვიდრო ქონებაზე, საცხოვრებელ სახლზე ანდერძისმიერ მემკვიდრედ და მესაკუთრედ ცნობა და, შესაბამისად, დუშეთის ... ცვლილებების შეტანა.
დუშეთის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 15 მაისის გადაწყვეტილებით ა. ბ-ს სარჩელი მოპასუხეების _ ს. ბ-ს, .. .. და ჭოპორტის ... მიმართ, ... ჩანაწერის ბათილად ცნობისა და ანდერძისმიერ მემკვიდრედ და მესაკუთრედ ცნობის თაობაზე არ დაკამყოფილდა უსაფუძვლობის გამო.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ა. ბ-მა, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 14 მაისის განჩინებით ა. ბ-ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო პალატამ დადგენილად ცნო ის გარემოება, რომ მოსარჩელე ა. ბ-ს მშობლებმა იცოდნენ აღნიშნული ანდერძის შესახებ 1985 წელსვე, რის გამოც სარჩელი ხანდაზმულად მიიჩნია.
სააპელაციო სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ ა. ბ-ი სადავო ქონებას არ დაუფლებია.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ა. ბ-მა, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 12 სექტემბრის განჩინებით ა. ბ-ს საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ა. ბ-ს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავებში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ საკასაციო საჩივრის საგნის ღირებულება აღემატება 50000 ლარს. ამავე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი სხვა ქონებრივ და არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება სამემკვიდრეო დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას ა. ბ-ის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ა. ბ-ს საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი დარჩეს განუხილველად.
2. ა. ბ-ს დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის) 70% _ 210 ლარი საქართველოს სახელმწიფო ხაზინის (კოდი:220101222) საბიუჯეტო შემოსავლების ¹300773078 სახაზინო კოდით ძველი თბილისის არასაგადასახადო შემოსულობების ¹200122900 ანგარიშიდან
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.