Facebook Twitter

ას-574-915-07 25 დეკემბერი, 2007 წ.

ქ. თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე)

მოსამართლეები:

ნუნუ კვანტალიანი (მომხსენებელი), მარიამ ცისკაძე

სხდომის მდივანი – ე.ხაჩიძე

კასატორი _ კ. კ-ა (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე _ სს “ვ...ა” (მოპასუხე)

წარმომადგენელი _ თ. ღ-ა

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 16 მარტის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი _ შრომითი ხელშეკრულების ბათილად ცნობა, თანხის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

კ. კ-მ სარჩელი აღძრა სასამართლოში სს “გ...ს” მიმართ, რომლის უფლებამონაცვლეა სს “ვ...ა” და მოითხოვა სამუშაოდან მისი გათავისუფლების თაობაზე 2005 წლის 30 სექტემბრის ¹196 ბრძანების ბათილად ცნობა და თანამდებობიდან გათავისუფლების საფუძვლის შეცვლა შრომის კანონთა კოდექსის 34-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტით, ბანკის ზუგდიდის ფილიალის ...ის თანამდებობაზე დანიშვნის დღიდან უწყვეტად მომუშავედ ცნობა, 2005 წლის 1 ოქტომბრიდან 15 დეკემბრამდე კუთვნილი ხელფასიდან _ 465 ლარიდან მიუღებელი 365 ლარის, ამავე კოდექსის 423 მუხლის “ა” და “ბ” პუნქტის მიხედვით, გასასვლელი დახმარების ერთი თვის ხელფასის _ 190 ლარისა და დათხოვნის დღიდან შრომით მოწყობამდე 2 თვის ხელფასის _ 380 ლარის, სულ 935 ლარის ანაზღაურება შემდეგ გარემოებათა გამო: კ.კ-ა მუშაობდა მოპასუხე ბანკის ზუგდიდის ¹24 რეგიონალური ფილიალის ...ის თანამდებობაზე. 2005 წლის 15 იანვარს შრომითი ხელშეკრულების ვადა განისაზღვრა 2006 წლის 1 იანვრამდე 190 ლარის თანამდებობრივი სარგოთი. სათავო ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს 2005 წლის 26 ივლისის ¹4 დადგენილებით გადაწყდა ბანკში სტრუქტურული რეორგანიზაციის ჩატარება. სათავო ბანკის ადმინისტრაციის 2005 წლის 30 სექტემბრის ¹196 ბრძანებით კ.კ-ა სამუშაოდან გათავისუფლდა, რის საფუძვლადაც არასწორად მიეთითა შრომის კანონთა კოდექსის 30-ე მუხლის პირველი პუნქტის “ბ” ქვეპუნქტი, რადგან, ფაქტობრივად, შრომითი ხელშეკრულების ვადა არ გასულა. აღნიშნული შეცდომის გამოსწორების მიზნით, მოსარჩელემ მიმართა ბანკის ზუგდიდის ¹24 ფილიალის მმართველს, რომელმაც სათავო ბანკის დირექტორთან შეთანხმებით გაუფორმა ახალი ხელშეკრულება იმავე თანამდებობაზე და დაენიშნა სარგო 100 ლარის ოდენობით. 2005 წლის 28 ოქტომბრის ¹6-გ/4 დადგენილებით ამავე წლის 1 დეკემბრიდან ზუგდიდის ფილიალი ლიკვიდირებულ იქნა, თუმცა მოსარჩელეს 2005 წლის 1 ოქტომბრიდან ფაქტობრივად ნამუშევარი თანხა არ მიუღია.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო იმ მოტივით, რომ კ.კ-ა სამსახურიდან გათავისუფლდა შრომითი ხელშეკრულების ვადის გასვლის გამო, რის შესახებაც შრომის კანონთა კოდექსის 422 მუხლის მოთხოვნისამებრ ერთი თვით ადრე გაფრთხილებული იყო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 5 აპრილის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც კ.კ-მ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 16 მარტის განჩინებით კ. კ-ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი შემდეგ გარემოებათა გამო: სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი შემდეგი ფაქტობრივი გარემოებანი: 2005 წლის 1 იანვარს მხარეთა შორის გაფორმდა შრომითი ხელშეკრულება 2006 წლის 1 იანვრამდე და აპელანტი დაინიშნა იურისკონსულტის თანამდებობაზე. ბანკის გენერალური დირექტორის 2005 წლის 21 ივლისის ¹17 ბრძანებით ფილიალის მმართველებს ამავე წლის 25 ივლისიდან ჩამოერთვათ მუშაკთა სამუშაოზე მიღება-გათავისუფლების უფლებამოსილება და დადგინდა, რომ საკადრო ცვლილებების შესახებ ყველა ბრძანება ბანკის გენერალური დირექტორის მიერ უნდა ყოფილიყო გაცემულიყო, ხოლო 2005 წლის 26 აგვისტოს ¹160 ბრძანებით კ. კ-ა სხვა თანამშრომლებთან ერთად გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და გადაწყდა, რომ მოსარჩელე დანიშნულიყო ზუგდიდის ფილიალში იურისტის თანამდებობაზე 2005 წლის 1 ოქტომბრამდე. ბანკის რეორგანიზაციასთან, შტატებისა და დასაქმებულ მუშაკთა რიცხოვნების შემცირებასთან დაკავშირებით კ.კ-ა წერილობით გაფრთხილებულ იქნა 2005 წლის 1 სექტემბრიდან შრომის ხელშეკრულების მოსალოდნელი შეწყვეტის თაობაზე, რაც დასტურდება მხარის ხელმოწერით. სააპელაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 382-ე მუხლის მიხედვით გაიზიარა გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამართლებრივი დასაბუთება. პალატამ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება, რომ 2005 წლის 1 სექტემბრის ხელშეკრულების შესახებ კ.კ-სათვის ცნობილი არ ყოფილა და მასზე შესრულებული ხელმოწერა მხარეს არ ეკუთვნის, რადგან მას აღნიშნული გარემოებანი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლით დადგენილი წესით არ დაუდასტურებია. სასამართლომ მიიჩნია, რომ 2005 წლის 26 აგვისტოს ბრძანება კანონსაწინააღმდეგოდ ვერ ჩაითვლება, რადგან საწარმოში დირექტორი წარმართავს სამეურნეო საქმიანობას და მას აქვს უფლება, მიიღოს ამგვარი გადაწყვეტილებანი. ამასთან, მხარეებს აღნიშნული ბრძანების კანონიერება სადავოდ არ გაუხდიათ და ასეც რომ ყოფილიყო, 2005 წლის 1 სექტემბრის ხელშეკრულება კ.კ-ს მიერაა ხელმოწერილი, რაც იმაზე მიუთითებს, რომ იგი დაეთანხმა ბანკის პირობებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ აპელანტი სამუშაოდან გათავისუფლდა კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, ხელშეკრულების ვადის გასვლის გამო, შესაბამისად, უსაფუძვლოა მისი მოთხოვნა ბრძანების ფორმულირების შეცვლისა და 2005 წლის 1 ოქტომბრიდან 15 დეკემრამდე პერიოდის ხელფასის ანაზღაურების შესახებ.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება კ. კ-მ გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლებით: შრომითი ხელშეკრულება ¹... ყალბია და იგი შედგენილ იქნა კ.კ-ს სამუშაოდან გათავისუფლების შემდეგომ, რაც იმით დასტურდება, რომ მოწინააღმდეგე მხარემ აღნიშნული ბრძანება მის მიერ სასამართლოში შეტანილი ¹02-2/73/563-ის შესაგებელს არ დაურთო და მოგვიანებით წარადგინა სასამართლოში, ხოლო კასატორს გაუგზავნა ფოსტით და ¹160 პშ ბრძანებასთან ერთად მას ჩაბარდა 2006 წლის 15 მარტს. ზემოხსენებული ¹... ხელშეკრულება კ.კ-ს მიერ ხელმოწერილი არ არის, ასევე არასწორადაა მითითებული კასატორის ტელეფონის ნომერი. სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ სათავო ბანკის გენერალურ დირექოტორს სადავო ¹... ხელშეკრულების დადების შესახებ კ.კ-ა არ გაუფრთხილებია და ასევე არ მიუთითებია აღნიშნულის განხორციელება ვინმეს დაავალა თუ არა. სასამართლომ არ შეაფასა საქმის მასალებში წარმოდგენილი ბანკის ფილიალის დირექტორ თ.ს-სა და მისი მოადგილის ახსნა-განმარტება იმის შესახებ, რომ მათთვის 2005 წლის 1 სექტემბრის ¹19 ხელშეკრულების არსებობა უცნობი იყო. ამდენად, დაუსაბუთებელია გასაჩივრებული განჩინების მითითება, რომ აპელანტმა ზემოხსენებული ხელშეკრულების ბათილობა ვერ დაადასტურა, ვინაიდან მხარე მოკლებული იყო შესაძლებლობას წარედგინა სასამართლოსათვის თავისი ხელნაწერის გაყალბების დამადასტურებელი გრაფიკული ექსპერიზის დასკვნა. სააპელაციო პალატამ არასწორად განმარტა შრომის კანონთა კოდექსის მე-19 მუხლი, როდესაც ბანკის ფილიალის მმართველი არ მიიჩნია ამ ნორმით გათვალისწინებულ საწარმოს ადმინისტრაციად, ვინაიდან ფილიალის დირექტორი არის სათავო ბანკის ადგილობრივი წარმომადგენელი და მას გარკვეული ადმინისტრაციული უფლებები გააჩნია. ამდენად, სასამართლომ სათანადოდ არ შეაფასა ის გარემოება, რომ ბანკის ფილიალის დირექტორმა სათავო ბანკის დირექტორთა შეთანხმებით კასატორს კანონიერად გაუგრძელა შრომითი ხელშეკრულება 2005 წლის 1 ოქტომბრიდან და ფილიალის ლიკვიდაციამდე _ 15 დეკემბრამდე კ.კ-ა ასრულებდა თავის მოავლეობებს, ბანკის სახელით გამოდიოდა სასამართლოში, მონაწილეობდა სააღსრულებო წარმოებაში და მისი უფლებამოსილების არაკანონიერად ცნობის შემთხვევაში უნდა გაუქმდეს ყველა ის აქტი, რომელიც ბანკის სახელით მოსარჩელის მონაწილეობითაა მიღებული. სასამართლომ არასწორად მიიჩნია, რომ, ვინაიდან ფილიალის დირექტორი არ იყო უფლებამოსილი, გაეგრძელებინა მხარისათვის შრომითი ხელშეკრულება, არ უნდა დაკმაყოფილდეს კ.კ-ს მოთხოვნა სადავო პერიოდში მიუღებელი ხელფასის ანაზღაურების შესახებ. სააპელაციო პალატამ არ გაითვალისწინა, რომ 2005 წლის 21 ივლისის ¹17 ბრძანება საკადრო საკითხებზე გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილების სათავო ბანკის გენერალური დირექტორისათვის დაქვემდებარების შესახებ ეხება მხოლოდ ფილიალის დირექტორს და კ.კ-ს ფაქტობრივად ნამუშევარის ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძველი ვერ გახდება. 2006 წლის 20 მარტამდე მოქმედი შრომის კანონთა კოდექსის მე-6 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ბათილია 2005 წლის 26 აგვისტოს ¹160 პშ ბრძანება, ვინაიდან მისი მეშვეობით კასატორის შრომითი ხელშეკრულების ვადა 2006 წლის 1 იანვრის ნაცვლად განისაზღვრა მხარის ინტერესების საწინააღმდეგოდ 2005 წლის 1 აგვისტომდე.

საკასაციო სასამართლოში საქმის განხილვისას მხარეებმა წარმოადგინეს მორიგების აქტი და იშუამდგომლეს სასამართლოს წინაშე მისი დამტკიცების შესახებ შემდეგი პირობით:

1. სს “ვ...ა” იჩენს კეთილ ნებას, რაც გამოიხატება იმაში, რომ არ ხდის სადავოდ კ.კ-ს სამსახურიდან გათავისუფლების შემდეგ მუშაობის ფაქტს, რასაც ადასტურებს ზუგდიდის ფილიალის ყოფილი მმართველი თ. ს-ე თავისი ცნობით და თანახმაა, გადაუხადოს სახელფასო დავალიანება 400 ლარის ოდენობით.

მხარეები გაეცნენ მორიგების პირობებს, ეთანხმებიან და აწერენ ხელს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გაეცნო რა მხარეთა მიერ წარმოდგენილ მორიგების აქტს, თვლის, რომ მათი მოთხოვნა მორიგების დამტკიცების თაობაზე კანონიერია და უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს ამ საქმეზე სასამართლოს მიერ მიღებული ყველა გადაწყვეტილება, ხოლო მოცემული საქმის წარმოება შეწყდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მეორე ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მითითებული ნორმა ითვალისწინებს მოდავე მხარეთა მიერ გარკვეული შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში საქმის მორიგებით დამთავრების შესაძლებლობას. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში მხარეთა მიერ შეთანხმებული მორიგების პირობები არ ეწინააღმდეგება კანონს და არ ლახავს მესამე პირთა ინტერესებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, წარმოდგენილი მორიგების აქტი უნდა დამტკიცდეს.

მოდავე მხარეების მიერ შედგენილი მორიგების აქტი დაერთო საქმეს.

მხარეებს განემარტათ, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის “დ” ქვეპუნქტის თანახმად, მხარეთა მორიგების შედეგად მოცემულ დავაზე სამოქალაქო საქმის წარმოება უნდა შეწყდეს, ხოლო, ამავე კოდექსის 273-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 273-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

დამტკიცდეს მორიგება სამოქალაქო საქმეზე _ კ. კ-ს სარჩელის გამო სს “ვ...ს” მიმართ სამსახურიდან გათავისუფლებისა და განაცდურის ანაზღაურების თაობაზე შემდეგი პირობით:

1. სს “ვ...ა” იჩენს კეთილ ნებას, რაც გამოიხატება იმაში, რომ არ ხდის სადავოდ კ.კ-ს სამსახურიდან გათავისუფლების შემდეგ მუშაობის ფაქტს, რასაც ადასტურებს ზუგდიდის ფილიალის ყოფილი მმართველი თ. ს-ე თავისი ცნობით და თანახმაა, გადაუხადოს სახელფასო დავალიანება 400 ლარის ოდენობით.

გაუქმდეს ამ საქმეზე სასამართლოს მიერ მიღებული ყველა გადაწყვეტილება.

შეწყდეს სამოქალაქო საქმის წარმოება კ. კ-ს სარჩელის გამო სს “ვ...ს” მიმართ სამსახურიდან გათავისუფლებისა და განაცდურის ანაზღაურების თაობაზე.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.