ას-575-916-07 20 სექტემბერი, 2007 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატამ
მოსამართლე:M მაია სულხანიშვილი
საქმის ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა თ. დ-ის წარმომადგენლის მ. ყ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 17 აპრილის განჩინებაზე, საქმეზე _ თელავის ... ბაზრის შრომითი კოლექტივის წევრების სარჩელის გამო მოპასუხე თ. დ-ს მიმართ, კერძო არბიტრაჟის შპს “ .. ..” 2002 წლის 21 იანვრის საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ.
პალატამ გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
საქმის ზეპირი განხილვის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს და მიაჩნია, რომ თ. დ-ს წარმომადგენლის მ. ყ-ის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 30 ივლისის განჩინებით თ. დ-ის წარმომადგენელს მ. ყ-ს დაევალა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში ადვოკატის ტესტირების გავლის, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრობის დამადასტურებელი დოკუმენტების, საკასაციო საჩივრის ღირებულების დამადასტურებელი დოკუმენტისა და მის შესაბამისად სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარმოდგენა.
აღნიშნული განჩინების ასლი კასატორის წარმომადგენელს მ. ყ-ს გაეგზავნა კანონით დადგენილი წესით და ჩაბარდა 2007 წლის 30 ივლისს (ს.ფ. 332). შესაბამისად, ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული ვადა ამოიწურა მიმდინარე წლის 4 აგვისტოს, მაგრამ აღნიშნულ ვადაში კასატორის მიერ ხარვეზი არ იქნა შევსებული.
2007 წლის 7 სექტემბერს ანუ საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ მ. ყ-მა განცხადებით მომართა საკასაციო პალატას და მოითხოვა ხარვეზის განჩინების მის მარწმუნებლისათვის გაგზავნა ან ხარვეზის ვადის გაგრძელება.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
მოცემულ შემთხვევაში მაია ყანადაშვილმა ზემოაღნიშნული განცხადება წარმოადგინა საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, რის გამოც იგი განუხილველი უნდა დარჩეს.
პალატა თვლის, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის ბოლო წინადადების თანახმად, საკასაციო საჩივარი დაუშვებელია და უნდა დარჩეს განუხილველი.
პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით, 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
თ. დ-ს წარმომადგენლის მ. ყ-ს საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.