Facebook Twitter

¹ას-576-917-07 14 დეკემბერი, 2007 წ.

ქ.თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მიხეილ გოგიშვილი (თავმჯდომარე)

მარიამ ცისკაძე (მომხსენებელი), ნუნუ კვანტალიანი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – ბ. ზ-ი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე _ ა. ზ-ი (მოპასუხე)

დავის საგანი – სამკვიდრო მოწმობაში ცვლილებების შეტანა, უძრავ ქონებაზე თანამესაკუთრედ ცნობა

გასაჩივრებული სასამართლოს განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 1 ივნისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ნ. ნ-მა და ბ. ზ-მა 2006 წლის თებერვალში სასარჩელო განცხადებით მიმართეს სასამართლოს მოპასუხე ნოტარიუს ვ. შ-ს და ა. ზ-ს მიმართ და მოითხოვეს სამკვიდრო მოწმობის გაუქმება, ახალი სამკვიდრო მოწმობის გაცემა, მემკვიდრეებად და უძრავ ნივთზე თანამესაკუთრედ ცნობა. მოსარჩელეებმა სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება მოითხოვეს იმ საფუძვლით, რომ შ. ზ-ი იყო მათი მამკვიდრებელი, კერძოდ, ნ.ნ-ის მეუღლე და ბ. და ა. ზ-ების მამა. იგი გარდაიცვალა 1977 წელს. მის საკუთრებაში ირიცხებოდა ქ.თბილისში, ... ქ. ¹46-ში მდებარე უძრავი ქონება, რომელიც მემკვიდრეობით მიიღო მხოლოდ მოპასუხე ა.ზ-მა და რომელმაც ნოტარიუსს დაუმალა, რომ მის გარდა არსებობდნენ პირველი რიგის კიდევ სხვა მემკვიდრეები. ამიტომ მიმართეს ნოტარიუსს, მაგრამ მან უარი უთხრა სამკვიდრო მოწმობის გაცემაზე. მოსარჩელეები სარჩელით მოითხოვდნენ 2003 წლის 11 ნოემბერს ნოტარიუსს ვ.შელიას მიერ ა. ზ-ზე გაცემული სამკვიდრო მოწმობის გაუქმებას, ახალი სამკვიდრო მოწმობის გაცემას და ... ქ. ¹46-ში მდებარე უძრავ ქონებაზე ა. ზ-თან ერთად თანასაკუთრეებად აღრიცხვას.

სარჩელის აღძვრის შემდგომ მოსარჩელე ნ. ნ-ი გარდაიცვალა, რის გამოც ბ.ზ-მა მოითხოვა ა.ზ-ზე გაცემულ სამკვიდრო მოწმობაში ცვლილებების შეტანა და თანამესაკუთრედ ცნობა მამის სამკვიდრო ქონების 1/2½ნაწილზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილებით ბ. ზ-ს სარჩელის დაკმაყოფილებაზე ეთქვა უარი.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბ. ზ-მა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 1 ივნისის განჩინებით ბ. ზ-ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ შ. ზ-ი იყო ნ. ნ-ს მეუღლე და ბ. და ა. ზ-ების მამა. მის სახელზე ირიცხებოდა უძრავი ქონება, მდებარე ქ.თბილისში, ... ქ. 46-ში. შ. ზ-ი გარდაიცვალა 1977 წლის 7 სექტემბერს. სააპელაციო პალატამ სამოქალაქო კოდექსის 1320-ე მუხლის თანახმად ჩათვალა, რომ შ. ზ-ს სამკვიდრო გაიხსნა მისი გარდაცვალების დღეს 1977 წლის 7 სექტემბერს. სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს იურიდიული შეფასებები და მიიჩნია, რომ სამოქალაქო საქმეთა კოლეგია მართებულად დაეყრდნო სამკვიდროს გახსნის დროისათვის მოქმედ სამოქალაქო კოდექსის 556-ე, 557-ე მუხლებს. სააპელაციო სასამართლომ სამოქალაქო კოდექსის 1507-ე მუხლის თანახმად ჩათვალა, რომ სამოქალაქო კოდექსის ვრცელდება მხოლოდ იმ ურთიერთობაზე, რომლებიც წარმოიშობა ამ კოდექსის ამოქმედების შემდეგ. სააპელაციო სასამართლომ მოსარჩელე ბ. ზ-ს განმარტების საფუძველზე დადგენილად მიიჩნია, რომ შ. ზ-ს სამკვიდროს მისაღებად არც მას და არც ნ. ნ-ს არ მიუმართავთ ნოტარიუსისათვის და არც ფაქტობრიბად შედგომიან სამკვიდროს ფლობასა და მართვას, ამდენად, მათ სამკვიდრო არ მიუღიათ. ბ. ზ-მა ასევე დაადასტურა ის ფაქტი, რომ მოპასუხე ა. ზ-ი ... ქ. ¹46-ში მდებარე სახლში ცხოვრობდა ქორწინების დღიდან, კერძოდ, 1970 წლიდან, ხოლო მამის გარდაცვალების შემდეგ მან გააგრძელა ცხოვრება ზემოაღნიშნულ ბინაში თავად მოსარჩელე ბ. ზ-ი და მისი დედა ნ. ნ-ი კი ცხოვრობენ რკინიგზის ქ. ¹16-ში. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ ამ გარემოებებზე დაყრდნობით პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად დაასკვნა, რომ სამკვიდროს მიღება დადგენილი წესის მიხედვით არ მომხდარა, სააპელაციო საჩივრის ავტორის მიერ წარმოდგენილი არგუმენტაცია ვერ ასაბუთებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ კანონის დარღვევას.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 1 ივნისის განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა ბ. ზ-მა, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება. კასატორმა ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ მისი მამის გარდაცვალების მომენტში და მას შემდეგ კასატორი და მისი ძმა ჩაწერილები არიან რ-ის ქ. ¹16-ში, ამის გამო მის მიმართ არ შეიძლება გამოყენებულ იყოს კანონით დადგენილი წესი ექვსთვიან ვადაში სამკვდროს მიღების შესახებ. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა მხოლოდ მისი ძმა განმარტება, მისი განმარტება არ არის ასახული გადაწყვეტილებაში. სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ სახლი კასატორს მამამ 1970 წლის შემდეგ ააშენა და საბოლოოდ ექსპლუატაციაში მიღებულ იქნა 1977 წელს. არ არსებობს იმის დამადასტურებეკლი მტკიცებულება, რომ ა. ზ-ი რეგისტრირებულია ... ¹46-ში. კასატორის მითითებით იგი დედასთან ერთად ფლობდა ... ქ. ¹46-ში მდებარე ბინას. რ-ის ქ. ¹16-ში მის მამას ჰქონდა 15 კვ.მ ფართის ბინა, რომელზედაც მასა და დედამისს მისმა ძმამ ათქმევინა ური და გადაუფორმა თავის შვილს. კასატორმა მიუთითა, რომ მას არ დაუდასტურებია, რომ მისი ძმა და რძალი 1970 წლიდან ცხოვრობდნენ ... ქ. ¹46-ში, ამასთან, მათი ქორწინებს დამადასტურებელი რაიმე დოკუმენტი არ არსებობს. მან საკასაციო პალატის ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ სამოქალაქო კოდექსის 1421-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად ფლობდა და განკარგავდა სამკვიდრო ქონებას, ეს გარემოება არ გაითვალისწინა პირველი ინსტანციისა და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოებმა. სააპელაციო სასამართლომ ასევე არ გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 1424-ე მუხლი. კასატორის მითითებით, მისმა ძმამ მის გარეშე მიმართა ნოტარიუსს 2003 წლის 11 ნოემბერს და მხოლოდ მან მიიღო საამკვიდრო, მან ნოტარიუსს დაუმალა სხვა მემკვიდრეების არსებობა. კასატორმა სამოქალაქო კოდექსის 1336-ე მუხლის პირველ ნაწილზე მითითებით განმარტა, რომ იგი წარმოადგენს მამამისის უძრავი ქონების 1/2-ის მემკვიდრეს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 22 ოქტომბრის განჩინებით ბ. ზ-ს საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის შესამოწმებლად; მოწინააღმდეგე მხარეს განესაზღვრა 10 დღის ვადა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებთან დაკავშირებით მოსაზრებების წარმოსადგენად.

კასატორის მოწინააღმდეგე მხარე ა. ზ-მა თავის მოსაზრებაში მიუთითა, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატა საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად თვლის, რომ ბ. ზ-ს საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავებში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ საკასაციო საჩივრის საგნის ღირებულება აღემატება 50000 ლარს. ამავე მუხლის მეოთხე ნაწილის მიხედვით, არაქონებრივ-სამართლებრივ დავებში საკასაციო საჩივარი დასაშვებია სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებასთან დაკავშირებულ დავებზე. ამავე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი სხვა ქონებრივ და არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

მოცემული შემთხვევაში დავის საგანია სამკვიდრო მოწმობის გაუქმება, მემკვიდრედ და მესაკუთრედ ცნობა. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ აღნიშნულ საკითხზე დამკვიდრებული პრაქტიკა გაზიარებულია სააპელაციო სასამართლოს მიერ.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, რამაც არსებითად იმოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარი ამ საფუძვლით დასაშვები არ არის.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას ბ. ზ-ს საკასაციო საჩივარი, რის გამოც კასატორს უარი უნდა ეთქვას საკასაციო საჩივრის განხილვაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორ ბ. ზ-ს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 300 (სამასი) ლარის 70%, რაც 210 (ორას ათ) ლარს შეადგენს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე და 284-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

დაუშვებლად იქნეს მიჩნეული ბ. ზ-ს საკასაციო საჩივარი.

კასატორს დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 210 (ორას ათი) ლარი.

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.