Facebook Twitter

ას-578-886-09 20 ივლისი, 2009 წ.

ქ.თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატის მოსამართლე

ნ. კვანტალიანი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი _ გ. თ-შვილი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე _ სს ,,თელასი” (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 16 დეკემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი _ უკანონოდ დარიცხული თანხის გადახდისაგან გათავისუფლება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

გ. თ-შვილმა სარჩელი აღძრა სასამართლოში სს ,,თელასის” მიმართ ელექტროენერგიის აღრიცხვიანობის აქტის საფუძველზე უკანონოდ დარიცხული თანხის _ 5396,35 ლარის გადახდისაგან გათავისუფლების მოთხოვნით.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 22 აპრილის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა გ.თ-შვილმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 16 დეკემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა გ.თ-შვილმა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2009 წლის 18 ივნისის განჩინებით საკასაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და გ.თ-შვილს დაევალა სახელმწიფო ბაჟის _ 300 ლარის ჩარიცხვის ქვითერის დედნის წარმოდგენა. საკასაციო სასამართლოს განჩინება მხარეს მის მიერ საკასაციო საჩივრში მითითებულ მისამართზე ჩაბარდა 2009 წლის 24 ივნისს. სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში გ.თ-შვილს ხარვეზის არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით მიუმართავს სასამართლოსათვის.

2009 წლის 13 ივლისს გ.თ-შვილმა განცხადებით მიმართა სასამართლოს, წარმოადგინა 2008 წლის 30 იანვარს ნოტარიუს მ.ფანჯიკიას მიერ დამოწმებული სესხის, იპოთეკისა და ბინით სარგებლობის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც გ.თ-შვილმა ს.ვ-შვილისაგან სესხად აიღო 27000 აშშ დოლარი სამი წლით და სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დატვირტა ბინა მდებარე ქ.თბილისში, ... მესამე კვარტალი, კორპუსი ¹18, ბინა ¹25. ხელშეკრულების თანახმად, აღნიშნული სესხი არის სარგებლიანი და სარგებელს შეადგენს მესაკუთრის მიერ საცხოვრებელი ბინით სარგებლობის უფლების იპოთეკარისათვის დათმობა. წარმოდგენილი მტკიცებულების საფუძველზე კასატორმა სასამართლოს წინაშე იშუამდგომლა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე, ამასთან განმარტა, რომ საკასაციო სასამართლოს 2009 წლის 18 ივნისის განჩინება ჩაბარდა იპოთეკარს, რომელმაც აღნიშნულის თაობაზე გ.თ-შვილს აცნობა მხოლოდ 3 ივლისს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო მხარის შუამდგომლობის საფუძვლიანობისა და საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ გ. თ-შვილის საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. ამდენად, დასახელებული მუხლიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია, განახორციელოს მისთვის დაკისრებული მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო მიიჩნევს, რომ მან დაკარგა ინტერესი დავის მიმართ.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს მოცემულ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

მოცემულ შემთხვევაში გ. თ-შვილის საკასაციო საჩივარს საკასაციო სასამართლოს 2009 წლის 18 ივნისის განჩინებით დაუდგინდა ხარვეზი, კასატორს დაევალა სახელმწიფო ბაჟის _ 300 ლარის ჩარიცხვის ქვითრის დედნის წარმოდგენა. აღნიშნული განჩინება გ.თ-შვილის მიერ საკასაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე მხარეს ჩაბარდა 2009 წლის 24 ივნისს (ტ.II, ს.ფ. 74).

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. დასახელებული ნორმის თანახმად, ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი ხუთდღიანი ვადის დენა დაიწყო 2009 წლის 25 ივნისს და ამოიწურა ამავე წლის 30 ივნისს. ამ ვადის განმავლობაში კასატორს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით მიუმართავს სასამართლოსათვის რაც საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

რაც შეეხება კასატორის 2009 წლის 13 ივლისის განცხადებას სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე, განცხადება წარმოდგენილია ხარვეზის გამოსწორებისათვის განჩინებით განსაზღვრული ვადის დარღვევით, ამასთან საკასაციო სასამართლო ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილ ვადის გაშვებას საპატიოდ ვერ მიიჩნევს იმ საფუძვლით, რომ მხარის მიერ საქმეში მითითებულ მისამართზე კასატორი არ ცხოვრობს, რადგანაც ბინა იპოთეკითაა დატვირთული და იპოთეკარმა მას საკასაციო სასამართლოს განჩინების ჩაბარების თაობაზე აცნობა მხოლოდ 3 ივლისს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 71-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო უწყება (შეტყობინება) ადრესატს ბარდება მხარის მიერ მითითებული ძირითადი (ფაქტობრივი ადგილსამყოფელის), ალტერნატიული მისამართლის, სამუშაო ადგილის ან სასამართლოსათვის ცნობილი სხვა მისამართის მიხედვით. დასახელებული ნორმის დანაწესიდან გამომდინარე, სასამართლო შეტყობინება მხარეს გაეგზავნება მის მიერ მითითებულ ერთ-ერთი მისამართზე და შეტყობინების ამ მისამართზე ჩაბარება განიხილება მხარისათვის ჩაბარებად. ამავე კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას რომელ მისამართზე გააგზავნოს უწყება, ისე, რომ არ არის ვალდებული დაიცვას თანმიმდევრობა.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტი იმპერატიულად ადგენს, რომ საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს მისი შემტანი პირის მისამართის მითითებას.

განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით ირკვევა, რომ საკასაციო საჩივარში გ.თ-შვილი უთითებს მხლოდ ძირითად მისამართს _ ქ.თბილისი, ... მე-3 კვარტალი, კორპუსი ¹18, ბინა ¹25 (ტ.II, ს.ფ.56) და სწორედ მხარის მიერ მითითებულ ზემოაღნიშნულ მისამართზე იქნა გაგზავნილი ხარვეზის დადგენის შესახებ საკასაციო სასამართლოს განჩინება, ამდენად, დასახელებული ნორმების საფუძველზე საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია გ.თ-შვილის მიერ მითითებულ მისამართზე გზავნილის ჩაბარება მიიჩნიოს მხარისათვის პირადად ჩაბარებად, ამასთან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 76-ე მუხლის თანახმად მხარეები და მათი წარმომადგენლები მოვალენი არიან აცნობონ სასამართლოს საქმის წარმოების განმავლობაში თავიანთი მისამართის შეცვლის შესახებ. ასეთი ცნობის უქონლობისას უწყება გაიგზავნება სასამართლოსათვის ცნობილ უკანასკნელ მისამარზე და ჩაბარებულად ითვლება, თუნდაც ადრესატი ამ მისამარზე აღარ ცხოვრობდეს. ამდენად, ვინაიდან გ.თ-შვილს საკასაციო სასამართლოსათვის არ უცნობებია მისამართის შეცვლის თაობაზე, სასამართლო მიიჩნევს, რომ გზავნილი ადრესატს ჩაბარდა და მის მიერ ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ წარმოდგენილ შუამდგომლობაში მითითებული გარემოება, რომ ბინა სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნის უზრუნველსაყოფად იპოთეკითაა დატვირთული სადაც გ.თ-შვილი აღარ ცხოვრობს, ვერ გახდება საპროცესო ვადის გაშვების საპატიოდ მიჩნევის საფუძველი. ამასთან, სასამართლო ითვალისწინებს კასატორის მიერ 2009 წლის 13 ივლისის განცხადებაში მითითებულ გარემოებას, რომ გ.თ-შვილისათვის ხარვეზის დადგენის შესახებ საკასაციო სასამართლოს განჩინების თაობაზე ცნობილი გახდა 2009 წლის 3 ივლსს, ხოლო სახელმწიფო ბაჟის გადავადების თაობაზე შუამდგომლობით კასატორმა სასამართლოს მიმართა 13 ივლისს (ტ.II, ს.ფ.75), ამდენად, მხარის მიერ განცხადებაში მითითებული დროიდან ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი ვადის ათვლის შემთხვევაშიც კი გ.თ-შვილს ხუთდღიანი საპროცესო ვადა გაშვებული აქვს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ გ.თ-შვილმა სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ხარვეზი არ გამოასწორა, რაც საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე, 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 399-ე, 372-, 284-ე, 285-ე, 71-ე, 73-ე, 76-ე მუხლებით მე-60 მუხლის მეორე ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

გ. თ-შვილის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.