Facebook Twitter

ას-580-918-07 2 ნოემბერი, 2007 წ.

ქ. თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატამ

შემადგენლობა:

მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე)

თეიმურაზ თოდრია (მომხსენებელი), როზა ნადირიანი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი _ ნ. გ-ი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე _ შპს “ .. ..” (მოპასუხე)

დავის საგანი – მორალური ზიანის ანაზღაურება

გასაჩივრებული სასამართლოს განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 29 მაისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ნ. გ-მა სარჩელით მიმართა სასამართლოს შპს „ .. ..“ მიმართ და მოითხოვა მორალური ზიანის ანაზღაურება. მოსარჩელის განმარტებით, იგი 1993 წლამდე მუშაობდა ქალაქ ფოთის საწესჩვეულებო მომსახურების კომბინატში სასაფლაო მეურნეობის ზედამხედველად, 1993 წლის 26 თებერვალს, ¹9 ბრძანების საფუძველზე, გაათავისუფლეს დაკავებული თანამდებობიდან. მოსარჩელემ მიუთითა, რომ სამუშაოდან განთავისუფლების შემდეგ არაერთგზის მიმართა შპს „ .. ..“ მისი კუთვნილი შრომის წიგნაკის დაბრუნების თაობაზე. მოთხოვნის მიუხედავად, შრომის წიგნაკი არ გადასცეს, რის გამოც მოსარჩელემ ვერ შეძლო მუშაობის დაწყება და ნერვიულობის ნიადაგზე დაავადდა. აღნიშნულიდან გამომდინარე, ნ. გ-მა განმარტა, რომ მას მიადგა მორალური ზიანი და შპს „ .. ..“ მორალური ზიანის ანაზღაურების სახით 20 000 ლარის გადახდის დაკისრება მოითხოვა.

შპს „ .. ..“ დირექტორმა ვ. მ-მ სარჩელი არ სცნო. მოპასუხის განმარტებით, ნ. გ-მა 1993 წელს გააყალბა სასოფლო მეურნეობის თანამშრომლების ხელმოწერები და სასოფლო მეურნეობის სამსახურის საყოფაცხოვრებო სამმართველოდან გადასვლა მოითხოვა. აღნიშნული ფაქტის შემდგომ ნ. გ-ი, ფოთის ... სამმართველოს 1993 წლის 26 თებერვლის ¹9 ბრძანებით გაათავისუფლეს სამსახურიდან. ამავე ბრძანებით დადგინდა, რომ მოპასუხეს დაბრუნებოდა კუთვნილი ნივთები და დოკუმენტები, მათ შორის, შრომის წიგნაკი. ვ. მ-ის განმარტებით, საბოლოოდ ნ. გ-მა შრომის წიგნაკი ჩაიბარა 2005 წლის 8 ნოემბერს, რაც დასტურდება მისი ხელმოწერით სამეგრელოსა და ზემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს შესაბამის დოკუმენტზე.

ფოთის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 10 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ნ. გ-ს სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.

გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ. გ-მა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 29 მაისის განჩინებით ნ. გ-ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ფოთის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 10 ოქტომბრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ მოსარჩელემ ვერ დაადასტურა და წარმოადგინა სათანადო მტკიცებულება იმისა, რომ სწორედ მოპასუხის ბრალეულმა ქმედებამ გამოიწვია მისი დაავადება. სამართლებრივ საფუძვლად სააპელაციო პალატამ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლზე. სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრება იმის თაობაზე, რომ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგენილია შრომის წიგნაკის გაცემის დაყოვნებაში მოპასუხე მხარეს ბრალი არ მიუძღვის.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ნ. გ-მა. კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლოს განჩინება დაუსაბუთებელია, კერძოდ, სააპელაციო სასამართლომ მხედველობაში არ მიიღო ის გარემოება, რომ მან სამუშაოდან განთავისუფლების შემდეგ არაერთგზის მიმართა შპს „ .. ..“ და მისი კუთვნილი შრომის წიგნაკის დაბრუნების თაობაზე, მაგრამ მოთხოვნის მიუხედავად, შრომის წიგნაკი არ გადასცეს, რის გამოც მოსარჩელემ ვერ შეძლო მუშაობის დაწყება და ნერვიულობის ნიადაგზე დაავადდა. კასატორმა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის “ა” და “ბ” პუნქტების საფუძველზე მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 27 ივლისის განჩინებით ნ. გ-ს საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის შესამოწმებლად. მოწინააღმდეგე მხარეს განესაზღვრა 3 - დღიანი ვადა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებთან დაკავშირებით მოსაზრებების წარმოსადგენად.

კასატორის მოწინააღმდეგე მხარე შპს „ .. ..“ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხზე საკასაციო სასამართლოში თავისი მოსაზრება არ წარმოუდგენია.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. გ-ს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავებში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ საკასაციო საჩივრის საგნის ღირებულება აღემატება 50000 ლარს. ამავე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი სხვა ქონებრივ და არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.

კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რამაც არსებითად იმოქმედა საქმის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით არსებობს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, რომ დაუშვას ნ. გ-ს საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ნ. გ-ს საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.