Facebook Twitter

ას-582-920-07 26 ოქტომბერი, 2007 წ.

ქ.თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მიხეილ გოგიშვილი (თავმჯდომარე)

მოსამართლეები:

ნუნუ კვანტალიანი (მომხსენებელი), მ. ცისკაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი _ მ. ჯ-ე-ბ-ე (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე _ ს. მ-ა (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 21 მაისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – საერთო სარგებლობის ეზოს გაყოფა, უკანონო მიშენების მოშლა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ს. მ-მ სარჩელი აღძრა სასამართლოში მ. ჯ-ე-ბ-ის მიმართ საერთო სარგებლობის ეზოს გაყოფისა და უკანონო მიშენების მოშლის შესახებ.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2003 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ს. მ-ს სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეს დაევალა მხარეთა თანასაკუთრებაში არსებულ ეზოში უკანონო მშენებლობის მოშლა, საცხოვრებელი სახლის ეზოში ... ქუჩიდან შესასვლელი დარჩა საერთო საკუთრებასა და სარგებლობაში მოსარჩელის სახლთმფლობელობის ბოლო მიჯნამდე, ხოლო ეზოს დანარჩენი თანასაკუთრებაში რიცხული ნაწილი მხარეთა შორის გაიყო ინდივიდუალურ წილებად, საიდანაც მოსარჩელეს მიეკუთვნა 5/7, ხოლო მოპასუხეს 2/7.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მ. ჯ-ე-ბ-მ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 21 მაისის განჩინებით მ. ჯ-ე-ბ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო: სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ ქ.ბათუმში, ... ქ.¹119-ში მდებარე სახლთმფლობელობის 5/7 _ 290 კვ.მ წარმოადგენს ს. მ-ს საკუთრებას, საიდანაც იგი ფლობს მხოლოდ 125,3 კვ.მ-ს, ხოლო მ. ჯ-ე-ბ-ს ეკუთვნის 2/7 _ 116 კვ.მ, ფაქტობრივად კი ფლობს 151,5 კვ.მ-ს, 35,5 კვ.მ-ით მეტს. სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის მეორე ნაწილით და ჩათვალა, რომ მ.ჯ-ე-ბ-ე უკანონოდ სარგებლობს ს.მ-ს კუთვნილი ფართით, რითაც მას ადგება ზიანი. ამავე კოდექსის 172-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე სააპელაციო პალატამ ასევე გაიზიარა ს.მ-ს მოთხოვნა მოპასუხის მიერ უკანონო მშენებლობის მოშლის შესახებ, ვინაიდან მხარემ სადავო მშენებლობა აწარმოა იმ მიწის ნაკვეთზე, რომელიც მის რეალურ წილს აღემატება.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება მ. ჯ-ე-ბ-მ გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლებით: სააპელაციო სასამართლოს უნდა ეხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 1513-ე მუხლით, 150-ე მუხლის მეორე ნაწილით და კასატორის წილი უნდა განესაზღვრა საერთო საკუთრების 1/3-ით, ხოლო მოწინააღმდეგე მხარის წილი კი 2/3-ით. სასამართლომ არასწორად გაიზიარა ქ.ბათუმის მერიის დადგენილებით ს.მ-ს მიერ უკანონო მშენებლობის დაკანონების ფაქტი. სააპელაციო სასამართლომ უკანონოდ არ დააკმაყოფილა მხარის შუამდგომლობა საქმის წარმოების შეჩერების შესახებ იმ მოტივით, რომ სხვა სასამართლოში იხილებოდა სამოქალაქო საქმე სადავო თანასაკუთრებაში მოდავე მხარეთა წილების განსაზღვრის თაობაზე. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 380-ე მუხლის დარღვევით, სასამართლომ მტკიცებულებად არ მიიღო კასატორის მიერ წარდგენილი ექპერტიზის დასკვნა, რომლითაც დასტურდება, რომ სადავო უკანონო მშენებლობის მოშლა შეუძლებელია ძირითადი ნაგებობისათვის ზიანის მიყენების გარეშე. სააპელაციო პალატას უნდა ეხელმძღვანელა სამოქალაქო სამართლის კოდექსის 75-ე მუხლით და სასარჩელო განცხადება ხანდაზმულად უნდა ჩაეთვალა. სასამართლომ საქმე განიხილა მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, კერძოდ, სააპელაციო პალატამ მხარეებს მისცათ ვადა მორიგებისათვის, რომლის ამოწურვის შემდეგ სასამართლო სხდომაზე ისე გავიდა სათათბიროდ, რომ მხარეთა შორის კამათი არ გაუმართავს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 13 სექტემბრის განჩინებით მ. ჯ-ე-ბ-ის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა მ. ჯ-ე-ბ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხს უკავშირებს გარკვეულ შეზღუდვებს და ადგენს იმ დავათა კატეგორიებს, რომლებზეც შეტანილი საკასაციო საჩივარი საკასაციო სასამართლოს მიერ დასაშვებად უნდა იქნეს ცნობილი. აღნიშნული დანაწესები მოცემულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლში, რომლის შესაბამისად საკასაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავებში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ საკასაციო საჩივრის საგნის ღირებულება აღემატება 50000 ლარს. არაქონებრივ-სამართლებრივ დავებში საკასაციო საჩივარი დასაშვებია სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებასთან დაკავშირებულ დავებზე, ხოლო საკასაციო საჩივარი სხვა ქონებრივ და არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მ. ჯ-ე-ბ-ის საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც ერთი ზემოთ დასახელებული საფუძვლით.

წარმოდგენილი დავის საგანია სანივთო-სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე უძრავი ნივთის მესაკუთრის მიერ ნივთით თავისუფლად სარგებლობაში ხელშეშლის აღკვეთის მართლზომიერება. აღნიშნულ საკითხზე არსებობს სასამართლოს პრაქტიკა, რომელიც ეყრდნობა სამოქალაქო კოდექსის 170-ე და 172-ე მუხლებს. აღნიშნული ნორმებით დაცულია მესაკუთრის უფლება ყოველგვარი უკანონო ხელყოფისაგან, რაც ასახულია სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებაში.

კასატორი ვერ ასაბუთებს და საქმის მასალებითაც არ დასტურდება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა ისეთი საპროცესო დარღვევით, რაც არსებითად იმოქმედებს საქმის შედეგზე, შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ამ საფუძვლითაც დაუშვებელია.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მ. ჯ-ე-ბ-ის საკასაციო საჩივარი დასაშვები არ არის და უნდა დარჩეს განუხილველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მ. ჯ-ე-ბ-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველი დაუშვებლობის გამო.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.