¹ას-584-891-09 20 ოქტომბერი, 2009 წ.
ქ. თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე)
მოსამართლეები:
ნ. კვანტალიანი (მომხსენებელი), ლ. ლაზარაშვილისხდომის მდივანი – ლ.სანიკიძე
კასატორი _ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო (მოსარჩელე)
წარმომადგენელი _ ნ.ლ-შვილი, ლ.თ-ძე
მოწინააღმდეგე მხარე _ შპს „ჰერმესი“ (მოპასუხე)
წარმომადგენელი _ მ.ჩ-იანი
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 24 მარტის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი _ ვალდებულების შესრულება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხე შპს „ჰერმესის“ მიმართ თანხის დაკისრების შესახებ შემდეგი საფუძვლებით: 2006 წლის 6 თებერვალს საქართველოს პრეზიდენტის ნაციონალური პროგრამა „სასოფლო-სამეურნეო მანქანა-დანადგარებით უზრუნველყოფის“ ფარგლებში სასურსათო ხორბლის რეალიზაციიდან ამონაგები თანხებით, სამინისტროს მიერ გამართულ სასოფლო-სამეურნეო მანქანა-დანადგარების შესყიდვაზე გამოცხადდა ღია ტენდერი მინიმუმ 70 ერთეული ტრაქტორისა და გუთნის შესყიდვის მიზნით. გამარჯვებულად გამოვლინდა შპს „ჰერმესი“, რომელსაც, სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების საფუძველზე, დაეკისრა ვალდებულება სულ ცოტა 70 ერთეული ტრაქტორის სამინისტროსათვის მიწოდებაზე. ხელშეკრულების თანახმად, მიმწოდებელმა ნაწილობრივ შეასრულა ვალდებულება, კერძოდ, 2006 წლის 17 მარტის ხელშეკრულებით დადგენილ ვადაში, 2006 წლის 20 აპრილს მხარეებს შორის შედგა მიღება-ჩაბარების აქტი 75 ერთეული ტრაქტორის შემსყიდველისათვის გადაცემის თაობაზე. ამავე დროს ტრაქტორებთან ერთად ასევე გათვალისწინებული იყო 2006 წლის 20 აპრილს იმავე რაოდენობის გუთნების შემოტანის ვალდებულება, რაც მიმწოდებელმა არ შეასრულა. აღნიშნულ ფაქტს ადასტურებს მხარეებს შორის 2006 წლის 27 აპრილს შედგენილი მიღება-ჩაბარების აქტი. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, 2006 წლის 17 მარტის ¹3701-6/49 სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების მე-3 პუნქტის თანახმად, მიმწოდებელი იღებს ვალდებულებას, მიაწოდოს შემსყიდველს საქონელი ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. ამავე დროს ხელშეკრულების საერთო პირობების 20.1 პუნქტის თანახმად, ფორსმაჟორული პირობების გარდა, მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების პირობების დაგვიანებით შესრულების შემთხვევაში გამოიყენება საჯარიმო სანქციები. შესაბამისად, ხელშეკრულების სპეციფიკური პირობების 9.1 მუხლის თანახმად, შპს „ჰერმესს“ უნდა დაეკისროს პირგასამტეხლოს 0,5%-ის გადახდა სოფლის მეურნეობის სამინისტროს სასარგებლოდ გათვალისწინებული მისაწოდებელი საქონლის ღირებულებიდან, სულ _ 314 414,62 ლარი. ხელშეკრულებით გათვალისწინებული 75 ერთეული ტრაქტორისა და გუთნის მიწოდება წარმოადგენდა მხარეებს შორის შეთანხმებულ ერთიან ვალდებულებას, ვინაიდან შემსყიდველის ინტერესში არ შედიოდა მხოლოდ ტრაქტორის მიწოდება გუთნის გარეშე. მოპასუხემ დაარღვია ხელშეკრულების სპეციფიკური პირობების მე-11 პუნქტი, რომელიც ითვალისწინებდა მიმწოდებლის მიერ მისაწოდებელი საქონლის სვლის შემანელებლებით კომპლექტაციას. აღნიშნული უნდა მომხდარიყო სამინისტროს მიერ ამ ხელშეკრულებისათვის გამოყოფილი ასიგნების ფარგლებში, რაც დღემდე შეუსრულებელია. მინსკის სატრაქტორო ქარხნის უკრაინული წარმომადგენლის _ „რიფტის“ ინტერნეტგვერდზე განთავსებული მონაცემებით, სვლის შემანელებლის ერთეულის ფასი შეადგენს 4900 უკრაინულ გრივნას, რაც, ეროვნული ბანკის კურსის შესაბამისად, 1687 ლარია, ამდენად, მოპასუხემ უნდა აანაზღაუროს 75 ერთეულის ღირებულება _ 126525 ლარი.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო შემდეგი დასაბუთებით: სადავო არ არის, რომ მხარეთა შორის დაიდო ორი ხელშეკრულება _ 2006 წლის 17 მარტის ¹370106/49 და 2006 წლის 4 სექტემბრის ¹37101/86. პირველი ხელშეკრულების დავის ღირეულებაა 3733,95 ლარი, მეორის _ 34356,30 ლარი. 2007 წლის 12 იანვრის ¹5-1-9/59 წერილით შპს „ჰერმესისათვის“ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხრიდან ცნობილი გახდა, რომ, 2006 წლის 17 მარტის ხელშეკრულების დარღვევის გამო, შპს „ჰერმესს“ უნდა გადაეხადა 3733,95 ლარი. წერილის მიღებიდან უმოკლეს ვადაში, 2007 წლის 20 თებერვალს, მოპასუხემ აღნიშნული თანხა გადაიხადა, რაც შესაბამისი ქვითრით დასტურდება. 2006 წლის 4 სექტემბრის ხელშეკრულების არაჯეროვანი შესრულებისათვის ყოველ ვადაგადაცილებულ სამუშაო დღეზე პირგასამტეხლო სწორად არ იყო დარიცხული. მიღება-ჩაბარების აქტით დასტურდება, რომ შპს “ჰერმესმა” ნაკისრი ვალდებულებები დროულად შეასრულა, შესაბამისად, გაუგებარია, თუ რა საფუძვლით უნდა დაეკისროს მას პირგასამტეხლო ვადაგადაცილებულ დღეზე 0,5%-ის დარიცხვით. არასწორია თვით პირგასამტეხლოს ოდენობაც. კანონსაწინააღმდეგოა მოსარჩელის მიერ მითითებული სვლის შემანელებლის ღირებულებაც.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 2 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, შპს “ჰერმესს” 2006 წლის 4 სექტემბრის სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე, დაეკისრა 16 935,88 ლარის, ხოლო 2006 წლის 17 მარტის ხელშეკრულებასთან დაკავშირებით _ 8625 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა, დანარჩენ ნაწილში კი სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 24 მარტის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო: სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანისას საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტების არასწორი შეფასების თაობაზე, რაც, აპელანტის მოსაზრებით, იმაში მდგომარეობდა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ ყოველგვარი სამართლებრივი დასაბუთების გარეშე მხედველობაში არ მიიღო საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ მიწოდებული ინფორმაცია სვლის შემანელებლის ღირებულებასთან დაკავშირებით, დაუსაბუთებლად უარყო საჯარო სამართლის იურიდიული პირის “კ.ამირჯიბის სოფლის მეურნეობის მექანიზაციისა და ელექტროფიკაციის ინსტიტუტის” მიერ მოწოდებული ინფორმაცია ტრაქტორებისათვის სვლის შემანელებელი მოწყობილობის ღირებულების თაობაზე, რის გამოც არასწორად იქნა გამოთვლილი მიყენებული ზიანის ოდენობა. სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილით და დადგენილად მიიჩნია, რომ 2006 წლის 17 მარტს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და შპს „ჰერმესს“ შორის გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ¹370101/49 ხელშეკრულების თანახმად, მიმწოდებელმა, შპს „ჰერმესმა“, ვალდებულება იკისრა, შემსყიდველისათვის საქონელი მიეწოდებინა ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, ხელშეკრულების მე-11 პუნქტის თანახმად კი _ მისაწოდებელი საქონელი დაეკომპლექტებინა სვლის შემანელებლებით. მხარეთა შორის 2006 წლის 20 აპრილს შედგენილი მიღება-ჩაბარების აქტით დასტურდება, რომ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსათვის მიწოდებული ტექნიკა სვლის შემანელებლებით დაკომპლექტებული არ იყო. აღნიშნულიდან გამომდინარე, პირველი ინსტანციის სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია ის გარემოება, რომ შპს „ჰერმესის“ მიერ 2006 წლის 17 მარტის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები ჯეროვნად არ შესრულდა. სასამართლომ მიუთითა, რომ აპელანტი სადავოდ ხდის სვლის შემანელებლის ერთეულის ღირებულებას, რომელიც, შპს „ჰერმესის“ მიერ მიწოდებული ინფორმაციით, 115 აშშ დოლარს შეადგენს, ხოლო აპელანტის ინფორმაციით მისი ფასი 1687 ლარია. სააპელაციო პალატამ საქმის მასალებით დაადგინა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განჩინების საფუძველზე შპს „ჰერმესს“ დაევალა 2006 წლის 17 მარტის მდგომარეობით სვლის შემანელებლის ერთეულისა და მისი ტრაქტორზე მონტაჟის ღირებულების შესახებ მტკიცებულებების წარდგენა. საქმეში წარმოდგენილი ბელორუსის რესპუბლიკური ლუნიტარული საწარმო „მინსკის ტრაქტორის ქარხნის“ წერილით ირკვევა, რომ ბოლო 10 წლის განმავლობაში ტრაქტორების „ბელარუსი“ და ასევე ტრაქტორის დამატებითი მოწყობილობების, მათ შორის, გუთნის ტექნიკურ სრულყოფასთან დაკავშირებით სვლის შემანელებელი მოწყობილობის დაყენების აუცილებლობა აღარ არსებობს. ამდენად, ტრაქტორ „ბელარუსი 82.1-ზე“ სახნავი სამუშაოებისათვის სვლის შემანელებელი მოწყობილობის დაყენება საჭირო არ არის. საქმეში წარმოდგენილი ბელორუსის რესპუბლიკური უნიტარული საწარმო „მინსკის ტრაქტორის ქარხნის“ წერილში მითითეულია, რომ იმ შემთხვევაში, თუ მყიდველი შეუკვეთავს ტრაქტორს სამრეწველო დანიშნულების სამუშაოების შესასრულებლად, სვლის შემანელებლის დაყენება ხორციელდება დამატებითი გადასახადის გადახდის შემდეგ. 2006 წლის აპრილს ტრაქტორის ფასი სვლის შემნელებლით გაიზარდა 115 აშშ დოლარით. პალატის მითითებით, საწინააღმდეგო არგუმენტად მოსარჩელემ მიუთითა, რომ მინსკის ქარხნის უკრაინული წარმომადგენლის „რიფტის“ ინტერნეტ გვერდზე არსებული მონაცემებით სვლის შემანელებლის ერთეულის ფასი შეადგენს 4900 უკრაინულ გრივნას, რაც, ეროვნული ბანკის კურსის შესაბამისად, არის 1687 ლარია. მოსარჩელემ ასევე მიუთითა სსიპ “კ. ამირაჯიბის სოფლის მეურნეობის მექანიზაციისა და ელექტროფიკაციის ინსტიტუტის” წერილზე, რომლის თანახმად „ბელარუს 80.1/82.1” ძრავის ტრაქტორებისათვის სვლის შემანელებელი მოწყობილობის საქარხნო ღირებულება 2006 წლისათვის იყო 600 აშშ დლარი. პალატამ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად გამოიკვლია და შეაფასა სვლის შემანელებლის ღირებულებასთან დაკავშირებით, როგორც მოსარჩელის, ისე მოპასუხის მიერ წარდგენილი დოკუმენტები და სრულიად იზიარებს სასამართლოს შეფასებას მოპასუხის მიერ წარდგენილი დოკუმენტების უპირატესი იურიდიული ძალის მქონე მტკიცებულებებად მიჩნევის შესახებ, რადგან მოპასუხის მიერ სასამართლოსათვის მიწოდებული ინფორმაცია ემყარება სასამართლო განჩინების საფუძველზე უშუალოდ მისი მწარმოებელი ქახნიდან გამოთხოვილ დოკუმენტებს, რომელიც უფლებამოსილი პირის მიერაა გაცემული და სათანადო წესითაა დამოწმებული, რისი საწინააღმდეგო მტკიცებულებებიც აპელანტს სასამართლოსთვის არ წარუდგენია. ამასთან, პალატამ ჩათვალა, რომ აპელანტმა ვერ დაასაბუთა მის მიერ მითითებული მტკიცებულების _ მინსკის ქარხნის უფკრაინული წარმომადგენლის „რიფტის“ ინტერნეტ გვერდზე არსებული მონაცემების დამაჯერებლობა, ვინაიდან აღნიშნული მონაცემების მე-11 და მე-12 პუნქტებში მითითებულია ტრაქტორ „მტზ 80-ის“ სვლის შემანელებლების ღირებულებაზე და არა სოფლის მეურნეობის სამინისტროსათვის მიწოდებული ტრაქტორ „ბელარუს 82.1-ის“ სვლის შემანელებლის ღირებულებაზე. რაც შეეხება სსიპ “კ. ამირაჯიბის სოფლის მეურნეობის მექანიზაციისა და ელექტროფიკაციის ინსტიტუტის” წერილში მითითებულ ფასს, სააპელაციო პალატა დაეთანხმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების მითითებას, რომ „მინსკის ტრაქტორის ქარხნის“ წერილში მითითებულია სვლის შემანელებლის ფასი კონკრეტულად 2006 წლის აპრილის მდგომარეობით, მაშინ, როდესაც მოსარჩელის მიერ წარდგენილ მტკიცებულებაში აღნიშნულია ზოგადად 2006 წლისთვის არსებული ფასი. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის არასწორად განმარტებისა და ხელშეკრულების სპეციფიკური პირობების 9.1 მუხლის საფუძველზე ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების გამო შპს „ჰერმესისათვის“ პირგასამტეხლოს სახით ყოველ ვადაგადაცილებულ სამუშაო დღეზე (647 დღე) მოსაწოდებელი საქონლის ღირებულების 0,5%-ის, სულ 433 574,11 ლარის დაკისრებასთან დაკავშირებით. პალატამ ჩათვალა, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების მოტივაცია სასარჩელო მოთხოვნის ამ ნაწილში ამომწურავი, დასაბუთებული და კანონიერია და არ არსებობს აღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმების სამართლებრივი საფუძვლები.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლებით: სასამართლომ დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 244-ე მუხლის მოთხოვნა, როდესაც დაუსაბუთებლად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მოტივაცია, უგულებელყო სამოქალაქო კოდექსის 102-ე და 105-ე მუხლები და არასწორად შეაფასა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები. სასამართლოს მსჯელობა ეწინააღმდეგება სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლს, რადგან სოფლის მეურნეობის სამინისტროსათვის მიყენებული ზიანის განსაზღვრისას სასამართლომ იხელმძღვანელა მხოლოდ მოპასუხის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციით, რომლის თანახმადაც ერთი ერთეულის სვლის შემანელებლის ღირებულება შეადგენს 115 აშშ დოლარს მაშინ, როდესაც საქმეში წარმოდგენილი იყო მტკიცებულებები სვლის შემანელებლის საბაზრო ღირებულების შესახებ. ზიანი სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის გაგებით, არის ის დანაკლისი, რომელიც პირის კანონით დაცულ სიკეთეს მეორე მხარის ქმედების შედეგად მიადგა, ქონებრივი სახის ზიანის გამოთვლა ხორციელდება იმ პირის ქონებრივი მდგომარეობის შეფასებით, რომელიც წარმოიშვა მეორე მხარის ქმედების შედეგად. მნიშვნელოვანია გაირკვეს, თუ რა საბაზრო ღირებულება ჰქონდა სვლის შემანელებელს ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში და არა ის, რა ღირებულებით შეიძინა იგი მომწოდებელმა მწარმოებლისგან, როგორც ეს სასამართლოების მიერ იქნა განმარტებული. ყოველივე ზემოხსენებული ცალსახად ადასტურებს როგორც პირველი ინსტანციის, ისე სააპელაციო სასამართლოს მიერ კანონის არასწორ გამოყენებას და, შესაბამისად, იმ მტკიცებულებათა არასწორ შეფასებას, რომელიც კასატორმა წარმოადგინა. სასამართლომ სარწმუნოდ მიიჩნია მოპასუხის მიერ წარმოდგენილი „მინსკის ტრაქტორის ქარხნის“ მიერ გაცემული წერილი სვლის შემანელებლის ღირებულების თაობაზე და უგულებელყო როგორც ამავე ქარხნის უკრაინელი წარმომადგენლების, ისე, “კ.ამირაჯიბის სოფლის მეურნეობის მექანიზაციისა და ელექტროფიკაციის ინსტიტუტის” სპეციალისტების დასკვნები სვლის შემანელებლის ღირებულების შესახებ. ცხადია, რომ „მინსკის ტრაქტორის ქარხნის“ წერილი შედგენილია სპეციალურად სასამართლო პროცესისთვის და შეიცავს მოწინააღმდეგე მხარის სასარგებლო ინფორმაციას, რადგან სოფლის მეურნეობის სამინისტრომ არაერთხელ მიმართა მწარმოებელ ქარხანას სვლის შემანელებლის ღირებულების შესახებ ინფორმაციის მოწოდების თაობაზე, მაგრამ უშედეგოდ. აღნიშნული წერილი არ შეიძლება ჩაითვალოს ღირებულების დადგენის მყარ სამართლებრივ მტკიცებულებად, რადგან მოწინააღმდეგე მხარე ქარხნის წარმომადგენელია და ცხადია, რომ მინსკის ქარხანა თავის დილერს ნებისმიერი შინაარსი წერილს შეუდგენდა. ამდენად, საქმის განხილვისას დაირღვა სამოქალაქო კოდექსის 408-ე, 409-ე მუხლებისა და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე, 105-ე მუხლების მოთხოვნები. სააპელაციო სასამართლომ არასწორად გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლი, როდესაც განმარტა, რომ ხელშეკრულების სპეციფიკური პირობების 9.1 მუხლის შესაბამისად, სამინისტროს მოთხოვნა, სვლის შემანელებლის მიუწოდებლობის გამო, პირგასამტეხლოს – 433 57411 ლარის გადახდასთან დაკავშირებით უსაფუძვლოა, რადგან მოწინააღმდეგე მხარის მიერ 2006 წლის 17 მარტის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის გადახდილია 3733,95 ლარი. აღნიშნული მსჯელობა არასწორია, ვინაიდან, შპს „ჰერმესის“ მიერ გადახდილი თანხა _ 3 733.95 ლარი არის მხოლოდ ტრაქტორების მოწოდების ვადაგადაცილებით შესრულებისათვის, ხოლო სამინისტროს მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლო _ 433 574,11 ლარი გაანგარიშებულია ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქონლის ღირებულებიდან, ყოველ ვადაგადაცილებულ სამუშაო დღეზე (647 დღე) 0,5%. სასამართლოს მსჯელობა წინააღმდეგობრივია. თუ შპს „ჰერმესს“, 2006 წლის 17 მარტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, დაეკისრა მიყენებული ზიანის ანაზღაურება 8 625 აშშ დოლარის ოდენობით სვლის შემანელებელთან დაკავშირებით, გაურკვეველია, რის გამო არ უნდა დაეკისროს, ამავე ხელშეკრულების სპეციფიკური პირობების 9.1 მუხლის შესაბამისად, პირგასამტეხლოს გადახდა. 2006 წლის 17 მარტის სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების საერთო პირობების 20.1 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის ანდა დაგვიანებით შესრულების შემთხვევაში გამოიყენება საჯარიმო სანქციები, რომელთა ფორმა, ოდენობა, ამოქმედების პირობები და გადახდის ვადები განისაზღვრება ხელშეკრულების 9.1 პუნქტის თანახმად. ამდენად, ხელშეკრულების ვადების დარღვევის გარდა, არ შესრულებულა ასევე ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულების ნაწილიც, რაც, ხელშეკრულების თანახმად, სანქცირებულია პირგასამტეხლოს დაკისრებით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება სადავო ნივთის _ ტრაქტორის სვლის შემანელებლის ღირებულების ანაზღაურების ნაწილში გაუქმდეს და ამ ნაწილში საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს ხელახლა განსახილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად ცნო შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: 2006 წლის 17 მარტს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და შპს „ჰერმესს“ შორის გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ¹370101/49 ხელშეკრულების თანახმად, მიმწოდებელმა, შპს „ჰერმესმა“, ვალდებულება იკისრა შემსყიდველისათვის საქონელი მიეწოდებინა ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. ხელშეკრულების მე-11 პუნქტის თანახმად, მიმწოდებელმა იკისრა ვალდებულება, რომ მისაწოდებელი საქონელი დაეკომპლექტებინა სვლის შემანელებლებით. მხარეთა შორის 2006 წლის 20 აპრილს შედგენილი მიღება-ჩაბარების აქტით დასტურდება, რომ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსათვის მიწოდებული ტექნიკა (ტრაქტორები) სვლის შემანელებლებით დაკომპლექტებული არ იყო.
აღნიშნულთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის შეფასებას, რომ შპს “ჰერმესმა” დაარღვია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის დანაწესი ვალდებულების ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას შესრულების თაობაზე. დადგენილი ფაქტობრივი გარემობების შეფასებით მხარეთა შორის ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა წარმოიშვა ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, რომლის ძალითაც მხარეები შეთანხმდნენ ნივთის ფასის წინასწარ გადახდით ნასყიდობის საგანზე _ სვლის შემანელებლით აღჭურვილი განსაზღვრული ხარისხის ტრაქტორების საკუთრებაში გადაცემაზე. სამოქალაქო კოდექსის 487-ე მუხლით, გამყიდველმა მყიდველს უნდა გადასცეს ნივთობრივი და უფლებრივი ნაკლისაგან თავისუფალი ნივთი, ხოლო ამავე კოდექსის 488-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ნაკლს უთანაბრდება, თუ გამყიდველი გადასცემს ნივთის მხოლოდ ერთ ნაწილს, სულ სხვა ნივთს, მცირე რაოდენობით ან, თუ ნივთის ერთი ნაწილი ნაკლის მქონეა, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ნაკლი არსებით გავლენას ვერ მოახდენს შესრულებაზე. გამყიდველის _ შპს “ჰერმესის” მიერ გადაცემული ნივთის ნივთობრივი ნაკლი _ ნივთის შეთანხმებული ნაწილის გარეშე გადაცემა სადავო არ არის. გაყიდული ნივთის ნაკლის არსებობის შემთხვევაში სამოქალაქო სამართალი მხარეებს აძლევს შესაძლებლობას, სახელშეკრულებო პირობათა მოდიფიცირების გზით (სამოქალაქო კოდექსის 490-ე, 492-ე მუხლები) რეალური მდგომარეობა შეუსაბამონ სამართლებრივ ურთიერთობას და შეინარჩუნონ ხელშეკრულება.
მოცემულ შემთხვევაში მყიდველს _ კასატორს ნივთის ნივთობრივი ნაკლის გამო ნასყიდობის საგნის მიღებაზე უარი არ განუცხადებია და, შესაბამისად, ხელშეკრულების მოშლა არ მოუთხოვია. სამოქალაქო კოდექსის 492-ე მუხლის თანახმად, თუ მყიდველი არ ითხოვს ნივთის ნაკლის გამოსწორებას ან ახლით მის შეცვლას, გამყიდველისათვის საამისოდ მიცემული ვადის გასვლის შემდეგ და არც ხელშეკრულების მოშლას, მას შეუძლია მოითხოვოს ფასის შემცირება იმ ოდენობით, რაც საჭიროა ნაკლის გამოსასწორებლად. მხედველობაში მიიღება ხელშეკრულების დადების მომენტისათვის არსებული ფასი.
მითითებული ნორმის შინაარსი გვაძლევს დასკვნის საფუძველს, რომ ნივთობრივი ნაკლის არსებობის შემთხვევაში კრედიტორს უფლება აქვს, მოითხოვოს ნასყიდობის საგნის ფასის შემცირება, ხოლო წინასწარ გადახდის შემთხვევაში _ უსაფუძვლოდ გადახდილის უკან გამოთხოვა, ვინაიდან ვალდებულება ამ ნაწილში შეწყვეტილია (სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის “ა” ქვეპუნქტი), ხოლო მხარეთა განმარტებით დადგენილია, რომ მწარმოებელი ნივთის სადავო ნაწილის _ სვლის შემანელებლების წარმოებას აღარ ახორციელებს, ხოლო ხელშეკრულებით ტრაქტორის სვლის შემანელებლით შესყიდვის თანხა წინასწარ გადახდილია. ასევე სამოქალაქო კოდექსის 494-ე მუხლის პირველი ნაწილით, ნივთის ნაკლით ან ხელშეკრულებით განსაზღვრული სხვა პირობების დარღვევით მიყენებული ზიანი ანაზღაურდება ზოგადი წესების მიხედვით.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო ასკვნის, რომ მოცემულ შემთხვევაში ნივთობრივი ნაკლი უნდა შეფასდეს არა მხარეთა მიერ დავის წარმოშობის შემდეგ მოძიებული და წარმოდგენილი ფასის განმსაზღვრელი მტკიცებულებებით, არამედ ნასყიდობის ხელშეკრულებით, რომლითაც ტრაქტორის ფასი განისაზღვრა სვლის შემანელებელთან ერთად. ცხადია, რომ მყიდველიც და გამყიდველიც ნასყიდობის ხელშეკრულებაში ნივთის ფასის განსაზღვრისას, ჩვეულებრივ, უნდა ითვალისწინებდნენ ნივთის ხარისხს, რომელზედაც გავლენას ახდენს ესა თუ ის დანამატი _ გაუმჯობესება. მით უმეტეს, როდესაც გამყიდველს ნასყიდობის საგნის ფასი, როგორც ეს მოცემულ შემთხვევაშია, წინასწარ აქვს გადახდილი. მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულების პირობად ასეთი დანამატის _ სვლის შემანელებლის მითითებაც, ხოლო მიღება-ჩაბარების აქტით ამ დეტალის არარსებობის დაფიქსირება მეტყველებს იმ გარემოებაზე, რომ ტრაქტორის ფასის განსაზღვრაზე გავლენა უნდა მოეხდინა სადავო დეტალს. შესაბამისად, ამ დეტალის ღირებულება უნდა განისაზღვროს სწორედ მხარეთა მიერ შეთანხმებული და ხელშეკრულებაში გათვალისწინებული პირობით.
რაც შეეხება საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობას პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ამ ნაწილში საკასაციო საჩივარი უსაფუძვლოა, კერძოდ, კასატორი გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას ითხოვდა იმ საფუძვლითაც, რომ მოწინააღმდეგე მხარეს პირგასამტეხლო დაეკისრა მხოლოდ ტრაქტორის მიწოდების გადაცილებისათვის, და არა სვლის შემანელებლების მიწოდების გადაცილებისათვის, რითაც დაირღვა სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის დანაწესი. კასატორის მოსაზრებით, თუკი შპს “ჰერმესს” დაეკისრა მიყენებული ზიანის _ სვლის შემანელებლის ღირებულების ანაზღაურება, ასევე უნდა დაკისრებოდა სვლის შემანელებლის მიწოდების გადაცილებისათვის პირგასამტეხლო.
სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის მიხედვით, პირგასამტეხლო _ მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა _ მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.
მოცემული ხელშეკრულების 9.1 მუხლის თანახმად, სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებული მიწოდების ვადების დარღვევის შემთხვევაში მიმწოდებელს დაეკისრება პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ სამუშაო დღეზე მისაწოდებელი საქონლის ღირებულების 0,5%-ის ოდენობით. ამ პირობიდან ნათლად ჩანს, რომ მხარეთა შეთანხმება პირგასამტეხლოზე ეფუძნება მთლიანად საგნის და არა მისი თითოეული ნაწილის ღირებულებას. ასევე უდავოა, რომ სასამართლო გადაწყვეტილებით მოწინააღმდეგე მხარეს დაეკისრა პირგასამტეხლო ტრაქტორის მიწოდების გადაცილებისათვის, რომელიც გამოანგარიშებულ იქნა ტრაქტორის სახელშეკრულებო ღირებულებიდან და, როგორც ზემოთ აღინიშნა, რომელშიც შედის მისი დეტალის _ სვლის შემანელებლის ფასიც. ამდენად, ტრაქტორის მიწოდების ვადის დარღვევის გამო დაანგარიშებული პირგასამტეხლოს ოდენობა სწორად განისაზღვრა ტრაქტორის ღირებულებით, რომელიც მოიცავს სვლის შემანელებლის ფასსაც.
გადაწყვეტილების კვლევით ნაწილში აღნიშნულ გარემოებათა გათვალისწინებით, საქმის ხელახლა განმხილველმა სასამართლომ მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების ყოველმხრივი და სრული შემოწმებით უნდა გამოარკვიოს:
_ ხელშეკრულებით რა თანხა იქნა გადახდილი ტრაქტორის შესასყიდად;
_ რა ღირებულებისა იყო ტრაქტორი სვლის შემანელებლის გარეშე;
_ რა ოდენობით მეტი თანხა გადაიხადა მყიდველმა ნასყიდობის საგნის სადავო დეტალით _ სვლის შემანელებლით შესყიდვისათვის;
მხოლოდ ამ ფაქტობრივ გარემოებათა გამორკვევის შემდეგ უნდა შეფასდეს ნივთის ფასის შემცირების საკითხი და, შესაბამისად, განისაზღვროს მოვალის _ მოწინააღმდეგე მხარისათვის ვალდებულების ჯეროვნად შეუსრულებლობისათვის დაკისრებული თანხის ოდენობა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე, 412-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს
გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 24 მარტის განჩინება სადავო ნივთის _ ტრაქტორის სვლის შემანელებლის ღირებულების ანაზღაურების ნაწილში და ამ ნაწილში საქმე განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.