Facebook Twitter

ას-584-922-07 5 ნოემბერი, 2007 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

მოსამართლე მარიამ ცისკაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – თ. ჯ-ი (მოპასუხე)

წარმომადგენელი _ ნ. ყ-ი

მოწინააღმდეგე მხარე – გ. გ-ე (მოსარჩელე)

დავის საგანი – ხელშეშლის აღკვეთა და უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა

გასაჩივრებული სასამართლოს განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 23 მაისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

გ. გ-მ 2005 წლის 8 სექტემბერს სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში მოპასუხე თ. ჯ-ს მიმართ უკანონო ხელშეშლის აღკვეთისა და უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის შესახებ. მოსარჩელემ მიუთითა, რომ იგი არის ქ. თბილისში, ... ქ. ¹4-ში, პირველ სართულზე მდებარე ფართის 25\705 წილის მესაკუთრე, რაც რეგისტრირებულია საჯარო რეესტრში. მოპასუხე წლების განმავლობაში უკანონოდ ფლობს აღნიშნულ ფართს, სადაც გახსნილი აქვს მაღაზია. მრავალგზის გაფრთხილების მიუხედავად, ის არ ათავისუფლებს ფართს, რითაც მოსარჩელეს ადგება მატერიალური ზიანი. აღნიშნულიდან გამომდინარე, გ. გ-მ მოითხოვა მისი კუთვნილი ფართიდან მოპასუხის გამოსახლება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილებით გ. გ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა. მოპასუხე თ. ჯ-ს აეკრძალა საჯარო რეესტრის ჩანაწერებში მოსარჩელე გ. გ-ზე საკუთრების უფლებით აღრიცხული, ქ. თბილისში, ... ქ. ¹4-ში მდებარე უძრავი ქონების (წილობრივად 25\705 ნაწილი) უკანონო მფლობელობა და აღეკვეთა მესაკუთრის ხელშემშლელი მოქმედებები. მოპასუხეს ჩამოერთვა ხსენებული უძრავი ნივთი და გამოთავისუფლებული ქონება დაუბრუნდა მოსარჩელეს.

თ.ჯ-ს წარმომადგენელმა ნ.ყ-მა სააპელაციო საჩივარი შეიტანა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილებაზე.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 24 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით თ. ჯ-ს წარმომადგენელი ნ. ყ-ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილება.

თ.ჯ-ს წარმომადგენელმა ნ.ყ-მა საჩივარი შეიტანა დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 23 მაისის განჩინებით თ. ჯ-ს წარმომადგენლის ნ. ყ-ს საჩივარი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის განახლების შესახებ არ დაკმაყოფილდა; თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 24 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება დარჩა ძალაში.

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა თ.ჯ-ს წარმომადგენელმა ნ.ყ-მა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის საფუძველზე საკასაციო სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თ.ჯ-ს წარმომადგენელი ნ.ყ-ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობა. ამ მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ კოდექსის 396-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით. თუ საკასაციო საჩივარი აკმაყოფილებს აღნიშნული მუხლის მოთხოვნებს, იგი წარმოებაში მიიღება ამ კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე დასაშვებობის შესამოწმებლად.

დადგენილია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 30 ივლისის განჩინებით კასატორ თ. ჯ-ს წარმომადგენელს ნ.ყ-ს განესაზღვრა 7 დღიანი ვადა კანონის შესაბამისად შედგენილი საკასაციო საჩივრის, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრობის დამადასტურებელი დოკუმენტის, დავის საგნის ღირებულების დამადასტურებელი დოკუმენტისა და სახელმწიფო ბაჟის სახით ამ თანხის 5%-ის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარმოსადგენად (ს.ფ. 178-180). 2007 წლის 3 ოქტომბერს კასატორმა ნაწილობრივ გამოასწორა ხარვეზი და საკასაციო სასამართლოს წარმოუდგინა ნ.ყ-ს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ს.ფ. 203). ამავე პალატის 2007 წლის 8 ოქტომბრის განჩინებით თ. ჯ-ს წარმომადგენელს ნ. ყ-ს გაუგრძელდა ხარვეზის შესავსებად სასამართლოს მიერ დანიშნული ვადა და დაევალა ამ განჩინების ასლის ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში დავის საგნის ღირებულების დამადასტურებელი დოკუმენტისა და სახელმწიფო ბაჟის სახით ამ თანხის 5%-ის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარმოდგენა. მასვე განემარტა, რომ აღნიშნულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი არ მიიღებოდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე დასაშვებობის შესამოწმებლად და განუხილველი დარჩებოდა (ს.ფ. 205-206). ეს განჩინება საქმეში მითითებულ მისამართებზე გაეგზავნა თ. ჯ-სა და მის წარმომადგენელს ნ.ყ-ს. როგორც საქმის მასალებით ირკვევა, თ.ჯ-მა საკასაციო სასამართლოს 2007 წლის 8 ოქტომბრის განჩინება უზენაეს სასამართლოში პირადად ჩაიბარა 2007 წლის 12 ოქტომბერს (ს.ფ. 211).

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორს შეეძლო განჩინებაში მითითებული ხარვეზი გამოესწორებინა 2007 წლის 19 ოქტომბრის ჩათვლით; მაგრამ თ. ჯ-ს სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზი არ შეუვსია.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველად დარჩება.

ვინაიდან თ. ჯ-მ სასამართლოს მიერ დათქმულ ვადაში არ შეავსო ხარვეზები და არ წარმოადგინა კანონის შესაბამისად შედგენილი საკასაციო საჩივარი, დავის საგნის ღირებულების დამადასტურებელი დოკუმენტი და საკასაციო საჩივრისათვის არ გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი, ამიტომ საკასაციო სასამართლო თვლის, რომ თ. ჯ-ს წარმომადგენელი ნ.ყ-ს საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 401-ე, 284-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

თ. ჯ-ს წარმომადგენელი ნ. ყ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 23 მაისის განჩინებაზე დარჩეს განუხილველი.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.