¹ას-585-968-06 12 აპრილი, 2007 წ.
ქ.თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე),
თეიმურაზ თოდრია (მომხსენებელი), როზა ნადირიანი
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი _ რ. მ-ე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს “ .. ..” (მოპასუხე)
გასაჩივრებული სასამართლო განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 24 მაისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
რ. მ-მ სარჩელით მიმართა სასამართლოს მოპასუხე შპს “ .. .. ..” მიმართ და მოითხოვა .. .. .. დირექტორის 2005 წლის 5 სექტემბრის ¹14 ბრძანების ბათილად ცნობა სამუშაოდან განთავისუფლების ნაწილში, მისი (მოსარჩელის) სამუშაოზე აღდგენა და დაბალანაზღაურებიან სამუშაოზე გადაყვანით მიყენებული ზიანის ანაზღაურება, რაც იმით დაასაბუთა, რომ 2001 წლის 30 აგვისტოს მიენიჭა ექიმი ... კვალიფიკაცია, ... დირექტორის 2005 წლის 5 სექტემბრის ¹14 ბრძანების საფუძველზე მოსარჩელე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და გადაყვანილ იქნა ამავე განყოფილებაში ... თანამდებობაზე. მოსარჩელეს მიაჩნია, რომ ბრძანება მისი განთავისუფლების შესახებ უკანონოა, რამდენადაც ბრძანების საფუძვლად მითითებულ იქნა სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედების შეჩერება, რაც დაუშვებელია. ამასთან, მოსარჩელეს შეუჩერდა იმ სერტიფიკატის მოქმედება, რომელიც მას საერთოდ არ გააჩნდა.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მოსარჩელის განთავისუფლების საფუძველი გახდა უმაღლესი და საშუალო სამედიცინო და ფარმაცევტული პერსონალისათვის სახელმწიფო სერტიფიკატის მიმნიჭებელი საბჭოს მიერ მოსარჩელისათვის სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედების შეჩერება. მოპასუხემ მოითხოვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 18 ნოემბრის გადაწყვეტილებით რ. მ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა დაუსაბუთებლობის გამო.
საქალაქო სასამართლს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა რ. მ-მ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 24 მაისის განჩინებით რ. მ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად, უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 18 ნოემბრის გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტები, კერძოდ ის, რომ რ. მ-ე შპს “ .. .. ..” დირექტორის 2005 წლის 11 აპრილის ბრძანების საფუძველზე დაინიშნა ... განყოფილების ზოგადი პროფილის გამგედ. უმაღლესი და საშუალო სამედიცინო და ფარმაცევტული პერსონალისათვის სახელმწიფო სერტიფიკატის მიმნიჭებელი საბჭოს 2005 წლის 9 აგვისტოს დადგენილებით რ. მ-ს შეუჩერდა სერტიფიკატის მოქმედება სპეციალობაში “ზოგადი ქირურგია”, რომელშიც შემდგომ შევიდა ცვლილება და რ. მ-ს სერტიფიკატის მოქმედება შეუჩერდა სპეციალობაში “...”. შპს “ .. .. ..” დირექტორის 2005 წლის 5 სექტემბრის ¹14 ბრძანებით, რ. მ-ე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან, რასაც საფუძვლად დაედო მითითებული სერტიფიკატის მოქმედების შეჩერება და იგი გადაყვანილ იქნა იმავე განყოფილებაში ... თანამდებობაზე. შპს “ .. .. ..” დორექტორის 26 ოქტომბრის ¹35 ბრძანებით რ. მ-ე აღდგენილ იქნა ქირურგიულ განყოფილებაში სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედების ვადამდე აღდგენის გამო. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ, საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის 34.1. “ბ” მუხლის თანამხად, საწარმოს შეუძლია ვადამდე მოითხოვოს შრომის ხელშეკრულების შეწყვეტა, თუ მუშაკი არ შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას ან შესასრულებელ სამუშაოს. სასამართლომ დაადგინა, რომ სამედიცინო დაწესებულების ... განყოფილების ზოგადი პროფილის გამგე აუცილებლად უნდა იყოს დამოუკიდებელი სამედიცინო სერტიფიკატის მქონე პირი, რომელიც, საქმეში წარმოდგენილი “განყოფილების გამგის დებულების” თანახმად, ახორციელებს დროულ და სწრაფ დიაგნოსტიკას და კვალიფიციურ მკურნალობას, აგრეთვე, უზრუნველყოფს ავადმყოფის მოვლის საკითხებს და სხვა, ასევე განყოფილების გამგე ასრულებს იმ ფუნქციებს, რომლებიც “საექიმო საქმიანობის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, მიეკუთვნება დამოუკიდებელ საექიმო საქმიანობას.
სააპელაციო პალატის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა რ. მ-მ და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება. კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლომ დაარღვია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მესამე ნაწილის მოთხოვნა, რომლის თანახმად “საქმის გარემოებები, რომელიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით“, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. კასატორის მოსაზრებით, სასამართლომ დაარღვია ზემოხსენებული ნორმის მოთხოვნა და ამ საკითხის გადაწყვეტისას არ გამოიყენა სპეციალური კანონი “სამედიცინო საქმიანობის შესახებ”.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2006 წლის 27 ოქტომბრის განჩინებით რ. მ-ის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის შესამოწმებლად, მოწინააღმდეგე მხარეს განესაზვრა 20 დღის ვადა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებთან დაკავშირებით მოსაზრებების წარმოსადგენად.
კასატორის მოწინააღმდეგე მხარე შპს “ .. .. ..” დირექტორმა ჯ. შ-მ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხზე საკასაციო სასამართლოში წარმოადგინა თავისი მოსაზრება. ამ უკანასკნელის მითითებით, მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისთვის, სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი პროცესუალური დარღვევების გარეშე და სააპელაციო სასამართლოს განჩინება არ განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისაგან.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობისა და გასაჩივრებული განჩინების დასაბუთებულობა-კანონიერების შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ რ. მ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შესაბამისად, ძალაში უნდა დარჩეს სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 8 ნოემბრის განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ კონკრეტულ შემთხვევაში, მხარეთა შორის წარმოშობილი სამართლებრივი ურთიერთობა გამომდინარეობს შრომით - სამართლებრივი ურთიერთობებიდან და, შესაბამისად, მოცემული დავა წესრიგდება სამოქალაქო და შრომის კანონმდებლობით. ამასთან, აღნიშნული დავის მოწესრიგებისას გამოიყენება კონკრეტული ურთიერთობების მარეგულირებელი სპეციალური კანონი “საექიმო საქმიანობის შესახებ”, რამდენადაც მოცემული კანონის რეგულირების სფეროს წარმოადგენს ის სამართლებრივი ურთიერთობები, რომლებიც გამომდინარეობს დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტსა და სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებს, ფიზიკურ და იურიდიულ პირებს შორის.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ კასატორი რ. მ-ე .. .. .. დირექტორის 2005 წლის 11 აპრილის ბრძანებით დაინიშნა ... განყოფილების ზოგადი პროფილის გამგედ, ხოლო უმაღლესი და საშუალო სამედიცინო და ფარმაცევტული პერსონალისათვის სახელმწიფო სერტიფიკატის მიმნიჭებელი საბჭოს 2005 წლის 9 აგვისტოს დადგენილებით ამ უკანასკნელს შეუჩერდა სერტიფიკატის მოქმედება სპეციალობაში “ზოგადი ქირურგია”, რომელშიც შევიდა ცვლილება და რ. მ-ს სერტიფიკატის მოქმედება შეუჩერდა სპეციალობაში “...”. მითითებული სერტიფიკატის მოქმედების შეჩერების გამო რ. მ-ე .. .. .. დირექტორის 2005 წლის 5 სექტემბრის ¹24 ბრძანებით გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და გადაყვანილ იქნა ... თანამდებობაზე, ხოლო, აღნიშნული სერტიფიკატის ვადამდე აღდგენის გამო, რ. მ-ე აღდგენილ იქნა ქირურგიულ განყოფილებაში ექიმ ...ად.
საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში მოყვანილ არგუმენტებს იმასთან დაკავშირებით, რომ სამედიცინო დაწესებულების ... განყოფილების ზოგადი პროფილის გამგე უნდა იყოს დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლების მქონე პირი და თვლის, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით კასატორ რ. მ-ს წარმოუდგენია დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, რაშიც იგულისხმება მითითება კანონმდებლობის იმ მატერიალურ და პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ კონკრეტული გარემოების დადგენის დროს, რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება და სამართლებრივ - მატერიალური ნორმის არასწორად გამოყენება ან განმარტება. ამასთან, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით ასევე ვერ დასტურდება კასატორის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ ... განყოფილების ზოგადი პროფილის გამგე შესაძლებელია არ წარმოადგენდეს დამოუკიდებელი სამედიცინო საქმიანობის უფლების მქონე პირს, რამდენადაც აღნიშნულის თაობაზე კასატორის მიერ არ არის მითითებული იმ გარემოებების შესახებ, რაც დაადასტურებს, რომ განყოფილების გამგე არ ახორციელებს დამოუკიდებელი სამედიცინო საქმიანობა. ამდენად, კასატორის მიერ ვერ დასტურდება აღნიშნულის საწინააღმდეგო მოსაზრება. ამდენად, მოცემულ საქმეში წარმოდგენილი “განყოფილების გამგის დებულების” თანახმად, რასაც გასაჩივრებული განჩინების მიღებისას დაეყრდნო სააპელაციო სასამართლო, განყოფილების გამგე ახორციელებს დროულ და სწორ დიაგნოსტიკას, კვალიფიციურ მკურნალობას, აგრეთვე, უზრუნველყოფს ავადმყოფის მოვლის საკითხებს და ასევე ასრულებს სხვა უფლებამოსილებებს, რაც სრულიად შეესაბამება “საექიმო საქმიანობის შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრულ დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლების მქონე პირის ფუნქციებს. მითითებული კანონის შესაბამისად კი დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობა გულისხმობს უმაღლესი სამედიცინო განათლებისა და დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლების დამადასტურებელი სახელმწიფო სერტიფიკატის მქონე პირის პროფესიულ საქმიანობას. ამდენად, კონკრეტულ შემთხვევაში, ... განყოფილების ზოგადი პროფილის გამგე უნდა იყოს დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლების მქონე პირი, ვინაიდან ამას ითვალისწინებს ზემოაღნიშნული “განყოფილების გამგის დებულება” მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული დებულება დამტკიცებულია კასატორის თანამდებობიდან განთავისუფლების შემდეგ, მაგრამ სააპელაციო პალატის მიერ ასევე დადგენილია, რომ მხარეები სადავოდ არ ხდიან იმ ფაქტს, რომ განყოფილების გამგეს ფაქტობრივად იგივე ფუნქციები ეკისრებოდა, რაც მითითებული დებულებითაა გათვალისწინებული, რაც ასევე დასტურდება სხდომის ოქმებიდანაც. ამდენად, საკასაციო პალატა ვერ გაიზირებს საკასაციო საჩივარში მოყვანილ არგუმენტებს, იმასთან დაკავშირებით, რომ სამედიცინო დაწესებულების ... განყოფილების გამგე აწესრიგებს მხოლოდ ორგანიზაციულ საკითხებს, რამდენადაც მოცემულ მოსაზრებას სრულიად აბათილებს ზემოაღნიშნულ ნორმათა დანაწესები.
საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს სააპელაციო პალატის მოტივაციას იმასთან დაკავშირებით, რომ სახელმწიფო სერტიფიკატის შეჩერება უცილობლად იწვევს მუშაკის თანამდებობიდან განთავისუფლებას.
“საექიმო საქმიანობის შესახებ” 76-ე მუხლის თანახმად, სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედების შეჩერება წარმოადგენს “სახელმწიფო სერტიფიკატით ნებადართული დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის დროებით აკრძალვას სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედების განახლების შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე ან სასამართლოს მიერ მის გაუქმებამდე”, ხოლო სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედების შეჩერების საფუძვლები გათვალისწინებულია ამავე კანონის 77-ე მუხლით, რომლის თანახმად მითითებული სერტიფიკატის შეჩერების საფუძველი შეიძლება იყოს, კონკრეტულ შემთხვევაში, “მისი მფლობელის მიერ სახელმწიფო სერტიფიკატით განსაზღვრული პირობების ან სახელმწიფო სერტიფიკატით ნებადარული დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობისთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დარღვევა”.
აღნიშნულთან დაკავშირებით საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ზემოაღნიშნული ნორმის დანაწესიდან გამომდინარე, სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედების შეჩერება გულისხმობს ამავე სერტიფიკატით ნებადართულ დამოუკიდებელ საექიმო საქმიანობის დროებით აკრძალვას, ანუ აღნიშნული სერტიფიკატით განსაზღვრული საქმიანობის შესრულების შეუძლებლობას იმ ვადით, რა ვადითაც შეჩერებულია სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედება. აქედან გამომდინარე, პალატა განმარტავს, რომ სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედების შეჩერება - აპრიორი არ გულისხმობს მუშაკის თანამდებობიდან განთავისუფლებას, რამდენადაც სერტიფიკატის მოქმედების აკრძალვა ჩერდება გარკვეული ვადით, რომლის გასვლის და, შესაბამისად, შეჩერების გამომწვევი მიზეზების აღმოფხვრის შედეგად მითითებული სერტიფიკატის მქონე პირს აღუდგება სახელმწიფო სერტიფიკატით მინიჭებული საექიმო საქმიანობის შესრულების უფლება, რაც გათვალისწინებულია “საექიმო საქმიანობის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისი ნორმით. კონკრეტულ შემთხვევაში, კასატორი რ. მ-ე სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედების ვადამდე აღდგენის გამო, შპს “.. .. ..” დირექტორის 2005 წლის 26 ოქტომბრის ¹35 ბრძანების საფუძველზე აღდგენილ იქნა ქირურგიულ განყოფილებაში ექიმ ...ად.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ რ. მ-ე თანამდებობიდან გათავისუფლდა უკანონოდ, ამასთან, პალატა განმარტავს, რომ,საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის 34-ე მუხლის შესაბამისად, განსაზღვრულია შრომის ხელშეკრულების (კონტრაქტის) შეწყვეტის საფუძვლები ადმინისტრაციის ინიციატივით, კერძოდ, ამავე მუხლის I პუნქტის “ბ” ქვეპუნქტის თანახმად, საწარმოს შეუძლია ვადამდე მოითხოვოს შრომის ხელშეკრულების შეწყვეტა, “თუ მუშაკი არ შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას ან შესასრულებელ სამუშაოს არასაკმარისი კვალიფიკაციის ან ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო”. კონკრეტულ შემთხვევაში, სადავო ბრძანება, მუშაკის თანამდებობიდან განთავისუფლების შესახებ, მიღებულია აღნიშნული სამართლებრივი საფუძვლის მითითების გარეშე, ხოლო ამ უკანასკნელში მითითებული “საექიმო საქმიანობის შესახებ” კანონის ზემოაღნიშნული ნორმები ითვალისწინებს სახელმწიფო სერტიფიკატის შეჩერებასა და არა საწარმოდან მუშაკის განთავისუფლების საფუძვლებს, შესაბამისად, კონკრეტულ შემთხვევაში, არსებობს შპს “ .. .. ..” დირექტორის 2005 წლის 5 სექტემბრის რ. მ-ის თანამდებობიდან განთავისუფლების შესახებ ¹14 ბრძანების ბათილად ცნობის საფუძველი.
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ არ უნდა დაკმაყოფილდეს კასატორის მოთხოვნა დაბალანაზღაურებიან სამუშაოზე გადაყვანით მიყენებული ზიანის ანაზღაურების ნაწილში, რამდენადაც ამ უკანასკნელის მიერ არ არის წარმოდგენილი დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია ანუ არ არის მითითებული იმ ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების შესახებ, რის გამოც გასაჩივრებული გადაწყვეტილება მოცემულ ნაწილში უნდა გაუქმდეს. კასატორი რ. მ-ე კონკრეტულ შემთხვევაში შემოიფარგლა მხოლოდ მოთხოვნის დაფიქსირებით და არ მიუთითა იმ მატერიალურ და პროცესუალურ ნორმებით გათვალისწინებულ გარემოებებზე, რომლებიც მიუთითებენ ზარალზე, მის ოდენობაზე და ა.შ. და რაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიღებისას არ იქნა გამოკვლეული. ამდენად, წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი აღნიშნულ ნაწილში სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია.
რ. მ-მ ვერ წარმოადგინა დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, რის გამოც იგი აღდგენილ უნდა იქნეს განყოფილების გამგის თანამდებობაზე მაშინ, როცა აღნიშნული თანამდებობა ცენტრის რეორგანიზაციის შედეგად გაუქმდა. ამდენად, კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ უთითებს და ვერ ასაბუთებს, რომ არსებობს ის თანამდებობა, რომელზედაც აღდგენას ითხოვს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი, რამდენადაც, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი. სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
რ. მ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
უცვლელად დარჩეს მოცემულ საქმეზე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 24 მაისის განჩინება;
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.