Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

¹ას-586-813-08 24 ოქტომბერი, 2008 წ.

ქ.თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

როზა ნადირიანი, თემურაზ თოდრია

საქმის განხილვის ფორმა _ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – სსიპ ,,საქართველოს სოციალური სუბსიდიების სააგენტო” (მოსარჩელე)

წარმომადგენელი_ შ. კ-შვილი

მოწინააღმდეგე მხარე – ჯ. ქ-შვილი (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 22 მაისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

სსიპ ,,საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანმა სახელმწიფო ფონდმა” ტყიბულის სასამართლოში სარჩელი აღძრა ჯ. ქ-შვილისა და სს ,,ტ-ის” წინააღმდეგ და მოითხოვა ჯ.ქასრაშვილისათვის ზიანის ანაზღაურების უფლების შეწყვეტა 1997 წლიდან და დასაფინანსებლად არასწორად მოთხოვნილი სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებიდან დარიცხული მთელი პერიოდის სარჩოს თანხის ფონდის სახაზინო ანგარიშზე აღდგენა.

ტყიბულის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 7 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ ,,საქართველოს სოციალური სუბსიდიების სააგენტომ”, მოითხოვა მისი გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 31 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სსიპ ,,საქართველოს სოციალური სუბსიდიების სააგენტოს” სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, მისი პროცესზე გამოუცხადებლობის გამო.

აღნიშნული გადაწყვეტილება საჩივრით გაასაჩივრა სსიპ ,,საქართველოს სოციალური სუბსიდიების სააგენტომ” და მიუთითა, რომ ზემოთდასახელებულ საქმეზე უწყება დატოვებულ იქნა სოციალური სუბსიდიების სააგენტოს იმერეთის რეგიონალური საკოორდინაციო ცენტრის კანცელარიაში და იგი გადაიგზავნა თბილისში სააგენტოს ცენტრალურ ოფისში, რის გამოც უწყება მათთან დაგვიანებით მოხვდა. საჩივრის ავტორმა მოითხოვა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის არსებითად განხილვა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 22 მაისის განჩინებით საქართველოს სოციალური სუბსიდიების სააგენტოს საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ სასამართლოში დაბრუნებული უწყების შინაარსდან ირკვეოდა, რომ 2008 წლის 31 მარტის სხდომის თაობაზე სასამართლო უწყება ჩაბარდა სოციალური სუბსიდიების სააგენტოს კანცელარიას 2008 წლის 4 მარტს.

პალატამ განმარტა, რომ შიდა ორგანიზაციული მოუწესრიგებლობა, რის გამოც სააგენტოს საპროცესო წარმომადგენლებს საგენტომ დაგვიანებით აცნობა სხდომის დღის თაობაზე, არ წარმოადგენდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველს.

აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ ,,საქართველოს სოციალური სუბსიდიების სააგენტოს” წარმომადგენელმა შ. კ-შვილმა.

კასატორის განმარტებით, უწყება ცენტრალურ ოფისში მოხვდა 23 მაისს, რომელიც მართალია ფაქსის მეშვეობით იმავე Dდღეს გადაეგზავნა საპროცესო წარმომადგენლებს, მაგრამ ამ გარემოებამ გამოიწვია ის რომ საპროცესო წარმომადგენლები დანიშნული პროცესის თაობაზე არ იყვნენ დროულად გაფრთხილებულნი.

აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორმა მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პლატა გაეცნო საქმეზე წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს და თვლის რომ, სსიპ ,,საქართველოს სოციალური სუბსიდიების სააგენტოს” წარმომადგენლის შ. კ-შვილის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 31 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სსიპ ,,საქართველოს სოციალური სუბსიდიების სააგენტოს” სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, მისი პროცესზე გამოუცხადებლობის გამო.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78 მუხლები არეგულირებს მხარისათვის უწყების ჩაბარების წესს.

ამევე კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, ორგანიზაციის სახელზე გაგზავნილი უწყება უნდა ჩაბარდეს კანცელარიას ან ასეთივე დანიშნულების სტრუქტურულ ერთეულს, ანდა პირს, ხოლო ასეთის არყოფნის შემთხვევაში_ორგანიზაციის შესაბამის უფლებამოსილ პირს რომელიც უწყებას ადრესატს გადასცემს.

როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა 2008 წლის 31 მარტის სასამართლო სხდომის თაობაზე უწყება სსიპ ,,საქართველოს სოციალური სუბსიდიების სააგენტოს” კანცელარიას ჩაბარდა 2008 წლის 4 მარტს. (ს.ფ.126)

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ზემოხსენებული ნორმა პირდაპირ მიუთითებს უწყების კანცელარიისათვის ჩაბარების შესაძლებლობაზე იმ დავებზე სადაც მხარეს წარმოადგენს ორგანიზაცია.

საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს მხარის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ მას ცენტრალური ოფისიდან უწყება ფაქსით გადაეგზანა 23 მაისს რაც გახდა მისი პროცესზე გამოუცხადებლობის მიზეზი. აღნიშნულის თაობაზე რაიმე მტკიცებულება რაც დაადასტურებდა მხარის მოსაზრების უტყუარობას კასატორის მიერ წარმოდგენილი არ ყოფილა. ამასთან ის გარემოება, რომ უწყება ჩაბარდა დაწესებულების კანცელარიას, თავისთავად გულისხმობს, რომ პროცესის თაობაზე მხარე გაფრთხილებული იქნა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით განსაზღვრული წესით, ის გარემოება კი თუ დროულად რატომ ვერ ეცნობა სსიპ ,,საქართველოს სოციალური სუბსიდიების სააგენტოს” წარმომადგენელს სხდომის დანიშვნის თაობაზე, სცილდება სამართლებრივი მოწესრიგებს სფეროს და ვერ ჩაითვლება სასამართლო პროცესზე გამოუცხადებლობის საპატიო საფუძვლად, რაც გამოიწვევდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 22 მაისის განჩინების გაუქმებას.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს მისი უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის გამო.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმღვანელდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

სსიპ ,,საქართველოს სოციალური სუბსიდიების სააგენტოს” წარმომადგენლის შ. კ-შვილის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს,

უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 22 მაისის განჩინება

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.