ას-586-924-07 12 ოქტომბერი, 2007 წ.
ქ. თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატამ
შემადგენლობა:
მიხეილ გოგიშვილი (თავმჯდომარე),
როზა ნადირიანი (მომხსენებელი), მაია სულხანიშვილი
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე საკასაციო სასამართლომ საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა კ. ს-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 23 მარტის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2003 წლის 29 აგვისტოს კ. ს-მ სარჩელით მიმართა ასპინძის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე მ. ს-ის, მესამე პირების _ ... საკრებულოს თავმჯდომარისა და ... სანოტარო ბიუროს ნოტარიუსის მიმართ მ. ს-ის სახელზე რიცხული მიწის ნაკვეთების, შენობა-ნაგებობის თანამესაკუთრედ ცნობისა და მ. ს-სა და ნ. ს--გ-ს შორის 1991 წლის 15 ნოემბერს დადებული ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობის თაობაზე შემდეგი საფუძვლებით:
მოსარჩელის განმარტებით, მამამისი _ გ. ს-ე ცხოვრობდა ხიზაბავრის საკრებულოში შემავალ, ასპინძის რაიონის სოფელ ...ში. იგი პაპის - გ. ს-სთან ერთად, რომელიც გარდაიცვალა 1986 წლის 12 მარტს, ირიცხებოდა ამავე სოფელში კომლის წევრად. მამამისი _ გ. ს-ე გარდაიცვალა 1991 წლის 2 მარტს, იმ დროს, როდესაც მოსარჩელე არასრულწლოვანი იყო.
1998 წლის 27 დეკემბრის მდგომარეობით ბებიის _ მ. ს-ის სახელზე აღირიცხა მიწის ნაკვეთები: 0.23 ჰა სახნავი და 0,37 ჰა ბაღი, ასევე შენობა-ნაგებობა და 0,2 ჰა მიწის ნაკვეთი. მოსარჩელემ, როგორც მამისა და პაპის კანონიერმა მემკვიდრემ, ქონების მხოლოდ მ. ს-ის სახლეზე აღრიცხვა მიიჩნია არასწორად და მოითხოვა აღნიშნულ ქონებაზე თანამესაკუთრედ ცნობა. გარდა ამისა, მოსარჩელემ დამატებითი სარჩელით მოითხოვა 1991 წლის 5 ნოემბერს მ. ს-სა და ნ. ს--გ-ს შორის დადებული, სოფელ ... მდებარე საცხოვრებელი სახლის ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობა იმ მოტივით, რომ იგი მ. ს-სთან ერთად წარმოადგენდა აღნიშნული საცხოვრებელი სახლის თანამესაკუთრეს და მისი თანხმობის გარეშე ჩუქება არ უნდა მომხდარიყო. გარდა ამისა, მოსარჩელის მითითებით, სადავო ხელშეკრულება ტექბიუროში რეგისტრირებული არ არის.
ასპინძის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 16 აპრილის გადაწყვეტილებით კ. ს-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობისა და ხანდაზმულობის გამო.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა კ. ს-მ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.
სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას, მოპასუხე მ. ს-ის გარდაცვალების გამო, მის უფლებამონაცვლედ საქმეში ჩაება ნ. ს--გ-ე. ამასთან, აპელანტმა უარი განაცხადა სადავო ქონების თანამესაკუთრედ ცნობის ნაწილში სააპელაციო საჩივრის მოთხოვნაზე, რის გამოც ამ ნაწილში შეწყდა საქმის წარმოება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 23 მარტის განჩინებით კ. ს-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა რაიონული სასამართლოს მიერ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და მიიჩნია, რომ სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასებები მისცა მათ.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად ცნო ის გარემოება, რომ სადავო გარიგების დადების პერიოდში საცხოვრებელი სახლის მესაკუთრეს წარმოადგენდა მ. ს-ე და მას უფლება ჰქონდა გაესხვისებინა კუთვნილი ქონება. ამასთან, დაადგინა, რომ ჩუქების ხელშეკრულება იმ დროს მოქმედი კოდექსის შესაბამისად, ასპინძის რაიონის სოფელ ... საკრებულოს მიერ 2003 წლის 7 ნოემბერს გაცემული ¹128 ცნობის თანახმად, რეგისტრირებულია სასოფლო საბჭოში და იმ დროისათვის კანონი არ ავალდებულებდა ტექაღრიცხვის ბიუროში აღრიცხვას.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა კ. ს-მ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობის შესახებ სარჩელის დაკმაყოფილება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 30 ივლისის განჩინებით, კ. ს-ის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კ. ს-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავებში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ საკასაციო საჩივრის საგნის ღირებულება აღემატება 50000 ლარს. ამავე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი სხვა ქონებრივ და არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება ჩუქების ხელშეკრულების ბათილობასთან დაკავშირებულ დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას კ. ს-ის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. კ. ს-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი დარჩეს განუხილველად.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.