Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

¹ას-591-929-07 6 თებერვალი, 2008 წ.

ქ.თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე)

რ. ნადირიანი (მომხსენებელი), თ. თოდრია

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – გ. კ-ია

მოწინააღმდეგე მხარე – ს. ჩ-შვილი

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 7 მარტის, 14 მარტისა და 30 მაისის განჩინება

დავის საგანი _ სესხის დაბრუნება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2005 წლის 22 ნოემბერს ს. ჩ-შვილმა სარჩელით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე გ. კ-იას მიმართ და მოითხოვა მოპასუხისათვის 30000 აშშ დოლარის დაკისრება შემდეგი საფუძვლებით: მოსარჩელის განმარტებით, 2003 წლის 22 იანვარს სანოტარო წესით დამოწმებული ხელშეკრულების საფუძველზე, მოპასუხეს ასესხა 30000 აშშ დოლარი ორი წლის ვადით, პროცენტის დაურიცხავად. მიუხედავად გ. კ-იას დაპირებისა, რომ იგი აღნიშნულ თანხას დანიშნულ ვადაზე ადრე გადაუხდიდა, იგი სესხის დაბრუნებას ვადის გასვლის შემდეგაც თავს არიდებს.

აღნიშნულიდან გამომდინარე, ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, ს. ჩ-შვილმა მოითხოვა გ. კ-იასათვის მის სასარგებლოდ 30 000 აშშ დოლარის დაკისრება.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 20 ივლისის გადაწყვეტილებით ს. ჩ-შვილის სარჩელი დაკმაყოფილდა, გ. კ-იას მის სასარგებლოდ დაეკისრა 30 000 აშშ დოლარის გადახდა.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხე გ. კ-იამ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

აპელანტმა ასევე მოითხოვა 2003 წლის 22 ნოემბერს მას და მოსარჩელეს შორის დადებული სესხის ხელშეკრულების ბათილად ცნობა იმ საფუძვლით, რომ მას ფული ჰქონდა ჩადებული ფირმა “.. ..-ში”, მასთან ერთად აღნიშნულ ბიზნესში ჩართული პარტნიორებისაგან თანხა ერგებოდა ს. ჩ-შვილის მეუღლეს. ვინაიდან აღნიშნული თანხა მის პარტნიორებს არ გააჩნდათ და კრედიტორისგან პრობლემები ჰქონდათ, მას სთხოვეს, კრედიტორის მეუღლესთან გაეფორმებინა სესხის ხელშეკრულება, თანხას კი შემდგომში თავად გაისტუმრებდნენ ბიზნესიდან ამონაგები თანხით, რაც არ შეასრულეს, შესაბამისად, აპელანტმა მიიჩნია, რომ აღნიშნული ხელშეკრულება მოტყუებით იყო დადებული, რისთვისაც მოითხოვა მისი ბათილად ცნობა. სააპელაციო საჩივრის აღნიშნული მოთხოვნა სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე, ადგილზე მიღებული განჩინებით დაუშვებლად იქნა ცნობილი და დარჩა განუხილველად.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 27 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით გ. კ-იას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით ს. ჩ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. ამ გადაწყვეტილებაზე საჩივარი შეიტანა ს. ჩ-ის წარმომადგენელმა ზ. ფ-მ. 2007 წლის 7 მარტის განჩინებით სასამართლომ საჩივარი მიიღო წარმოებაში, ხოლო ამავე წლის 14 მარტის განჩინებით დაკმაყოფილდა საჩივარი, გაუქმდა დაუსწრებელი გადაწყვეტილება და დაინიშნა საქმის არსებითი განხილვა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 30 მაისის განჩინებით გ. კ-იას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, კერძოდ, 2003 წლის 22 იანვარს, სანოტარო წესით დამოწმებული სესხის ხელშეკრულებით, ს. ჩ-შვილმა ორი წლის ვადით, პროცენტის დაურიცხავად, გ. კ-იას ასესხა 30 000 აშშ დოლარი, რაც გ. კ-იას არ დაუბრუნებია.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მითითებული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხე გ. კ-იამ, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება შემდეგი საფუძვლებით:

კასატორის განმარტებით, გასაჩივრებული განჩინება დაუსაბუთებელია და გამოტანილია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, კერძოდ, ს. ჩ-შვილის წარმომადგენელ ზ. ფ-ის მონაწილეობა საქმეში იყო უკანონო და არ პასუხობდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 440-ე მუხლის მოთხოვნებს, ამასთან, მისი და მეორე ადვოკატის _ ნ. კ-ს მინდობილობებიც არ იყო ლეგალიზებული. გარდა ამისა, კასატორი მიიჩნევს, რომ განჩინება გამოტანილია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნათა უგულვებელყოფით, კერძოდ, სასამართლომ არ გაითვალისწინა 2006 წლის 27 დეკემბერს მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების დასაბუთება.

კასატორი ასევე მოითხოვს 2007 წლის 7 მარტისა და 14 მარტის განჩინებების გაუქმებას იმ საფუძვლით, რომ საჩივარი დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე შეტანილი იყო არაუფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, საკასაციო საჩივრის საფუძვლები და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაშვებ და დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს, რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება და ამის შედეგად სამართლებრივ-მატერიალური ნორმის არასწორად გამოყენება ან განმარტება.

სააპელაციო პალატის გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ 2003 წლის 22 იანვარს, სანოტარო წესით დამოწმებული სესხის ხელშეკრულებით ს. ჩ-შვილმა, ორი წლის ვადით, პროცენტის დაურიცხავად, გ. კ-იას ასესხა 30 000 აშშ დოლარი, რაც გ. კ-იას არ დაუბრუნებია. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების მიმართ კასატორის მიერ არ არის წამოყენებული დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია. კასატორი ვერ მიუთითებს ისეთ პროცესუალურ დარღვევებზე, რამაც განაპირობა არასწორი ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და, შესაბამისად, არასწორი შეფასება.

არასწორია კასატორის მტკიცება იმის თაობაზე, რომ ს. ჩ-შვილის წარმომადგენლის _ ზ. ფ-ის მონაწილეობა საქმეში არის უკანონო და არ პასუხობს სსკ-ის 440-ე მუხლის მოთხოვნებს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 440-ე მუხლის თანახმად, პირებს, რომლებსაც არ გაუვლიათ ადვოკატთა ტესტირება და არ არიან გაწევრიანებული საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში, ეკრძალებათ წარმომადგენლის უფლებამოსილების განხორციელება სააპელაციო და საკასაციო ინსტანციის სასამართლოებში.

ზ.ფ-ის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტებით დასტურდება, რომ ზ. ფ-მ 2006 წლის 23 მაისს ჩააბარა ადვოკატთა ტესტირება საერთო სპეციალიზაციით, რეგისტრაციის ¹03-759, ასევე გაწევრიანებულია საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში, მოწმობის ¹1383.

საკასაციო სასამართლო ასევე არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ ს. ჩ-შვილის მიერ ზ.ფ-ისა და ნ.კ-ის სახელზე გაცემული მინდობილობები არ იყო ლეგალიზებული, შესაბამისად, მათი მონაწილეობა საქმეში იყო უკანონო.

1993 წლის 22 იანვარს ქ. მინსკში მიღებული სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივ ურთიერთობათა შესახებ კონვენციის მე-13 მუხლის თანახმად, დოკუმენტები, რომელიც მომზადებული ან დადასტურებულია ერთ-ერთი ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე დაწესებულების ან სპეციალურად ამისათვის უფლებამოსილი პირის მიერ მათი კომპეტენციის ფარგლებში დადგენილი ფორმით და დადასტურებულია გერბიანი ბეჭდით, სხვა ხელშემკვრელი მხარეების ტერიტორიაზე მიიღება რაიმე სპეციალური დამოწმების გარეშე.

ამდენად, დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის (დსთ-ს) წევრი სახელმწიფოების ტერიტორიაზე გაცემული მინდობილობები სხვა ხელშემკვრელი მხარეების ტერიტორიაზე მიიღება ლეგალიზაციის გარეშე.

არასწორია კასატორის მოსაზრება იმის შესახებ, რომ სასამართლომ, 105-ე მუხლის შესაბამისად, არ შეაფასა მტკიცებულებები, კერძოდ, არ გაითვალისწინა ამ საქმეზე 2006 წლის 27 დეკემბერს მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების დასაბუთება. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დროს სასამართლო არ აფასებს საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, მას გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება მხარის გამოუცხადებლობის გამო და არა საქმის მასალების მიხედვით. ამასთან, დადგენილია, რომ სადავო დაუსწრებელი გადაწყვეტილება გაუქმებულია, შესაბამისად, გაუქმებული გადაწყვეტილების დასაბუთება ვერ დაედებოდა საფუძვლად გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას.

ამდენად, გასაჩივრებულ განჩინებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა, შესაბამისად, არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

გ. კ-იას საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

უცვლელად დარჩეს ამ საქმეზე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 7 მარტის, 14 მარტისა 30 მაისის განჩინებები;

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.