საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
¹ას-592-819-08 23 დეკემბერი, 2008წ.
¹თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე)
ლალი ლაზარაშვილი (მომხსენებელი), ნუნუ კვანტალიანი
სხდომის მდივანი _ ლ. სანიკიძე
კასატორი (მოსარჩელე) _ საქართველოს ილია ჭავჭავაძის სახელობის მწიგნობართა ასოციაცია (წარმომადგენელი ა. ღ-შვილი)
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) _ სს “თელასი”, წარმომადგენელი გ. წ-ელი
გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 30 აპრილის 2008 წლის 19 მაისის განჩინებები
დავის საგანი _ თანხის ჩამოწერა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2004 წლის 25 თებერვალს თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულ სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართა საქართველოს ილია ჭავჭავაძის სახელობის მწიგნობართა ასოციაციამ მოპასუხე სს “თელასის” მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა უკანონოდ დარიცხული თანხის _ 4364.31 ლარის ჩამოწერა.
სასარჩელო განცხადებაში აღნიშნულია, რომ საქართველოს ილია ჭავჭავაძის სახელობის მწიგნობართა ასოციაცია არის სს “თელასის” აბონენტი. ორგანიზაციის ოფისი მდებარეობს თბილისში რუსთაველის გამზ.¹40-ში მდებარე ოთხსართულიანი სახლის მე-2 სართულზე, რომელიც მოსარჩელეს მთავრობის განკარგულებით საკუთრებაში გადაეცა “საქელექტრომონტაჟისაგან” 1984 წელს. სახლის ზედა სართულზე ცხოვრობს ექვსი ოჯახი. მოსარჩელე მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურს იხდიდა შენობის სარდაფში დამონტაჟებული მრიცხველის შესაბამისად. ლაბორატორიული შემოწმებით დადგენილია, რომ მრიცხველი იყო საკონტროლო და მთელი სახლის მოხმარებას აღრიცხავდა. მობინადრეებს ცალ-ცალკე ჰქონდათ დაყენებული მრიცხველი და დამოუკიდებლად ახდენდნენ ანგარიშსწორებას. ამდენად, მოსარჩელეს ხელმეორედ უხდებოდა მობინადრეების მიერ გადახდილი თანხის გადახდა. 1999 წლიდან მოყოლებული ორგანიზაციამ დამოუკიდებელი მრიცხველის დადგმისა და უკანონოდ დარიცხული თანხის ჩამოწერის თხოვნით არაერთხელ მიმართა შესაბამის სამსახურებს, თუმცა ამ მიმართვებს შედეგი არ მოჰყოლია (ს.ფ. 3-6).
მოგვიანებით საქართველოს ილია ჭავჭავაძის სახელობის მწიგნობართა ასოციაციამ იმავე სასამართლოში დაზუსტებული სასარჩელო განცხადება წარადგინა. ამჯერად მოსარჩელემ უკანონოდ დარიცხული თანხის სახით 4276.40 ლარის ჩამოწერა მოითხოვა. მისი მითითებით, მობინადრეები ჩართული იყვნენ საქართველოს ილია ჭავჭავაძის სახელობის მწიგნობართა ასოციაციის მრიცხველზე, რის გამოც გაზრდილი ელექტროენერგიის დანახარჯი ერიცხებოდა მოსარჩელეს. მოპასუხე ორგანიზაციამ 1999 წლის ნოემბერში მოსარჩელს დაარიცხა ფიქსირებული გადასახადი 302 ლარი, 2000 წლის აპრილში _ 324 ლარი, 2000 წლის ივნისში _ 380 ლარი, 2002 წლის დეკემბერში _ 600 ლარი. აღნიშნული თანხის ჩამოწერის საფუძვლად მოსარჩელემ მიუთითა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2002 წლის 30 დეკემბრის გადაწყვეტილებაზე.
გარდა ამისა, დაზუსტებულ სარჩელში აღინიშნა, რომ 2002 წლის 6 მარტს მოსარჩელისათვის ძველი მრიცხველის მოხსნისას მოპასუხემ არ შეადგინა აქტი იმის თაობაზე, თუ რამდენი კილოვატი საათი იყო გახარჯული და გამოყენებულ იქნა ძველი ციფრები, რის საფუძველზეც საქართველოს ილია ჭავჭავაძის სახელობის მწიგნობართა ასოციაცის დაერიცხა 4000 ლარი.
მოსარჩელე მიიჩნევდა, რომ 1999 წლის სექტემბრიდან 2007 წლის სექტემბრამდე გასული იყო ხანდაზმულობის 3-წლიანი ვადა (ს.ფ. 52-55).
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 2 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ილია ჭავჭავაძის სახელობის მწიგნობართა ასოციაციის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელე წარმოადგენდა სს “თელასის” აბონენტს და მხარეები ერთმანეთთან სახელშეკრულებო ურთიერთობაში იმყოფებოდნენ. საქმეში არსებული აბონენტის ბრუნვის ისტორიის საფუძველზე სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ მოსარჩელის გამრიცხველიანება განხორციელდა 1999 წლიდან და მოხმარებული ელექტროენერგიის ოდენობაც შესაბამისად ერიცხებოდა მრიცხველზე დაფიქსირებული ჩვენების მიხედვით.
სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის განმარტება იმის თაობაზე, რომ აბონენტზე დარიცხვა ხორციელდებოდა პირობითად. სასამართლომ მიუთითა საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკის) 2001 წლის 31 დეკემბრის ¹15 დადგენილებით დამტკიცებულ “ფიქსირებული გადასახადის მიხედვით ელექტროენერგიის საფასურის გადახდის წესზე”, რომლის თანახმად, მომხმარებელთა იმ კატეგორიას, რომელთაც მოწესრიგებული არ ჰქონდათ ელექტროენერგიის აღრიცხვა, თვიური ანგარიშსწორებისას ელექტროენერგიის საფასური ერიცხებოდათ ოთახების მიხედვით. დარიცხვის ეს მეთოდი იყო დროებითი ღონისძიება, რომელიც ვრცელდებოდა 2001-2002 წლებზე, მაგრამ არაუგვიანეს გამრიცხველიანების დამთავრებისა. აღნიშნული წესი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2002 წლის 30 დეკემბრის გადაწყვეტილებით ძალადაკარგულად გამოცხადდა 2003 წლის 6 იანვრიდან. იმის გათვალისწინებით, რომ მოსარჩელე 1999 წლიდან იყო გამრიცხველიანებული, სადავო თანხა მასზე პირობითი დარიცხვის მეთოდით არ დარიცხულა. შესაბამისად, საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ კონკრეტულ შემთხვევაზე ვერ გავრცელდებოდა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2002 წლის 30 დეკემბრის გადაწყვეტილების სამართლებრივი შედეგი.
საქალაქო სასამართლომ მიუთითა საქმეში არსებულ მტკიცებულებებზე, კერძოდ, მრიცხველის შემოწმების შესახებ 2002 წლის 15 აგვისტოს დასკვნაზე და დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელის მრიცხველი წესრიგში იყო. რამდენადაც აღნიშნულის საწინააღმდეგო მტკიცებულებები მოსარჩელეს არ წარუდგენია, სასამართლომ ჩათვალა, რომ მრიცხველის ჩვენების უზუსტობაზე სასამართლო ვერ იმსჯელებდა.
სასამართლომ 2001 წლის 18 მაისის ¹06211 აქტის საფუძველზე დაადგინა, რომ მოსარჩელის მრიცხველზე აღირიცხებოდა მოსახლეობის ხარჯიც, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ სს “თელასში” აბონენტად დაფიქსირებული იყო ილია ჭავჭავაძის სახელობის მწიგნობართა ასოციაცია, ასევე შენობა, რომელშიც განთავსებული იყო მოსარჩელე ორგანიზაცია მათივე საკუთრებას წარმოადგენდა, მიიჩნია, რომ სს “თელასს” სხვა პირების მიერ განხორციელებული ქმედების გამო სამოქალაქო პასუხისმგებლობა ვერ დაეკისრებოდა.
რამდენადაც მოდავე მხარეები სახელშეკრულებო ურთიერთობაში იმყოფებოდნენ, საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ ილია ჭავჭავაძის სახელობის მწიგნობართა ასოციაცია თვითონ წარმოადგენდა მოსარჩელეს, რომელმაც ჩათვალა, რომ დაირღვა მისი უფლება და სარჩელით მიმართა სასამართლოს, ხოლო სს “თელასი” მოცემულ შემთხვევაში წარმოადგენდა მოპასუხეს, ე.ი. არ წარმოადგენდა იმ საპროცესო სუბიექტს, რომელთან მიმართებაშიც შეიძლებოდა მსჯელობა სასარჩელო ხანდაზმულობის ვადებზე (ს.ფ. 77-81).
საქალაქო სასამართლოს დასახელებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ილია ჭავჭავაძის სახელობის მწიგნობართა ასოციაციამ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მოპასუხის მიერ დარიცხული ელექტროენერგიის გადასახადის _ 4286.78 ლარის ჩამოწერა (ს.ფ. 85-91).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 30 აპრილის განჩინებით საქართველოს ილია ჭავჭავაძის სახელობის მწიგნობართა ასოციაციის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 2 ოქტომბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, რომელთა თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე, 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს (ს.ფ. 167-172).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 19 მაისის განჩინებით საქართველოს ილია ჭავჭავაძის სახელობის მწიგნობართა ასოციაციის განცხადება სხდომის ოქმში ცვლილებების შეტანის თაობაზე განუხილველი დარჩა დაუშვებლობის გამო (ს.ფ. 160-162).
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საქართველოს ილია ჭავჭავაძის სახელობის მწიგნობართა ასოციაციამ საკასაციო წესით გაასაჩივრა, რომელმაც თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 30 აპრილისა და ამავე სასამართლოს 2008 წლის 19 მაისის განჩინებების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოს სხვა შემადგენლობისათვის დაბრუნება მოითხოვა, შემდეგი საფუძვლებით:
მოპასუხე ორგანიზაციის წარმომადგენელმა სასამართლოს მოსარჩელის მრიცხველის ნაცლად სრულიად სხვა _ ¹665326 მრიცხველის დასკვნა წარუდგინა. მოსარჩელე, როგორც აბონენტი, შვიდნიშნა ციფრით იყო აღრიცხული (¹3415423), ხოლო ლაბორატორიულ დასკვნაში მრიცხველის ჩვენება დაფიქსირებული იყო ექვსნიშნა ციფრით (¹828526). გარდა ამისა, შემოწმება ჩატარდა მრიცხველის მოხსნიდან 5 თვის შემდეგ. სააპელაციო სასამართლო შეგნებულად გვერდი აუარა იმ მონაცემებს, რომ მრიცხველის შემოწმების ლაბორატორიულ დასკვნაში აღნიშნულია მათი მისამართი.
3287 ლარის ოდენობით დახარჯული ელექტროენერგიის ღირებულების ანაზღაურების მოთხოვნა სრულიად არაკანონიერია. მოსარჩელემ სს “თელასის” მიერ შედგენილ ბრუნვის ისტორიაში მიუთითა, რომ 2000 წლის 20 მარტიდან 20 აპრილამდე დაფიქირებული ჰქონდა 3600 კვ.ტ/სთ გახარჯული ელექტროენერგია ღირებულებით 324 ლარი. 2000 წლის 20 აპრილიდან 20 მაისამდე ეწერა 4200 კვ.ტ/სთ ელექტროენერგია და მისი ღირებულება 378 ლარი, ხოლო 2000 წლის 20 ნოემბრიდან 20 დეკემბრამდე 6000 კვ.ტ/სთ ელექტროენერგია და მისი ღირებულება 607 ლარი. სასამართლომ აღნიშნული ციფრები მხედველობაში არ მიიღო. მოსარჩელეს თანხა მხოლოდ იმიტომ დაერიცხა, რომ ერთ მრიცხველზე ექვსი ოჯახი იყო ჩართული. აღნიშნული, თავის მხრივ, მრიცხველის უხარისხობაზე მიუთითებდა.
სააპელაციო სასამართლოს დახარჯული ელექტროენერგიის და მისი ღირებულების მოთხოვნის გადახდის სისწორეში გასარკვევად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 162-ე მუხლის საფუძველზე ექსპერტიზა უნდა დაენიშნა, რაც მას არ განუხორციელებია.
2006 წლის 17 აპრილის სხდომაზე სააპელაციო სასამართლომ საქმის მოცულობისა და სირთულის გათვალისწინებით გადაწყვეტილების გამოტანა 2008 წლის 30 აპრილამდე გადადო, ხოლო 30 აპრილს აღნიშნული გადაწყვეტილების მხოლოდ სარეზოლუციო ნაწილი გამოაცხადა, რითაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 216-ე მუხლის პირველი ნაწილი დაარღვია.
გარდა ამისა, სააპელაციო სასამართლოს მიერ დაირღვა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 218-ე მუხლის მოთხოვნა, რაც იმაში გამოიხატა, რომ სასამართლო პროცესზე არ დაისვა საკითხი მორიგების შესახებ. ამასთან, სასამართლო სხდომა ამავე კოდექსის 227-ე მუხლის დაუცველად, მხარეთა პაექრობის გარეშე ჩატარდა (ს.ფ. 177-187).
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2008 წლის 27 ოქტომბრის განჩინებით საქართველოს ილია ჭავჭავაძის სახელობის მწიგნობართა ასოციაციის საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნა მიჩნეული და საქმის განხილვა დაინიშნა ზეპირი მოსმენით (ს.ფ. 225-227).
საკასაციო სასამართლოს 2008 წლის 23 დეკემბრის სხდომაზე საქმის განხილვისას საქართველოს ილია ჭავჭავაძის სახელობის მწიგნობართა ასოციაციის წარმომადგენელმა უარი განაცხადა საკასაციო საჩივარზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, წარმოდგენილი შუამდგომლობის განხილვის შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს ილია ჭავჭავაძის სახელობის მწიგნობართა ასოციაციის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს და შეწყდეს საქმის წარმოება, შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით. ამავე კოდექსის 378-ე მუხლის შესაბამისად სააპელაციო საჩივარზე უარის თქმა დასაშვებია სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანამდე. სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის შემთხვევაში მხარეს ერთმევა უფლება კვლავ გაასაჩივროს სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის “გ” ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ მოსარჩელემ უარი თქვა სარჩელზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მიხედვით, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს _ ცნოს სარჩელი.
მოცემულ შემთხვევაში კასატორმა _ საქართველოს ილია ჭავჭავაძის სახელობის მწიგნობართა ასოციაციამ წარმომადგენელ ალ. ღორთლიშვილის მეშვეობით საკასაციო საჩივარზე უარის თქმით მოახდინა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ზემოაღნიშნული მე-3 მუხლით მინიჭებული საპროცესო უფლების რეალიზაცია. საქმის მასალებით დასტურდება, რომ მოსარჩელე საქართველოს ილია ჭავჭავაძის სახელობის მწიგნობართა ასოციაციას თავის წარმომადგენელ ალ. ღორთლიშვილისათვის მინიჭებული აქვს როგორც საქმის მორიგებით დამთავრების, ისე სასარჩელო მოთხოვნების მთლიანად ან ნაწილობრივ უარყოფის უფლებამოსილება (ს.ფ. 153). მითითებული რწმუნებულება ვადაშია და მარწმუნებლის ან რწმუნებულის მხრიდან წარმომადგენლობის შეწყვეტის დამადასტურებელი რაიმე დოკუმენტი საქმეში არ მოიპოვება ამდენად, წარმომადგენელ ალ. ღორთლიშვილის აღნიშნული მოქმედება სამართლებრივ შედეგს წარმოშობს და სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, როგორც პროცესის მონაწილე მხარის ნების გამოვლენა, რამდენადაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 409-ე მუხლის საფუძველზე საკასაციო სასამართლოს უფლებამოსილება განსაზღვრულია მხარეთა მოთხოვნის ფარგლებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო ამავე კოდექსის 378-ე, 272-ე მუხლების საფუძველზე მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ საკასაციო საჩივარზე უარის თქმის გამო მოცემულ საქმეზე უნდა შეწყდეს საკასაციო საჩივრის წარმოება.
საკასაციო სასამართლო 399-ე და 378-ე მუხლების საფუძველზე განუმარტავს კასატორს, რომ საკასაციო საჩივარზე უარის თქმის შემთხვევაში მას ერთმევა უფლება, კვლავ გაასაჩივროს სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, ხოლო ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, სააპელაციო და საკასაციო სასამართლოებში სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან მთლიანად გათავისუფლება ხდება ამ მუხლით დადგენილი წესით, მხოლოდ ამ ინსტანციებისათვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟის ოდენობის ფარგლებში. კანონის აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარზე უარის თქმის გამო კასატორის მიერ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი _ 300 ლარი ექვემდებარება მთლიანად დაბრუნებას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე, 399-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს ილია ჭავჭავაძის სახელობის მწიგნობართა ასოციაციის (წარმომადგენელი ა. ღ-შვილი) შუამდგომლობა საკასაციო საჩივარზე უარის თქმის შესახებ დაკმაყოფილდეს;
2. მოცემულ საქმეზე შეწყდეს საქართველოს ილია ჭავჭავაძის სახელობის მწიგნობართა ასოციაციის (წარმომადგენელი ა. ღ-შვილი) საკასაციო საჩივრის წარმოება;
3. განემარტოს კასატორს, რომ საკასაციო საჩივარზე უარის თქმის გამო მას ერთმევა უფლება, კვლავ გაასაჩივროს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 30 აპრილის განჩინება საკასაციო წესით;
4. საქართველოს ილია ჭავჭავაძის სახელობის მწიგნობართა ასოციაციის დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი _ 300 ლარი ანგარიშიდან: ხაზინის ერთიანი ანგარიშის ნომერი _ 200122900, მიმღები ბანკი _ სახელმწიფო ხაზინა 220101222, საბიუჯეტო შემოსულობების სახაზინო კოდი _ ¹300773150, დანიშნულება _ სახელმწიფო ბაჟი საქართველოს უზენაეს სასამართლოში განსახილველ საქმეებზე;
5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.