ას-59-408-07 12 სექტემბერი, 2007 წ.
ქ.თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე)
თეიმურაზ თოდრია (მომხსენებელი), როზა ნადირიანი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – ლა. და ლი. ქ-ების წარმომადგენელი ლ. ქ-ი (მოსარჩელე ძირითად სარჩელში, მოპასუხე შეგებებულ სარჩელში)
მოწინააღმდეგე მხარე – ნ. ზ-ი (მოპასუხე ძირითად სარჩელში, მოსარჩელე შეგებებულ სარჩელში)
გასაჩივრებული სასამართლო განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 7 ნოემბრის განჩინება
დავის საგანი სარჩელში – ჩუქების ხელშეკრულების, ანდერძების ბათილად ცნობა და მემკვიდრედ ცნობა
შეგებებულ სარჩელში – მესაკუთრედ ცნობა
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
არასრულწლოვანი შვილების – ლი. და ლა. ქ-ების წარმომადგენელმა ლ. ქ-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში ნ. ზ-ს მიიმართ და აღნიშნა, რომ ლუ. და გ. ქ-ები იმყოფებოდნენ რეგისტრირებულ ქორწინებაში 1960 წლის 21 ნოემბრიდან. მათ ერთად ცხოვრების პერიოდში, 1961 წლის 14 მარტს, შეეძინათ შვილი - დ. ქ-ი, რომელთანაც რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა 1982 წლის 16 იანვრიდან. მათ ერთად ცხოვრების პერიოდში შეეძინათ ორი შვილი - 1991 წლის 17 დეკემბერს დაბადებული ლა. ქ-ი და 1989 წლის 14 დეკემბერს დაბადებული ლი. ქ-ი.
მოსარჩელის განმარტებით, მისი შვილების ბებია და პაპა – ლუ. და გ. ქ-ები დაქორწინებიდან ცხოვრობდნენ გორის რაიონის სოფელ ... და 1961-1966 წლების საკომლო წიგნში ოჯახის უფროსად აღრიცხული იყო აწ გარდაცვლილი გ. ქ-ი. მას კომლის წევრთა სიაში ეწერა ასევე შვილი - დ. ქ-ი. გ. ქ-ი მოგვიანებით ამოეწერა სოფელ ... და საცხოვრებლად გადავიდა ქ. გორში, ... ქ. ¹34-ში მდებარე ბინაში, რომლის მესაკუთრედ იგი ითვლებოდა გარდაცვალებამდე. გ. ქ-ს გარდაცვალების შემდეგ მთელი სამკვიდრო ქონება, კერძოდ, ქ.გორში, ... ქ. ¹34-ში მდებარე ბინა 1971 წლის 11 აგვისტოს ¹6/7053 სამკვიდროს მოწმობის საფუძველზე მთლიანად აღირიცხა ლუ. ქ-ს სახელზე.
მოსარჩელის განმარტებით, იგი შვილებსა და მეუღლესთან ერთად ჩაწერილი იყო აღნიშნულ ბინაში. ბინაში ცხოვრებას დღემდე აგრძელებს შვილებთან ერთად, როგორც მისთვის გახდა ცნობილი დედამთილს, აწ გარდაცვლილ ლუ. ქ-ს, 1998 წლის 2 დეკემბერს ¹2-565 სანოტარო წესით შედგენილი ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე აღნიშნული ბინა უჩუქებია თავისი დის შვილისათვის, მოპასუხისთვის – ნ. ზ-სათვის. ამასთან, 1998 წლის ოქტომბერში შედგენილი ანდერძით გორის რაიონის სოფელ ... მდებარე ქონება ასევე უანდერძებია ნ. ზ-სათვის.
მოსარჩელემ აღნიშნა, რომ ლ. ქ-ი გარდაიცვალა ათეროსკლეროზით და აქვს საფუძვლიანი ეჭვი იმის თაობაზე, რომ როგორც ანდერძზე, ასევე ჩუქების ხელშეკრულებაზე, ლუ. ქ-ს სახელით შესრულებული ხელმოწერა მას არ ეკუთვნის. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ მოითხოვა 1998 წლის 8 დეკფემბრის ¹565 ჩუქების ხელშეკრულების, ასევე 1998 წლის 10 ოქტომბრის სხვადასხვა სახით და შინაარსით გაცემული ანდერძების ბათილად ცნობა და მისი არასრულწლოვანი შვილების – ლი. და ლა. ქ-ების, აწ გარდაცვლილი ლუ. ქ-ს ქონებაზე მემკვიდრედ და მესაკუთრედ ცნობა.
ნ. ზ-მა არ სცნო სარჩელი და 2002 წლის 28 მაისს შეგებებული სასარჩელო განცხადებით მიმართა სასამართლოს. მისი განმარტებით, აწ გარდაცვლილმა ლუ. ქ-მა როგორც ანდერძის, ასევე ჩუქების ხელშეკრულების შედგენისას გონივრულად განსაჯა საკუთარი მოქმედება და ნათლად გამოხატა თავისი ნება ქონების განკარგვისას. აღნიშნული დადასტურებულია მისივე ხელმოწერით. ნ.ზ-მა მოითხოვა ქ.გორში, ... ქ. ¹34 ბინიდან, ასევე გორის რაიონის სოფ. ... მდებარე ბინიდან მოსარჩელის გამოსახლება.
გორის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 12 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ლი. და ლა. ქ-ების წარმომადგენლის – ლ. ქ-ს სარჩელი არ დაკმაყოფილდა; ამავე გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ნ. ზ-ს შეგებებული სარჩელი, ლი., ლა. და ლ. ქ-ებს აეკრძალათ ნ. ზ-ს სახელზე რიცხული ქონების უკანონოდ ფლობა და ისინი გამოსახლებულ იქნენ ქ.გორში, ... ქ. ¹34-ში მდებარე ბინიდან.
გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ლა. და ლი. ქ-ების წარმომადგენელმა ლ. ქ-მა. აპელანტმა მოითხოვა გორის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 12 ოქტომბრის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით მისი სარჩელის დაკმაყოფილება და მოპასუხის მიერ წარდგენილ შეგებებულ სასარჩელო განცხადებაზე უარის თქმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 7 ნოემბრის განჩინებით ლა. და ლი. ქ-ების წარმომადგენლის _ ლ. ქ-ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. გორის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 12 ოქტომბრის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ მოსარჩელის მთავარ მოთხოვნას წარმოადგენს მისი არასრულწლოვანი შვილების _ ლი. და ლა. ქ-ების, აწ. გარდაცვლილი ლუ. ქ-ს ქონებაზე მემკვიდრედ და მესაკუთრედ ცნობა. სააპელაციო პალატამ განმარტა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლი და მიუთითა, რომ ლა. და ლი. ქ-ების წარმომადგენელი ლ. ქ-ი ზემოაღნიშნული მუხლით დადგენილი წესით ვერ ადასტურებს იმ გარემოებებს, რაზედაც ამყარებს თავის მოთხოვნას, კერძოდ, იგი ვერ ადასტურებს იმ გარემოებებს, რომ სადავო გრიგებებზე აწ გარდაცვლილი ლუ. ქ-ს სახელით შესრულებული ხელმოწერა მას არ ეკუთვნის და ლ. ქ-ს მიერ მოწინააღმდეგე მხარე ნ. ზ-სათვის უძრავი ქონების ჩუქების, კერძოდ, ანდერძით დატოვების ნება არ გამოვლენილა.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ლა. და ლი. ქ-ების წარმომადგენელმა ლ. ქ-მა და მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლით: კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლო დაეყრდნო ორი ანდერძისა და ჩუქების ხელშეკრულების ასლებსა და არა დედნებს, რითაც დაარღვია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 135-ე მუხლის მოთხოვნა. კასატორი მიუთითებს ასევე იმის თაობაზე, რომ უძრავი ქონების ჩუქებისა და ანდერძის გაფორმებისას აწ გარდაცვლილი ლუ. ქ-ს ნების ნამდვილობას და სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძვლად მიუთითებს იმ გარემოებებზე, რომ სასამართლო გადაწყვეტილება დაეყრდნო საქმეზე ჩატარებულ კალიგრაფიული ექსპერტიზის დასკვნებს, რომლებიც, კასატორის განმარტებით, არასრულყოფილია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთებულობა - კანონიერების შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ლა. და ლი. ქ-ების წარმომადგენლის _ ლ. ქ-ს საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შესაბამისად, უნდა გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 7 ნოემბრის განჩინება და საქმე დაუბრუნდეს სასამართლოს ხელახლა განსახილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
ამავე კოდექსის 393-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტის თანახმად, სამართლის ნორმები დარღვეულად ითვლება, თუ სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ ლუ. ქ-ე და გ. ქ-ე რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდნენ 1960 წლის 21 ნოემბრიდან. 1964 წლის 14 მარტს მათ შეეძინათ შვილი _ დ. ქ-.ი
სააპელაციო სასამართლოს მიერ ასევე დადგენილია, რომ დ. ქ-ი და ლ. ქ-ი (კასატორების წარმომადგენელი) დაქორწინდნენ 1982 წლის 26 იანვარს და შეეძინათ ორი შვილი _ 1989 წლის 14 დეკემბერს დაბადებული ლი. ქ-ი და 1991 წლის 17 დეკემბერს დაბადებული ლა. ქ-ი.
სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ დ. ქ-ი გარდაიცვალა 1992 წლის 21 იანვარს, გ. ქ-_ი 1970 წლის 11 დეკემბერს, ხოლო ლუ. ქ-ი კი 2001 წლის 2 თებერვალს.
სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ 1998 წლის 2 დეკემბრის ¹2-565 ჩუქების ხელშეკრულებით ლუ. ქ-მა ქ. გორში, ... ქ. ¹34-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის ½ნაწილი აჩუქა დისშვილს _ ნ. ზ-ს, მასვე 1998 წლის 10 ოქტომბერს შედგენილი ანდერძით ლუ. ქ-მა უანდერძა გორის რაიონის სოფელ ... მდებარე სახლთმფლობელობა და ამავე დღეს შედგენილი ანდერძით ქ. გორში, ... ქ. ¹34-ში მდებარე სახლი.
სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ აღნიშნული გარიგებების საფუძველზე ნ. ზ-ი აღირიცხა ქ. გორში, ... ქ. ¹34-ში მდებარე ბინისა და გორის რაიონის სოფელ ... მდებარე ორსართულიანი სახლის, მიწის ნაკვეთის მესაკუთრედ.
საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელის მთავარ მოთხოვნას წარმოადგენს მისი არასრულწლოვანი შვილების, ლი. და ლა. ქ-ების, აწ. გარდაცვლილი ლუ. ქ-ს ქონებაზე მემკვიდრედ და მესაკუთრედ ცნობა.
საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად მიიჩნია, რომ არ არსებობს გასაჩივრებული ანდერძებისა და ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობის საფუძველი. ამ ნაწილში საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ არ არის წარმოდგენილი დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. კონკრეტულ შემთხვევაში დასაშვებ და დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს, რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება და სამართლებრივ-მატერიალური ნორმის არასწორად გამოყენება ან განმარტება.
ამასთან ერთად, საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1371-ე მუხლის თანახმად, მამკვიდრებლის შვილებს, მშობლებსა და მეუღლეს ანდერძის შინაარსის მიუხედავად, ეკუთვნით სავალდებულო წილი, რომელიც უნდა იყოს იმ წილის ნახევარი, რაც თითოულ მათგანს კანონით მემკვიდრეობის დროს ერგებოდა (სავალდებულო წილი). ამავე კანონის 1372-ე მუხლის თანახმად, სავალდებულო წილის მოთხოვნის უფლება წარმოიშობა სამკვიდროს გახსნის მომენტიდან. ასეთი მოთხოვნის უფლება გადადის მემკვიდრეობით.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ კანონის გამოყენებისა და განმარტების დროს სასამართლო არ არის შეზღუდული მხარეთა მითითებებით. სასამართლომ, უპირველეს ყოვლისა, უნდა დაადგინოს, რომ მოსარჩელის ძირითად მოთხოვნასთან მიმართებაში დაირღვა თუ არა მისი მატერიალურ-სამართლებრივი უფლება, კონკრეტულ შემთხვევაში მემკვიდრედ და მესაკუთრედ ცნობა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ უნდა გამოარკვიოს საქმეში არსებული მასალების გათვალისწინებით ლა. და ლი. ქ-ების ლა. ქ-ს ქონებაზე სავალდებულო წილის მიღებისა და მოცულობის სამართლებრივი და ფაქტობრივი წინაპირობები და შემდეგ მიიღოს საბოლოო გადაწყვეტილება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ლი. და ლა. ქ-ების წარმომადგენლის _ ლ. ქ-ს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 7 ნოემბრის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე პალატას;
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.