ას-595-822-08 4 ნოემბერი, 2008 წ.
ქ. თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მიხეილ გოგიშვილი (თავმჯდომარე)
მოსამართლეები:
ნუნუ კვანტალიანი (მომხსენებელი), ლალი ლაზარაშვილი
სხდომის მდივანი _ ლელა სანიკიძე
კასატორი _ მ. ა-ოვი (მოპასუხე)
წარმომადგენელი _ მ. ლ-ძე
მოწინააღმდეგე მხარე _ კ. ა-ოვა, ა. და ა. ა-ვების კანონიერი წარმომადგენელი ე. ა-ოვა (მოსარჩელეები)
წარმომადგენელი _ თ. ფ-შვილი
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 24 აპრილის განჩინება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის დაბრუნება განსჯადობის მიხედვით ხელახლა განსახილველად
დავის საგანი _ სამკვიდრო მოწმობის ბათილად ცნობა, მესაკუთრედ ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
კ. ა-ოვმა, ალ. და ამ. ა-ოვების კანონიერმა წარმომადგენელმა ე. ა-ოვმა სარჩელი აღძრეს სასამართლოში მ. ა-ოვისა და ნოტარიუს დ. ო-ძის მიმართ 2007 წლის 6 მარტსა და 2007 წლის 24 აპრილს გაცემული სამკვიდრო მოწმობების ბათილად ცნობისა და ქ. თბილისში, ........... დასახლების 8 კორპუსში მდებარე 141 საცხოვრებეი ბინის 1/2 წილის მესაკუთრედ კ. ა-ოვისა და დარჩენილი 1/2 წილის მესაკუთრედ ალ. და ამ. ა-ოვების ცნობის თაობაზე შემდეგი საფუძვლებით: კ. ა-ოვი, ე. ა-ოვის აწ გარდაცვლილი მეუღლე _ ას. ა-ოვი და მ. ა-ოვი არიან 1995 წლის 13 აპრილს გარდაცვლილი ს. ა-ოვის შვილები და მისი პირველი რიგის მემკვიდრეები. დედის სამკვიდრო მიიღეს ფაქტობრივი ფლობით, ვინაიდან მის გარდაცვალებამდეც და შემდგომაც ცხოვრობდნენ სამკვიდრო მასაში შემავალ ბინაში, რაც დასტურდება სადავო ობიექტში მათი ჩაწერით, კომუნალური გადასახადების გადახდით, მეზობლების განცხადებითა და უბნის ინსპექტორის თქმით. მოპასუხე მ. ა-ოვი სამკვიდროს ად დაუფლებია და 1988 წლიდან, დაოჯახების შემდეგ, საცხოვრებად გადავიდა მეუღლესთან. 2007 წლის 22 მაისს მოსარჩელეთათვის ცნობილი გახდა, რომ მამკვიდრებლის გარდაცვალებიდან 12 წლის შემდეგ ნოტარიუს დ. ო-ძის მიერ გაცემული სამკვიდრო და დამატებითი მოწმობებით სადავო საცხოვრებელი ბინის 1/3 წილზე თანამესაკუთრედ ცნობილ იქნა მ. ა-ოვი დასახელებული მოწმობების გაცემა მოხდა უკანონოდ, რადგან ნოტარიუსმა არ მიიწვია სხვა თანამემკვიდრეები იმის გასარკვევად, მიიღო თუ არა სამკვიდრო მოპასუხემ. ამასთან, მ. ა-ოვმა ძმისგან _ ას. ა-ოვისგან სამკვიდროში კუთვნილი წილის სანაცვლოდ მიიღო 3500 აშშ დოლარი.
მ. ა-ოვმა სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ სამკვიდრო გაიხსნა სამოქალაქო კოდექსის 1319-1320-ე მუხლების საფუძველზე და მოპასუხემ იგი მიიღო ამავე კოდექსის 1421-ე მუხლით დადგენილი წესით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, ს. ა-ოვის დანაშთ ქონებაზე ნოტარიუს დ. ო-ძის მიერ გაცემული 2007 წლის 6 მარტის სამკვიდრო მოწმობა და 2007 წლის 24 აპრილის დამატებითი სამკვიდრო მოწმობა ცნობილ იქნა ბათილად, კ. ა-ოვი ცნობილ იქნა სადავო სამკვიდრო ქონების 11/2 წილის, ალ. ა-ოვი _ 1/4 იდეალური წილის, ხოლო ამ. ა-ოვი ასევე 1/4 იდეალური წილის მესაკუთრედ.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. ა-ოვმა, მოითხოვა გასაჩივრებულიდ გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის განსჯადობის წესით ადმინისტრაციული კოლეგიისათვის გადაცემა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 24 აპრილის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი შემდეგ გარემოებათა გამო: სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოება, რომ მამკვიდრებელი ს. ა-ოვი გარდაიცვალა 1995 წლის 13 აპრილს, რომლის პირველი რიგის მემკვიდრეეს წარმოადგენენ მისი შვილები: ას., მ. და კ. ა-ოვები. ას. ა-ოვი გარდაიცვალა 1998 წლის 18 დეკემბერს, რომელსაც პირველი რიგის მემკვიდრეებად დარჩა მეუღლე ე. ა-ოვი და შვილები ა. და ა. ა-ვები. 2007 წლის 6 მარტის სამკვიდრო მოწმობითა და 2007 წლის 24 აპრილის დმატებითი სამკვიდრო მოწმობით მ. ა-ოვმა მიიღო სმკვიდრო, კერძოდ, ქ. თბილისში, .......... დასახლების ¹8 კორპუსში მდებარე ¹141 ბინის 1/3, რაც აღირიცხა მის სახელზე, ხოლო დანარჩენი 2/3 - ს. ა-ოვის სახელზე. სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია, როა ას. და კ. ა-ოვებს მამკვიდრებლის გარდაცვალებიდან ექვს თვეში სამკვიდრო მოწმობის მისაღებად სანოტარო ორგანოსათვის განცხადებით არ მიუმართავთ, ხოლო მ. ა-ოვმა სამკვიდროს გახსნის ადგილის მიხედვით სანოტარო ბიუროს სამკვიდროს მიღებისათვის დადგენილი ვადის გასლის შემდეგ მიმართა, ამასთან ამ უკანასკნელს სამკვიდრო არც ფაქტობრივი ფლობით არ მიუღია, რის გამოც სასამართლომ ნოტარიუსის მიერ სამკვიდრო მოწმობის გაცემა არაკანონიერად მიიჩნია, ხოლო, ვინაიდან მხარეებს სადავოდ არ გაუხდით კ. და ას. ა-ოვების სადავო ბინაში ცხოვრება მამკვიდრებლის სიცოცხლეშიც და მისი გადაცვალების შემდეგაც, დადგინდა, რომ თითოეულმა მათგანმა სამკვიმდროს 1/2 წილი ფაქტობრივი ფლობით მიიღო. რაც შეეხება გარდაცვლილი ასლან ამაროვის მიერ დატოვებულ სამკვიდროს, ვინაიდან მისი მეუღლე ე. ა-ოვი არ აცხადებს პრეტენზიას, იგი გადაეცა მის შვილებს ალ. და ამ. ა-ოვებს თითოეულს 1/14 წილი. მ. ა-ოვი დაოჯახების შემდეგ, 1988 წლიდან საცხოვრებლად გადავიდა მეუღლესთან. სამოქალაქო კოდექსის 1421-ე მუხლის საფუძველზე პალატამ დაყრდნობით, დაუსაბუთებლად მიიჩნია აპელანტის მოსაზრება სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობით მიღების თაობაზე რადგან მხოლოდ სადავო მისამართზე რეგისტრაციის ფაქტი არ ადასტურებს, რომ მემკვიდრე დასახელებულ მისამართზე ცხოვრობს.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მ. ა-ოვმა, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის გადაცემა იმავე სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატისათვის ხელახლა განსახილველად შემდეგი დასაბუთებით: საირან ამაროვის დანაშთ ქონებაზე სამკვიდრო გაიხსნა მამკვიდრებლის გარდაცვალების დღეს სამოქალაქო კოდექსის 1319-1320-ე მუხლების შესაბამისად. კასატორმა სამკვიდრო მიიღო ამავე კოდექსის 1421-ე მუხლის საფუძველზე ფაქტობრივი ფლობით, რასაც ადასტურებს სადავო მისამართზე მისი რეგისტრაცია. დღეისათვის სადავო მისამართზე ცხოვრების საშუალებას კი მისი და და რძალი არ ძლევენ. სამკვიდრო მოწმობა გაიცა სრულიად კანონიერად, სამოქალაქო კოდექსის 1499-ე და 1453-ე მუხლების საფუძველზე და აღნიშნული გარემოების თაობაზე ცნობილი იყო მოწინააღმდეგე მხარისათვის სასამართლომ არასწორად ჩათვალა დადგენილად ის გარემოება, რომ სადავო ბინაში დღეისათვის ცხოვრობს კ. ა-ოვი, რადგანაც იგი ფაქტობრივად დასთან - მ. ა-ოვთან ცხოვრობს. ს. ა-ოვს ჰყავდა ხუთი პირველი რიგის მემკვიდრე, რაც არ ყოფილა გამოკვლეული სასამართლოს მიერ. სასამართლომ არასწორად გაიზიარა ის გარემოება, რომ ნოტარიუსმა მხოლოდ რეგისტრაციის ფაქტზე დაყრდნობით გასცა სამკვიდრო მოწმობა, რადგანაც დასახელებული მოწმობის გაცემისას მ. ა-ოვს თან ახლდა მისი და კ. ა-ოვი. ასევე არასწორადაა გაზიარებული გარემოება ას. ა-ოვის მიერ 3500 აშშ დოლარის გადახდის თაობაზე, რადგან საქმეში ამ ფაქტის დამადასტურებელი მტკიცებულება არ ყოფილა წარმოდგენილი. თ. ხ-იანი, რომელიც მოწმის სახით იქნა დაკითხული, წარმოადგენს არა მეზობელს, არამედ კასატორის დის _ მ. ა-ოვის შვილს, რის გამოც იგი საქმის შედეგით დაინტერესებულია და არასწორი ჩვენების მიცემით შეცდომაში შეიყვანა სასამართლო. სააპელაციო სასამართლომ დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლი და ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლი, რადგანაც სამკვიდრო მოწმობა გაცემულია საჯარო მოხელის - ნოტარიუსის მიერ და იგი წარმოადგენს ადმინისტრაციულ აქტს, რის გამოც საქმის წარმოება უნდა მომხდარიყო ადმინისტრაციული სამართალწამოების წესით. ვინაიდან სამკვიდრო მოწმობა რეგისტრირებულია საჯარო რეესტრში, სასამართლოს მოპასუხედ უნდა ეცნო ნოტარიუსი დ. ო-ძე, ხოლო მ. ა-ოვი და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო დავაში უნდა იყვნენ ჩაბმული მესამე პირებად.
სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: მამკვიდრებელი ს. ა-ოვი გარდაიცვალა 1995 წლის 13 აპრილს, რომლის პირველი რიგის მემკვიდრეებს წარმოადგენენ მისი შვილები: ას., მ. და კ. ა-ოვები. ასლან ამაროვი გარდაიცვალა 1998 წლის 18 დეკემბერს, რომელსაც პირველი რიგის მემკვიდრეებად დარჩა მეუღლე ე. ა-ოვი და შვილებით ა. და ა. ა-ვები. 12007 წლის 6 მარტის სამკვიდრო მოწმობითა და 2007 წლის 24 აპრილის დამატებითი სამკვიდრო მოწმობით მ. ა-ოვმა მიიღო სამკვიდროდ ქ. თბილისში, .......... დასახლების ¹8 კორპუსში მდებარე ¹141 ბინის 1/3, რაც აღირცხა მის სახეზე, ხოლო დანარჩენი 2/3 აღრიცხულია ს. ა-ოვის სახელზე. ას. და კ. ა-ოვებს მამკვიდრებლის გარდაცვალებიდან ექვს თვეში სამკვიდრო მოწმობის მისაღებად სანოტარო ორგანოსათვის განცხადებით არ მიუმართავთ, ხოლო მ. ა-ოვმა სამკვიდროს გახსნის ადგილის მიხედვით სანოტარო ბიუროს სამკვიდროს მიღებისათვის დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ მიმართა, ამასთან ამ უკანასკნელს სამკვიდრო არც ფაქტობრივი ფლობით არ მიუღია. კ. და ას. ა-ოვებმა სადავო ბინაში მამკვიდრებლის სიცოცხლეშიც და მისი გარდაცვალების შემდეგაც ცხოვრებით სამკვიდროს 1/2 წილი ფაქტობრივი ფლობით მიიღეს. მ. ა-ოვი დაოჯახების შემდეგ, 1988 წლიდან, საცხოვრებლად გადავიდა მეუღლესთან.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებულ განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ. ა-ოვის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელი დარჩეს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ გააუქმებს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას, თუ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო პალატამ გასაჩივრებული განჩინებით სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა დადგენილ გარემოებებს და ამ ფაქტობრივი გარემოებების საწინააღმდეგოდ კასატორს დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია არ წარმოუდგენია.
ამ სახის პრეტენზიად ვერ მიიჩნევა და საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანი ვერ გახდება ს. ა-ოვის პირველი რიგის სხვა ორი მემკვიდრის არსებობის ფაქტი, რადგანაც აღნიშნულ გარემოებაზე არც ერთი ინსტანციის სასამართლოს არ უმსჯელია. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის თანახმად, პირი თავად წყვეტს საკუთარი უფლების დასაცავად სასამართლოსათვის მიმართვის საკითხს. მოცემულ შემთხვევაში საირან ამაროვის დანარჩენ ორ მემკვიდრეს აღნიშნული უფლებით არ უსარგებიათ და სასამართლოსათვის არ მიუმართავთ.
ასევე დაუსაბუთებელია კასატორის მოსაზრება, რომ სასამართლომ უკანონოდ არ გაიზიარა მის მიერ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად დადასტურებული გარემოება მემკვიდრეობის ფაქტობრივი ფლობით მიღების თაობაზე. კასატორი ამ გარემოების დასადასტურებლად უთითებს მის ახსნა-განმარტებაზე და სადავო ბინაზე რეგისტრაციაზე. სამოქალაქო კოდექსის 1421-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, მემკვიდრის მიერ სამკვიდრო მიღებულად ითვლება, როდესაც იგი სამკვიდრო გახსნის ადგილის სანოტარო ორგანოში შეიტანს განცხდებას სამკვიდროს მიღების შესახებ ან ფაქტობრივად შეუდგება სამკვიდროს ფლობას ან მართვას, რაც უდავოდ მოწმობს, რომ მან სამკვიდრო მიიღო. ამდენად, სამკვიდროს მიღება ორი გზით _ სანოტაო ორგანოში განცხადების შეტანისა და სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობით შეიძლება განხორციელდეს. ორივე ხერხით სამკვიდროს მიღება ერთისა და იმავე შედეგის წარმომქმნელია და იურიდიულად რომელიმე მათგანს პრიორიტეტული მნიშვნელობა არ ენიჭება. განსხვავება მხოლოდ იმაშია, რომ სანოტარო ორგანოში მიმართვას ადასტურებს წერილობითი განცხადება. რაც შეეხება სამკვიდროს ფაქტობრივ ფლობას, იგი მემკვიდრის სხვადასხვა მოქმედებით შეიძლება დადგინდეს, თუმცა ნებისმიერი ამ მოქმედებიდან აშკარად უნდა იკვეთებოდეს მემკვიდრის მიერ სამკვიდროს მიღების სურვილი, მემკვიდრის ნება (სამკვიდროს მიღება ცალმხრივი გარიგებაა, რომლისთვისაც, ჩვეულებრივ, აუცილებელია ნების ნამდვილობა). მემკვიდრის ყველა ამგვარი მოქმედების შედეგს უნდა წარმოადგენდეს სამკვიდრო ქონების ფაქტობრივი ფლობა (მაგალითად: მამკვიდრებლის საცხოვრებელ სახლში ცხოვრება, მამკვიდრებლის ნივთების, როგორც საკუთარის მიღება და განკარგვაც, სამკვიდროს ფაქტობრივი მართვა, მოვლა და სხვა). აღნიშნულიდან გამომდინარე, დაუსაბუთებელია კასატორის მითითება, რომ პირის საცხოვრებელ ბინაში რეგისტრაციის ფაქტი ადასტურებს მემკვიდრის მიერ სამკვიდროს ფაქტობრივ ფლობას. მართალია სათანადო ნორმატიული აქტი ავალდებულებს პირს საცხოვრებელი მისამართის მიხედვით რეგისტრაციას, მაგრამ კონკრეტულ მისამართზე პირის რეგისტრაცია თავისთავად არ გულისხმობს ამ მისამართზე პირის ცხოვრების ფაქტს. ამ დასკვნას ამყარებს სამოქალაქო კოდექსის მე-20 მუხლის პირველი ნაწილი, რომლის ძალითაც ფიზიკური პირის საცხოვრებელ ადგილად მიიჩნევა ის ადგილი, რომელსაც იგი ჩვეულებრივ საცხოვრებლად ირჩევს, პირს შეიძლება ჰქონდეს რამდენიმე საცხოვრებელი ადგილი. მითითეული ნორმის დანაწესიდან შეიძლება დავასკვნათ, რომ კანონმდებელი არ გამორიცხს პირის საცხოვრებელი და რეგისტრაციის ადგილების არაიდენტურობას.
დაუსაბუთებელია კასატორის მოსაზრება სააპელაციო პალატის მიერ მტკიცებულების, მოწმე თ. ხ-იანის ჩვენების არასწორად შეფასების თაობაზე იმ მოტივით, რომ თ. ხ-იანი არის მოდავე მხარეთა დის _ მ. ა-ოვის შვილი, რომელიც დაინტერესებულია საქმის შედეგით. უპირველესად, უნდა აღინიშნოს, რომ თ. ხ-იანი საქმეში მხარეს არ წარმოადგენს და საქმის შედეგით ვერ იქნება დაინტერესებული. რაც შეეხება ნათესაურ დამოკიდებულებას, იგი ისეთივე ნათესავია მოწინააღმდეგე მხარის, როგორიც _ კასატორის. ამასთან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსი არ კრძალავს მხარის ნათესავის მოწმედ დაკითხვას.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლი მეორე ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. სასამართლოს მიერ მტკიცებულების შეფასება გულისხმობს მტკიცებულებათა როგორც ინდივიდუალურ, ასევე მათ ერთობლიობაში შეფასებას. ამასთან, სასამართლო ვალდებულია, მოწმის ჩვენებაც და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებიც შეაფასოს მათი შინაარსის და იურიდიული დამაჯერებლობის კუთხით. აღნიშნული გულისხმობს ყველა იმ ობიექტური თუ სუბიექტური კრიტერიუმების (მხარეებთან დამოკიდებულებას, ფიზიკური მდგომარეობასა და სხვა) განხილვას და გამორიცხვას, რამაც შეიძლება გავლენა მოახდინოს მოწმის ჩვენების სისწორეზე მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მიერ დადგენილი სადავო გარემოება, სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობით მიღებისა, არ ეფუძნება მხოლოდ დმოწმის ჩვენებას და არც მტკიცებულების მიღება-შეფასება უკავშირდება საპროცესო კანონმდებლობის დანაწესების დარღვევას.
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ დავა ადმინისტრაციულილ კატეგორიის საქმეებს განეკუთვნება და, შესაბამისად იგი ადმინისტრაციული სასამართლოს განსჯადია, რადგანაც, მიუხედავად იმისა, რომ ნოტარიუსი საჯარო მოხელეა, მის მიერ გაცემული სამკვიდრო მოწმობა არ წარმოადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, რადგანაც თავად სამემკვიდრეო ურთიერთობები სამოქალაქო კანონმდებლობას მიკუთვნებული წრიდან გამომდინარეობს და აღნიშნულ სფეროში წამოჭრილი ყოველი დავა გადაწყვეტილი უნდა იქნას არა ადმინისტრაციული, არამედ სამოქალაქო კანონმდებლობის საფუძველზე. აღნიშნული დავა ვერ იქნება ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლით გათვალისწინებულ დავებს მიკუთვნებული. დასახელებული მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება ის დავები, რაც გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან. მოცემულ შემთხვევაში კი, დავა გადაწყვეტილი უნდა იქნას სამოქალაქო, კერძოდ, სამემკვიდრეო სამართლის საფუძველზე, რადგან დავის საგანს წარმოადგენს სამკვიდრო ქონებაზე უფლების ცნობა და არა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებობის საფუძველზე მიღებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების საკითხი.
არასწორია კასატორის მოსაზრება სათანადო მოპასუხის თაობაზე. მოცემულ შემთხვევაში დავის საგანი არის სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე წარმოშობილი სამართლებრივი ურთიერთობა, რის შედეგადაც ხდება მოდავე სუბიექტების სამოქალაქო ურთიერთობებში ჩართვა, შესაბამისად, სარჩელი მიმართულია იმ პირის მიმართ, რომელიც სადავო ხდის სამართლებრივი ურთიერთობის იმ სახით არსებობას, როგორითაც იყო იგი კასატორის მიერ სამკვიდრო მოწმობის მიღებამდე. აღნიშნული გარემოებიდან გამომდინარე, სასამართლომ სწორად მიიჩნია მ. ა-ოვი სათანადო მოპასუხედ და არა მესამე პირად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მ. ა-ოვის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
უცვლელი დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 24 აპრილის განჩინება.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.