ას-596-934-07 19 ოქტომბერი, 2007 წ.
ქ. თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატამ
შემადგენლობა:
მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე),
როზა ნადირიანი (მომხსენებელი), თეიმურაზ თოდრია
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე საკასაციო სასამართლომ საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ც. რ-ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 23 მარტის გადაწყვეტილებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2002 წლის 25 ივნისს ნ. ფ-მ სარჩელით მიმართა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოს მოპასუხეების _ ც. რ-ს, მ. გ-ისა და ა. ხ-ს მიმართ და მოითხოვა მისი საცხოვრებელი სახლიდან მოპასუხეთა გამოსახლება თანმხლებ პირებთან ერთად იმ საფუძვლით, რომ იგი თბილისში, ... ქ. ¹5/6 მდებარე ბინის მესაკუთრეა, რომელსაც, მისი ნების საწინააღმდეგოდ, ფლობენ მოპასუხეები, რის გამოც ხელი ეშლება საკუთარი ქონებით სარგებლობაში. გარდა ამისა, მოსარჩელემ იკისრა ვალდებულება, რომ ფართის გამონთავისუფლების შემთხვევაში, ც. რ-სათვის გადაეცა 3500 აშშ დოლარი, ხოლო მ. გ-სა და ა. ხ-სათვის _ 2700-2700 აშშ დოლარი.
მოპასუხე ც. რ-მა სარჩელი არ ცნო და მოითხოვა ფართზე სარგებლობის უფლების შენარჩუნება.
თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2002 წლის 13 დეკემბრის გადაწყვეტილებით ნ. ფ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეები _ ც. რ-ე, მ. გ-ე და ა. ხ-ე თანხმლებ პირებთან ერთად გამოსახლებულები იქნენ ნ. ფ-ის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართიდან. ც. რ-ს მიერ ქ. თბილისში, ... ქ. ¹5/6-ში მდებარე საცხოვრებელი ფართის გამონთავისუფლების შემთხვევაში, აღიარებულ იქნა ნ. ფ-ის ვალდებულება 3500 აშშ დოლარის გადაცემის შესახებ, ხოლო მ. გ-ისა და ა. ხ-სათვის 2700-2700 აშშ დოლარის გადახდის ვალდებულება.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ც. რ-მა და მ. გ-მ.
საქმე არაერთხელ იქნა განხილული ზემდგომი ინსტანციების სასამართლოთა მიერ და ბოლოს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 23 მარტის გადაწყვეტილებით ც. რ-სა და მ. გ-ის სააპელაციო საჩივრები ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2002 წლის 13 დეკემბრის გადაწყვეტილება ნ. ფ-ის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართიდან ც. რ-სა და მ. გ-ის გამოსახლებისა და ქ. თბილისში, ... ქ. ¹5/6-ში მდებარე საცხოვრებელი ბინიდან ფართის გამონთავისუფლების შემთხვევაში ც. რ-სათვის 3500 აშშ დოლარის, ხოლო მ. გ-ისათვის 2700 აშშ დოლარის გადაცემის თაობაზე ნ. ფ-ის ვალდებულების აღიარების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებული ახალი გადაწყვეტილებით ნ. ფ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ც. რ- გამოსახლებულ იქნა თბილსიში, ... ქ. ¹5/6-ში (... ქ. ¹6) მდებარე ნ. ფ-ის საკუთრებაში არსებულ საცხოვრებელ სახლში მის მიერ დაკავებული 18 კვ.მ საცხოვრებელი სადგომიდან ნ. ფ-ის მიერ ც. რ-სათვის 3500 აშშ დოლარის გადახდისთანავე; მ. გ-ე გამოსახლებულ იქნა თბილისში, ... ქ. ¹5/6-ში (... ქ. ¹6) მდებარე ნ. ფ-ის საკუთრებაში არსებულ საცხოვრებელ სახლში მის მიერ დაკავებული 8,5 კვ.მ საცხოვრებელი სადგომიდან ნ. ფ-ის მიერ მ. გ-ისათვის 2700 აშშ დოალრის გადახდისთანავე.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად ცნო ის გარემოება, რომ ნ. ფ-ე წარმოადგენს ქ. თბილსიში, ... ქ. ¹5/6-ში (... ქ.¹6) მდებარე ორი ერთსართულიანი სახლის 3/7 ნაწილის მესაკუთრეს, რასაც მხარეები სადავოდ არ ხდიან. ასევე დაადგინა და მხარეებს შორის სადავო არ არის, რომ არსებულ სახცოვრებელ სახლში 18 კვ.მ ფართის საცხოვრებელ სადგომს ფლობს ც. რ-ე, ხოლო 8,5 კვ.მ _ მ. გ-ე.
სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ ნ. ფ-სა და მ. გ-ს შორის, ასევე, ნ. ფ-სა და ც. რ-ს შორის არსებული ურთიერთობა წარმოადგენს “საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ სამართალურთიერთობებს.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ც. რ-მა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 5 სექტემბრის განჩინებით ც. რ-ს საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ც. რ-ს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავებში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ საკასაციო საჩივრის საგნის ღირებულება აღემატება 50000 ლარს. ამავე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი სხვა ქონებრივ და არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას ც. რ-ს საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ც. რ-ს საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი დარჩეს განუხილველად.
2. ც. რ-ს დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის) 70% _ 210 ლარი საქართველოს სახელმწიფო ხაზინის (კოდი:220101222) საბიუჯეტო შემოსავლების ¹300773078 სახაზინო კოდით ძველი თბილისის არასაგადასახადო შემოსულობების ¹200122900 ანგარიშიდან
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.