Facebook Twitter

¹ას-597-824-08 21 იანვარი, 2009წ.

¹ თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),

ლ. ლაზარაშვილი (მომხსენებელი), ნ. კვანტალიანი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორები (მოპასუხეები) _ ზ. პ-იანი, თ. კ-იანი (წარმომადგენელი შ. ძ-ძე)

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) _ ე. პ-იანი (წარმომადგენელი ა. მ-შვილი)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 17 აპრილის განჩინება

დავის საგანი _ იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენა, უძრავ ქონებაზე თანამესაკუთრედ ცნობა, ნასყიდობის ხელშეკრულების ნაწილობრივ ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2007 წლის 15 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას სასარჩელო განცხადებით მიმართა ე. პ-იანმა მოპასუხეების _ თ. კ-იანისა და ზ. პ-იანის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა:

1. იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენა იმის შესახებ, რომ ნ. პ-იანი იყო მამამისის _ აწ გარდაცვლილი მ. პ-იანის დედა და მისი ბებია;

2. იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენა იმის თაობაზე, რომ ე. პ-იანი ფაქტობრივად ფლობდა და მართავდა ნ. პ-იანის სამკვიდრო ქონებას _ თბილისში, . . . მე-3 შესახვევის ¹3-ში მდებარე, 513კვ.მ მიწის ნაკვეთზე აშენებულ საცხოვრებელ სახლს, ასევე მამის _ მ. პ-იანის მიერ აშენებულ სახლს ¹2 შენობაში (ფართით 52.46კვ.მ), ¹3 და ¹4 შენობებს.

3. თანამესაკუთრედ ცნობა თბილისში, . . . მე-3 შესახვევის ¹3-ში მდებარე უძრავ ქონებაზე, კერძოდ:

ა. 513კვ.მ მიწის ნაკვეთის 1/3 ნაწილზე;

ბ. ნ. პ-იანის სამკვიდრო სახლის ორი ოთახის (46.09კვ.მ) 1/3 წილზე;

გ. ამავე მისამართზე მამის _ მ. პ-იანის მიერ აშენებულ ¹2 შენობაში 52.46კვ.მ ფართზე, ¹3 და ¹4 შენობებზე.

4. 2004 წლის 2 სექტემბრის ნასყიდობის ხელშეკრულების ნაწილობრივ ბათილად ცნობა მიწის ნაკვეთის 1/3 ნაწილის, 46.09კვ.მ ბინის 1/3 ნაწილის, ¹2 შენობაში 52.46კვ.მ ფართის, ¹3 და ¹4 შენობების ნაწილში (ს.ფ. 3-3-10).

საქალაქო სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოსარჩელის წარმომადგენელმა იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტების დადგენის ნაწილში მოთხოვნა შეამცირა და მოითხოვა: ნ. პ-იანსა და მ. პ-იანს შორის, როგორც დედასა და შვილს შორის, ასევე ნ. პ-იანსა და ე. პ-იანს შორის, როგორც ბებიასა და შვილიშვილს შორის ნათესაური კავშირის დადგენა და ე. პ-იანის მიერ მამკვიდრებლის _ ნ. პ-იანის დანაშთი სამკვიდრო ქონების, მდებარე თბილისში, . . . მე-3 შესახვევის ¹3-ში ფაქტობრივად მიღების შესახებ იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენა. დანარჩენ ნაწილში სასარჩელო მოთხოვნა უცვლელად დარჩა (ს.ფ. 104-110).

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 25 სექტემბრის გადაწყვეტილებით ე. პ-იანის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა: დადგინდა 1980 წლის 23 დეკემბერს გარდაცვლილ ნ. პ-იანსა და 1978 წლის 23 თებერვალს გარდაცვლილ მ. პ-იანს შორის ნათესაური კავშირი, როგორც დედის და შვილის; დადგინდა იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტი იმის შესახებ, რომ ე. პ-იანმა ფაქტობრივად მიიღო მამკვიდრებლის _ ნ. პ-იანის დანაშთი სამკვიდრო ქონება, მდებარე ქ. თბილისში, . . . მე-3 შესახვევის ¹3-ში; ე. პ-იანი ცნობილ იქნა თბილისში, . . . მე-3 შესახვევის ¹3-ში მდებარე ზ. პ-იანის სახელზე რიცხული უძრავი ქონების 1/3-ის მესაკუთრედ და ამ ნაწილში ბათილად იქნა ცნობილი ნოტარიუს ე. შ-შვილის მიერ 2004 წლის 2 სექტემბერს დამოწმებული ¹1-9167 ნასყიდობის ხელშეკრულება, გაფორმებული თ. კ-იანსა და ზ. პ-იანს შორის. დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

საქალაქო სასამართლომ საქმეზე დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

ე. პ-იანის მამა იყო მ. პ-იანი, ხოლო ამ უკანასკნელის დედა _ ნ. პ-იანი; მამკვიდრებელი ნ. პ-იანი არის მოსარჩელის და ამავე დროს მოპასუხე ზ. პ-იანის ბებია;

მამკვიდრებელი ნ. პ-იანი გარდაიცვალა 1980 წლის 23 დეკემბერს. გარდაცვალების მომენტისათვის მის სახელზე ირიცხებოდა თბილისში, . . . მე-3 შესახვევის ¹3-ში მდებარე საცხოვრებელი სახლი;

გარდაცვლილის შვილებიდან სამკვიდრო ქონებაზე პრეტენზიას აცხადებდნენ თ. კ-იანი (მოპასუხე), ზ. პ-იანი (მოპასუხე ზ. პ-იანის მამა), რომელიც გარდაიცვალა 2003 წელს და 1978 წლის 24 თებერვალს გარდაცვლილი მ. პ-იანის ოჯახი, მისი შვილის _ მოსარჩელე ე. პ-იანის სახით;

სამივე მემკვიდრე, მათ შორის, ე. პ-იანი, მამკვიდრებლის გარდაცვალების მომენტისათვის ცხოვრობდა სამკვიდრო სახლში: თბილისში, . . . მე-3 შესახვევის ¹3-ში;

ნ. პ-იანის სამკვიდროში შემავალი მთელი საცხოვრებელი სახლი კანონისმიერი მემკვიდრეობის გზით საკუთრებაში მიიღო მხოლოდ ერთმა მემკვიდრემ _ თ. კ-იანმა;

2004 წლის 2 სექტემბერს უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებით თ. კ-იანმა მემკვიდრეობით მიღებული სამკვიდრო ქონება მიჰყიდა თავის ძმისშვილს _ ზ. პ-იანს;

მოდავე მხარეები რამდენიმე ათეული წელია ცხოვრობენ ერთ მისამართზე, აკავშირებთ ნათესაური კავშირი და სამივე მათგანი წარმოადგენს გარდაცვლილი ნ. პ-იანის დანატოვარი სამკვიდრო ქონების მემკვიდრეს.

საქალაქო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 315-ე მუხლზე, რომლის თანახმად, ფაქტი, რომლის დადგენასაც ითხოვს განმცხადებელი, უნდა უკავშირდებოდეს იმ იურიდიულ შედეგს, რომლის მიღწევაც სურს მას. აქედან გამომდინარე, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტი მ. პ-იანსა და ნ. პ-იანს შორის ნათესაური კავშირის შესახებ, როგორც დედისა და შვილის; ასევე დადგენილად მიიჩნია იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტი ე. პ-იანის მიერ ნ. პ-იანის სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობით მიღების თაობაზე.

საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ ე. პ-იანი, თ. კ-იანი და ზ. პ-იანი, როგორც მემკვიდრეები, წარმოადგენდნენ გარდაცვლილი ნ. პ-იანის დანატოვარი სამკვიდრო ქონების თანამესაკუთრეებს. ამასთან, სამოქალაქო კოდექსის 1421-ე მუხლის საფუძველზე ე. პ-იანი ცნობილ იქნა თბილისში, . . . მე-3 შესახვევის ¹3-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის 1/3-ის მესაკუთრედ.

იმის გათვალისწინებით, რომ თ. კ-იანისა და ზ. პ-იანისათვის სამკვიდრო მასაში შემავალი უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების დადებისას ცნობილი იყო ნ. პ-იანის სხვა პირველი რიგის მემკვიდრის _ ე. პ-იანის არსებობის შესახებ, რომელსაც ფაქტობრივად მიღებული ჰქონდა ბებიის დანატოვარი სამკვიდრო ქონება, სასამართლომ მიიჩნია, რომ შემძენი ამ შემთხვევაში არ იყო კეთილსინდისიერი და სამოქალაქო კოდექსის 185-ე და 54-ე მუხლებზე დაყრდნობით ბათილად ცნო თბილისში, . . . მე-3 შესახვევის ¹3-ში მდებარე საცხოვრებელ სახლზე თ. კ-იანსა და ზ. პ-იანს შორის 2004 წლის 2 სექტემბერს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება უძრავი ქონების 1/3 ნაწილში.

საქალაქო სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია მოსარჩელის მოთხოვნა ზ. პ-იანის სახელზე უფლების დამადასტურებელი საბუთის გარეშე აღრიცხული ფართის, კერძოდ, ¹2 შენობაში 52.46კვ.მ ფართის, ¹3 და ¹4 შენობების მესაკუთრედ ცნობის თაობაზე იმ საფუძვლით, რომ აშენებული იყო მოსარჩელის მამის _ მ. პ-იანის მიერ და აღნიშნულთან დაკავშირებით მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 1328-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, სამკვიდრო (სამკვიდრო ქონება) შეიცავს მამკვიდრებლის როგორც ქონებრივი უფლებების (სამკვიდრო აქტივი), ისე მოვალეობების (სამკვიდრო პასივი) ერთობლიობას, რომელიც მას ჰქონდა სიკვდილის მომენტისათვის. საქმის მასალებში არსებული საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, ზ. პ-იანის სახელზე აღნიშნული ფართი აღირიცხა უფლების დამადასტურებელი საბუთის გარეშე, რაც იმის გათვალისწინებით, რომ მან საცხოვრებელი სახლი შეიძინა თ. კ-იანისაგან, ამ უკანასკნელმა კი მემკვიდრეობით მიიღო ნ. პ-იანისაგან, იმაზე მეტყველებდა, რომ მამკვიდრებელს არ გააჩნდა მითითებულ უძრავ ქონებაზე კანონმდებლობით რეგლამენტირებული რაიმე სახის უფლება. შესაბამისად, სადავო ქონება არ წარმოადგენდა სამკვიდრო ქონებაში შემავალ რაიმე სახის აქტივს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. საქალაქო სასამართლოს მოსაზრებით, მოცემულ შემთხვევაში იმ გარემოების მტკიცების ტვირთი, რომ მოსარჩელეს გააჩნდა თბილისში, . . . მესამე შესახვევის ¹3-ში მდებარე ¹2 შენობაში 52.46კვ.მ ფართის, ¹3 და ¹4 შენობების საკუთრების უფლება, მოსარჩელეს ეკისრებოდა, რომელმაც აღნიშნული გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულება ვერ წარადგინა. შესაბამისად, სასამართლომ მოსარჩელის მითითებული მოთხოვნა უსაფუძვლოდ მიიჩნია და აღნიშნა, რომ ამ ნაწილში სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობდა (ს.ფ. 119-125).

დასახელებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს თ. კ-იანმა და ზ. პ-იანმა, რომლებმაც მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება (ს.ფ. 131-136).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 17 აპრილის განჩინებით თ. კ-იანისა და ზ. პ-იანის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 25 სექტემბრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარში მითითებული ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები არ ქმნიდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების შემადგენლობას, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივი საფუძვლები არ არსებობდა (ს.ფ. 184-188).

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ზ. პ-იანმა და თ. კ-იანმა (წარმომადგენელი შ. ძ-ძე), რომლებმაც მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოსათვის დაბრუნება, შემდეგი საფუძვლებით:

სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას საკმარისად იყო დასაბუთებული ფაქტობრივი გარემოება იმის შესახებ, რომ ზ. პ-იანი თბილისში, . . . მესამე შესახვევის ¹3-ში მდებარე უძრავი ქონების კეთილსინდისიერ შემძენს წარმოადგენდა. იმ პირობებში, როდესაც საჯარო რეესტრის ამონაწერი, ისევე როგორც საჯარო რეესტრის სამსახურის შექმნამდე მოქმედ ტექაღრიცხვის სამსახურში არსებული მონაცემები სადავო ბინის მესაკუთრედ თ. კ-იანზე მიუთითებდა, ზ. პ-იანს საკმარისი საფუძველი გააჩნდა ბინის მესაკუთრედ სწორედ თ. კ-იანი მიეჩნია. შესაბამისად, იგი ბინის კეთილსინდისიერი შემძენი იყო.

პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვის დასრულების შემდგომ კასატორებმა არქივის მეშვეობით მოიპოვეს ანდერძი, რომლის შინაარსიც მოცემული დავის არსს არსებითად ცვლიდა, თუმცა აღნიშნული მტკიცებულების მიღებაზე მათ არამართლზომიერად ეთქვათ უარი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 382-ე მუხლის პირველი ნაწილი სააპელაციო სასამართლოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებების მიღების შესაძლებლობას ანიჭებს, რაც ამ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა.

გაურკვეველია სასამართლოს დასკვნა იმის თაობაზე, რომ მამკვიდრებლის შვილებიდან სამკვიდრო ქონებაზე პრეტენზიას მხოლოდ სამი მემკვიდრე აცხადებდა, რამდენადაც, ტ. და ნ. პ-იანებს ჰყავდათ 7 შვილი (ს.ფ. 199-208).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ზ. პ-იანისა და თ. კ-იანის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

მამკვიდრებელი ნ. პ-იანი არის მოსარჩელე ე. პ-იანისა და მოპასუხე ზ. პ-იანის ბებია;

ნ. პ-იანი გარდაიცვალა 1980 წლის 23 დეკემბერს. გარდაცვალების მომენტისათვის მის სახელზე ირიცხებოდა თბილისში, . . . მე-3 შესახვევის ¹3-ში მდებარე საცხოვრებელი სახლი, რომელიც განთავსებული იყო 513 კვ.მ მიწის ნაკვეთზე;

გარდაცვლილის შვილებიდან სამკვიდრო ქონებაზე პრეტენზიას აცხადებდნენ თ. კ-იანი (მოპასუხე), ზ. პ-იანი (მოპასუხე ზ. პ-იანის მამა), რომელიც გარდაიცვალა 2003 წელს და 1978 წლის 24 თებერვალს გარდაცვლილი მ. პ-იანის შვილი მოსარჩელე ე. პ-იანი;

სამივე მემკვიდრე, მათ შორის, ე. პ-იანი, მამკვიდრებლის გარდაცვალების მომენტისათვის ცხოვრობდა სამკვიდრო სახლში: თბილისში, . . . მე-3 შესახვევის ¹3-ში;

1981 წლის 15 ივლისის კანონისმიერი მემკვიდრეობის მოწმობით ნ. პ-იანის სამკვიდრო ქონება _ 513 კვ.მ მიწის ნაკვეთზე განთავსებული საცხოვრებელი სახლი მიიღო მხოლოდ ერთმა მემკვიდრემ _ თ. კ-იანმა;

2004 წლის 2 სექტემბერს უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებით თ. კ-იანმა თავის ძმისშვილს _ ზ. პ-იანს მიჰყიდა თბილისში, . . . მე-3 შესახვევის ¹3-ში მდებარე 503 კვ.მ მიწის ნაკვეთი, ¹1, ¹2 შენობა-ნაგებობა საერთო ფართით 46,09კვ.მ, შენობა ¹1-ში 63,54კვ.მ, შენობა@¹2-ში 52,46კვ.მ და შენობები ¹3, ¹4 უფლების დამადასტურებელი საბუთის გარეშე. აღნიშნული უძრავი ქონება ზ. პ-იანმა დაარეგისტრირა თავის სახელზე საჯარო რეესტრში;

მოდავე მხარეები რამდენიმე ათეული წელია ცხოვრობენ ერთ მისამართზე, აკავშირებთ ნათესაური კავშირი და სამივე მათგანი წარმოადგენს გარდაცვლილი ნ. პ-იანის დანატოვარი სამკვიდრო ქონების მემკვიდრეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებაში დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია კასატორების მიერ წამოყენებული არ არის.

საკასაციო სასამართლო ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ სამოქალაქო კოდექსის 1421-ე მუხლის თანახმად, მოსარჩელე ე. პ-იანი ფაქტობრივი ფლობით დაეუფლა ნ. პ-იანის სამკვიდროს. კანონის მითითებული ნორმის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მემკვიდრე ფაქტობრივად შეუდგა სამკვიდრო ნაწილის ფლობას, ითვლება, რომ მან მთლიანად მიიღო სამკვიდრო, რაშიც უნდა გამოიხატებოდეს და სადაც უნდა იყოს იგი. ამდენად, ე. პ-იანმა, რომელიც ფაქტობრივად ფლობდა ნ. პ-იანის სამკვიდროს ნაწილს, მთლიანად მიიღო სამკვიდრო თავისი სამკვიდრო წილის ფარგლებში. შესაბამისად, არამართლზომიერია თ. კ-იანის მიერ მთლიანი სამკვიდროს (ე. პ-იანის სამკვიდრო წილის გათვალისწინებით) მასზე აღრიცხვა და ზ. პ-იანზე გასხვისება. ამ შემთხვევაში სამოქალაქო კოდექსის 185-ე მუხლის თანახმად, ზ. პ-იანი ვერ ჩაითვლება კეთილსინდისიერ შემძენად, რამდენადაც როგორც თვითონ, ისე მოსარჩელე ე. პ-იანი ცხოვრობდნენ სამკვიდრო სახლთმფლობელობაში, იყვნენ ნათესავები და ამდენად, ზ. პ-იანისთვის ცნობილი იყო ნ. პ-იანის ქონებაზე ე. პ-იანის კანონისმიერი მემკვიდრეობისა და ფაქტობრივი ფლობით სამკვიდროს დაუფლების შესახებ.

საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორების მსჯელობას, რომ მათ მიერ წარდგენილი ანდერძი უნდა მიეღო სააპელაციო სასამართლოს მტკიცებულებად და გაეთვალისწინებინა გადაწყვეტილების გამოტანის დროს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 380-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლო არ მიიღებს ახალ ფაქტებსა და მტკიცებულებებს, რომლებიც მხარეს შეეძლო წარედგინა პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას, მაგრამ არასაპატიო მიზეზით არ წარადგინა. მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებით დგინდება, რომ ჯერ კიდევ პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას, 2007 წლის 27 ივლისის სხდომაზე, მოპასუხის წარმომადგენელი მიუთითებს იმაზე, რომ მათთვის ცნობილი გახდა ანდერძის არსებობის შესახებ მასზე და მის დაზე (ს.ფ.79). პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გადაწყვეტილება საქმეზე გამოტანილია 2007 წლის 25 სექტემბერს და ამ დროის მანძილზე მოპასუხეთა მიერ ანდერძი არ წარდგენილა. აღნიშნული ანდერძი ზ. პ-იანმა და თ. კ-იანმა წარადგინეს სააპელაციო საჩივართან ერთად, სადაც უთითებენ, რომ ანდერძი აღმოაჩინეს შემთხვევით. სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას მათ ვერ დაასახელეს პირველი ინსტანციის სასამართლოში ანდერძის წარდგენის შეუძლებლობის განმაპირობებელი კონკრეტული საპატიო გარემოება და ასეთზე ისინი ვერც საკასაციო საჩივარში უთითებენ. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ სწორად მიიჩნია, რომ არ არსებობდა სააპელაციო სასამართლოში ახალი მტკიცებულების დაშვებისა და შეფასების საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული საფუძველი. ამასთან, აღნიშნული ანდერძის არსებობა მოცემულ შემთხვევაში გავლენას ვერ ახდენს საქმეზე, რამდენადაც თ. კ-იანს სამკვიდრო მიღებული აქვს კანონისმიერი მემკვიდრეობით 1981 წელს და 1980 წელს შედგენილი ანდერძის საფუძველზე მას სამკვიდროს მიღების უფლებით არ უსარგებლია.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების საპროცესო საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ზ. პ-იანისა და თ. კ-იანის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 17 აპრილის განჩინება;

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.