Facebook Twitter

¹ას-597-979-06 5 აპრილი, 2007წ.

ქ.თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე)

როზა ნადირიანი (მომხსენებელი), თემურ თოდრია

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – ვ. კ-ა _ კ-ი

მოწინააღმდეგე მხარე – შპს “ი...”, შპს “ს...”

წარმომადგენელი _ მ. ა-ე

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 26 ივნისის გადაწყვეტილება

დავის საგანი _ ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2004 წლის 22 აპრილს ვ. კ-ა-კ-მა სარჩელით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოპასუხეების შპს “ი...სა” და შპს “ს...ს” მიმართ და მოითხოვა მოპასუხეთათვის სოლიდარულად 65500 აშშ დოლარის დაკისრება შემდეგი საფუძვლებით: მოსარჩელის განმარტებით, მისი მეუღლე ა. კ-ა 2002 წლის 11 სექტემბრიდან მუშაობდა საქართველოს დროშის ქვეშ მცურავ შპს “ი...ს” გემზე მექანიკოსად, რომელიც 2003 წლის 10 მარტს ბელგიის სამეფოს ქალაქ ანტვერპენში დგომისას გარდაიცვალა. ფალფეინის საავადმყოფოს ექიმის ფ. ვ. დ-ს დასკვნით სიკვდილი მიოკარდიული იშემიის შედეგად გულის კარდიო-რესპირაციულმა გაჩერებამ გამოიწვია.

შრომითი მოვალეობის შესრულებისას მეუღლის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ზიანის ანაზღაურებაზე ან სადაზღვევო თანხის გაცემაზე, როგორც გემთფლობელმა შპს “ს...მ”, ასევე დამქირავებელმა შპს “ი...მ,” მოსარჩელეს უარი განუცხადეს იმ მოტივით, რომ დამქირავებელ შპს “ი... კომპანიასა და ... შორის 2002 წლის 11 სექტემბერს გაფორმებული შრომითი ხელშეკრულება არ ითვალისწინებდა არც მეზღვაურის სიცოცხლის დაზღვევას და არც რაიმე საკომპენსაციო თანხის გაცემას მეზღვაურის დაღუპვისას, ხოლო ამ პირობების განმსაზღვრელი კოლექტიური ხელშეკრულება, ერთი მხრივ, დამსაქმებელსა და გემთმფლობელს და, მეორე მხრივ, საქართველოს მეზღვაურთა პროფკავშირებს შორის, გაფორმებული არ ყოფილა. თავის მხრივ, ... პროფკავშირებმა მიუთითეს, რომ კოლექტიური ხელშეკრულების გაფორმება მათსა და შპს “ ს...ს” შორის საზღვაო სანაოსნოს ადმინისტრაციის მიზეზით არ ხერხდება.

მოპასუხემ ... და დამქირავებელს შორის ურთიერთობის დამრეგულირებელ ერთადერთ დოკუმენტად სწორედ 2002 წლის 11 სექტემბრის ხელშეკრულება მიიჩნია და, ვინაიდან, ეს ხელშეკრულება ... სიცოცხლის დაზღვევას არ ითვალისწინებდა, ჩათვალა, რომ მსგავსი ვალდებულება მას არ გააჩნდა.

მოსარჩელემ აღნიშნა, რომ მოპასუხემ არაკანონიერად უთხრა უარი მის მოთხოვნას, რადგანაც ზემოაღნიშნული ხელშეკრულების 39-ე მუხლით კომპანიას ევალება შექმნას შრომის უსაფრთხო პირობები, ხოლო მე-40 მუხლით მათ ევალებათ “შექმნან გემზე ნაციონალური კანონმდებლობით და იმ საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული შრომისა და ცხოვრების პირობები, რომელთა მონაწილეც საქართველოა”. ამასთანავე, მიუთითა, რომ საქართველოს ... პროფკავშირები საერთაშორისო სატრანსპორტო ფედერაციის (IთF) წევრია და, შესაბამისად, საქართველოს ... პროფკავშირებსა და საქართველოს ... შორის დადებული ხელშეკრულების პირობები საერთაშორისო სატრანსპორტო ფედერაციის მიერ დადგენილ, კოლექტიური ხელშეკრულების სტანდარტულ პირობებს უნდა შეესაბამებოდეს, რომლის მე-19 მუხლის თანახმად, მფლობელთან დასაქმების პერიოდში ... დაღუპვისას, რაც მოიცავს, აგრეთვე, ბუნებრივ მიზეზებსაც, მფლობელი გარდაცვლილის ქვრივს და 21 წლამდე ასაკის მაქსიმუმ ოთხ შვილს უხდის დანართი 4-ით გათვალისწინებულ თანხებს. ვინაიდან 1996 წელს, საქართველოს ... პროფკავშირებსა და ყოფილ ს...ს შორის დადებული ხელშეკრულება სწორედ ამ პირობების შესაბამისად იყო გაფორმებული, გემთმფლობელი ვალდებულია, ამ ხელშეკრულების მე-19 პარაგრაფის შესაბამისად, დასაქმების პერიოდში დაღუპული ... ოჯახს აუნაზღაუროს ზიანი – 60000 აშშ დოლარის ოდენობით. ვინაიდან, მხარეებს შორის ახალი ხელშეკრულება არ დადებულა, “კოლექტიური ხელშეკრულებებისა და შეთანხმების შესახებ” საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ახალი ხელშეკრულების დაუდებლობა აგრძელებს ძველის მოქმედებას.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვ. კ-ა-კ-მა მოითხოვა მოპასუხეთათვის 60000 აშშ დოლარის ადვოკატის მომსახურებისა და დაკრძალვის ხარჯების _ სულ 65500 აშშ დოლარის დაკისრება.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 25 აგვისტოს გადაწყვეტილებით ვ. კ-ა--ს სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, შპს “ი...სა” და შპს “ს...ს” მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 60000 აშშ დოლარის გადახდა, ხოლო ადვოკატის მომსახურებისა და დაკრძალვის ხარჯების გადახდევინების ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა დაუსაბუთებლობის გამო.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრეს შპს “ს...მ” და შპს “ი...მ” და მოითხოვეს მისი გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 26 ივნისის გადაწყვეტილებით შპს “ს...სა” და შპს “ი...ს” სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 25 აგვისტოს გადაწყვეტილება. ვ. კ-ა-კო-ს სარჩელს ზიანის ანაზღაურების სახით მოპასუხეებისათვის 60000 აშშ დოლარის დაკისრების თაობაზე ეთქვა უარი უსაფუძვლობის გამო.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად ცნო ის გარემოება, რომ მოსარჩელის მეუღლის – ა. კ-ს გარდაცვალებაში მოპასუხე მხარეს ბრალი არ მიუძღვის და იგი ბუნებრივი სიკვდილით გარდაიცვალა. სასამართლომ მიიჩნია, რომ რადგანაც დავის საგანი არის არა სადაზღვევო თანხების, არამედ ზიანის ანაზღაურება, იგი სამოქალაქო კანონმდებლობით უნდა გადაწყდეს იმ დანაწესის მიხედვით, რასაც კანონმდებელი ადგენს ზიანის ანაზღაურების საკითხის გადასაწყვეტად. ვინაიდან მხარეთა მხრიდან სადავო არ გამხდარა ის ფაქტი, რომ ა. კ-ა ბუნებრივი სიკვდილით გარდაიცვალა, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხის მხრიდან ვალდებულება არ დარღვეულა და, შესაბამისად, მას სამოქალაქო პასუხისმგებლობა ვერ დაეკისრება.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ვ. კ-ა-კ-მა და მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება იმ მოტივით, რომ სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, არასწორად განმარტა კანონი და, გარდა ამისა, გადაწყვეტილების შემოწმებისას გასცდა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნის ფარგლებს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, საკასაციო საჩივრის საფუძვლები და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ მოსარჩელის მეუღლე ა. კ-ა შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე მუშაობდა შპს „ი...ს“ გემზე ...ად, რომელიც 2003 წლის 10 მარტს ბელგიის სამეფოს ქალაქ ანტვერპენში გემის დგომისას გარდაიცვალა. ფალფეის საავადმყოფოს ექიმის დასკვნით, სიკვდილის მიზეზი გახდა მიოკარდიული იშემიით გამოწვეული გულის კარდიო-რესპირაციული გაჩერება. ასევე დადგენილია, რომ მოსარჩელის მეუღლის გარდაცვალებაში მოპასუხე მხარეებს ბრალი არ მიუძღვით და იგი ბუნებრივი სიკვდილით გარდაიცვალა. მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს მხარეები სადავოდ არ ხდიან, შესაბამისად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძლებიდან.

მოსარჩელე თავისი მოთხოვნის საფუძვლად მიუთითებს შრომით ხელშეკრულებას და კოლექტიურ ხელშეკრულებას.

ა.კ-სა და შპს „ი...ს“ შორის გაფორმებული შრომითი ხელშეკრულების 42-ე პუნქტის თანახმად, ავადმყოფობასთან, ტრამვასთან ან გარდაცვალებასთან დაკავშირებული საკითხები, თუ იგი არაა გამოწვეული მუშაკის ბრალით, უნდა გადაწყვეტილიყო საქართველოს კანონმდებლობითა და კოლექტიური ხელშეკრულების შესაბამისად. დადგენილია, რომ დამსაქმებელსა (შპს „ი...ს“) და პროფკავშირებს შორის კოლექტიური ხელშეკრულება გაფორმებული არ ყოფილა, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო პალატამ მართებულად გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ნორმები.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. დადგენილია, რომ შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები შპს „ი...ს“ არ დაურღვევია. მოსარჩელის მეუღლის გარდაცვალებაში მოპასუხის ბრალი არ არის დადგენილი, იგი გარდაიცვალა ბუნებრივი სიკვდილით, შესაბამისად, არ არსებობს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის საფუძველი.

ამდენად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა, შესაბამისად, არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ვ-ა კ-ა-კ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

უცვლელად დარჩეს ამ საქმეზე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 26 ივნისის გადაწყვეტილება;

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.