Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

¹ას-598-825-08 29 დეკემბერი, 2008 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატამ

შემადგენლობა:

მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ლალი ლაზარაშვილი, ნუნუ კვანტალიანი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – თ. ხ-ოვა (მოპასუხე)

წარმომადგენელი – ს. ო-რია

მოწინააღმდეგე მხარე – პ. ლ-იძე (მოსარჩელე), ს. ხ-ოვი

წარმომადგენელი – თ. ნ-აია

მესამე პირები – ნოტარიუსი მაია მეტრეველი, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის სააგენტოს რუსთავის სარეგისტრაციო სამსახური

დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ქონების გამოთხოვა

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 30 აპრილის განჩინება, 2007 წლის 19 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2006 წლის 19 ივნისს პ. ლ-იძემ რუსთავის საქალაქო სასამართლოს უკანონო მფლობელობიდან ქონების გამოთხოვის შესახებ სასარჩელო განცხადებით მიმართა. მოსარჩელემ განმარატა, რომ 2005 წლის 5 ივნისს მასსა და ს. ხ-ოვს შორის ქ. რუსთავში, მე-14 მ/რ ¹12-25-ში მდებარე ბინის ნასყიდობის ხელშეკრულება გაფორმდა. ს. ხ-ოვი აღნიშნული ბინის ერთადერთი მესაკუთრე იყო. ნასყიდობის ხელშეკრულება კანონის მოთხოვნათა დაცვით გაფორმდა და მყიდველი საჯარო რეესტრში ბინის მესაკუთრედ აღირიცხა, თუმცა აღნიშნულ ბინაში ცხოვრობდა თ. ხ-ოვა, რომელიც, არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, ფართის დაცლაზე უარს აცხადებდა.

აღნიშნულიდან გამომდინარე პ. ლ-იძემ ქ. რუსთავში, მე-14 მ/რ ¹12-25-ში მდებარე ბინიდან თ. ხ-ოვას გამოსახლება მოითხოვა.

თ. ხ-ოვამ რუსთავის საქალაქო სასამართლოს შეგებებული სარჩელი წარუდგინა, რომლითაც ს. ხ-ოვსა და პ. ლ-იძეს შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა მოითხოვა. მხარემ აღნიშნა, რომ სადავო ბინა მისი მეუღლის – ვართან ხაჩატუროვის სამკვიდროს წარმოადგენდა, ხოლო ს. ხ-ოვი ბინის მესაკუთრედ 2006 წლის 1 ივნისს გაცემული სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე დარეგისტრირდა, რომელიც კანონის მოთხოვნათა დარღვევით გაიცა. თ. ხ-ოვას განმარტებით, იგი მისი მეუღლის სახელზე პრივატიზებული ბინის თანამესაკუთრე იყო, ამდენად, ნოტარიუსს სამკვიდრო მოწმობა მთლიან ბინაზე არ უნდა გაეცა, ამასთან სამკვიდრო მოწმობის გაცემის მომენტისათვის ს. ხ-ოვს სამკვიდროს მიღების 6-თვიანი ვადა გაშვებული ჰქონდა.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 20 ნოემბრის გადაწყვეტილებით პ. ლ-იძის სარჩელი მთლიანად დაკმაყოფილდა და ქ. რუსთავის მე-14 მიკრორაიონში ¹12-25-ში მდებარე ბინა გამოთხოვილ იქნა თ. ხ-ოვას უკანონო მფლობელობიდან. თ. ხ-ოვას შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება თ. ხ-ოვას წარმომადგენელმა ს. ო-რიამ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

2007 წლის 19 დეკემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ განიხილა მოპასუხე თ. ხ-ოვას სააპელაციო საჩივარი. საქმეში მოწინააღმდეგე მხარედ წარმოდგენილნი იყვნენ მოსარჩელეები - პ. ლ-იძე და ს. ხ-ოვი. სხდომაზე არ გამოცხადნენ აპელანტი და მისი წარმომადგენელი, რომლებსაც სხდომის დღის შესახებ ეცნობათ სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესის შესაბამისად.

სააპელაციო სასამართლომ დააკმაყოფილა მოწინააღმდეგე მხარის შუამდგომლობა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ და 2007 წლის 19 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით თ. ხ-ოვას სააპელაციო საჩივარი არ დააკმაყოფილდა; საქმეზე უცვლელად დარჩა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 20 ნოემბრის გადაწყვეტილება.

თ. ხ-ოვას წარმომადგენელმა ს. ო-რიამ დადგენილ ვადაში აღძრა საჩივარი და დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 30 აპრილის განჩინებით თ. ხ-ოვას წარმომადგენელ ს. ო-რიას საჩივარი არ დაკმაყოფილდა და იმავე პალატის 2007 წლის 19 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება უვცლელად დარჩა. სასამართლომ არ გაიზიარა მხარის მტკიცება, რომ 2007 წლის 19 დეკემბრის სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობა საპატიო მიზეზით, კერძოდ კი ახლო ნათესავის გარდაცვალებით იყო გამოწვეული, რადგანაც საჩივარს არ ერთვოდა ამ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება.

თ. ხ-ოვას წარმომადგენელმა ს. ო-რიამ აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა და მისი გაუქმება მოითხოვა. კასატორმა აღნიშნა, რომ დაირღვა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით დადგენილი მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპი, რადგანაც სასამართლომ სავალდებულოდ ისეთი მტკიცებულების წარდგენა მოითხოვა, რასაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 315-ე მუხლი იმპერატიულად არ მოითხოვს. კასატორმა აგრეთვე განმარტა, რომ 2007 წლის 18 დეკემბერს მას შეატყობინეს ახლო ნათესავის გარდაცვალების შესახებ. ვინაიდან იგი ვეღარ განახორციელებდა თ. ხ-ოვას წარმომადგენლობას, განცხადება საქმის განხილვის გადადების შესახებ ამ უკანასკნელს გადასცა სასამართლოსათვის წასადგენად. თ. ხ-ოვამ, ასაკის, ჯანმრთელობის მდგომარეობისა და ქართული ენის არასაკმარისად ცოდნის გამო, სხდომის დარბაზი ვერ იპოვა და გამოძახებას იმ დარბაზის წინ ელოდა, სადაც წინა სასამართლო სხდომა ჩატარდა. ხანგრძლივი ლოდინის შემდეგ კი განცხადება კანცელარიას ჩააბარა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2008 წლის 3 ოქტომბრის განჩინებით თ. ხ-ოვას წარმომადგენელ ს. ო-რიას საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა არსებითად განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ განიხილა საკასაციო საჩივარი, შეისწვალა საქმის მასალები, გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივი დასაბუთებულობა და თვლის, რომ თ. ხ-ოვას წარმომადგენელ ს. ო-რიას საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლის მიხედვით, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის წარმოება უნდა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის.

მოცემულ შემთხვევაში კასატორის წარმომადგენელი სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 19 დეკემბრის სასამართლო სხდომაზე თავისი გამოუცხადებლობის მიზეზად ახლო ნათესავის გარდაცვალებას უთითებს. აღსანიშნავია, რომ საქმეში წარმოდგენილია თ. ხ-ოვას წარმომადგენელ ს. ო-რიას განცხადება სასამართლო სხდომის გადადების შესახებ, სადაც იგი უთითებს, რომ ახლო ნათესავის გარდაცვალების გამო არ შეუძლია გამოცხადდეს სასამართლო სხდომაზე. აღნიშნული განცხადება სასამართლოს კანცელარიაში დარეგისტრირებულია სასამართლო სხდომის დასრულებისა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საპროცესო კოდექსის ზემოაღნიშნული მუხლიდან გამომდინარე, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისათვის აუცილებელია მხარემ სარწმუნოდ დაადასტუროს საპატიო მიზეზის არსებობა, რამაც სხდომაზე გამოცხადებაში ხელი შეუშალა. მხარის მხოლოდ სიტყვიერი განცხადება ამა თუ იმ გარემოების არსებობის შესახებ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი ვერ გახდება.

განსახილველ შემთხვევაში კასატორის წარმომადგენელმა ს. ო-რიამ ვერც სააპელაციო და ვერც საკასაციო სასამართლოს წინაშე ვერ წარადგინა რაიმე მტკიცებულება, რომ სხდომაზე მისი გამოუცხადებლობა ნამდვილად საპატიო მიზეზით იყო გამოწვეული. გარდა ამისა, თუნდაც გაზიარებულ იქნას მტკიცება, რომ მხარის წარმომადგენელი სასამართლო სხდომაზე საპატიო მიზეზით ვერ გამოცხადდა, გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ თავად მხარეს - თ. ხ-ოვას შეეძლო გამოცხადებულიყო სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე, ან დროულად ეცნობებინა სასამართლოსათვის, რომ მისი წარმომდგენელი სასამართლო სხდომაზე გამოცხადებას ვერ შეძლებდა და საქმის განხილვის სხვა დროისათვის გადადება მოეთხოვა. აღნიშნული კი მას არ განუხორციელებია. თ. ხ-ოვას სხდომაზე გამოუცხადებლობის რაიმე საპატიო მიზეზი კი, არც სააპელაციო და არც საკასაციო ინსტანციაში მითითებული არ ყოფილა.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ კანონის მითითებულ დარღვევას არ აქვს ადგილი.

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ დასუწრებელი გადაწყვეტილება უცვლელად უნდა დარჩენილიყო, ამდენად გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 241-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

თ. ხ-ოვას წარმომადგენელ ს. ო-რიას საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

მოცემულ საქმეზე უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 30 აპრილის განჩინება და იმავე სასამართლოს 2007 წლის 19 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება;

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.