ას-601-939-07 12 სექტემბერი, 2007 წ.
ქ.თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
მოსამართლე თეიმურაზ თოდრია
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი _ ე. ნ-ე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – დ. ნ-ე (მოპასუხე)
გასაჩივრებული სასამართლო განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 23 მაისის განჩინება
დავის საგანი – სახლთმფლობელობის ნაწილის საკუთრებაში გადაცემა
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ბათუმის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა ე. ნ-მ, დ. ნ-ის მიმართ მოითხოვა ქ.ბათუმში, ... ქ. ¹12-ში მდებარე სახლთმფლობელობიდან ¹4,7,10 და 12 ოთახების დამხმარე სათავსოებს მის საკუთრებაში აღრიცხვა.
მოსარჩელეს განმარტებით, სადავო საცხოვრებელი სახლი 1983 წლამდე ირიცხებოდა მისი ბაბუის, მ. ნ-ის სახელზე, რომელიც მეორე ქორწინებაში იმყოფებოდა ე. ნ-სთან. მეუღლის გარდაცვალების შემდეგ მთელი სახლთმფლობელობა მიითვისა მისმა მეუღლე ე. ნ-მ, მან კი 1985 წლის ანდერძით ქონება გადასცა მოსარჩელის ბიძაშვილს, ნ. ნ-ს, რომლის შვილიცაა მოპასუხე.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 20 ივნისის გადაწყვეტილებით ე. ნ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ე. ნ-მ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 23 მაისის განჩინებით ე. ნ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა 2006 წლის 20 ივნისის გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და მიუთითა, დ. ნ-ე წარმოადგენდა სადავო ქონების მესაკუთრეს, რომელსაც ამ ქონების თავისუფლად ფლობისა და სარგებლობის უფლება ჰქონდა. სააპელაციო პალატამ სამართლებრივ საფუძვლად მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლზე. სააპელაციო პალატამ ასევე გაზიარა სასამართლოს მითითება იმის თაობაზე, რომ საქმეში არ მოიპოვება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად იმ ფაქტობრივი გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ ე. ნ-ის მამკვიდრებელმა, რ. ნ-მ მამის გარდაცვალების შემდეგ მიიღო მისი სამკვიდრო.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 23 მაისის განჩინებაზე ე. ნ-მ შეიტანა საკასაციო საჩივარი, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგ გარემოებათა გამო: კასატორის მისაზრებით, საპელაციო პალატამ დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მოთხოვნა, კერძოდ, არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ კასატორის ოჯახი წლების განმავლობაში ბაბუის დან.ვარ სადავო სახლში ცხოვრობდა, მამაც აქვე გარდაიცვალა და თავადაც მეუღლესა და შვილებთან ერთად აგრძელებს იქ ცხოვრებას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 2 აგვისტოს განჩინებით ე. ნ-ს დაევალა ამ განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში სახელმწიფო ბიუჯეტში 300 ლარის ჩარიცხვის ქვითრის წარმოდგენა. განჩინებით მას განემარტა, რომ სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად არ დაიშვებოდა და განუხილველი დარჩებოდა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო ე. ნ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად თვლის, რომ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის საფუძველზე საკასაციო სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ე. ნ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობა. ამ მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის განმავლობაში საკასაციო სასამართლომ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ კოდექსის 396-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით. თუ საკასაციო საჩივარი აკმაყოფილებს ამ მუხლის მოთხოვნებს, სასამართლო იღებს წარმოებაში საკასაციო საჩივარს ამ კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე დასაშვებობის შესამოწმებლად.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 2 აგვისტოს განჩინებით ე. ნ-ს დაევალა ამ განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში სახელმწიფო ბიუჯეტში 300 ლარის ჩარიცხვის ქვითრის წარმოდგენა. განჩინებით მას განემარტა, რომ სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად არ დაიშვებოდა და განუხილველი დარჩებოდა (ს.ფ. 135-136).
მოცემული განჩინება საქმეში მითითებულ მისამართზე ე. ნ-სა და მის წარმომადგენელ მ. ა-ს გაეგზავნა 2007 წლის 2 აგვისტოს (ს.ფ. 136-137); განჩინების ასლი ე. ნ-ს პირადად ჩაჰბარდა 2007 წლის 13 აგვისტოს, ხოლო მის წარმომადგენელ მ. ა-ს 2007 წლის 10 აგვისტოს (ს.ფ. 138-139), თუმცა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში კასატორს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით საკასაციო პალატისათვის არ მიუმართავს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველად დარჩება.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას; თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.
მოცემულ შემთხვევაში როგორც მხარეს, ისე მის წარმომადგენელს დაუდგინდა ხარვეზი, თუმცა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში კასატორს იგი არ გამოუსწორებია, რაც წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ე. ნ-ის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 23 მაისის განჩინებაზე დარჩეს განუხილველი;
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.