Facebook Twitter

ას-602-940-07 12 ოქტომბერი, 2007 წ.

ქ. თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატამ

შემადგენლობა:

მიხეილ გოგიშვილი (თავმჯდომარე),

როზა ნადირიანი (მომხსენებელი), მაია სულხანიშვილი

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე საკასაციო სასამართლომ საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ქ.ქუთაისის ... საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 7 ივნისის გადაწყვეტილებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2006 წლის 23 აგვისტოს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით ... სამსახურის უფროსმა _ მ. გ-მ მოპასუხეების მ. ხ-ის, ჯ. ხ-ის, ნოტარიუს მ. ბ-ისა და იპოთეკარ გ. წ-ის მიმართ იპოთეკის ხელშეკრულების ბათილად ცნობისა და არასრულწლოვან ც. ხ-ის უფლების აღდგენის თაობაზე.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 6 ნოემბრის გადაწყვეტილებით ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით ბავშვთა უფლებების დაცვისა და არასრულწლოვნებთან მუშაობის სამსახურის უფროსის მ. გ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი სანოტარო აქტი ¹... სესხის უზრუნველსაყოფად საცხოვრებელი სახლის იპოთეკით დატვირთვის ნაწილში, ხოლო სარჩელი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით ბავშვთა უფლებების დაცვისა და არასრულწლოვნებთან მუშაობის სამსახურმა, რომლის სააპელაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 22 იანვრის განჩინებით, ბაჟის გადაუხდელობის გამო დარჩა განუხილველად. გადაწყვეტილება ასევე გაასაჩივრეს ჯ. ხ-მ, გ. წ-მ და მ. ბ-მ.

ჯ. ხ-მ საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სანოტარო აქტის გაყალბების ფაქტის ნაწილში.

მ. ბ-მ და გ. წ-მ თავიანთი სააპელაციო საჩივრებით მოითხოვეს აღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა უსაფუძვლობის გამო.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 7 ივნისის გადაწყვეტილებით გ. წ-ისა და მ. ბ-ის სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა; ჯ. ხ-ის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად; გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 6 ნოემბრის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც დაკმაყოფილდა სარჩელი და ბათილად იქნა ცნობილი სანოტარო აქტი ¹... სესხის უზრუნველსაყოფად საცხოვრებელი სახლის იპოთეკით დატვირთვის თაობაზე და ამ ნაწილში ახალი გადაწყვეტილებით ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით ბავშვთა უფლებების დაცვისა და არასრულწლოვნებთან მუშაობის სამსახურის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

ჯ. ხ-ის სააპელაციო საჩივართან დაკავშირებით, პალატამ მიიჩნია, რომ იგი განსახილველ დავაში წარმოადგენდა მოპასუხეს, რომელსაც პირველ ინსტანციაში მოთხოვნა არ დაუყენებია, ხოლო მან გაასაჩივრა გადაწყვეტილება მის სასარგებლოდ გამოტანილ ნაწილში, ამით დააყენა ახალი სარჩელი, რაც სააპელაციო სასამართლოში კანონით დაუშვებელია.

სააპელაციო პალატამ გაიზიარა მ. ბ-ისა და გ. წ-ის პოზიცია იმის თაობაზე, რომ სარჩელი აღძრულია არასათანადო მოსარჩელის _ ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით ბავშვთა უფლებების დაცვისა და არასრულწლოვნებთან მუშაობის სამსახურის მიერ და, ვინაიდან პირველ ინსტანციაში იგი სათანადო მოსარჩელით არ შეცვლილა, პალატამ მიიჩნია, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილებულიყო უსაფუძვლობის გამო.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ქუთაისის ... , მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 2 ოქტომბრის განჩინებით, ქუთაისის ... საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქუთაისის ... საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავებში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ საკასაციო საჩივრის საგნის ღირებულება აღემატება 50000 ლარს. ამავე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი სხვა ქონებრივ და არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას ქუთაისის ... საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ქუთაისის ... საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი დარჩეს განუხილველად.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.